„კინო-ლაბორატორიაში მესამე სართულზე ავძვერით, ფანჯრიდან გადავბობღდით და ნეგატივები წამოვიღეთ, მერე ბებიასთან ვმალავდი სამი წელი მაცივარში“ – იხსენებს ღიმილით და „მოცურავეზე“, „ქალაქ ანარასა“ და „ქვევრზე“ ჰყვება.
„ქვევრი“ მისი პირველი ფილმია. თუ როგორ აქცია იტალიელი მწერლის პერსონაჟები კახელ გმირებად ამასაც თავად რეჟისორისგან, ირაკლი კვირიკაძისგან შეიტყობთ.
ირაკლი კვირიკაძე: „ქვევრი“ ჩემი პირველი ფილმია, 1970 წელს გადავიღე. ლუიჯი პირანდელოს მოთხრობაა. სადიპლომო თემას ვეძებდი. მქონდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონკრეტულად ეს მოთხრობა რეზო გაბრიაძემ მომცა. წავიკითხე, სცენარიც დავწერე და კახეთში ჩავედი. რთველის დრო იყო. მახსოვს, ვენახში გავედით თუ არა, კახელმა ხელი ჩამომართვა, სულ დატკბილული ჰქონდა. ეს იყო ფილმის კამერტონი ჩემთვის. ღამით, როდესაც დასაძინებლად ვწვებოდით, ყრუ ხმები მესმოდა. რა არის -მეთქი, ვიკითხე და ქვევრებში ღვინო დუღსო. ამ ყველაფერით ისე ავივსე და დავიმუხტე. რომ იქვე დაიბადა ყველაფერი. იმპროვიზაციულად გაკეთებული ფილმია.
…
– „ქვევრის“ მერე ტელევიზიაში აღვმოჩნდი. იქ მონტაჟზე ვმუშაობდი. მერე გადავიღე დოკუმენტური ფილმი ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე. მოგზურობის დროს კი წავაწყდი რეალურ ფაქტს. ქართლში, ერთ ოჯახში უზარმაზარი ყანწი მაჩვენეს – წესი ასეთია, ვინც ბოლომდე დალევს, იმას დარჩებაო. რის შემდეგაც დაიბადა იდეა გადამეღო „ქალაქი ანარა“.
…
მერე კი აბსოლუტურად ასკეტური ფილმი „მოცურავე“ გადავიღე, რაზეც მოსკოვში დიდი სკანდალი ატყდა. ანტისაბჭოთა ფილმად ჩათვალეს. რუსეთში ჩვენების შემდეგ იარმაშმა ერთადერთი რამ თქვა – „етот фильм надо сжечь“. ამის გამო ნეგატივების მოპარვა მომიხდა. კინო-ლაბორატორიაში მესამე სართულზე ავძვერით, ფანჯრიდან გადავბობღდით და ნეგატივები წამოვიღეთ. ის ეპიზოდები, რომლებიც მათ წარმოდგენაში მათივე იდეოლოგიის მიმართ კრიმინალური მოტივები იყო, ამოვჭერი და ბებიასთან, მაცივარში შევინახე. 3-4 წელი იქ ინახებოდა. ბებიაც ბრაზდებოდა – პამიდვრის ადგილი არა მაქვს, გადააგდე ეს საშინელებაო. მერე ფილმმა ევროპაში ფესტივალებზე ბევრი პრიზი აიღო. იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარულ ფილმად იქცა…
ცხოვრებაში პაუზაც მქონდა. ბოლოს კი გავერთე და მივყევი სცენარისტობას“…
ავტორი: დეა თავბერიძე