fbpx

ადამიანების გაღვიძების რიტუალი გურიაში – გიორგი კეკელიძე

ავტორი ნინო გონგაძე
28 ნახვა

გიორგი კეკელიძე: ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ეგეთია: ერთი იღვიძებს და გადაულაპარაკებს მეორეს: „გღვიძავს?“ – „კი, ერთი საათია გაშტერებული მაქვს თვალები“. – „იი და გუშინ რამინიეს გოგოს ამბავი გეიგე? რაფერ იმასუქნია დაბადებისდღეში“ და მერე ღობეა გასაკეთებელი – ღორი ძვრება, შაქარმა ფასი მოიმატა და პაკისტანში როგორი ქარიშხალი ყოფილა. ანტენაა შესაბრუნებელი სადგურისკენ. ვერ იჭერს კარგად.

განსაკუთრებით გრძელი და მისტიკური ეს საუბრები ზამთრობითაა, როცა დილას დადგომა უჭირს. მამალი კი ყივის პარალელურად და ტრადიციების სრული დაცვით. მერე ერთი რისკავს და დგება – ცეცხლს შეუნთებს. ცეცხლი დილის სიკვდილს ნიშნავს. თუ პატარა ხარ, შენ ყველაზე გვიან დგები. შესაბამისად, დილის შობას აკვირდები – როგორ იშორებს კედელი ნელ–ნელა ღამის ჩრდილებს და დაზეპირებული ოთახი იბადება.

ოთახზე ორ გაურკვეველ სურათს ამჩნევ: 1) ლომონოსოვი მიდის სკოლაში – სწავლა არასდროსაა გვიან და 2) დედა-სამშობლო გვეძახის. ან 1) სამი კაცი შუბით, ავთანდილ-ტარიელ-ფრიდონი რომ გგონია და ასაკის მატებისას ,,три богатыря ‘’ აღმოჩნდება და 2) ლამაზი, მკერდგანახევრებული ქალის გადიდებული ფოტო, შენი წინაპარი რომ გგონია, გაკრული რუსულის წაკითხვას რომ ლამობ და ბოლოს ჯინა ლოლობრიჯიდა აღმოჩნდება. ან 1) სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. გვიან გაფერადებული ფოტო. გაზეთიდან ამოჭრილი ფურცელი. ზედ ვიღაცას 35 ოთხზე გაუმრავლებია ქვეშმიწერით და 2) ჰემინგუეი. გიფიქრიათ იმ სურათებზე, რომლებიც თავზე ბავშობისას დაგყურებდნენ? ალბათ კი. მთელი რომანია ეგ ფიქრი.

#გურულიდღიურები წიგნი მეორე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment