„დედაჩემის წერილი უკვე უკვდავ კლასიკად იქცა, მერამდენედ ვკითხულობდი იმავეს“ – გიორგი კეკელიძე
წ ე რ ი ლ ი
„ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ.
ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო.
საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი აწი, ჟილეტს ვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო“.
წინა დღეს, სტუდქალაქის ეზოში, ჟანგიანი ბესეტკის ქვეშ, აქოთებულ, მტრედის სკლინტებით სავსე მაგიდაზე, იაპონურ ჯოკერში ორმოცდაათი მანეთი წავაგე. ზეგ თუ არ მომიტან, დაგბრიდავ – მითხრა ფილმებში ნასწავლი ვითომ ცინიკური ღიმილით მსუქანმა ბიჭმა, გრძელი, გაზეთილი წვერით. რა თქმა უნდა, დედაჩემმა არ იცოდა: ან ფუფლო უნდა გამეგორებინა ან ახვარი ყარაბასა.
,,ორი თავგადასავალი”