fbpx

არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე, რომელსაც ურთიერთობები არ სურს

ავტორი ნინო გონგაძე
29 ნახვა

დიდი ხანია რაც ჩემს სამეგობროში აღარავინ ქორწინდება. წყვილები უბრალოდ ერთად გადადიან საცხოვრებლად. ამბობენ, რომ ასე უფრო მარტივია, ყოველგვარი ფორმალობების, ყოველგვარი სტატუსებისა და იარლიყებისგან მოშორებით. ნაკლები მოვალეობები, პასუხისმგებლობები ერთმანეთის მიმართ, მეტი დამოუკიდებლობა, მეტი ფინანსური თავისუფლება. მაშინ დაამთავრებ, როცა მოგინდება-ბარგის სხვა სახლში გადატანა, არასოდეს ყოფილა დიდი პრობლემა. თუმცა იმაზე არასოდეს საუბრობენ, რომ ასეთი გადაბარგებები ზუსტად ისეთივე მტკივნეული გადასატანია, როგორიც ჯვრის აყრა ან ხელის გაწერა იქნებოდა.

დიდი ხანია ჩემი მეგობრები პაემნებზე აღარ დადიან. ისინი უბრალოდ საუბრობენ, ერთად ხეტიალობენ, ლუდის დასალევად ან ჭიქა ყავაზე გადიან შესვენებისას, კლუბში ერთობიან, ფილმებს უყურებენ (ოღონდ არა კინოთეატრებში, ერთმანეთის სახლებში ). ისინი უბრალოდ ერთმანეთს სთავაზობენ იმ საქმიანობაში შეუერთდნენ, რომლის გაკეთებასაც ისედაც გეგმავდნენ უერთმანეთოდ-ასე უარის მიღება უფრო ადვილია. ასე მეორეჯერ შეხვედრის ვალდებულება არ არსებობს.

ჩემს მეგობრებს შეყვარებულები არ ყავთ. საერთოდაც სიტყვა შეყვარებული გოიმობად ეჩვენებათ. სამაგიეროდ ყავთ მეგობარი გოგოები/ბიჭები  და უბრალოდ გოგოები/ბიჭები, რომლებთანაც ურთიერთობის სტატუსის დეფინირებას არ ახდენენ. ასეთ კავშირებს  ალბათ „თითქმის ურთიერთობები“ უნდა ვუწოდოთ . როცა არ გაქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე ვინმე გყავს თუ არა, როცა მათთან ერთად სეირნობისას მეგობრებთან მოულოდნელი შეხვედრა უხერხულობაში გაგდებს- არ იცი როგორ უნდა გააცნო ერთმანეთს, როცა თითქოს ყველაფერია, რაც რეალურ ურთიერთობაში უნდა იყოს- ურთიერთგაგება, კარგი სექსი, ყველაზე პირადული ამბების გაზიარება და მაინც, მინიმუმ ერთი მხარე არასოდესაა  მზად ურთიერთობაში სერიოზულად შევიდეს.

ასეთი კავშირები ძირითადად აუხსნელად სრულდება ხოლმე. მარტივია-როცა ურთიერთობა არც არსებულა, მასზე არასოდეს გილაპარაკიათ, ვერც მის დამთავრებაზე ისაუბრებთ. თუ მაინც, რომელიმე მხარე ზედმეტად შეიჭრა და ახსნა-განმარტება მოითხოვა, მიზეზი ბევრია-ერთისთვის პერსონალური სივრცე ზედმეტად მნიშვნელოვანია და მის დაკარგვას გაურბის – ძნელია „მე-სთვის“ საჭირო დრო გამონახო, როცა მეორე პიროვნება დაჟინებით ,,ჩვენ-ს“ გაიძახის, სხვას უბრალოდ ნდობის ეშინია -მისცე ნება სხვა ადამიანს  შენი რეალური მე დაინახოს, მართლაც სახიფათოდ ჟღერს, მითუმეტეს მაშინ, როცა ამდენჯერ გაგიცრუვდა იმედი. ვიღაცას სიყვარულის ხსენება აფრთხობს- იყო შეყვარებული-ეს უბრალოდ არაკომფორტული მდგომარეობაა, ვიღაცას კი საერთოდ არ ჯერა მისი არსებობის, სხვა იმდენად არის თავის მარტოობას შეჩვეული ,რომ სხვა მდგომარეობის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს და მანტრასავით იმეორებს, რომ არავის დახმარება ჭირდება, რომ  არ არსებობს დიდი პრობლემები, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, რომ თვითონ მოაგვარებს, თვითონ გამოიწევს სკამს, თვითონ მოუკიდებს სიგარეტს … ვიღაცისთვის უბრალოდ „Why buy a cow when you can get milk for free?“ ამბავია.

თუმცა, ამდენი მიზეზის ჩამოთვლა  რა საჭიროა, ეს ყველაფერი ერთ წინადადებაში შეიძლება გადმოიცეს – ჩვენ უბრალოდ ის თაობა ვართ, რომელსაც რეალური ურთიერთობები არ სურს.  კი, ჩვენ ბევრს ვწუწუნებთ, რომ ღრმა კავშირები გვსურს და არა უბრალოდ ადგილისა და დროის შევსება, რომ მოგვბეზრდა ფრენდზ ვიზ ბენეფიტობა, მასთან ერთად ყოფნა და ამ დროს ნიუსფიდის თვალიერება თქვენ – თქვენთვის. იმის ჩვენება,რომ თითქოს გრძნობები არ გაგვაჩნია, რომ გული არ გვტკივა, რომ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ მის გაურკვეველ გაქრობებს და მერე უცებ გამოჩენებს ტექსტით ”ჰეი,ჩემთან ხომ არ ამოხვიდოდი?“  ჩვენ ჭიქა ყავაზე გამუდმებით ვჩივით იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ურთიერთობების მოდელი ბოლო წლების განმავლობაში ასე რადიკალურად, განვიხილავთ, რას ნიშნავს რეალური სულიერი კავშირები, როგორია ჩვენი ოცნების მეორე ნახევარი და მასთან შეხვედრებს სუნთქვაშეკრული წარმოვიდგენთ ხოლმე და … როცა მართლა ვხვდებით, როცა მართლა გვაქვს რეალური ურთიერთობის შანსები, ამ ურთიერთობიდან უკან მოუხედავად გამოვრბივართ.  მიზეზი ბევრი გვაქვს-რომ  პერსონალური სივრცე ზედმეტად მნიშვნელოვანია ,რომ ნდობის გვეშინია, რომ სიტყვები „სიყვარული“ და ,,ჩვენ“ გვაფრთხობს, რომ ჩვენს მარტოობას ძალიან მივეჯაჭვეთ, რომ  who wants to  buy a cow when he/she can get milk for free.

ხო, ჩვენ უბრალოდ ის თაობა ვართ,რომელსაც რეალური ურთიერთობები არ სურს…

 

SALLY JANELLY’S BLOG

მსგავსი სტატიები

Leave a Comment