ქართველი შემოქმედის კიდევ ერთი წიგნი ბრაზილიაში და სიხარული, რომელიც დეფიმ “ჟოლოს” გაუზიარა. რამდენიმე თვის წინ წიგნად გამოცემულ ნაწარმოებს „სკამი“ ამჯერად „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“ შეემატა. ამ წიგნების წაკითხვა მკითხველს ორ ენაზე ინგლისურსა და პორტუგალიურზე შეეძლებათ. სამომავლოდ ბრაზილიაში დეფის კიდევ რამდენიმე წიგნის გამოცემაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტი დავით დეფისთან ბრაზილიის ცნობილმა გამომცემლობამ „ლუმე ედიტორ“-მა გააფორმა. ამიტომ პოეტი და რომანისტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გამომცემლებს ფრანცისკო დოს სანტოსს და ფაბიო გუიმარაეს ბენსოუსენს, ასევე მთარგმნელებს: ამარილის ანჩიეტას, ლუცია ჰუგუენეის და ეკლაირ ანტონიო ალმეიდა ფილოს.
დეფი: „ სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროში ერთ წელიწადში, რამოდენიმე თვის ინტერვალით, ზედიზედ 3 რომანი და ერთი მოკლე მოთხრობა იბეჭდება. ეს მთელი სერიაა. ზოგჯერ კაცს თავი სარკოფაგში გგონია, ნეკროპოლისში, მაგრამ ზოგჯერ სიცოცხლეს მთელი შენი არსებით გრძნობ. ასეთი დღეები კი გაფიქრებინებს, რომ არასდროს უნდა დანებდე, შენც უნდა გაუძლო და სხვებიც ანუგეშო… შემოქმედებას და კერძოდ ლიტერატურას საზღვრები არ აქვს თუ ის უნივერსალურია ყველასთვის… და აი – უკვე ოკეანეს გადაღმაც დავიდე ბინა. ეს წარმოუდგენლად მაგარი რამაა, მე ხომ ყოველთვის ვამბობდი, სამყაროს მოქალაქეობა სინამდვილეა-მეთქი და არა მითი. პოეზია ჩვენში და ჩვენ შორის მეგობრებო. სიახLOVE“.