ეს ნიჭიერი ადამიანი ჩემი მეგობარია. კარგად ხატავს და წერს, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრემ იცის მასზე. ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. მე კი მინდოდა ეს ხელოვანი გოგო თქვენთვის წარმედგინა. მისი ნახატები საოცარი სითბოთი და ფერებით გამოირჩევა. უყვარს სიჭრელე, ბევრი ფერი ერთად. ხატავს ანგელოზებს, კომპოზიციებს, დროდადრო ყვავილებს. არ აქვს მოლბერტი, მუხლებზე დადებულ ტილოზე ხატავს. ამგვარ ხატვას ჩემთვის სხვა გემო აქვსო ამბობს. უყვარს ანრი მატისი, რენე მაგრიტი და ნიკო ფიროსმანი. ხატავს, როცა კარგ განწყობაზეა, ცუდი განწყობა აწერინებს. “ჟოლოს” სტუმარი გახლავთ ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი – თათია ჩხეტიანი.
– თათია, რა ასაკიდან ხატავ და რისი ხატვა გიყვარდა ბავშვობაში?
– სამი წლიდან ვხატავ. დედას ვთხოვდი ეჩვენებინა როგორ იხატებოდა გოგონა. დედაჩემი ძალიან სასაცილო გოგონებს მიხატავდა, ვცდილობდი მეც ისევე დამეხატა. პრინცესების, კაბების და სახლების ხატვა მქონდა ამოჩემებული. მერე სახეების ხატვა დავიწყე, ჩემთვის საინტერესო იყო სევდიანი და მხიარული სახეები… ერთი პერიოდი საერთოდ შევეშვი ხატვას. მოგვიანებით, ოცდაორი წლის ასაკში, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს იყო ხატვა. ვფიქრობდი, რომ თუ ხატავ, კარგად უნდა ხატო. ამიტომ გადავწყვიტე ხატვაზე მევლო. მეგონა თუ ვისწავლიდი, ამით ხატვის უფლებას მოვიპოვებდი. ერთი წელი დავდიოდი, ჯერ გრაფიკა ვისწავლე, მოგვიანებით ფერწერა. როგორც კი ფერში დავიწყე ხატვა, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ზედმეტი მეცადინეობა, შემეძლო ის მეხატა რაც მომინდებოდა.
_ფერწერა თუ გრაფიკა?
_ფერწერა. მიყვარს ბევრ ფერში ხატვა. თავიდან გრაფიკულ ნახატებს ვხატავდი, მაგრამ შემდეგ, როგორც კი ფერს შევეხე, შავ-თეთრმა აღარ მიმიზიდა. გრაფიკაში შეზღუდული ხარ, მხოლოდ ორი ფერი გაქვს. ვიღაცეები ამას მაგრად აკეთებენ, მაგრამ ჩემთვის ვიწრო წრეა. ბევრი მწერალის პორტრეტი მაქვს გრაფიკაში შესრულებული.
_რამდენად ხშირად ხატავ? რა განწყობა და გარემო გჭირდება ამისთვის?
_არის პერიოდი, თვეები გავა არ დავხატავ და არის პერიოდი, თვეში სამ-ოთხ ნახატს ვხატავ.აუცილებლად მჭირდება მუსიკა ფონად. ერთი ნახატის ხატვის მანძილზე ერთიდაიგივე კომპოზიციას ვუსმენ. ძირითადად ღამით ვხატავ, როგორც წესი, ღამით ადამიანი უფრო სხვანაირია. ამ დროს უფრო მეტად ემოციური ვარ. ყველაზე დიდი ემოციის გამოხატვა რომ მდომებია, მაგალითად, დამიხატავს პეპელა, ოღონდ ჩვეულებრივი არა, ადამიანის სილუეტი პეპლის ფრთებით. ბოლოს მქონდა სევდიანი, იმედგაცრუებული, მარტო მყოფი ადამიანის ემოცია და დავხატე ბუ.
_რა დრო გჭირდება ნახატის დასასრულებლად?
_საშუალოდ ორი საათი. ბოლოს დავხატე ორი კვირის წინ, სამსახურიდან გვიან მისული, ვგრძნობდი, რომ მინდოდა რაღაც დამეხატა და დავხატე ზუსტად ერთ საათში. ის პატარა ემოცია, რაც მომივა ხოლმე, მაშინვე თუ არ გადმოვიტანე ტილოზე, მერე სადღაც მიდის. ძირითადად დადებითი ემოციით ვხატავ. მგონია, რომ როცა კარგი განწყობით დახატავ, ვინც ამ ნახატს შეხედავს იმ ადამიანშიც დადებითი ენერგია გადავა. ვფიქრობ, რომ სათქმელს პრიმიტიული ნახატებითაც მარტივად იტყვი.
_სულ რამდენი ნახატი გაქვს?
_ორმოცი ნახატი მაქვს ჩემს ოთახში. ზოგი კედელზე მაქვს, ზოგიც იატაკზე. საგამოფენო სივრცეს გავს ჩემი ოთახი. სადღაც ოცამდე ნახატი გაჩუქებული მაქვს.
_გიყვარს გაჩუქება თუ მაინც გენანება?
_თუკი ამით ვინმეს გავახარებ, რატომაც არა?!მსიამოვნებს გაჩუქება. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გეტყვიან, აუ რა კარგია, მაჩუქე. შემდეგ კაცმა არ იცის სად დადებს. ასეთ ადამიანს არ ვჩუქნი. რასაც დადებითი ემოციით ვხატავ, ის მინდა, რომ გავაჩუქო. უარყოფითი ემოციით რაც მაქვს დახატული ის მინდა, რომ ჩემთან იყოს. მახსენდება, რომ ესეც იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩაწერილი ფირივით არის. ამიტომ ჩემი ცხოვრების ნაწილს ჩემთან ვიტოვებ.
_გამოფენის მოწყობაზე არ გიფიქრია?
_ასეთი სურვილი მაქვს, საყვარელ ადამიანს დავუბარე, რომ თუ რამე დამემართება მხოლოდ მაშინ მოაწყონ ჩემი ნახატების გამოფენა. ამით შემეხონ და მიხვდნენ, რომ მეც იქ ვარ და სადარდებელი არაფერი არ არის.
_შენ გაქვს ავტოპორტრეტი, სადაც ბუმბულის გვირგვინი გადგას. რა დატვირტვა აქვს ამ ბუმბულის გვირგვინს?
_ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაღაც ბუნების დედოფალის მსგავსია. ნახატზე არის ბუნება, თევზები. მიწის და წყლის გაერთიანებაა. მიწიერის და სულიერის გაერთიანებაა. ჰარმონიის მიღწევაა საკუთარ თავში.
–თათია, შენ ასევე ლექსებს, მოთხრობებსა და მინიატურებს წერ… გვითხარი მათზე რამე.
-ლექსების წერის პირველი მცდელობა ხუთი წლის ასაკში მქონდა. რვეული გავაკეთე, რომელსაც ჩემივე ილუსტრაციებით ვაფორმებდი. ახლა ძირითადად მინიატურებს ვწერ. ცხოვრებაზე, ადამიანსა და სამყაროზე ვწერდი. საკუთარ თავზეც ვწერდი, გაუცხოვების გრძნობა მქონდა. იმ დროს მარტო ცუდს ვხედავდი… სულ სიკვდილზე ვფიქრობდი…. ჩაკეტილი ვიყავი, მქონდა ბრძოლები საკუთარ თავთან. მომავლის, საკუთარი თავის, ადამიანების მეშინოდა. ეს პერიოდი წლები გაგრძელდა. როცა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და უკვე დეპრესიის პიკზე ვიყავი, უცებ აბსოლუტური გარდატეხა მოხდა. დავიწყე სერიოზული მუშაობა საკუთარ თავზე. ვეძებდი გზებს, როგორ შემეცვალა უკეთესობისკენ ჩემი ცხოვრება. მე ის ვიპოვე წვრილმანებში, დეტალებში და ადამიანებში… გადავწყვიტე, რომ სანამ ვცხოვრობ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ მაშინ მოვკვდე, როცა ყველაზე ძალიან მენდომება ცხოვრება. ჰარმონიაში რომ ვიქნები. ახლა მიყვარს სიცოცხლე… გავცემ სიხარულს, სიყვარულს და სანაცვლოდ არაფერს არ ველოდები… და რომ არა ის პერიოდი, დღეს ალბათ მე ასეთი არ ვიქნებოდი…
ინტერვიუს თათიას ლექსებით ვასრულებთ.