2013 წლის 23 დეკემბერს 16:15 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენასა და ფილმის ჩვენებაზე „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი”.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას: ძვირფასი მეტალის დამუშავების ეს ულამაზესი სახეობა დასაბამს ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან იღებს და XV საუკუნის შუა ხანებამდე არსებობს. იგი გავრცელებული იყო ორ ქვეყანაში – ბიზანტიასა და საქართველოში. მხოლოდ მოგვიანებით, XI საუკუნეში ის ამ არეალიდან კიევის რუსეთში ვრცელდება.
XV საუკუნის შემდეგ ტიხროვანი მინანქრის დამზადების ტექნოლოგია იკარგება და ამ ტექნიკით შესრულებული ნივთები აღარ გვხვდება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივითა და „UNESCO”-ს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი”, რომლის ხელმძღვანელი ერმილე მაღრაძე გახლდათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა უძველეს ტექნოლოგიურ პროცესთა შესწავლა და ყველა იმ ხელსაწყოს რეკონსტრუქცია, რომელიც შუა საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის დამამზადებელი სახელოსნოებისათვის უნდა ყოფილიყო საჭირო. პარალელურად, ხდებოდა არქეოლოგიური მასალის შესწავლაც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან სამეცნიერი მონაპოვარს წარმოადგენს ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს, 1966 წელს მოპოვებული რკინის დაფანჯრული კონუსური ფორმის ხუფი და მისი ლანგარი.
თეოფილუსის ტრაქტატში აღწერილი მოსამინანქრებელი ხუფის რეკონსტრუქციისა და მასზე ჩატარებული ცდების შემდეგ შესაძლებელი გახდა აღნიშნული რკინის ხუფის ფუნქციის განსაზღვრაც. ამ მიმართულებით ჩატარებულმა მრავალმა ცდამ აჩვენა, რომ აღნიშნული „კოლხური ხუფი“ არის საოქრომჭედლო ხელსაწყო, რომლითაც ძველი კოლხები ადრეანტიკურ პერიოდში ძვირფასი მეტალის დამუშავების დროს სარჩილ ოპერაციებს ატარებდნენ. ნივთი აგრეთვე გამოფენილი იქნება ექსპოზიციაზე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში დამზადებული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედის ხატის წმინდა სიმეონ მოციქულის ტიხროვანი მინანქრის მედალიონის ასლი, ანტიკური პერიოდის მოსამინანქრებელი „კოლხური ხუფი“ და XI-XII საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის „სახელოსნო“.