ილიაუნის კურსდამთავრებულები ღია წერილს აქვეყნებენ და უნივერსიტეტის ყოფილ დეკანს ექომაგებიან. დეკანი, გიორგი თუმანიშვილი რამდენიმე თვის წინ „ურჩობისთვის“ დაისაჯა და უნივერსიტეტიდან „გაირიცხა“…
ამასთან დაკავშირებით, სტუდენტები პირველად სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ. მათი თქმით სამართლის სკოლის დეკანის გათავისუფლება რექტორ გიგა ზედანიას დამსახურებით მოხდა. ამის მიზეზად კი დეკანის მიერ რექტორის მისამართით დაწერილი ღია წერილი დასახელდა.
მაშინ ამ ფაქტს თავად გიორგი თუმანიშვილი ასე გამოეხმაურა: „ცხოვრების ირონია ამას ჰქვია… შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომელიც 2018 წლამდე მქონდა“…
დღეს, როგორც ირკვევა ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ხელმძღვანელის გარეშეა, სტუდენტები ღია წერილს აქვეყნებენ და გიგა ზედანიას პირად შურისძიებაზე საუბრობენ.
ღია წერილი
როგორც მოგეხსენებათ, ილიაუნის სამართლის სკოლის ყოფილი დეკანი, პროფესორი გიორგი თუმანიშვილი ერთადერთი იყო სამართლის სკოლაში (კონსტანტინე კუბლაშვილის გარდა), რომელსაც აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
პროფესორი, სამართლის დოქტორი, გიორგი თუმანიშვილს მიმართ უნივერსიტეტის რექტორმა პირადი შურისძიების მოტივით აღძრა დისციპლინური საქმის წარმოება, იმის გამო, რომ სამართლის სკოლის იმჟამინდელმა დეკანმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა თუმანიშვილმა დაიცვა სამართლის სკოლის სტუდენტთა ინტერესები საჯაროდ და ღიად თქვა იმის შესახებ რა განუკითხაობაც ხდება უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტმა ერთადერთ სამართლის დოქტორს, რომელიც ჩართული იყო სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაში და ამავდროულად იყო ამ პროგრამის ხელმძღვანელი, შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული ჰქონდა 2018 წლამდე.
უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ამ ერთპიროვნული, პირადი შურისძიების მოტივზე აგებული გადაწყვეტილების ,,წყალობით’’ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დარჩა მხოლოდ მაგისტრის და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე ლექტორების ამარად. ამ სამაგისტრო პროგრამაზე არც ერთი სამართლის დოქტორი არ არის. ყველასთვის დასაფიქრებელია ასევე ის გარემოება, რომ უნივერსიტეტმა, იმ მაგისტრანტებს, რომლებმაც ახლახანს ჩააბარეს ამ სამაგისტრო პროგრამაზე არაფერი უთხრა იმის შესახებ, რომ სამაგისტრო პროგრამა დარჩენილია სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის გარეშე.
ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ნაცვლად იმისა, რომ უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ზრუნავდეს სტუდენტთათვის კვალიფიციური აკადემიური კადრით უზრუნველყოფაზე, პირიქით, პირადი შურისძიების მოტივით უწყვეტს შრომით ხელშეკრულებას ერთადერთ სამართლის დოქტორს, რომელიც ხელმძღვანელობდა კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას, ამავდროულად ხელმძღვანელობდა ამ პროგრამაში კვლევით კომპონენტებს და იყო გარანტი მაგისტრანტების მიერ განხორციელებული კვლევების მინიმალურ აკადემიურ სტანდარტთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები:
მიხეილ ბოჭორიშვილი
თამარ ჩადუნელი