„ბედმა მომაძებნინა ქართველი ქალი, ლამაზი სულის პატრონი და ძლიერი პიროვნება, რომელიც ჩემს ძალად იქცა. მაია, ერთი დიდი ოცნებაა, რომელიც ასრულდა, მან რევოლუცია მოახდინა ჩემ ცხოვრებაში … მადლობა საქართველოს მისთვის “ – ასე ახასიათებს მეუღლეს, ქართველების იტალიელი სიძე ფედერიკო პიერაჩი, რომელმაც თავისი ბედი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანს, მაია სულაბერიძეს დაუკავშირა.
დღეს, სწორედ მაიასა და ფედერიკოს ცხოვრებაზე მოგითხრობთ. თქვენ გაიცნობთ წარმატებულ ქართველ ქალბატონს, რომლის მთავარი სიძლიერე სამყაროს კანონების ცოდნაშია. „სამყაროს ყოველთვის ესმის ჩვენი, მთავარია ყური დავუგდოთ და მადლიერებით მივიღოთ ყოველივე, რაც უფრო მადლიერები ვიქნებით იმისთვის რაც უკვე გვაქვს, მით უფრო მეტს მივიღებთ.“ – ამბობს მაია.
ის დღეს, მეუღლესთან ერთად, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, წარმატებულ ბიზნესს უდგას სათავეში და ახლა საკუთარი გამოცდილება უნდა, რომ ქართველებსაც გაუზიაროს. ამ მიზნებით მალე ის საქართველოს ეწვევა.
მანამდე კი იტალიაში მის მიერ მოწყობილი გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები იტალიელებს ქართულ კულტურაზე მოუთხრობს, ჩვენ ჩვეულებებსა და ტრადიციებს აცნობს და ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს…
ყველაფერი კი 7 წლის წინ დაიწყო
მაია სულაბერიძე: 7 წელია რაც იტალიაში ვარ. მაგრამ ოცნება იტალიაზე, ბევრად ადრე დავიწყე …. იტალიელი ბუმბერაზი მხატვრების ცხოვრებას გავეცანი, თუ არა, მაშინვე ვთქვი, – ეს მხატვრები რა ენაზეც საუბრობდნენ, ის ენა აუცილებლად უნდა ვისწავლო და იტალიაშიც უნდა ვიცხოვრო მეთქი… თან ისეთ ქალაქში მინდოდა ცხოვრება, რომელშიც მდინარე არნო ჩამოედინებოდა… თითქმის ყველა იტალიელი ხელოვანის ცხოვრება ხომ ამ მდინარეს უკავშირდება, დანტესაც კი მთელი ეს იდეები არნომ შთააგონა და დაეხმარა არაჩვეულებრივი პოემა დაწერა… არნო ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დაუღალავად შემეძლო მეფიქრა… წლების შემდეგ ჩემი ოცნება მართლაც ახდა, მე ამ მდინარის სანაპიროზე ვსეირნობდი და მადლიერებით ვჩურჩულებდი – ღმერთო, მადლობა ახდენილი ოცნებისთვის, ბედნიერი ვარ….
ათეული წლის წინ კი თანაკურსელის დახმარებით აღმოვჩნდი იტალიურის პედაგოგთან, რომელთანაც 4 თვე ვიარე, ვისწავლე მარტივი ფრაზები და უბედნიერესი ვიყავი. მერე, გამოცდების გამო შევწყვიტე მასთან სიარული. თუმცა, ფიქრები და ოცნება იტალიაზე არ შემიწყვეტია…
ამასობაში გავიდა წლები, ბევრი რამ გადამხდა თავს, ვიარე აღმაც, იყო დაღმასვლაც და ერთ დღესაც ძალიან დიდი კრიზისი დადგა ჩემს ცხოვრებაში. უკან დასახევი გზა რომ არ გაქვს და საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად უცხოეთში, რომ გიწევს წასვლა… 37 წლის ვიყავი მაშინ, არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება და ცხოვრების ხელახლა დაწყება …
რა თქმა უნდა იტალია გადავწყვიტე, იტალია მიშველის-მეთქი ….
თუმცა, ემოციურად მახსოვს, რომ რაღაც მომენტში შემეშინდა. ძალიან მძაფრი იყო ეს შიში, მაგრამ ჩემ თავს ვუთხარი – მაია, უბრალოდ წინ უნდა იარო, არ უნდა გაჩერდე!
ზოგადად ადამიანს აშინებს ხოლმე კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახლის დაწყება, ალბათ ამიტომაც ვუთხარი ჩემ დას – უკან დარჩა და დასრულდა ლამაზი და ზღაპრული ცხოვრება – მეთქი. ახლა მეცინება ამაზე…
იტალიაში – ტოსკანა, კალჩინაია
ჩასვლიდან ზუსტად ერთ თვეში დავიწყე მუშაობა მოხუცის მომვლელად. აღმოვჩნდი ძალიან კარგ ოჯახში, მიმიღეს როგორც საკუთარი ახლობელი და შიში და გაუსაძლისობაც გაქრა. ამ ოჯახში იყო ბაბუა, რომელსაც სჭირდებოდა მოვლა, მაგრამ მისი მეუღლე ფაქტობრივად არაფერს მაკეთებინებდა…
შაბათ-კვირას მოდიოდნენ მათი ქალიშვილები, ამზადებდნენ უგემრიელეს კერძებს და მაგემოვნებინებდნენ. ეს ტრადიციად ექცათ… არ მიკვირდა, საქართველოდან ვიყავი და ამ სახის გამასპინძლება ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად გაოცებულები დარჩნენ თავად ქართველები. ზოგი იმასაც ამბობდა მშივრებიც კი ვართო. ჩემთვის ეს იყო ძალიან გამაოგნებელი, რადგან მე დედოფალივით მექცეოდნენ.
6 თვე ვიყავი მათთან. შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა…
ძალიან შემიყვარდა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი და ახლაც ვცხოვრობ, ხშირად ვსეირნობდი არნოს სანაპიროზე, ამ კაცის გარდაცვალების შემდეგ მივაკითხე მდინარეს და ავტირდი – ახლა, სად უნდა წავიდე, რა უნდა გავაკეთო ამ მდინარის გარეშე – თქო…
ძალიან მინდოდა ისევ ამ ქალაქში დარჩენა, და გული მწყდებოდა, მაგრამ ძლიერ სურვილს ხომ ძლიერი ძალა აქვს და მეორე სამსახურიც გამოჩნდა… ისევ მოხუცის მომვლელად, ამ სამსახურში მომეცა საშუალება, რომ მესწავლა იტალიური კერძების მომზადება, ასევე სახლის დალაგება, უთაობა, რეცხვა, ყოველივე ის, რასაც თბილისში არ ვაკეთებდი, რადგან დედა და და აკეთებდნენ ყველაფერს. აქ კი, უცებ ვიქეცი ნამდვილ დიასახლისად, რაც ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა. ასე ვიმუშავე ზუსტად ერთი წელი… ერთ წელში კი გავიცანი ფედერიკო, მამაკაცი რომლის, არსებობამაც თავდაჯერებულობა შემმატა, ცხოვრებაში ჩემი ადგილი მაპოვნინა და კიდევ უფრო ბედნიერი გამხადა….
ქართველების იტალიელი სიძე და ახდენილი ოცნებები
ფედერიკო 15 წელი მსახიობობდა… ერთმანეთი ჩვენი საერთო ახლობლის კაფეში გავიცანით, დამინახა თუ არა ნატაშას ჰკითხა – შენი ნათესავია? არ გამაცნობ? თან მსახიობური ოსტატობით დააყოლა – ეს ლამაზი და ტკბილი თვალებიიიი…
მივიხედ-მოვიხედე, ვისზე ამბობს მეთქი. თურმე, მე შემასხა ხოტბა ასე თეატრალურად.
რამდენიმე დღეში ძალიან დავახლოვდით.
ეს იყო ადამიანი, რომელსაც ბოლომდე დავეყრდენი. რომელმაც ჩემი თავი მაპოვნინა. პირველივე პაემანზე დამისვა ძალიან საინტერესო კითხვა და დამაფიქრა…
მკითხა, – რას ეძებ?
-ჩემ ადგილს – მეთქი – ვუპასუხე.
როგორც ჩანს ჩემ ადგილს ვეძებდი სამყაროში. ალბათ თბილისში არ იყო ეს ჩემი ადგილი, ან ვერ ვიპოვე… ადგილის მოძებნა არც ისე ადვილია. იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ გყავს გვერდით… ჩვენ ორივემ ერთმანეთი შევავსეთ და ერთმანეთს მივეცით იმის საშუალება, ძალა და სულიერება რომ საკუთარი შესაძლებლობები განგვეხორციელებინა…
რამდენიმე ხანში გადავწყვიტეთ ერთად გვეცხოვრა …
თავიდან იყო შეგუება ადგილთან, ნივთებთან. დავიწყე ნელ-ნელა სახლის მოყვანა წესრიგში…ფედერიკოს თავისი რესტორანი ჰქონდა და ყოველ დღე იქ სადილობდა, მე კი რატომღაც გადავწყვიტე რომ სახლში ესადილა, მოვამზადებდი რაღაც საინტერესო და გემრიელ კერძს და ერთად ვსადილობდით. მომწონდა როდესაც აღფრთოვანებას ხმამაღლა გამოხატავდა – საოცარია, უგემრიელესია – იმეორებდა ხშირად.
ყოველთვის იმის ფიქრში იყო თუ როგორ გავებედნიერებინე… ნახა რომ ხატვა სიამოვნებას მანიჭებდა და სახატავი საღებავების შესარჩევად წავიდეთო…
საღებავებთან ერთად ვიყიდეთ მინა, დავიწყე მინაზე ხატვა და ვხატავდი უამრავს, ვმუშაობდი კერამიკაზეც , მოვაწყვე გამოფენაც, ნამუშევრებიც გავყიდე …
მომწონდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ხატვისა და შემდეგ ჩემივე ნამუშევრების გაყიდვის პროცესი.
ფედემ თითქმის ყველა ჩემს ოცნებას შეასხა ფრთები… მათ შორის მოგზაურობასაც…
ვოცნებობდი პარიზზე, პრაღაზე – ამიხდინა…
წინათ, როდესაც მეკითხებოდნენ რა არის სიყვარულიო, ყოველთვის ვპასუხობდი – სიყვარული არის ძალა. ფედემ თავისი არსებობით ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი ძალა შემოიტანა. საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო შემმატა და ცხოვრება ბევრად უფრო ლაღი გახადა.
შემოიტანა ყველა ფერი…. შვიდივე ფერი… და საოცრად გამილამაზა ცხოვრება… ვართ ერთი მთლიანი და ეს მახარებს… მოინათლა მართლმადიდებლურად. საქართველოში დავიწერეთ ჯვარი…
მხარს უჭერდა აბსოლუტურად ყველა პროექტს, რომელიც ჩემ ქვეყანას ეხებოდა და იტალიაში განვახორციელე. უფრო მეტიც თავადაც იღებდა უშუალო მონაწილეობას .
პროექტები
დავიწყე ფიქრი, თუ როგორ და რა კუთხით წარმომეჩინა ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი… დავწერე პროექტები და შევუდექი მათ განხორციელებას… ეს გახლდათ ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა.
2015 წლის მაისში საქართველოდან კერამიკოს მარიკა იზორიასთან ერთად ილიაუნის სტუდენტები ჩამოვიყვანე და ძალიან საინტერესო ვორქშოპში მივაღებინე მონაწილეობა. სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ქართველი ბავშვები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ და მათ პრემიის სახით 450 ევრო გადაეცათ.
მერე კალჩინაიის მერიაში გავაკეთეთ პრეზენტაცია და საქართველო გავაცანით ამ ქალაქში მცხოვრებ იტალიელებს, საქართველოს გაცნობა განსხვავებული ფორმით მომიხდა. ფედეს და ჩვენს მეგობარს საბრინას ვთხოვე საქართველოზე პერფორმანსი გაეკეთებინათ, საბრინამ მედეა განასახიერა … ფედერიკო ჰყვებოდა ისტორიას, სადაც საუბარი იყო თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე და ქართველების საგმირო საქმეებზე… 15 წუთიანი, ულამაზესი პერფონმანსი გაკეთდა, იქ მყოფნი საქართველოს იტორიით აღტაცებულები დარჩნენ.
შემდეგი პროექტი გახლდათ ქართულ-იტალიური ურთიერთობები მეცხრამეტე საუკუნეში. რომელსაც ქალაქის მერი დაესწრო და დიდი მადლობა გადაგვიხადა. ეს თემა შესანიშნავად წარმოადგინა პროფესორმა და ხელოვნებათმცოდნე მაია იზორიამ. ამას მოჰყვა ქართველ ხელოვანთა გამოფენა, რომელიც წარმოდგენილი იყო მეთორმეტე საუკუნის პიზელი დიდგვაროვანის უპეცინგის კოშკში. საქართველოდან მოვიწვიე თიბისი გალერიიის დირექტორი ქეთევან კორძახია, არაჩვეულებრივი ნამუშევრებით საინტერესო მხატვრებთან ერთად.
ტოსკანა, პიზის პროვინცია კალჩინაია, პროექტი “Vico Vitri Arte” მონაწილე მხატვრები: მარიამ იზორია, კერამიკა; ირაკლი სუთიძე, ფერწერა; მამია მალაზონია,გრაფიკა; გუგა კოტეტიშვილი და ლევან დადიანი ფოტო; ალექსანდრე მიქაძე,მცირე პლასტიკა;
ვიყავი ძალიან ბედნიერი, რადგან რასაც ვაკეთებდი ძალიან მომწონდა, ვმუშაობდი ჩემი პროფესიით და ასევე ხალხს ვაცნობდი საქართველოს… ერთ დღეს კი ფედერიკოს გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა…
ახალი ეტაპი – კულტურის სფეროდან რესტორნის ბიზნესში
რესტორნის გამო და-ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ფედეს და, მშობლების მიერ დატოვებული რესტორნის გაყიდვას ითხოვდა.
ეს იყო ოჯახის ძალიან წარმატებული ბიზნესი, მაგრამ ბიზნესსაც აქვს დაღმავალი პერიოდი და ეს პერიოდი ზუსტად ჩემს ფედეს ცხოვრებაში გამოჩენას დაემთხვა, საქმე იქამდე იყო მისული, რომ რესტორანი უნდა გაეყიდათ. ფედე უარზე იყო.
პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემ თავზე და მაიასთან ერთად ამ ბიზნეს ჩავუდგები სათავეშიო. მე კი ამ დროს საერთოდ არაფერი გამეგებოდა სარესტორნო საქმიანობის…
აქედან იწყება ახალი ეტაპი. ყველაფერს თავს ვანებებ რაც კი რამ არსებობს ჩემს გარშემო – ხატვა, არტი, კულტურა, პროექტები, ჩემი ტურები… ფედეს მივყავარ თავისთან რესტორანში და 2-3 თვის განმავლობაში გავდივარ პრაქტიკას, ვეუფლები კულიანარიას და ვსწავლობ რესტორნის სამზარეულოს. მერე კი ორივემ ერთად chef Cristina Pistoles-ის ძალიან სერიოზული კულინარიის სკოლა “Art in cooking” გავიარეთ.
ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, ასევე ძალიან დიდი ადრენალინი და ძალიან დიდი შრომა. იმდენად მოტივირებული გამხადა ამ ქალბატონმა, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ სამზარეულო შემაყვარა.
ეს იყო დიდი კულტურა, რომელსაც სულ სხვა კუთხით შევხედე და მივხვდი რომ ძალიან ახლოს იყო ჩემთან. აქ უნდა იგრძნო გემო, სუნი, მომზადების მომენტში მისი ხმები ანუ მუსიკა, მერე საკვების მიღებაც ერთი დიდი ინტიმია. ეს არ იყო უბრალოდ საჭმლის მომზადება, ეს იყო მართლაც ნამდვილი არტი …
ყოველი კერძი მზადდებოდა იტალიურ ტრადიციებზე დაყრდნობით და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით… ბუნებრივი და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით. ასეთი ტიპის მუშაობა მისაღები იყო ჩემთვის. თუმცა, იყო მომენტი, როდესაც ვფიქრობდი – დავიღალე და ეს საქმე ჩემზე ბევრად ძლიერია …. ამ ფიქრებს მალევე მოჰყვა ნებისყოფის გამომუშავება. ჩემ თავს ვეუბნებოდი, იქონიე მოთმინება, რომ საქმე წინ წაიყვანო. ეს არ იყო ადვილი…
მაგრამ შევძელი, გავუმკლავდი და ახლა უკვე ახალი მიზნების განსახორციელებელ გეგმებზე ვმუშაობ.
ორ წელში გავარემონტეთ რამდენიმე დარბაზი, გავაკეთეთ და გავალამაზეთ ვერანდა და ახლაც ვანხორციელებთ ნელ-ნელა სხვადასხვა ცვლილებებს.
ჩემი და სხვა ქართველი მხატვერების ნამუშევრებით გავაფორმე რესტორანი… ხშირად გამოუწვევია ამ ნახატებს სტუმრების ინტერესი…
საქართველოსგან განსხვავებით, იტალიაში როდესაც მოდის კლიენტი აუცილებლად უნდა გიცნობდეს და გენდობოდეს. ეს ნდობა თუ არ არის, შენს რესტორანს არავინ გაეკარება.
მას უნდა მისცე ყველაფერი ერთად, უგემრიელესი საკვები თავისი არომატით, ვიზუალით, გემოთი და საუკეთესო გარემო ღიმილიანი ურთიერთობით, აუცილებლად უნდა მიხვიდე და ჰკითხო, – როგორ ჩაიარა, ხო ყველაფერი კარგად იყო?! ისინიც ოჯახს მოიკითხავენ, მერე კი ჩვენს ქვეყანაზე მეკითხებიან.
ჩემი ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებს კულინარიით დაინტერესებული ქართველების, როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალების იტალიაში მოწვევას. როგორც მოდის სამყაროში იცვლება რაღაცები, ისე კულინარიის სამყაროშიც იცვლება ძალიან ბევრი რამ, უნდა განაახლო, გაალამაზო, უნდა შექმნა როგორც არტ ხელოვნება …
არ შეწყვიტოთ ოცნება
მოთმინება და დიდი ნებისყოფა წარმატებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორებია.
ასევეა თავდაუზოგავი შრომა და სწავლა გამუდმებით… განვითარება, განვითარება, განვითარება ….
მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. გიყვარდეს ან შეიყვარო. რადგან ძალდატანებით ცხოვრება ძალიან რთულია, უნდა იცხოვრო სიყვარულით. როცა სიყვარულით ცხოვრობ გეძლევა უფრო მეტი ძალა, რომ უფრო მეტად გააკეთო და წახვიდე წინ.
ასევე მთავარია, ადამიანებს საკუთარი თავი ზუსტად ისეთი აჩვენო, როგორიც ხარ.
ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი მამაკაცი გვერდით.
ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გვერდით მყოლოდა ჩემი ცხოვრების მამაკაცი და ამ ჩემს მამაკაცს ჰქონოდა თავისი ჰობი, საქმიანობა, რომელიც ჩემთვის იქნებოდა ახალი, ყოველთვის მინდოდა ამ ახალს შევხებოდი და გამეთავისებინა. ეს ოცნება იდეასავით მქონდა აკვიატებული…
და აი ფედეც თავისი რესტორნით, სამზარეულოთი არის ჩემს ცხოვრებაში. შემოიტანა და თავზე მომახვია ეს ყველაფერი…
ფედერიკო და საქართველო
ფედერიკო პიერაჩი: არადა პირიქით მაიამ შემიქმნა ისეთი გარემო, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ვერ ვანხორციელებდი…. ის საუკეთესოა ამ მხრივ, გარემოს შექმნის დიდოსტატი შევარქვი. ყოველთვის მინდოდა ჩემს რესტორანში მოსულ სტუმრებს თავი ეგრძნოთ როგორც კლიენტებად ასევე ჩვენს მეგობრებად, მაიამ ეს მოახერხა… ყველა შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა ჩვენთან… ეს ალბათ იმ ქართული სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებაა, რაც საქართველოში ვიხილე და რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა.
პირველად როდესაც მე და მაია საქართველოში ჩავედით, დილის 5 საათი იყო. უამრავი ადამიანი დაგვხვდა. მაიამ ჩემი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები არიანო. თვალებს არ ვუჯერებდი, მეგონა ხუმრობდა. არადა მართლა ჩემი ცოლის ნათესავები და მეგობრები აღმოჩნდნენ, გაოცებისგან შოკი მივიღე.
ძალიან მიყვარს ის მომენტი, როდესაც ნელ-ნელა ამ ადამიანების გაცნობა დავიწყე და მივხვდი რომ ისინი მართლა გიღებენ გულის კარებს და სიყვარულს ბოლომდე გინაწილებენ, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რამ სამყაროში არსებობდა …
მოხიბლული დავრჩი ქართული სადღეგრძელოებით.
მივხვდი რომ სადღეგრძელო ქართული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ის დალოცვასავით არის, რომელიც ძალასა და ენერგიას გმატებს და რომელსაც ქართულ სუფრაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ქართველებმა ისეთი ემოციები გადამდეს, რომ სურვილი გამიჩნდა ერთ-ერთი სადღეგრძელო მეც შემეთხზა. ამ სადღეგრძელოს ხშირად ისმენენ ჩემ რესტორანში მყოფი სტუმრები.
სადღეგრძელო
პირველი ქართველი, როდესაც გარდაიცვალა, ზემოთ საიქიოში წმინდა პეტრეს კარებთან მოხვდა. პეტრე სამოთხეში იყო. ქართველი აკაკუნებს ამ სამოთხის კარზე. გააღო პეტრემ კარები და ეკითხება – ვინ ხარ? ქართველი ვარ საქართველოდან, გარდავიცვალე და მოვედიო. პეტრე ეუბნება – რა გინდა შენ აქ, წადი შენს სახლში, ნამდვილი სამოთხე იქ გაქვსო.
და თუ შენ მოგეცა იმის ბედნიერება ძველ თბილისში გაიარო, დაბინდებისას პატარა შუქ-ჩრდილებს დაინახავ, ესენი ის კეთილი ქართველები არიან, რომლებიც თავიანთ მიწას, თავიანთ სამოთხეს დარაჯობენ.
ავტორი: დეა თავბერიძე