რაჭა, კუთხე, სადაც, ზღაპრებში აღწერილი არარეალური ბუნების სილამაზე, აქ რეალურად გვხვდება. რაჭაში გათენებული ყოველი დღე დღესასწაულია…რაჭაში, სიცივე და სითბო, ბუნებისგან ერთდროულად მოდის… მაღალი, გაშლილი მთები თითქოს, თავისკენ გიხუტებს და გმასპინძლობს…. ბუნებასთან ერთად გამორჩეულები არიან რაჭველებიც, თავისი სიფიცხით, ენერგიით და იმ მოსაზრებასაც თუ გავიხსენებთ, რომ რაჭველები ყველაზე დინჯები არიან (?!)
რაჭველები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ბრწყინვალე რელიგიურ დღესასწაულებს, როგორიცაა: აღდგომა, გიორგობა, მარიამობა, ღვთისმშობლობა……
27 აგვისტოს რაჭის სხვადასხვა სოფლებიდან მიემართებიან ცხენებით, “მრავალძალისკენ”- მარიამობის აღსანიშნავად. გზად, დოღიც იმართება. უამრავი ადამიანი იყრის თავს მრავალძალში, სხვა კუთხიდანაც კი ჩადიან სტუმრები. სრულდება სხვადასხვა რაჭული ცეკვა-სიმღერა.
გადმოცემის თანახმად, რაჭველებს განსაკუთრებულად ჰყვარებიათ გიორგობის დღესასწაულის აღნიშვნა. რაჭაში გაზაფხულის გიორგობა უქმე იყო. დილით ადრე ოჯახში ყველიან ან ქონიან რიტუალურ პურს, ე.წ.განატეხს, აცხობდნენ, ორ სანთელს ჩამოქნიდნენ. კაცი იღებდა განატეხს, ერთ ბოთლ ღვინის ზედაშეს, სანთელს და ეკლესიაში მიდიოდა. ეკლესიაში წმ. გიორგის მშვიდობიან და მოსავლიან წელიწადს სთხოვდნენ. სანთლებს ეკლესიაში ანთებდნენ, განატეხს ეზოში ჭამდნენ და ღვინოსაც აყოლებდნენ. ამ წესის შესრულება ყველა ოჯახს ევალებოდა. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ისიც მიდიოდა, ვისაც ავადმყოფობის გამო ამ წმიდანისთვის შესაწირი ჰქონდა შეთქმული. შემოდგომის გიორგობას მხოლოდ ხვნა და თესვა იკრძალებოდა. ქალებს ეკრძალებოდათ ქსოვა, შეეძლოთ კერვა, რეცხვა და სხვა.
უნდა ითქვას, რომ რაჭაში მთელ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმული სალოცავი მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიაა. აქ სასწაულმოქმედი ოქროს ჯვარი ყოფილა დაცული, რომლისთვისაც გადმოცემის მიხედვით, შაჰ აბას პირველს ხმალი შეუწირავს. მლოცველი მარიამობას 15/28 აგვისტოს და ნოემბრის გიორგობას ღამისთევით მიდიოდა ეკლესიაში. შესაწირად მიჰყავდათ: ძირითადად ხარი ან მოზვერი, მოგვიანებით კი ცხვარი.
მრავალძალის ეკლესიაზე ორი ხარის თავია გამოკვეთილი. ისინი ცნობილ ლეგენდასთან არიან დაკავშირებულები. ლეგენდის მიხედვით რაჭაში, ერთ-ერთ მთაზე ორი გარეული ხარი ბალახობდა ხოლმე. მათ ვერავინ ეკარებოდა. ერთხელაც რაჭას ოსმალები შეესივნენ. რაჭველებმა წმ. გიორგის შესთხოვეს: გაგვამარჯვებინე და გარეულ ხარებს მთის კალთაზე მოგიყვანთ და ეკლესიას აგიშენებთო. ხეობაში ნისლი ჩამოწვა. მტერმა გზა ვერ გაიკვლია. ზოგი გადაიჩეხა, ვინც გადარჩა, რაჭველებმა ნაწილი გაანადგურეს და ნაწილიც გარეკეს. მეორე დღეს რაჭველებმა დღევანდელი მრავალძალის ეკლესიის ადგილზე ორივე ველური ხარი ნახეს. ისინი მორჩილად იწვნენ დიდ ნათელში. ხარებს არც კი გაუწევიათ წინააღმდეგობა, ისე შეეწირენ წმ. გიორგის. ხალხმა დაკლული ხარების რქები შეინახა და ეკლესიის მშენებლობისას ერთ-ერთ კედელზე გამოსახულ ხარის თავებს ჩამოაცვა. ხალხის თქმით რქები ეკლესიის გაძარცვისას მოუპარავთ.
არსებობს ლეგენდის მეორე ვარიანტი. ბრძოლის დროს, როდესაც ნისლი ჩამოწოლილა, თავად თათრებს უთხოვიათ წმ. გიორგისათვის – გადაგვარჩინე და ორ საუკეთესო ხარს შემოგწირავთო. სასწაულის ძალით ნისლი გაიფანტა და მტერი გადარჩა. გადარჩენილ ოსმალებს (თათრებს) ხარები არ დაუკლავთ-ისედაც გადარჩენილები ვართ და რა საჭიროაო. მაგრამ ხარები თავისი ფეხით ასულან დღევანდელი მრავალძალის ეკლესიის ადგილას და მშვიდად შესწირვიან წმ. გიორგის.
რაჭველებს,თავიანთი “რაჭული” დღესასწაულები აქვთ, რომელსაც მხოლოდ რაჭაში აღნიშნავენ: ბუბაობა, სამებობა, საჯვარეობა, კოხინჯრობა, ორბობა, ეს მცირედი ჩამონათვალია ამ დღესასწაულებიდან. ყველა დღესასწაულს, ლეგენდის თანახმად ასრულებენ.
საჯვარეობა– საჯვარეობის დღესასწაული აღდგომის 8-ე შაბათ-კვირას იმართება. შაბათ დღეს, ცხენოსნები სოფელ ღარიდან, ღამის გასათევად მიემართებიან ოსეთის სოფელ კვაჟასაკენ. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, “საჯვარეობა” ჩაიშალა, რადგან მლოცველებს ოსეთის ტერტორია უნდა მოელოცათ. ამ დღესასწაულზე, მხოლოდ მამაკაცები ადიან სალოცავად ცხენებით მთაზე. ლეგენდის თანახმად, თუ ამ დღეს ქალი ავა ამ მთაზე, ამინდი უეჭველად შეიცვლება და იწვიმებს.
ბუბაობა– დღესასწაულზე რაჭველები სოფელ გლოლაში მიდიან სალოცავად. განსხვავებით, საჯვარეობის დღესასწაულისგან, ქალებსაც შეუძლიათ ტაძრის მოლოცვა.
კოხინჯრობა– ონის რაიონის მაღალმთიან სოფლებში, რაჭველები 27 მაისს აღნიშნავენ. კლავენ საკლავებს, მიდიან სალოცავად და ბოლოს ლხინის სუფრას მართავენ.
რაჭაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უამრავი ხალხი იყრის თავს. მოილოცავენ ტაძარს და შემდეგ საკლავს კლავენ.
სამებობა – დღესასწაული, რომელსაც რაჭაში აღდგომის მესამე დღეს აღნიშნავენ.
ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ ადრე, სამებობას რაჭაში, 75 წლის რაჭველი ქალბატონი იზოლდა საბანაძე მოგითხრობთ:
–ჩემი სოფელი ონის რაიონშია, ღუნდა ჰქვია. სოფელში მე-12 საუკენეში აგებული “სამების” ტაძარია. სამებობას, აღვნიშნავდით აღდგომის მესამე დღეს. სხვადასხვა სოფლებიდან უამრავი ხალხი მოდიოდა. ზოგს, შესაწირად ცხვარი მოჰყავდა, რომელსაც ტაძრის ეზოში კლავდნენ. იმართებოდა ლხინი, რაჭული ცეკვა–სიმღერა. ვუკრავდით ფანდურზე, გარმონზე, დაირაზე. ყოველთვის მხიარულება იყო, ამ დღეს ჩვენს სოფელში. განურჩევლად ასაკისა, ყველა ერთად ვათენებდით ღამეს და ვმხიარულობდით. დილას ისევ ლხინი იმართებოდა, ოჯახიდან ოჯახში გადაწვევა. ამჟამად ჩემს სოფელში, სულ რაღაც, 2 ოჯახი ცხოვრობს. ტაძრის ადგილას, ახლა ნანგრევებია, რომელსაც მკვიდრი მოხუცები პატრონობენ.
1950 წელს მთავრობამ გაგრაში გადაგვასახლა და ჩვენს დღესასწაულებს იქ ვეღარ აღვნიშნავდით. ღუნდაში კი, არც ერთი მაცხოვებელი დარჩა, საბედნიეროდ მალე დავბრუნდით ჩვენს სოფელში.
რაჭა და რაჭველები, არა მარტო მდიდარი ბუნებით, არამედ უნიკალური, კულტურულ–ისტორიულ და ეთნოგრაფიული ძეგლებით გამოირჩევიან.
ავტორი: იაკო ამირანაშვილი