„მეგობრებო, დღეს ერთი რამ შემემთხვა, რამაც ძალიან მატკინა გული“ – წერს სოცილურ ქაელში რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დოდონა კიზირია. წელს “ვეფხისტყაოსნის” თარგმანმა, რომელზეც დოდონა კიზირიამ ამერიკელ პოეტთან ლინ კოფინთან ერთად იმუშავა და რომელიც ნატო ალხაზიშვილის ინიციატივით გამოიცა საბას პრემია მიიღო.
დოდონა კიზირია: „საღამოს 6 საათზე უნდა ვყოფილიყავი პირველი რადიოს სტუდიაში, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე უნდა გველაპარაკა ამ პროექტის სამივე მონაწილეს. სახლიდან გამოვედი, როცა თავსხმა წვიმა დაიწყო და ჩვენი სახლის გარშემო ქუჩები აზვირთებულ მდინარეებად გადაიქცა. ორიოდე წუთში უკვე თავიდან ფეხებამდე დავსველდი – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თმები წყლით გამეჟღინთა.
ვცდილობდი როგორმე ვაჟა ფშაველას გამზირამდე ჩავსულიყავი, რომ იქ რამე ტრანსპორტში ჩავმჯდარიყავი. მაგრამ უნდა მდინარეში კოჭებამდე შემეტოპა, რომ როგორმე ქუჩის ბოლოს გავსულიყავი. ასე ვიდექი ქუჩაში, რბილად რომ ვთქვა, ძალიან ხანშიშესული ქალი, სულ გაწუწული მიუხედავად ქოლგისა. ამ დროს ამ აქაფებულ ქუჩაზე გრიალით ჩამოდიოდნენ მანქანები ვაჟა ფშაველას გამზირისკენ. არც ერთ მათგანს, ქალი იყო საჭესთან თუ კაცი, სიჩქარეც კი არ შეუნელებია, არა თუ არ გაჩერებულა, თუმცა ერთი-ორჯერ ხელის აწევაც ვცადე და სავსებით ნათელი იყო, რომ დახმარება მჭირდებოდა.
გული იმან კი არ მატკინა, რომ პირადად მე არ დამეხმარნენ, არამედ თვითონ იმ ფაქტმა, რომ ყველამ ასე გულგრილად ჩაუარა გვერდით ჩემს სიტუაციაში მყოფ ადამიანს, მითუმეტეს მოხუც ქალს. როგორ გადავგვარებულვართ! როგორ დაგვიკარგია კაცობა, ქალობა, ადამიანობა! როგორ დაუპყრია ჩვენი გულები ერთმანეთისადმი სიძულვილს, ღვარძლს, ნიშნის მოგებას. ვიცი, ზოგი ჩემი მკითხველი (არა ჩემი მეგობრები!) გაიფიქრებს, ახია შენზე, უარესიც გეკუთვნისო, მაგრამ ესეც სწორედ უკულტურობის, გადაგვარების და ზნედაკარგულობის მაჩვენებია.
ამერიკაში, რომელიც თურმე „ქართველობას დაგვაკარგვინებს“, ათი მანქანა მაინც გაჩედებოდა და დახმარებას შემომთავაზებდა, ქუჩის ბოლოში კი არა, ადგილზევე მიმიყვანდნენ. როგორ უნდა მოგვიბრუნდეს ენა და ვთქვათ, დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკა მორალურად გაგვრყვნისო?!“