ქართულის შესწავლა სიმღერით დაიწყო. დღეს 200 ქართული სიმღერა იცის. ამერიკელია, მაგრამ ქართულად საუბრობს, წერს და კითხულობს კიდეც …
ამერიკელი კარლ ლინიკი პირველად სცენაზე ვნახე, ჩოხა და სვანური ქუდი მოერგო და თავის ორ ვაჟთან ერთად, ქართულ ხალხურ სიმღერას მღეროდა…
საქართველოში წლების წინ, თურმე ქართული სიმღერის სიყვარულმა ჩამოიყვანა.
„1990 წელს ამერიკაში გურული სიმღერა მოვისმინე, ამერიკელები მღეროდნენ. მომეწონა და მათი ანსამბლის წევრი გავხდი. მაშინ საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. არც ის ვიცოდი, ის სიმღერა გურულების რომ იყო“.
ასე დაიწყო… მერე კი აქ ჩამოსულმა აღმოაჩინა, რომ ამ ქვეყანაში სიმღერის გარდა მისთვის ბევრი რამ იყო მშობლიური: „ქართული ცეკვა, ლიტერატურა, მხატვრობა და ქართული ბუნება ძალიან მომეწონა. ქართული კულტურა მდიდარი და მრავალფეროვანია, საქართველოს კუთხეებიც ულამაზესია. ძალიან მიყვარს სვანეთი, იქ ხშირად დავდივარ და ბევრი მეგობარი მყავს“.
სანამ სვანებს დაუმეგობრდებოდა, აქ ჩამოსულმა ცხოვრება ხელახლა დაიწყო და ქართული ენის შესწავლას შეუდგა. მერე, ქართველ ავტორებსაც გაეცნო და დუმბაძის მოთხრობები შეიყვარა.
ცხოვრება საქართველოში
საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა აქ სრული ქაოსი იყო. არეულობას არ შეუშინებია, ცოლად ქართველი ქალი შეირთო და საცხოვრებლადაც თბილისში დარჩა. ქართველებთან ერთად გადაიტანა ომი, უშუქობა, შიმშილი.
„მართალია, მძიმე პერიოდი იყო, განსაკუთრებით ზამთარში, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება. მე და ჩემმა მეგობრებმა აქ ჩამოსვლით ოცნება ავიხდინეთ. ბევრი მომღერალი გავიცანით. ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან დავდიოდით სიმღერის გაკვეთილებზე. ექსპედიციებთან ერთად სხვადასხვა კუთხეებში ვიყავით… სიმღერამ ჩამოგვიყვანა, მაგრამ საქართველო იმდენად მოგვეწონა, დავრჩით“…
კარლო
საქართველოში 14 წელი დაჰყო. მერე ისევ ამერიკაში გაემგზავრა, ოღონდ მარტო არა. მეუღლესთან, ხატია კუხიანიძესთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად. შვილებს, ლუკასა და შონს ქართული ტრადიციებით ზრდის. ქართულ სიმღერასაც თვითონ ასწავლის. მას საქართველოში უკვე კარლოს ეძახიან. ბევრს არ სვამს, მაგრამ ქართული ტრადიციებიდან ყველაზე მეტად სადღეგრძელოები მოსწონს. „ მიყვარს აზრი, რაც სადღეგრძელოში დევს, რადგან ჩემთვის სიტყვები და აზრი უმთავრესია.“
თბილისში
„ყოველ წელს ამერიკიდან უცხოელები ჩამომყავს. სასიმღერო ტურნეს ვატარებ. გურიასა და სვანეთში ვიყავით და იქაურ ლოტბარებთან ერთად სასწავლო პროგრამაც შედგა. კმაყოფილები გაემგზავრნენ. ბევრს სტუდია აქვს და აქ ნასწავლ სიმღერებს უცხოეთში ასწავლის“…
როცა თბილისში ცხოვრობდა, ქართული სიმღერის შესასწავლად მასთან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დადიოდნენ. სწავლება რამდენიმე წელი გრძელდებოდა.
„რამდენიმე დღის წინ ერთმა დამირეკა და მითხრა, – შენ რომ მასწავლე იმ სიმღერას მაგიური ძალა აქვს. როცა აღელვებული ვარ სიმღერას ვიწყებ და ვმშვიდდებიო. საოცარი ძალა აქვს ქართულ სიმღერას“...
მეც, ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ ქართული სიმღერა სულ სხვაა. ტკბილია დაარაჩვეულებრივი თავისი სტრუქტურით. ისეთი ხმის წყობა აქვს, პირდაპირ გულში მიდის. ქართული სიმღერა მარტო სიმღერა არაა, მთლიანად საქართველოა ჩემთვის. საქართველო კი ჩემი მეორე სამშობლოა.“
ავტორი: დეა თავბერიძე