მაისში მსოფლიო სიცილის დღეს აღნიშნავს. გასულ წელს ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. სიცილის დღე 3 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული, საკარნავალო მსვლელობით აღინიშნა. კარნავალი ამჯერად 15 მაისს, კვლავ რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
სიცილის კარნავალზე იხილავთ – ჯამბაზებს, ზღაპრის გმირებს, მუსიკოსებსა და საკარნავალოდ გამოწყობილ ხალხს. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის სიცილის კარნავალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სიცილის მსოფლიო ლიდერი – მაგნო შავდია, რომელიც 15 მაისს პოზიტივებთან ერთად ხალხის განწყობაზე იზრუნებს.
როგორც სიცილის კარნავალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს გასულ წელთან შედარებით წელს, ამ დღესასწაულს უფრო მაშტაბური სახე მიეცემა.
რუსუდან ოსიყმაშვილი, კარნავალის ორგანიზატორი: „კარნავალს უერთდებიან სხვადასხვა სკოლები, უნივერსიტეტები, ცნობილი შოუმენები… ასევე ჩვენს გვერდით არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელს ძალიან დიდი როლი ითამაშეს, იმაში რომ ჩვენს ქვეყანაში სიცილისა და პოზიტივის კარნავალი დაფუძნებულიყო. ეს გახლავთ სკოლის მოსწავლეებისაგან და სტუდენტებისგან შემდგარი ასკაციანი მოხალისეთა ჯგუფი – პოზიტივები. ეს არის კარნავალი, რომელიც თითოეული ადამიანის სიხარულისთვის კეთდება“.
დეა თავბერიძე, კარნავალის დამფუძნებელი: „ჩვენი მიზანია ქვეყანაში არსებული ნეგატიური ფონის განმუხტვა დადებითი ემოციებით. დღეს ეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ძალიან სჭირდება. აქედან გამომდინარე „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ გვინდა ვაქციოთ სახალხო ზეიმად.
ამ დღეს ფულს სიცილი ჩაანაცვლებს. ადამიანებს გახალისებასთან ერთად საშუალება ექნებათ სიცილით შეიძინონ ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, საკარნავალო აქსესუარები, ბავშვებმა – სათამაშოები. გასულ წელს ამ აქცია-დღესასწაულმა ამ მხრივ ბევრი გაახარა. წელს გვინდა, რომ ამ სიხარულის გამზიარებელი უფრო მეტი ადამიანი იყოს“.
ნინო შავდია, კარნავალის ორგანიზატორი: „სიცილს ადამიანის ორგანიზმი გამოყავს სტრესიდან და აღიარებულია დეპრესიის დაძლევის ყველაზე ძლიერ საშუალებად. მეცნიერებმა სიცილი ჯანმრთელობის ვიტამინად აღიარეს. გახანგრძლივებული სტრესი ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს. მეცნიერებმა კი ზუსტად გამოიანგარიშეს, რომ სტრესის ჰორმონს, ანუ კორტიზოლს, სიცილი გამოანთავისუფლებს. ამ დროს ტვინში ენდორფინები გამოიყოფა. ეს ენდორფინები ერთგვარ ტკივილგამაყუჩებლადაც მოქმედებს. სიცილი 27 %-ით უფრო ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ტკივილის დაძლევაში.
თუ არ გეცინებათ ხელოვნურად შეიძლება გამოიწვიოთ, რადგან ტვინი ვერ ანსხვავებს ეს ხელოვნური სიცილია თუ ბუნებრივი. ის ენდორფინები ისედაც გამოიყოფა…
ამიტომ იცინეთ ბევრი, უყურეთ კომიკურ ფილმებს და ირწმუნეთ სიცილის ძალის, რადგან ეს ბევრად უფრო დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში ვიდრე დამწუხრებული სახით სიარული და პრობლემებში ჩაღრმავება. შეძელით ეს და ნახეთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ჩვენ ხომ იმას ვიზიდავთ რაზეც ჩვენი გონება კონცენტრირდება. შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში სიხარული. 15 მაისს კი ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს პოზიტიურ განწყობაზე“.