„ეს ანატორის აკლდამებია, ხევსურეთში შატილიდან სამ კილომეტრში მუცოს გზაზე, ამ საოცარი მთის ძირში“ – წერს პაატა ქურდაძე ფეისბუქის პირად გვერდზე და ძვლებით სავსე აკლდამაზე ჰყვება.
უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა წლევანდელი ზაფხული შვილთან ერთად საქართველოში მოგზაურობას დაუთმო. დროდადრო შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით მეგობრებს უზიარებს.
პაატა ქურდაძე: „თუ ვინმეს არ სმენია მათ შესახებ : მეთვრამეტე საუკუნეში სოფელ ანატორში გავრცელებულმა ინფექციამ (ჟამი) ფაქტიურად მთელი სოფელი გაწყვიტა.
დაავადებულთათვის სოფლიდან მოშორებით, მუცოსწყლისა და არღუნის სრულიად მისტიკურ შესართავთან ეს პატარა ნათალი ქვის შენობები ააგეს ქვისავე თაროებით. სადაც დაინფიცირებულები თავისი ფეხით მიდიოდნენ, თაროდან ახალ მკვდარს ძირს გადმოიღებდნენ და თავად წვებოდნენ მის ადგილზე, სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ …
ვერ გეტყვით სადმე არის თუ არა კიდევ ანალოგი.. ვიცი რომ ხევსურეთის გარდა – ჩეჩნეთში მთელი სოფელია მსგავსი აკლდამების… მაგრამ ეს სხვა თემაა.
ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, ეს ძვლებით სავსე აკლდამები – სხვისი სიცოცხლის, არსებობის მიმართ პატივისცემის აბსოლუტური, სრულყოფილი მონუმენტია… უფრო მარტივად – დღეს მოქალაქეობრივ თვითშეგრძნებას და ცივილურობას რომ ეძახიან და რომელიც ასე კატასტროფულად აკლია დღეს საქართველოს“.