როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის იმ გმირებს ვიხსენებთ, რომელთა სიმამაცით, ვაჟკაცობითა თუ დამსახურებით ამ ღვთიურ მიწაზე დღესაც დავაბიჯებთ; რომელთა სისხლითა და ჯიშით თავს ვიწონებთ და „ქართველები განუმეორებლები ვართო“, – გავიძახით… სიამაყით ვყვებით, როგორ გადაეცემოდა თაობიდან თაობას ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები თუ მსოფლიო კლასიკად აღიარებული ვეფხისტყაოსანი… თავი მოგვაქვს ჩვენი დამწერლობით და თან ვბაქიაობთ, ქართული ენისა და სულის გადასარჩენად წინაპართა სისხლით მორწყულმა მიწა–წყალმა უამრავი გმირი გაგვიზარდაო.
ასე ვიწონებთ თავს სიტყვით…
მაგრამ საქმით?!.
საქმით კი წინაპართა სისხლით დღემდე მოტანილ სამშობლოს ვივიწყებთ და ურთიერთქიშპსა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებას ვაყოლებთ ქვეყანას. წარსულით ვტრაბახობთ, თუმცა ხშირად ღირსებაც გვავიწყდება და წინაპრების მიერ დატოვებულ საგანძურს ვანიავებთ… და თუ მართლა ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდა, სათანადოდ ვერ ვაფასებთ, და მეტიც – ვქოლავთ!.. სულიერად ვანადგურებთ!..
… … … …….
უუუჰ… სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი და წერამ იმდენად შემიყოლია, რომ სადავეები გამექცა უნებურად.
ერთი კარგი მეგობარი მყავს აჭარაში, მასზე მინდოდა მომეყოლა. გმირებიც და ჩვენი ისტორიული წარსულიც ამ ბიჭის დღევანდელობამ გამახსენა, ალბათ… აჭარის მთებშია გაზრდილი, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომლებიც მთაში მეტწილად შენარჩუნებულია და, ქალაქების მსგავსად, არ გაცრეცილა. ალბათ, ამიტომაც მისთვის სამშობლო მარტო სადღეგრძელო და უცხოებთან თავის მოწონება არ არის. არადა, ცაში გამოკიდებულ სამოთხეში აქვს სოფელი და ბევრი აქვს „სატრაბახო“ …
ვახტანგ ბერიძეა ეს ბიჭი. დაუღალავი და მებრძოლი… ხშირად დაუფასებელიც, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩვენში. პროფესიით რეჟისორია. ჰოდა, როდესაც წლების წინათ თავისავე კუთხეში თეატრის კარები აუჭედეს, – „აქ სპექტაკლებს ვერ დადგამო“, ფარ-ხმალი არ დაყარა და მაღალმთიანი აჭარა ერთ დიდ სცენად აქცია… ამ სცენაზე ააცეკვა საწუთროსგან თუ ხალხისგან მიტოვებული უხუცესები… უძველესი ქართული ხალხური სიმღერები მოიძია და მათი აღდგენა და პოპულარიზაცია თავის ყოველდღიურ საქმედ აქცია.
მერე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დროის უკუღმართობით თუ მავანთა უნიათობით მივიწყებული ხელოვანები შემოიკრიბა და ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დააფუძნა. მას შემდეგ ზემო აჭარაში ყოველწლიურად იმართება ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული – საქართველოს პოეტების, მწერლების, მხატვრების მონაწილეობით… მეტიც, 2013 წლიდან დღემდე მათი შთაბეჭდილებები ლექსებში, ჩანახატებში, მოთხრობებში ცოცხლდება და ყოველი ფესტივალის შემდეგ წიგნად იკინძება. ახალგაზრდა კინორეჟისორები კი „კინო-პოეზიას“ ქმნიან და ფილმებად მოგვითხრობენ ამ ულამაზესი კუთხის ჯადოსნურ სილამაზესა და გმირებზე…
რატომ დავიწყე ამ ამბის მოყოლა?
მიუხედავად ვახოს გაკეთებული იმ სიკეთეებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და რაც ამ ფურცლის მიღმაც უხვად დარჩა, ეს ბიჭი ძალიან დიდხანს უმუშევარი გახლდათ. ბევრს უკვირდა, ამ ნიჭიერ, მშრომელ, მართლა საქმის მკეთებელ და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს როგორ გაცდენენ ასეო…
ჰოდა, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, ვახტანგ ბერიძის გვერდზე ერთი კარგი სტატუსი გაჩნდა:
„ახალი გამოწვევები, მიზნები, გამარჯვებები. დღეიდან ასეთი მოტივაციით ვიწყებთ მუშაობას აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში… ღმერთმა სიკეთით გააგრძელოს ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების მოგზაურობა“.
როგორც გავიგე, აჭარის ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელად დანიშნეს. მეორე კარგი ამბავიც შევიტყვე –ხულოს თეატრში მისივე რეჟისორობით დიმიტრის დიმიტრიადისის „მედეა“ გათამაშდება, რომელშიც იაზონს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი David Malteze ითამაშებს.
ამ სტატუსებს უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მოჰყვა. წარმატებას უსურვებენ და დიდ იმედებს ამყარებენ კაცზე, რომელსაც სამშობლო უყვარს. კომენტარებიდანვე გავარკვიე, რომ სკოლას, რომლის ხელმძღვანელადაც ვახტანგ ბერიძე დაინიშნა, ბევრი პრობლემა აქვს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ იმ უამრავ დამპოსტველთა შორის მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც სჯერა, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა და ძალიან მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მჯერა, რადგან ვიცი, რომ ამ ადამიანისთვის სამშობლოს სიყვარული მისთვის მსახურს ნიშნავს…
რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებითაც დავინტერესდი და „ანგარიში“ თავად აჭარის ხალხური სკოლის ხელმძღვანელისგან „ჩავიბარე“.
ვახტანგ ბერიძე: ის, რაც ხალხურ ცეკვაში, გალობასა თუ სიმღერაში ინახება, ყელით როკვითა და ტანჯვით დაცული საგანძურია და ჩვენი ვალია ამ საგანძურის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ამიტომაც, როცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაჩნდა აზრი ხელმძღვანელად ჩემი დანიშვნისა, დიდხანს არ მიფიქრია…
ახალი საზოგადოება ბადებს ახალ სურვილებს, უფრო მეტი იცოდე საკუთარ შესაძლებლობებზე, რაშიც პოზიტიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ განწობითა და შემართებით ვარ დღეს.
– როგორც კომენტარებიდან გავიგე, არც ისე სახარბიელო მდგომარეობა დაგხვდა სკოლაში…
– ხშირად ახლად დანიშნული ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციისთვის მათი დანიშვნაა ათვლის წერტილი. მე ასე არ ვფიქრობ, დამხვდა მემკვიდრეობა, კარგიც და მძიმეც, და ჩემი პასუხისმგებლობაა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.
უფრო კონკრეტული რომ ვიყო, 2010 წელს, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ დაინახა სასწავლებლის საჭიროება და კულტურულ-საგანმანათლებლო კოლეჯი სკოლად გადაკეთდა. ახალგაზრდას, რომელიც 12 კლასს ამთავრებს და ატესტატით მოდის, სამწლიანი სწავლების შემდეგ ჩვენ მხოლოდ მოწმობით ვუშვებთ. ასევე, გამარტივდა პროგრამები, შეიკვეცა საგნები… მოკლედ რომ აღვწერო, დარჩა სხეული, რომელსაც სული გამოაცალეს…
– რა მიზნები გაქვს და რამდენ ხანში დადებ შედეგს?
– ჩემი მიზანია, სასწავლებელს აღუდგეს იმიჯი, გახდეს ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, რისი საჭიროებაც დღეს დგას. ჩვენ გვჭირდებიან ახალგაზრდა ლოტბარები, ქორეოგრაფები, მოცეკვავეები და მომღერლები. ფოლკლორი საჭიროებს გაახალგაზრდავებას, ახალი თაობის ჩაბმას ხალხური ხელოვნების ველში. უკვე აქტიურად ვმუშაობთ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, რომელიც 26 მარტს დასრულდება. დარგის კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციების შედეგად, ძალიან მალე, გვექნება აქტიური, დახვეწილი პროფესიული სასწავლებელი…
30 იანვარს დავინიშნე და თანამშრომლებს პირობა მივეცი, რომ უახლოეს სამ თვეში რადიკალური ცვლილებები იქნება უკეთესობისკენ. მთავარია სიახლეების დანერგვა, სწორი მენეჯმენტი და განვითარება… რეორგანიზაციას არასასიამოვნო გადაწყვეტილებებიც ახლავს, რისი საჭიროებაც დავინახე და ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც არ იყო მარტივი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის ყოველი თეთრი ყაირათიანად, უნდა იხარჯებოდეს მიზანმიმართულად და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად. ეს არის, რა შედეგის მიღწევაც მინდა.
– კომენტარში ამოვიკითხე: დირექტორი, რომელიც ჩვენზე ფიქრობს და ცდილობს, ჩვენი ყოველდღიურობა საინტერესო გახადოს… რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
– სახელოვნებო სივრცისთვის აუცილებელია შემოქმედებითი აურის შექმნა, რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. კვირაში ორჯერ ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, მოუსმინონ ხელოვნების ცნობილ წარმომადგენლებს. 14 აპრილისთვის ვამზადებ ლიტერატურულ კომპოზიციას „ანბანთქება“, სადაც გამოყენებული იქნება ქართული ცეკვის ელემენტები და სიმღერები, შემოდგომისთვის კი ფოლკლორული სპექტაკლის დადგმას ვგეგმავ. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენი ახალგაზრდების ყოველდღიურობა საინტერესო, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი გავხადო.
– რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებსაც შენი სჯერათ?
– განვითარების გზაზე მთავარი შემაფერხებელი სიახლის შიშია, რომელიც სიყვარულსა და სიძულვილზე მეტია. მინდა, რომ ეს შიში დავძლიოთ და ჩვენში ახალი შესაძლებლობები ვეძებოთ, რაც ისეთი ნიჭის მქონე ერს, როგორიც ქართველები ვართ, უდავოდ გვაქვს….
ერთხელ ტარიელ ფუტკარაძემ ასეთი რამ მკითხა, „წილობრივ შენი რამდენი პროცენტია შენშიო“, მაშინ არ ვუპასუხე და ახლა მინდა ვთქვა, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომლებმაც სწორად დამანახეს ქვეყნის, გენის, ენის, ღირებულებების, ტრადიციების, გვარის, წარსულისა და მომავლის, რწმენისა და სიყვარულის ძალა. ჩემში, ალბათ, ყველა ზემოჩამოთვლილი გენეტიკური ინფორმაციაა, რომლის გამტარის ფუნქციასაც ახლა ვასრულებ და ყოველ ინფორმაციას, რაც ჩემს გონებაში შეგროვდება, ყოველდღიურად გავუზიარებ ჩემს შვილს. მგონია, რომ ჩვენი წილობრიობა ჩვენში მიღებული და გასაცემი სიყვარული და ინფორმაციაა.
ღმერთმა სიკეთით გააგრძელოს შენი შემოქმედებითი ცხოვრების მოგზაურობა, მეგობარო!
დეა თავბერიძე