ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღამის ცვლაში მუშაობა შესაძლოა სიმსუქნის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მიზეზად იქცეს. თურმე ღამის ცვლაში მომუშავეებს სისხლში ლეპტინის დონე უქვეითდებათ, რაც ზრდის გასუქების რისკს. გარდა ამისა, მკვეთრად ძლიერდება სტრესის ჰორმონის- კორტიზოლის გამომუშავება და შესაბამისად, იმატებს არტერიული წნევა.
გამოკვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, ღამის ცვლაში და მცოცავი გრაფიკით მუშაობა ხელს უწყობს გულ-სისხლძართვთა სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის განვითარებას, მაგრამ მუშაობის ასეთი რეჟიმის ჯანმრთელობაზე გავლენის მექანიზმი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ დღისა და ღამის არევამ შესაძლოა, ყველაზე არასასურველი შედეგი, მათ შორის, ნაადრევი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დადგინდა ისიც, რომ ღამის მორიგეობა განსაკუთრებით სახიფათოა ქალებისათვის. ქალებს, რომლებსაც თვეში სამჯერ მაინც უხდებათ ღამით მორიგეობა, 15 წლის განმავლობაში მკვეთრად ეზრდებათ სწორი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
ღამით მუშაობით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად მეცნიერები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:
= ღამის ცვლაში მომუშავეს უნდა ჰქონდეს 20 წუთიანი შესვენების უფლება, რომ ჩათვლიმოს და ძალა აღიდგინოს;
=მას უნდა მიეცეს მეტი უქმე დღე;
=მუშაობის შემდეგ სასურველია ჩაბნელებულ ოთახში ძილი;
=ღამით მუშაობისას და მეორე დღეს, დაძინებამდე, თავი უნდა ავარიდოთ საკვების, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბად მიღებას.