კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხელმწიფე აკბარი გახლათ. კეთილგანწყობისა და სამართლიანობის გამო მას კაცთა მოდგმის მფარველს უწოდებდნენ. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა და განამტკიცა ინდოეთის სახელმწიფო.
იმ დროის ტრადიციის შესაბამისად მეფე აკბარი ხშირად სეირნობდა დედაქალაქში რვა ტაიჭშებმული მდიდრული ეტლით. ჰეროლდები და მცველები მის მოახლოებას ქალაქის ყველა უბანს ხმამაღლა ამცნობდნენ. ასეთი პომპეზურობის მიუხედავად მეფემ მკაცრი ბრძანება გასცა: მისი ეტლი უნდა შეჩერებულიყო ყოველთვის, როცა რომელიმე მოქალაქე თხოვნის ან საჩივრის გამო მეფის ნახვას მოინდომებდა.
ერთხელ მეეტლემ ცხენები შეაჩერა, რადგან ერთმა ღატაკმა ხეიბარმა მისკენ ხელები გაიშვირა და მოწყალება ითხოვა. ღატაკი ხმამაღლა ადიდებდა ხელმწიფეს და გაჰყვიროდა: `მხოლოდ მეფეს შეუძლია ჩემი გაბედნიერება!~
აკბარის ყურადღება იქვე ახლოს მჯდარმა კიდევ ერთმა ღატაკმა მიიპყრო, რომელიც თითქოს პირველი ღატაკის ჯიბრზე, ყვიროდა: `მხოლოდ ღმერთს შეუძლია სიკეთე უყოს ადამიანს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გააბედნიეროს კაცი! – აკბარი მის სიტყვებზე დაფიქრდა.
სასახლეში რომ დაბრუნდა, მან უზარმაზარი პურის გამოცხობა და შიგ ოქროს ნაჭრის ჩატანება ბრძანა. მეორე დღეს მან განგებ იგივე გზით გაიარა. წინა დღის სცენა განმეორდა და აკბარმა პური იმ ღატაკს მისცა, რომელიც ხელმწიფის წყალობას ითხოვდა. მეორე ღატაკს მან არაფერი მისცა, რადგან ის მას კი არა, ღმერთს სთხოვდა მოწყალებას.
რამდენიმე ხნის შემდეგ მან კიდევ გაისეირნა ამ გზაზე. მეეტლემ ისევ გააჩერა ცხენები, რადგან ღატაკი ხეიბარი ისევ დახმარებას შესთხოვდა მეფეს. მეფე ეტლიდან გადმოვიდა და ჰკითხა:
– რატომ მთხოვ დახმარებას? გუშინ არ მოგეცი პური, რომელშიც ოქროს ზოდი იდო?
ღატაკ ხეიბარს გაუკვირდა:
– არ ვიცი, რა ოქროზე ლაპარაკობ. შენი მოცემული პური ძალიან მძიმედ მომეჩვენა და ჩავთვალე, რომ ცუდად იყო გამომცხვარი. მე ის ჩემ მეზობელ ღატაკს 10 მონეტად მივყიდე.
აკბარმა მიმოიხედა. მეორე ღატაკი არსად ჩანდა. მეფემ განკარგულება გასცა, გაეგოთ, რა ბედი ეწია მას. როცა მოახსენეს, რომ ღატაკმა პური თავის ცოლს მისცა, ცოლმა კი მასში ოქრო აღმოაჩინა, სახლი იყიდა და ოჯახის ყველა საქმე მოაგვარა, აკბარმა ღატაკ ხეიბარს ურჩია იმ დღიდან მეფისთვის კი არა, ღმერთისთვის ეთხოვა წყალობა და ცხოვრებაში მხოლოდ მისი იმედი ჰქონოდა.
თარგმნა ლევან რამიშვილმა