ვზივარ, ვაკვირდები 3 წლის ლუკას და ვხედავ, რომ მან ყოველთვის იცის, რა აკეთოს… თუ რა თქმა უნდა, მშობლები არ შევუშლით ხელს.
ის ადგება, აიღებს ხელში ფლომასტერს, მიადგება კედელს და ხატავს… ან გადმოაპირქვავებს წყლით სავსე ბოთლს და მთელ ოთახს მოწუწავს… მოკლედ, მან ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა და აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და ტოტალურია საკუთარ არჩევანში.
ის დაკავებულია! მან იცის, რა უნდა! ის ჩართულია! ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში, რათა რეალიზდეს, იყოს წარმატებული და ბედნიერი… და ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან ეს მდგომარეობა აბსოლუტურად ყველას თანდაყოლილად გვაქვს. სწორედ ამას ვეძახი მე ცხოვრების გასაღებს.
მაგრამ რა ხდება შემდეგ? სად იკარგება ეს გასაღები? არადა ხომ იყო? და რატომ, როგორ, სად, ან როდის გაქრა?
როგორც წესი, ეს მდგომარეობა სკოლისა და უმაღლესის შუაში იკარგება, როდესაც სოციალურ მატრიცაში გავდივართ და გვიწყებენ ფრთების მოჭრას. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოუდგენლად მოძრავი და მოუსვენარია, მათ კი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულებენ გაუნძრევლად ჯდომას. ასევე, როგორც უკვე ვთქვი, ბავშვებმა ყველაზე უკეთ იციან, რა უნდათ, მათ კი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ, ისწავლონ და დაიზეპირონ ის, რაც მათ არ სურთ… თანაც სწავლების ეს ფორმაც სრულიად სიყვარულ-გამოცლილად ხდება. ამ დროს ბავშვი იწყენს და იწყებს ბრძოლას… ის იყენებს ყველა ხერხს ამ გაუგებრობიდან თავის დასაძვრენად, მაგრამ… გამტვრევენ ფრთებს და გაქცევენ მორჩილ, პლასტმასის ადამიანად.
შემდეგ აბარებ უმაღლესში „პრესტიჟული“ პროფესიის შესასწავლად და… მორჩა, უეცრად ამჩნევ, რომ ცხოვრების გასაღები აღარ გაქვს. თითქოს ბრძოლა, წინააღმდეგობა დასრულდა, წესით, შენ ბედნიერი უნდა იყო… მთელი ცხოვრება ამას არ ელოდი?! მაგრამ არა… რაღაც არაა ისე… წინააღმდეგობა კი გაქრა, მაგრამ მასთან ერთად გაქრა ის ნაპერწკალიც, რომელიც მთელი ბავშვობა შენთან იყო.
საით მიმყავს? იქეთ, რომ სინამდვილეში გასაღები არ დაგიკარგავს, ნაპერწკალი ისევ არსებობს… ის არც არსად წასულა. უბრალოდ, ჩაიკარგა… დიდი ბეტონის კედლის ქვეშ მოყვა.
დაკარგული გასაღები სკოლისა და უმაღლესის პერიოდში უნდა ვეძებოთ.
• გაიხსენეთ, რა ეტაპზე დაკარგა თქვენმა ცხოვრებამ ფერები?
• როდის გაქრა ბავშვური ენერგია და ტოტალურობის განცდა?
ჩემთვის ეს იყო ინსტიტუტის წლები. ახლა რომ ვიხსენებ, ეს იყო ნამდვილი ტანჯვა და წამება… ერთი დღეც კი არ მახსენდება კარგად. უაზრო ჰაერის თქვეფა. ქვეყანამ ჩემზე დახარჯა ფული, სპეციალისტი კი ვერ მიიღო.
მართალია, მალე მივხვდი ამ ყველაფერს და სწრაფად, 180 გრადუსით შემოვაბრუნე ჩემი ნავი იმ მიმართულებით, სადაც ვიყავი სკოლის ასაკში, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს ამის გაკეთებას. რაც შეეხება სკოლას, იქ ნამდვილად გამიმართლა, რადგან მასწავლებლებმა ვერ შეძლეს ჩემთვის გასაღების წართმევა.
90% შემთხვევაში თქვენი გასაღები სწორედ მანდაა… პირველ კლასსა და უმაღლესის ბოლო კურსს შორის. დანარჩენი 10%-სთვის დაკარგული გასაღები შეიძლება იყოს სადმე სხვაგან, მაგალითად, არასწორი ქორწინება, მძიმე ტრავმა, ცუდი გარემოცვა და ა.შ.
ამის გახსენება ადვილია, საჭიროა უბრალოდ, გადაახვიო დრო მეხსიერებაში და იპოვო ის წერტილი, როდესაც „კარგი“ გახდა „ცუდი“ და გადაწყვიტო, რა მოუხერხო ამ ყველაფერს.
შემდეგ კი დიდი გამბედაობა და ლიდერობაა საჭირო. შეგიძლია, წახვიდე და ახლიდან ისწავლო, შეიცვალო სპეციალობა, განქორწინდე და ახლიდან დაიწყო ცხოვრება.
ეს რთულია, ძალიან რთული, რადგან შენ ხომ უკვე მიეჩვიე იმ ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება… მართალია, გული გერევა ყველაფერზე, მაგრამ ჩვევა უკვე ფორმირებულია და კედელივითაა აღმართული შენ წინაშე. ამ კედლის ქვეშ კი, შენი ცხოვრების გასაღებია. როგორც უკვე ვთქვი, რთულია ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ამ კედლით ცხოვრება გაცილებით რთული და მტკივნეულია.
ვინ გაიმარჯვებს… მიმდინარე გულისამრევი რეალობა, რომელიც არაფერ კარგს არ გიქადის და გიწევს ბოლომდე შეეგუო მსგავს უფერულ არსებობას, თუ შენი ოცნება, ბავშვური ტოტალურობა და თავისუფლება – ამას მხოლოდ შენ წყვეტ და არავინ სხვა.
გიორგი თვალაძე