fbpx

„ძალა აქვს წართმეული მათ სიტყვებს, ენერგია აქვს დაკარგული მათ გულს!“

ავტორი Ann
50 ნახვა

„ორი ენა ისევე ეხლება ბავშვის ფსიქიკაში ერთმანეთს,  და ისევე არყევს მას როგორც ორი გალაქტიკის შენარცხება შეარყევდა სამყაროს! ერთი ეროვნების ადამიანი სხვა ენაზე რომ იდგამს ენას, უკვე მაშინ ჯანყდება გენეტიკური კოდი! რადგან ყოველი ადამიანის გენეტიკური ფსიქო-ფიზიკური კონსტიტუცია: ცნობიერება, ხორხი, სამეტყველო აპარატი თუ სახმო სიმები სწორედ მისი მშობლიური ენისთვისაა მზად, მისთვისაა მომართული და მოწყობილი! ამიტომ ბავშვის ამეტყველება არამშობლიურ ენაზე იგივეა, რაც ბულბულს კნავილი ან ზმუილი რომ დააწყებინოთ!

 

და ეს ფსიქიკური გადახრა-დაძაბულობა, სამწუხაროდ, შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ძნელი დასადგენი ხდება, რომ გვიან ჩამოყალიბებულ ნევროზს ფესვი ენობრივ გაორებაში აქვს გადგმული! ასეთივე ფსიქიკური დაძაბულობა იქმნება, როდესაც ბავშვს შვიდ წლამდე ვაძალებთ უცხო ენის შესწავლას და თან ისევე ინტენსიურად, როგორც მშობლიურს! ის წარმოუდგენლად მძლავრი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სამყაროზე, რასაც ბავშვი იღებს ჯერ სამ წლამდე და შემდეგ სამიდან შვიდ წლამდე, მხოლოდ მშობიური ენის საფუძველზე უნდა იქნეს შეწოვილი და შეთვისებული! ეს გახლავთ აუცილებელი, ფუნდამენტური პირობა ბავშვის ფსიქო-ფიზიკური სიმტკიცისა და პიროვნული მთლიანობისთვის!

 

ამიტომ უცხო ენის შესწავლა ბავშვს უნდა დავაწყებინოთ შვიდი წლიდან და ისიც დამზოგველი ზომიერებით, ისე, რომ იგი კონკურენციას არ უწევდეს მშობლიურ ენას და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ამ უცხო ენას კარგად დაეუფლება და გამართულად ამეტყველდება, შეიძლება დავუმატოთ მეორე უცხო ენა. ეს კი, ზოგადად შესაძლებელია 12-13-14 წლის ასაკში, რადგან გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის ბრძნული სიტყვები: „ენები ერთმანეთს ხელს უშლიან. ერთი ენა მეორეს არ აცლის მოიკიდოს ფესვები ბავშვის ბუნებაში, შეუხორცდეს იმის მეხსიერებასა და გონებას“. უშანსკის სიტყვებით: ერთდროულად რამდენიმე ენაზე „გაზრდილი ბავშვები ყოფილან ან მტკნარნი ტუტუცნი, ან სრულიად მოკლებული რაიმე შემოქმედებითს ძალას. ისინი მშობლებს მოუწყვეტიათ სამშობლოს, პოეზიასა, ხასიათსა, სასულიერო საზრდოსა. ადამიანები გადაუქცევიათ სამასხრო თოჯინებად, თანახმად მოდის მოთხოვნილებისა“.

 

ხოლო თუ ბავშვი პირველდაწყებით განათლებას არამშობლიურ ენაზე იღებს, ეს ნიშნავს: ა) აზროვნებისა და შემოქმედებით პოტენციათა დამუხრუჭება-დაქვეითებას, ბ) პიროვნული მთლიანობის რღვევას, რაც ძალზე ხშირად ვლინდება ფსიქიკური პათოლოგიის სახით: ნევრასტენია, ბოდვითი იდეები, დევნის მანია, ენაბლუობა, შიში და ნებისყოფის მოდუნება, რადგან, ისევ გოგებაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „დედა ენა როდი ჰგავს ტანისამოსსა, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. მას აქვს ღრმად გამდგარი ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორგანოებში, ძვალსა და რბილში, მთელს მის ბუნებაში“. და თავად განსაჯეთ ახლა, რა დღეში გვყავს ქართველი ბავშვები, უმეტეს სკოლებში პირველი კლასიდანვე ერთდროულად რომ ითვისებენ ორ უცხო ენას! რუსულსა და რომელიმე ევროპულს და თანაც ამას ემატება გაძლიერებული მათემატიკა. მაშასადამე, მშობლიური ენა ბავშვის ფსიქიკაში ყოველმხრივ მიკუნჭულ-მიჭყლეტილია!

 

ფანტაზია, შინაგანი თავისუფლება, მორალური საყრდენები: თანალმობისა და თავგანწირვის იმპულსები, ნებისყოფა და ადამიანური ურთიერთობის ნიჭი ენობრივად გაორებულ თუ გასამებულ ბავშვებს მართლაც შესუსტებული ჰქონიათ.

 

ძალა აქვს წართმეული მათ სიტყვებს, ენერგია აქვს დაკარგული მათ გულს! ისე ძალიან უნდათ, ყვავილს მოეფერონ, მერე ეგ სურვილიც შეუსუსტდებათ, – მაგრამ ახლა ძალიან უნდათ ყვავილს მოეფერონ და გამტარი! გესმით, გამტარი არა აქვთ შესაფერისი! ენა, ენა ღალატობთ!“

 

ნაირა გელაშვილი  „დედის ოთახი“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment