ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა სულ ელის, რომ ერთხელაც ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც მათ აწყობთ და მათი მიზანი რაღაცნაირად, თავისით შესრულდება — «ცოტაც, სულ ცოტაც და…». ეს უდიდესი ილუზია აფერხებს მილიონობით ადამიანს და მოქმედების უნარს და არეალს უზღუდავს მათ.
სამწუხაროდ, სიტყვა «მიზანი» უმოწყალოდაა გაუპატიურებული საზოგადოების მიერ. ყველა გაიძახის: «ჩემი მიზანია…», «ჩვენი მიზანია…», შემდეგ კი აიგნორებენ და ივიწყებენ ამ უდიდეს ძალას.
მე ძალიან სათუთად ვეპყრობი ამ ძალას, რადგან ვიცი, რომ თუ ვიტყვი «ჩემი მიზანია…» მორჩა, მექანიზმი თავისით ირთვება. ეს სიტყვები შემდეგ ფურცელზე უნდა გადავიდეს, დამუშავდეს, დროის მარწუხებში მოექცეს, შედგეს კონკრეტული და ეტაპობრივი გეგმა და საბოლოო ჯამში — დაიდოს ფაქტი — კონკრეტული, ხელშესახები და გაზომვადი ფაქტი.
არადა, რას ვხედავთ საპირისპიროდ? ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ ყველაფერი იცის მიზნის დასახვისა და მიღწევის შესახებ, მაგრამ პრაქტიკაში, ხშირად მათი მეათასედიც კი არ იყენებს ამ ცოდნას.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემოგთავაზო:
👣 10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად 👣
1. ტოტალური პასუხისმგებლობა. ყოველთვის გახსოვდეს აბსოლუტური პასუხისმგებლობის კანონი და იყავი ანგარიშვალდებული საკუთარ თავთან. ადამიანებს ჰგონიათ, რომ პასუხისმგებლობა ცუდია და მისგან გაქცევაა საჭირო. არადა სინამდვილეში, მიზნის მიღწევა შეუძლებელია საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გარეშე.
2. ეფექტური მზერის კუთხე. მიზანს, რომლის მიღწევაც გინდა, შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა არც ჰქონდეს, მაგრამ მისი მიღწევა-არ მიღწევა ნამდვილად აისახება შენს წარმატებასა და ბედნიერებაზე. ამიტომ, როდესაც ფიქრობ მიზანსა და მის განხორციელებაზე, მიუდექი მას ისე, თითქოს მთელი შენი ცხოვრება და შენი სიცოცხლე — ამ მიზნის მიღწევაზეა დამოკიდებული.
3. იყავი მოქნილი. თუ ვერ აკონტროლებ გარემოებებს, გარემოებებს მაინც ნუ მისცემ უფლებას, გაკონტროლონ შენ. როგორც არ უნდა შეიცვალოს შენს საზიანოდ გარემოებები, ადექი და მაინც იმოქმედე. შეცვალე ტაქტიკა, მაგრამ არ შეცვალო მიზანი.
4. მდუღარე მოთხოვნილება. მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი შენ მისი მიღწევა იმაზე მეტად გინდა, ვიდრე — არ გინდა. როდესაც შთაგონების ძალა გადააჭარბებს შიშისა და წინააღმდეგობის ძალას, სასწაულები მხოლოდ მაშინ იწყება. თუ რაღაც დონეზე, შენთვის სულერთია, მიზანს მიაღწევ თუ არა, ე.ი. თავად უშლი ხელს მის განხორციელებას და კარგს არაფერს ელოდო.
5. იყავი მდგრადი. ნუ დაექვემდებარები გრავიტაციას. ყველა დიდ მიზანს საპირწონედ ახლავს დიდი გამოწვევა, რასაც დიდი გრავიტაცია გააჩნია და თავისკენ გექაჩება. არ მისცე მიზიდულობის ძალას უფლება, ხელი შეგიშალოს შენი მიზნისკენ მოძრაობაში.
6. აქციე წინააღმდეგობა შენს მოკავშირედ. ნებისმიერი სირთულე შეგიძლია გამოიყენო ერთგვარ პლაცდარმად. მაგალითად, ჯიმ ქერი ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა და ნათესავებთან ერთად კარავში ცხოვრობდა. ერთხელ, როცა ყველაფერი ყელში ამოუვიდა [ბიფურკაციის წერტილი], საკუთარი ტოიოტათი ჰოლივუდის ცნობილ წარწერასთან გაჩერდა, ამოიღო ჯიბიდან საფულე და ქაღალდზე კალმით «გამოიწერა ჩეკი» 10 მილიონ დოლარზე და დანიშნულებაში ჩაწერა: «სამსახიობო მოღვაწეობისთვის». მომდევნო 5 წლის განმავლობაში მან, მიიღო რამდენიმე მილიონიანი შემოსავალი, სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობით, ხოლო 10 წლის შემდეგ, შემოსავალი ერთ ფილმზე შეადგენდა საშუალოდ — 20 მილიონ დოლარს. ამიტომ შეწყვიტე მიზეზების ძებნა, თუ რატომ ვერ მიაღწევ მიზანს და დაინახე, რომ ვალდებულიც კი ხარ, უკეთესი და უფრო ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდე.
7. მოითხოვე და მიიღე უკუკავშირი. იპოვე ადამიანი, რომელიც თავადაც შეუპოვრად და წარმატებით მიდის დასახული მიზნებისკენ და სთხოვე, გაგიკეთოს უკუკავშირი. პრაქტიკოსისგან სწავლებას და მის უკუკავშირს შენს მოქმედებებზე სულ სხვა გემო და შედეგი აქვს.
8. მესაკუთრე ხარ თუ დამქირავებელი? ადამიანი, როგორც წესი, იმ ნივთებს უფრო აფასებს, რაც საკუთრებაში აქვს, ვიდრე იმას, რაც იქირავა. ეს ეხება არამარტო ნივთებს, არამედ — ურთიერთობებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს და მიზნებსაც. თუ რაიმე აირჩიე მიზნად, მაშინ ბოლომდე დაიხარჯე მისთვის, მოაქციე ის შენს მფლობელობაში, რომ მეტი «თვითშეწირვა» გქონდეს ამ საქმის მიმართ.
9. მზად იყავი ჭუჭყში გასასვრელად. ნებისმიერი ძვირფასი რამ — თუნდაც ოქრო და ბრილიანტი, სწორედ მტვერსა და ჭუჭყში გასვრის შედეგად მოიპოვება.
10. იმოქმედე ისე, თითქოს უკვე ბოლომდე მზად ხარ. არ არსებობს ბოლომდე მზად ყოფნა. ნუ დაელოდები სწავლის დასრულებას, კარგ ამინდს, ახალ მთავრობას, ცოტათი მეტ ფულს… იცოდე, რომ მთავარია, შეგეძლოს ეფექტური თვითმენეჯმენტი და სოფელიც აშენდება.
და იყოს შენთან ძალა
P.S. თუ მოგეწონა, გააზიარე შენს გვერდზე, რათა სწრაფად შეძლო მასთან წვდომის დამყარება, როცა დაგჭირდება…
გიორგი თვალაძე