„შეუძლებელია გადავწყვიტოთ პრობლემა აზროვნების იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა“ /ალბერტ აინშტაინი/
ადრე თუ გვიან, ალბათ ადამიანთა უმრავლესობა მიდის იმ ეტეპამდე, როცა საკუთარ თავს უსვამს კითხვებს:
„ვინ ვარ?“
„რატომ გავჩნდი?“
„საით მივდივარ?“
„რა არის ჩემი დანიშნულება?
ამ კითხვებზე პასუხის ძიება თავისთავად აჩენს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების განვითარებისადმი ინტერესს. ეს კი მოითხოვს ჩვენს ცხოვრებაში სიახლეების შემოტანის, ახალი ჩვევების დანერგვის, ახალი უნარების განვითარების აუცილებლობას. მაგრამ საკმარისია დავადგეთ ამ, არც თუ ისე ადვილ გზას, რომ ტვინი მაშინვე დაიწყებს უცნაური ოინების მოწყობას.
საქმე იმაშია, რომ ტვინის ფუნქცია არის ჩვენი უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფა, ამიტომ ნებისმიერ სიახლეს ის აღიქვამს, როგორც საფრთხეს და შესაბამისად ცდილობს აგვარიდოს მას. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხევაში ჩვენ გვიჭირს საერთოდ დავიწყოთ მუშაობა საკუთარ თავზე ან ვიწყებთ, მაგრამ მალევე ვნებდებით.
ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტი, მსგავს სიტუაციაში ახალი ჩვევების და უნარების დასანერგად და განსავითარებლად, რომელსაც პიროვნული განვითარების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი სტივ პავლინა გვირჩევს, არის 30 დღიანი ექპერიმენტი.
დავუშვათ ჩვენ გვინდა გამოვიმუშავოთ ყოველ დილით ადრე ადგომის და ვარჯიშის ჩვევა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ძნელია დაწყება და შემდეგ პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში შესაბამისი დისციპლინის დაცვა. როგორც კი ჩვენ დავძლევთ ინერციის ძალას, შემდგომში გაგრძელება უკვე ადვილია.
როცა რაიმე სიახლის შემოტანას ვაპირებთ ჩვენს ცხოვრებაში, თავიდან ძალიან გვძაბავს იმის გაფიქრება, რომ მუდმივად მოგვიწევს ამის კეთება. ეს გევჩვენება ძალიან რთულად. მით უმეტეს, თუ ჩვენი ძველი ჩვევები გვექაჩებიან საპირისპირო მიმართულებით. ამიტომ რაც უფრო მეტს ვფიქრობთ რაიმე ცვლილებაზე, როგორც მომავალში მუდმივად დასანერგზე ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო რთულად გვეჩვენება ამოცანა და გვეკარგება სურვილი მასზე მუშაობის დაწყებისა.
მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენს თავს შევთავაზებთ მხოლოდ დროებით ცვლილებებს -მაგალითად 30 დღიან ექპსერიმენტს, რომლის შემდეგაც გვექნება საშუალება დავუბრუნდეთ ისევ ძველ მდგომარეობას?
მაგალითად ყოველ დილით ადრე ადგომა და ვარჯიში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში. საკუთარ თავს ვთავაზობ ჩაატაროს 30 დღიანი ექპერიმენტი და თუ არ მოეწონება დაუბრუნდეს ძველ მდგომარეობას.
როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამის გაკეთებას?
დიახ, ამას სჭირდება გარკვეული დისციპლინა და პასუხისმგებლობის აღება, მააგრამ ეს არ ჩანს ისეთი რთული, როგორ იმ შემთხევავში, თუ თავიდანვე ვიფიქრებთ, რომ მთელი ცხოვრება მოგვიწევს ამის გაკეთება. ქვეცნობიერს ვეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დროებითი დისკომფორტი იქნება, რომლის შემდეგაც დავუბრუნდებით ცხობრების ჩვეულ რიტმს.
ასეთ დროს, შედარებით ადვილად გამოვდივართ კომფორტის ზონიდან, რადგან ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს მხლოდ დროებითია.
მსგავსი მიდგომა, ოღონდ დროის სხვა მაშტაბებით, მე დამეხმარა დილით ადრე ადგომის ჩვევის გამომუშავებაში. როცა დილით იღვიძებ მაღვიძარას ხმაზე, პირველი რაც თავში მოგდის არის „აუუ უკვე დროა? მოდი რა კიდევ 5 წუთი და მერე ადექი“ და როგორც წესი ეს 5 წუთი გრძელდება საათები. ამიტომ, ასეთ დროს, მე დავიწყე საკუთარი ქვეცნობიერის მოტყუება: „იცი რა, მოდი ახლა უბრალოდ ავდგები 5 წუთით და მორჩა, მერე გავაგრძელოთ ძილი. მხოლოდ 5 წუთი იმიტომ რომ გუშინ ასეთი პირობა დავდე, მაგრამ ხომ არ მითქვამს რომ მერე არ დავწვები თქო? ხოდა უბრალოდ ავდგები გარეთ გავალ 5 წუთით და მერე ისევ დავწვები“.
ამან ძალიან კარგად იმუშავა თავის დროზე, იმიტომ რომ როცა 5 წუთით სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ, უკვე ფხიზლდები და შემდეგ ცნობიერს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი თავი. (თუმცა ადრე ადგომის ჩვევის გამოსამუშავებლად მე სულ ახლახანს ახალი მეთოდის გამოყენება დავიწყე, როგორც კი ბოლომდე დავტესტავ, აუცილებლად გაგიზიარებთ)
და რა მოხდება, როცა 30 დღიანი ვადა ამოიწურება? ჯერ ერთი, ჩვენ წავიწევთ საკმაოდ წინ ახალი ჩვევის ათვისების საქმეში და იმავე დროს შევამცირებთ ძველი ჩვევის ზეგავლენას. ასევე, ჩვენ უკვე გვექნება 30 დღიანი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებისგან მიღებული გამარჯვების შეგრძნების გამოცდილება, რომელიც აგვიმაღლებს საკუთარი ძალების რწმენას და იქნება დამატებითი მოტივაცია შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის. და ბოლოს, ამ ექსპერიმენტის შედეგად უფრო მკაფიოდ დავინახავთ რეალურად რა შედეგები შეიძლება მივიღოთ თუ გავაგრძელებთ ახალი ჩვევის კიდევ უფრო მეტად დანერგავს ჩვენს ცხოვრებაში.
ამიტომ, 30 დღიანი ექსპერიმენტის გავლის შემდეგ გაცილებით მეტია შესაძლებლობა იმისა რომ ჩვენ შევძლებთ ახალი ჩვევის ცხოვრებაში დანერგვას. და თუნდაც 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ არ იქნება კიდევ საკმარისი შინაგანი ძალები ამ ახალი ქმედების ჩვევად ჩამოყალიბებითვის, შეგვიძლია გავაგრძელოთ ექსპერიმენტი 60 დღემდე, 90 დღემდე და ასე თანდათანობით. რაც უფრო გრძელვადიანი იქნება ექსპერიმენტი, მით უფრო ადვილად შევძლებთ ახალი ჩვევის მყარად ჩამოყალიბებას.
კიდევ ერთი პლიუსი ამ მიდგომისა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ღირს კი საერთოდ ახალი ჩვევა იმად, რომ ის სამუდამოდ დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში.
ეს როგორი რამეა იცით, აი გამყდველი რომ გთავაზობთ, მოირგოთ ვთქვათ პიჯაკი, სანამ იყიდით. შეიძლება ის ჩაცმამდე მიმზიდველად გეჩვენებოდეთ, მაგრამ მას შემდეგ რაც მოირგებთ, მიხვდეთ რომ სათქვენო არ არის. ასეთ შემთხევავში უბრალოდ დააბრუნებთ და მორჩა. ამაში ტრაგიკული არაფერია.
მოვიყვან ორ მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან:
1. ფრჩხილების კნვნეტა. როცა ამ ჩვევიგსან განთავისუფლება გადავწყვიტე, მე წარმოდგენა არ მქონდა სტივ პავლინაზე და მის მეთოდზე. უბრალოდ საკუთარ თავს ვუთხარი „მოდი ვსინჯოთ ერთი კვირა შემდეგი რამ: ყოველ ჯერზე, როგორც საკუთარ თავს დავიჭერ ფრჩხილების კვნეტაზე — მაშინვე შევწყვიტოთ“.
საქმე იმაშია, რომ განსაკუთრებით ძნელია ამ ჩვევასთან გამკლავება, იმიტომ რომ, თუ ვთქვათ, სიგარეტი გინდება და სანამ აიღებ, მოუკიდებ, შეიძლება გაიხსენო რომ გადაწყვიტე თავი დაგენებებინა, აქ ყველაფერი ინსტიქტურად ხდება — ჰოპ და აღმოაჩენ რომ ნახევარი თითი შეჭმული გაქვს. მაგრამ საქმე იმაშია რომ, როცა ამას გააცნობიერებ მაინც ძალიან ძნელია ბოლომდე არ „დააგემოვნო“ ეგ თითი. შენ ამბონ, „კარგი ამას მივიყვან ბოლომდე და მერე მორჩა“. მაგრამ გავა ცოტა ხანი და ისევ იმავე სიტუაციაში ხარ.
ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი: „მოდი ერთი კვირა ასე გავაკეთოთ: როგორც კი გააცნობიერებ რომ ფრჩხილებს ხარ ჩაფრენილი ეგერევე წყვიტავ“ და ასეც მოვიქეცი.
როგორც კი მსგავსი სიტუაცია ხდებოდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი: „ერთი კვირა, ნუთუ ერთი კვირის გადატანა არ შეგიძლია? ხალხმა ლენინგრადის ბლოკადას გაუძლო ომის დროს და შენ რა კაცი ხარ, რას გინდა აბა მიაღწიო ცხოვრებაში, თუ ერთი კვირა ამას ვერ გაუძლებ?“
ხოლო მას შემდეგ, რაც გავიდა ერთი კვირა, ისეთი ბედნიერი ვიყავი და ისეთი მოტივირებული, რომ გავაგრძელე კიდევ ერთი კვირა. შემდეგ ერთი თვე და სიმართლე გითხრათ ახლა არც კი მახსოვს რამდენ ხანი დამჭირდა საბოლოო ჯამში, რომ ეს ჩვევა მომეშორებინა.
2. ტელევიზორზე უარის თქმა. როცა გავაცნობიერე რომ ტელევიზორი და განსაკუთრებით საინფორმაციო გადაცემები იყო საშინელი, მომაკვდინებელი შხამი, რომელზეც ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ და გადავწყვიტე მისთვის თავის დანებება, ძალიან გამიჭირდა. თავიდან ვითომ იმით დავიწყე, რომ მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებს არ ვუყურებდი. მაგრამ ვხედავდი რომ ფილმები და თუნდაც საბავშვო მულტფილმებიც კი (ეს საერთოდ ცალკე თემაა) არანაკლებ ნეგატიური ენერგიის მატარებელი იყო ვხედავდი რომ თავს ვიტყუებდი. ამიტომ გადავწყვიტე გამომეყენებინა ერთთვიანი ექსპერიმენტი.
„ერთი თვე ტელევიზორის გარეშე“ — გამოვუცხადე საკუთარ თავს. გადავინაცვლე მთლიანად იმ ოთახში, სადაც ტელევიზორი არ იყო. თავისუფალ დროს, როცა სახლში ვიყავი, მე ვატარებდი ამ ოთახში, ვკითხულობდი, ვწერდი, ვფიქრობდი. ერთადერთი ხანდახან ინტერნეტით ვუყურებდი რაიმე იუმორისტულ გადაცემას და კომედიას.
ერთი თვის შემდეგ ისე მივეჩვიე უტელევიზორობას, რომ შემდეგ, მთელი ორი წელი, საერთოდ არ გამიხედია მისკენ. თუმცა მოგვიანებით მე მოვხსენი ასეთი მკაცრი აკრძალვა და ახლა თუ სადმე ვარ, და ტელევიზორი ჩართულია, შემიძლია ვუყურო. თანაც დიდი სიამოვნებით, თუ გადის რაიმე შემეცნებითი დოკუმეტური ან/და იუმორისტული გადაცემა.
მოკლედ, როგორც დენ მილმანი ამბობს, ყველაზე ნაღდი საშუალება იმის გასაგებად, თუ საით მივყავართ გზას, არის ამ გზის გავლა. აიღეთ რაიმე ჩვევა, რისი დანერგვაც კარგა ხანია გინდათ თქვენს ცხოვრებაში და სცადეთ დღეიდანვე 30 დღიანი ექსპერიმენტი.
გახსოვდეთ, ჯობია გააკეთო და ერთხელ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და მერე მთელი ცხოვრება ინანო.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
https://mebonia.com/savarjishoebi-teqnikebi/30