fbpx

40 კინტო, არღანი, ფაეტონი და საოცარი ქორწილი – ხაჩიკა ძიას მოგონებები

ავტორი ჟოლო
197 ნახვა

ინტერვიუ „პრაიმტაიმის“ არქივიდან

რითაც შეუძლია ეხმარება ხანდაზმულებს... მათზე ზრუნვა დღეს მისი ცხოვრებაა. 1997 წლიდან ასოციაციასავანესუდგას სათავეში. წლების წინ კი იყო უნიკალური ტელერეპორტაჟები, საოცარი გადაღებებით წყალქვეშ თუ ცაშიხაჩატურ ვართანიანცმა ტელევიზიაში რამდენიმე ათეული წელი დაჰყო, ბევრჯერ ყოფილა ექსტრემალურ სიტუაციაში. რეპორტაჟის გამო ბევრჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში. მარტო ფილმპარაშუტისტებზემუშაობისას უამრავჯერ მოუხდა თვითმფრინავიდან გადმოხტომა, საბოლოოდ კი, დარჩა საოცარი კადრები

იყო ბევრი საინტერესო მასალა გამოჩენილ ადამიანებზე. ასევე უამრავი პრემია და ჯილდო, რომელზეც დღეს სიამაყით ყვებარეზო თაბუკაშვილის ინიციატივით ვენეციელებმა ოქროს სამაგიდო მედლით დააჯილდოვესამჯერად კი უმეტეს დროს უხუცესებზე ზრუნვასა და დახმარებას უთმობს

ხაჩატურ ვართანიანცი: „მინდა ჯანმრთელობა და სიტკბოება ვუსურვო ჩემს ხანდაზმულებს. ეს ახალი წელი იყოს სიკეთით და სიყვარულით სავსე. რადგან ამ დუხჭირ ცხოვრებაში ბევრი რამ აკლიათ. ყველაზე მთავარი მაინც ყურადღებაა. მოდი, ვიყოთ ტკბილად, მოვეფეროთ ერთმანეთს, ცხოვრება ხომ ზღაპარია. არაფერი მეტი. ამიტომ ვაკეთოთ კეთილი საქმეები. თუ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და ამ უხუცესებს საახალწლოდ ტკბილეულით მაინც დაეხმარება, ეს დიდ სიხარულს მიანიჭებს თითოეულს“.

ბატონი ხაჩატური უამრავ საინტერესო ამბავს იხსენებს. მათ შორის იმ ქორწილსაც,  რომელიც მოხუც წყვილს თავად გადაუხადა და რომელმაც, რამდენიმე ათეული წლის წინათ, უცხოელები ძალიან განაცვიფრა… 

ხაჩატურ ვართანიანცი: ამგვარი ქორწილი არავის გადაუხდია. ვერც ძველ ფილმებში ნახავთ. სიენენმა ამგვარად გადასცა – მაშინ, როდესაც საქართველოში, შიმშილი, სიცივე და უშუქობაა, უნიკალურ ქორწილს იხდიანო. ფაიტონით, ქართული სიმღერებით, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სტუმრებით, 40 კინტოთი, არღანით, საოცრება იყო. თავად ილია მეორემ აკურთხა. მერე ამის შესახებ ერთ-ერთმა იაპონელმა შეიტყო და თბილისში ჩამოვიდა. უნდა გავიცნო ვინ არის ის კაცი, რომელმაც ამგვარი ქორწილი მოაწყოო. გავიცანი, როდესაც ყველაფერი მოვუყევი, კონვერტი მომცა. გაოცებისაგან ლამის ცუდად გავხდი, კონვერტში 2 500 დოლარი იდო. გამიკვირდა, რომ ამ უცხო კაცმა ასე დააფასა ეს ყველაფერი. ჯერ ფული მომცა, მერე კი მუხლებზე დადგა და მადლობა ასე გადამიხადა. ხომ არ გაგიჟდა მეთქი, – ვკითხე თარჯიმანს. ამ სახით მადლობას გიხდით, მოხუცებს რომ ასე ეცით პატივიო…  ამის შემდეგ იაპონიიდან „ეჩკერიას“ტელევიზიის თავმჯდომარე ჩამოვიდა. ამ ფულით სილამაზის კონკურსი მოვაწყვეთ. იაპონიის ტელევიზიამ კი სამი ფილმი გადაიღო…

ვინ იყო ის მოხუცი კაცი, რომელსაც ასეთი ქორწილი გადაუხადეთ?

– ერთი მათხოვარი კაცი იყო, თავისუფლების მოედანზე გადასასვლელში იჯდა. სანამ ძალიან გაუჭირდებოდა, კასპის რაიონში ერთ-ერთი მეურნეობის დირექტორი იყო. მერე კი ბედმა მათხოვრად აქცია. ცოლი დიასახლისი ჰყავდა. მივედი მათთან სახლში. დადიანზე ცხოვრობდნენ. წამლები მივუტანე, გაიხარეს, იქვე კედელზე ახალგაზრდა ბიჭის სურათი იყო. ვინ არის-მეთქი ვიკითხე. დაღუპული შვილი აღმოჩნდა. თურმე შეპირებია ოქროს ქორწილს გადაგიხდითო. შენ და მამას ქალაქი ფაიტონით უნდა მოგატაროთო. შეიძლება მე გადაგიხადოთ-მეთქი? ჩათვალეთ, რომ თქვენი შვილი ვარ. ვკითხე… გადავუხადე კიდეც, ზუსტად ისეთი, როგორსაც შვილი შეპირდა. ფაეტონით…

ამერიკაში მიწვევაც მქონდა, მაგრამ ვერ წავედი“

ერთხელ ამერიკიდან მომივიდა მოწვევა. მაშინ დოსააფში პრესსამსახურის უფროსი ვიყავი. მივიღე კომენტატორის წოდებაც. მოსკოვიდან დამირეკეს – შენი რეკომენდაცია გადავაგზავნეთ და ამერიკაში უნდა გაემგზავროო. სიდნეიში ერთ-ერთ პირველ ავტოდრომზე კასკადიორად უნდა მემუშავა. ვიქნებოდი ასე 30 წლის. ბევრი ფიქრის შემდეგ უარი ვთქვი. ბავშვი ახალი შეძენილი გვყავდა, ცოლი ქირით იყო, ვერ დავტოვებდი ასე, უფლება არ მქონდა ამის. ამიტომ უარი ვთქვი, ვინც ჩემს ნაცვლად წავიდა 5 წლის მერე, მილიონერი ჩამოვიდა.

გული არ დაგწყდათ?

– უარი რომ ვთქვი, მაშინაც დამწყდა, მაგრამ რა მექნა.

       „მე და ბუბა ბავშვობის მეგობრები ვიყავით“

ერთმანეთს მტკვარზე ვხვდებოდით ხოლმე, ბიჭურად. ბუბას კლიჩკა ჰქონდა „ტუდა-სუდა“. ცურვა უყვარდა ძალიან და ამიტომ დაარქვეს. მე „ჩორნას“ მეძახდნენ. ველომრბოლელი გახლდით და სულ შავი ვიყავი.

ერთხელაც ქობულეთში ვისვენებდი და ბუბას ვუთხარი, მოდი ჩვენი ბავშვობა მოვიგონოთ-მეთქი, ჩავრთე დიქტოფონი და მოვიგონეთ.

ფურცელაძეზე ვცხოვრობდი, იქვე დახურული ბაზარი იყო. ერთხელაც ვხედავ, სათნო სახის ქალბატონი მოდის, მძიმე ჩანთებით ხელში. როგორც მერე შევიტყვე ბაგრატიონის ქალი იყო. მივედი, სად ცხოვრობთ-მეთქი, დახმარება შევთავაზე. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. ერთხელაც მითხრა, შენ ისეთი გულიანი ხარ, გემრიელი კომფოტი უნდა დაგალევინოო, იმ კომპოტის გემო ახლაც მახსოვს, უგემრიელესი იყო. ვსვამ ამ კომპოტს და გავიხედე ბუბა შემოდის. ეე, აქ რა გინდაო. მე კი არა შენ რა გინდა-მეთქი. რაღა რა მინდა, ჩემი სახლიაო. თურმე ეს სათნო სახის ქალი დედამისი ყოფილა. იმის მერე ვმეგობრობდით. ჩემი პარაშუტისტობაც ბუბას „ბრალია“. მუშთაიდის პარკში მოყვარულ პარაშუტისტთა კლუბი იყო. მივედი, ბუბაც იქ იყო. მომარგეს პარაშუტი, მაგრამ ვერ გავრისკე, მეშინია, ვერ ვხტები, ამ დროს კი ბუბამ ხელი მკრა, რა გაშინებსო. მას შემდეგ დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით.

   ჯილდო და რეზო თაბუკაშვილი

ერთხელ მირეკავენ იტალიიდან. დაჯილდოებული ხარ და ვენეციაში უნდა ჩამობრძანდეთ პრიზის მისაღებადო, მაგრამ ვერ ვიშოვე 600 დოლარი და ვერ ჩავედი. მერე კი ეს პრიზი ოფიციალურად გადმომცა ბატონმა რეზომ.

ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა ჩემთვის რა ჯილდოც კი მიმიღია. ძალიან ვუყვარდი რეზო თაბუკაშვილს, მეც ძალიან მიყვარდა. იცით, როგორი კაცი იყო? სასწაული. ასეთი გულიანი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. თავისი საქმე და თავისი ერი, რომ უყვარდა ამას ჩემი საუბარი არ უნდა. უკეთილშობილესი იყო და ძალიან დიდ პატივს სცემდა ადამიანურ ურთიერთობებს, უყვარდა ხალხი, რომლებიც თავიანთი საქმისთვის თავს არ ზოგავდნენ.

როგორ შეძელი ის, რაც მოსფილმმა ვერ გააკეთა“

სევასტოპოლში წყლის ქვეშ გავაკეთე რეპორტაჟი. მანამდე კი სევასტოპოლში ჩასული ბარებსა და რესტორნებში ქართველებს ვეძებდი. ოთხი მოვნახე. აუ, რა ბედნიერი ვიყავი. მეორე დღეს კი უფროს გენერალთან მივედი. ვუთხარი, წყალქვეშ გადაღება მინდა-მეთქი. არადა აპარატურა არ მაქვს. კაცო, „დარაგოი“, მოსფილმმა 6 თვეა საშვი ვერ დაუშვა და შენ გინდა, რომ ახლა წახვიდე და გადაიღოო?- მითხრა ღიმილით. მაგრამ მე ძალიან ჯიუტი კაცი ვარ, რადგან ვთქვი, უნდა გამეკეთებინა. მეოთხე დღესვე მივიღე საშვი. ისეთ ადამიანთან დავრეკე, რომ ხელმეორედ მისულს მოწიწებით დამიკრეს თავი. შენ ყოფილხარ ვინც ყოფილხარ, როგორ შეძელი ის, რაც მოსფილმმა ვერ გააკეთაო… მერე აპარატურაც ვიშოვე და ბრწყინვალე კადრებიც გადავიღე…

    როგორ გადაურჩა დაპატიმრებას

ფინეთში ფიდელ კასტროს კოსტიუმი მაჩუქეს. მე კი საჩუქრად სვანური და კახური ქუდები ჩავიტანე. ერთ ღამესაც მაღვიძებენ. ადექი, აეროპორტში უნდა წავიდეთ, მოამბისთვის ფიდელ კასტრო გადაიღოო. მეც, ამ დღესთან დაკავშირებით ჩავიცვი ეს კოსტიუმი და ნამდვილ კუბელს დავემსგავსე. როცა ფიდელი ტრაპზე ადიოდა დამინახა და თანამშრომელს უთხრა „ო-ლა-ლა“, – ამოვიდესო. თანაშემწეც მომიახლოვდა და მეუბნება -„ო-ლა-ლა“, გაოცებული შევყურებ ჩემგან რა უნდათ -მეთქი. ინაურმა თარჯიმანს ჰკითხა, რატომ მობრუნდაო. – ჩვენი კაცი რჩებაო. იმათაც კუბელი ვეგონე თურმე. რა კუბა, ავლაბრელი ხაჩატურა ვარ-მეთქი, ვუთხარი კასტროს. უთარგმნეს და ბევრი იცინა, მაგრამ ეს ისტორია, ლამის ძვირად დამიჯდა. ჯუმბერ პატიაშვილი რომ არ ყოფილიყო, ამ ისტორიის გამო ინაური დაჭერას მიპირებდა, – ქვეყნიდან გაქცევა გინდოდაო.

 ახლა კი 76 წლის ხაჩატურ ვართანიანცი, ხანდაზმულთა უფლებებისთვის დაუღალავდ იბრძვის. თვეობით მოუხდა სასამართლოში სირბილი, რომ ერთ-ერთი ხანდაზმულისთვის მეზობლის მიერ წართმეული სახლი დაებრუნებია. შეძლებისდაგვარად მათ თანხითაც ეხმარება. დღესასწაულებზე მოხუცებს კონსერვატორიასა და სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში იწვევს. შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ მათ ცხოვრება გაულამაზოს. სწორედ საქართველოს საუკუნის ადამიანთა ორგანიზაციის დამსახურებაა, რომ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა დღედ გამოცხადდა.

 ხაჩატურ ვართანიანცი: „ჩემი ოცნებაა, საქართველოში მიუსაფართა სახლი ავაშენო, თბილი, და ოჯახური გარემოთი.  ყველანაირი პირობებით, სადაც მოხუცები მართლა გაიხარებენ. სადაც მათ არ ექნებათ იმის ფიქრი, რომ უპატრონონი არიან… მაგრამ დღეს ამ სახლზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ოფისიც კი არ გვაქვს. ჩემთან ეზოში ერთი მიტოვებული შენობაა. ეკონომიკის სამინისტრომ 2 წელი მარბებინა, საბუთებზე 200 ლარი დამახარჯინეს და ბოლოს უარით გამომისტუმრა. თუმცა, როგორც გითხარით, მე ჯიუტი კაცი ვარ და ჩემსას მაინც გავაკეთებ… მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებს, ამ ოცნებით არ ვაპირებ სიკვდილს“.

„მე ხელაწევით ვამბობ, იგი საქართველოსთვის საჭირო კაცია“…

რეზო მიშველაძე, მწერალი: „ბატონი ხაჩატური, როგორც ჩვენ მოფერებით ვეძახით, ჩვენი ხაჩიკა, ქართული საზოგადოებისთვის უაღრესად ცნობილი პიროვნება და ჭეშმარიტი თბილისელი გახლავთ. მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ის ქართულ საქმეს აკეთებს. ამიტომ თამამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღირსეული სომეხია და ასევე ღირსეული ქართველი.

ბატონი ხაჩატური წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, იყო ძალიან აქტიური, ობიექტური, უანგარო და პატიოსანი ჟურნალისტი. ასევე ერთ-ერთი პიონერი ქართული ფოტოხელოვნებისა. მის ზურგს უკან ნამუსიანად განვლილი გზაა. იგი არაერთი საინტერესო საზოგადოების დამაარსებელი და პრეზიდენტი გახლავთ. ამ ბოლო დროს კი ქვეყნისთვის საჭირო საზოგადოებას ხელმძღვანელობს, ხანდაზმულთა კავშირს. ასე რომ დადის ჩვენი ხაჩატური, უჭირავს ხელში გრძელი სია ხანდაზმული და რატომღაც ჩვენი ხელისუფლების მიერ უსამართლოდ მივიწყებული ადამიანებისა და ცდილობს გაულამაზოს მათ ცხოვრება, ხან რომელიმე მათგანის იუბილეს მოაწყობს, ხან შემოქმედებით საღამოს…

მე არაერთგზის მივუწვევივარ მას ამ საღამოებზე და უაღერესად ნასიამოვნები დავრჩენილვარ იმ სიყვარულიანი და თბილი დამოკიდებულებით რასაც ხაჩატური მათ მიმართ იჩენს. მე ხელაწევით ვამბობ, იგი საქართველოსთვის საჭირო კაცია. ჩვენ, მისმა მეგობრებმა და ქართულმა ინტელიგენციამ მას ორჯერ გადავუხადეთ იუბილე, თავისი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის კი ღირსეულად მივაკუთვნეთ მწერალთა კავშირის უაღრესად პრესტიჟული აკაკი წერეთლის პრემია და მიხარია, რომ ამ პრემიას მე ვაწერ ხელს“.

ავტორი: დეა თავბერიძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment