fbpx

„ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია“ – 26 წლის მენეჯერის წარმატების ისტორია

ავტორი ჟოლო
216 ნახვა

 „წარმატებისთვის შრომა და მონდომებაა საჭირო, არ უნდა დანებდე“ – ამბობს „ორიგინალი ჯგუფის“ 26 წლის მენეჯერი ნიკოლოზ ანთია. ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც წარმატებულად აკეთებს თავის საქმეს და ბევრს უქარწყლებს ფიქრს იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი ყოფა არაფრის კეთების შანსს არ იძლევა…  ნიკოლოზი წარმატებულ საქმესთან ერთად ლამაზ ოჯახსაც უძღვება და მეუღლესთან ერთად ორი წლის ალექსანდრეს ზრდის. 

ნიკოლოზ ანთია: ყველა თანამშრომელს ერთსა და იმავეს ვეუბნები, – არ მოდუნდე, არ არის ერთ ადგილზე გაჩერება საჭირო, ყოველთვის მოძრაობაში რომ იქნები და მიზანი გექნება, უფრო მაღალ საფეხურზე ახვალ. თავდაჯერებული უნდა იყო და აუცილებლად უნდა იფიქრო – იმას თუ შეუძლია მეც შემიძლია. ბოლოსდაბოლოს ადამიანმა მთვარეზე დადგა ფეხი, იქამდე მივაღწიეთ და ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ ის, რომ ელემენტარულად ჩვენს საქმეში წარმატებულები ვიყოთ?

-თქვენ რამდენ წელში შეძელით წარმატებისთვის მიგეღწიათ და როგორი იყო თქვენი გზა?

– ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ჯერ 5%-იც არ მაქვს გაკეთებული იმისა რაც მინდა, რომ გავაკეთო და დარწმუნებული ვარ გავაკეთებ… საკმაოდ მიზანდასახული და ამბიციური ვარ, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტს მივაღწიო, მაქსიმალურად დავიხარჯო საქმეში და მაქსიმალური შედეგიც დავდო.

პირველივე კურსიდანვე დავიწყე Mgroup-ში მუშაობა, ბარმენად. ორ ადგილზე ვმუშაობდი, ფრანგულ და იტალიურ რესტორნებში.

როგორც კი ბარმენი გავხდი და ვნახე რომ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობა იყო, ჩემ თავს ვუთხარი – უნდა გახდე მენეჯერი. ნახევარ წელში საკუთარ თავთან დადებული პირობა შევასრულე. მერე, წლების განმავლობაში, ვიმუშავე არა მარტო რესტორნებსა და კვებით ობიექტებში, სასტუმროებშიც და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება (მენეჯმენტი) მაქვს დამთავრებული, თეორიული ცოდნა უნივერსიტეტმა მომცა, პრაქტიკული მუშაობის პროცესში მივიღე.

ბოლოს რესტორან „ბეღელში“ ვიყავი თამარაშვილზე. ძალიან ვაფასებ იქაურ სიტუაციას, თუმცა, გადავწყვიტე რაღაც სიახლე შემეტანა ჩემს ცხოვრებაში და ჩავთვალე საჭიროდ „ორიგინალ ჯგუფს“ შევერთებოდი, სადაც არიან ინოვატორები, ახალგაზრდები, გვაქვს კრეატიული აზრები და ფათომასშტაბიანი გეგმები, რომელსაც ფრთებს ვასხამთ ნელ-ნელა. აქ ერთპიროვნულად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ყველა ჩართულია პროცესში.

-ანუ რამდენიმე წელი მენეჯერობით ხართ დაკავებული ?

-რაღაც პერიოდი გადავწყვიტე, რომ საკუთარი ბიზნესიც მქონოდა. სომელიეს კურსები გავიარე და ბავშვობის მეგობართან ერთად მცხეთაში ღვინის მარანი გავაკეთე.  სხვადასხვა კომპანიების ღვინოები გვქონდა შემოტანილი, ასევე ვყიდულობდით ღვინოს გლეხებისგან და იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. ტურისტებთან გვქონდა უშუალოდ ურთიერთობა,  საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, შედეგმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა.  შემდეგ ჩემი მეგობარი უცხოეთში გაემგზავრა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და კარგად გათვლილი ბიზნესი, რომელმაც ძალიან  გაამართლა და ორივე კმაყოფილები ვიყავით. ამით არ დამთავრებულა ჩემი ბიზნეს საქმიანობა, კიდევ ვგეგმავთ, რომ სხვადასხვა მასშტაბებით  გავაკეთოთ რაღაცები.

-პირველი ხელფასი  თუ გახსოვთ, რამდენი იყო და სად დახარჯეთ?

-როგორ არა, ჩემი პირველი  ხელფასი 370 ლარი იყო, 15 დღის ნამუშევარი,  საკმაოდ კარგი თანხა მაშინ, თან კვირაში მხოლოდ ორ დღეს ვმუშაობდი. მახსოვს, ამ ფულის დახარჯვა არ მინდოდა. ისეთი ხელმომჭირნეც არ ვარ, მიყვარს მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა, მაგრამ აი, ჩემი ნაშრომი რომ იყო, გავიფიქრე – წავიდე გასართობად?.. არ წავედი, მინდა გითხრათ რომ  დიდი ხანი ვინახავდი ამ ფულს, არ ვაპირებდი ხელიდან გაშვებას. მერე უკვე დავხარჯე, ისევ მეგობრებთან ერთად გავერთე …

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

-ამჯერად ვმუშაობ „ორიგინალ ჯგუფში“ რომელსაც ამ ეტაპზე აქვს ორი ობიექტი „რესტორანი ორიგინალი“ გლდანსა და ნაძალადევში. დღეს მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი და უახლოეს მომავალში თბილისს შეემატება ქართული რესტორნების ახალი ქსელი „ჩემო კარგო“, სადაც თითოეულ მომხმარებელს დახვდება ნატურალური პროდუქტებით დამზადებული კერძები, ცოცხალი მუსიკის საღამოები და მაღალი დონის სერვისი.

დაახლოებით 7 წელია რაც ამ სფეროში ვარ და საკმაოდ ბევრი ობიექტის შიდა სამზარეულოში ვარ ჩახედული. ვიცი რა, როგორ და რანაირად ხდება. ჩემი გამოცდილება სავსებით მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამის შესახებ ხმამაღლა ვისაუბრო და ვთქვა, ჩვენდა  სამწუხაროდ არ ვართ განებივრებულები ხარისხიანი საკვებითა და კარგი მომსახურებით.

ჩვენ და ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ სტუმარს კითხვა არ გაუჩნდეს იმისა, არის ეს პროდუქტი ნატურალური თუ არა. ჩვენთან ყველაფერი არის ქართული, და ნატურალური, ყველაფერი არის ადამიანისთვის მარგებელი და არა მავნე. ჩვენთნ არის დახვეწილი და თბილი გარემო, მეგობრული პერსონალი და მომსახურების მაღალი დონე. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ ყოველი კერძის ორიგინალურად გადაწყვეტილ ვარიანტს.

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი არის ობიექტი მცხეთაში, რომელიც გათვლილი იქნება არა მარტო ქართულ სეგმენტზე. მშენებლობა თითქმის დამთავრებულია და მენიუ იქნება საქათველოს კუთხეების მიხედვით,  აქ ყველა კუთხის სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებთ. ასევე იქნება სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი გარემო შექმნილი.

რაც საინტერესო იქნება როგორც სტუმრისთვის ასევე აქ მცხოვრებისთვისაც. მოგეხსენებათ საქართველოს 70 % თბილისშია, ბევრს მონატრებული აქვს თავისი კუთხე, ჰოდა, აქვე მცხეთაში ჩაისეირნებს, დააგემოვნებს კუთხურ კერძებს, და იქნება კმაყოფილი.

ახლო მომავალში გვინდა რომ შვიდი ობიექტი იყოს უკვე ქალაქის მასშტაბით მზად. ასეთი ტემპი გვაქვს აღებული, გვინდა ყველგან ვიყოთ, – „ჩემო კარგოს“ ობიექტი ყველა უბანში, თქვენთან ახლოს.

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიზანი?

-ჩემი ყველაზე დიდი მიზანია ვიყო ისე, რომ ჩემს ნებისმიერ ნათესავს, ჩემს ნებისმიერ ახლობელს სიამოვნებდეს ჩემთან ყოფნა და ბედნიერებას ანიჭებდეს. ასევე მინდა ვიყო რიგითი ადამიანებისთვის მაგალითი იმისა, რომ ადამიანმა რაღაცას თავისი შრომით, მიზანდასახულობითა და თავდადებით მიაღწია. ძალიან ამბიციურად გამომდის, მაგრამ ყველას მინდა დავანახო, ის რომ არ არის სავალდებულო დედ-მამამ მილიარდები დაგიტოვოს, იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიო. მინდა ყველა ახალგაზრდას ვაჩვენო, რომ თუ ცოტა მონდომება აქვს, შეუძლიათ თვითონ შექმნან, და ეს უფრო მეტად გემრიელი არის, უფრო მეტად ამაყს და თავდაჯერებულს გხდის.

– თქვენთვის ხელი არ შეუშლია იმ ფაქტს რომ საქართველოში გაუსაძლისი პირობებია?

-ვთვლი რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეხმარებოდეს ადამიანს და განსაკუთრებით  ახალგაზრდას, დაცულად უნდა გრძნობდე იმ ქვეყანაში თავს, რომელშიც ცხოვრობ. ჩვენ არ ვართ 50 მლნ-იანი ერი, ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ და შეიძლება ვიყოთ კომფორტულად და ელემენტარულად ადამიანები ნაგავში არ იქექებოდნენ.

ალბათ ძალიან ცუდი პერიოდის ბრალიც არის ბევრი რამ. კომუნისტური რეჟიმის, ასევე 90-იანი წლების რთული სიტუაციების… მამაჩემის თაობა, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების თაობა იმ სისტემაში იყვნენ და სხვა რამ თუ შეეძლოთ არ იცოდნენ, და როდესაც სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ თითქოს გაიყინა ხალხი, რაც ჰქონდათ იმას იყვნენ მიჩვეულნი და გადაჩვევა გაუჭირდათ…

რაც შეეხება ახალგაზრდებს, სტერეოტიპია ქართული, რომ ყველამ აუცილებლად უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს. მე არავის ვუსურვებ მთელი ცხოვრება მიმტანი იყოს, მინდა რომ გაიზარდოს, თავისი პროფესიული კუთხით და რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ რომ მუშაობენ მიხარია, იმიტომ რომ ის ადამიანი თავის შრომას ეჩვევა, ვიღაცაზე დამოკიდებული არ არის, საკუთარი თავისა და ძალების რწმენა აქვს.

მთავრობამ რა თქმა უნდა, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ იყოს ქარხნები, ობიექტები, სადაც დასაქმდება ახალგაზრდა, განვითარდება, რაღაცას ისწავლის, ცხოვრება ფერმკრთალად არ გაივლის, ნათელი ფერები იქნება. ამაში ხელის შეწყობა რა თქმა უნდა საჭიროა.

-თუმცა, შენც იმ ქვეყნის შვილი ხარ სადაც ეს მთავრობა არის, მაგრამ შენ შესძელი

-ყველა ერთნაირად ვერ გაივლის ადაპტაციას, ყველა ერთნაირად ვერ ეჩვევა რაღაც გარემოს… იმას არ ვამბობ, რომ მაგარი ვარ, უბრალოდ მე უფრო მალე გავიარე რაღაც საფეხურები, ალბათ უფრო მეტად მიზანდასახულიც ვიყავი… რა თქმა უნდა იყო წინააღმდეგობებიც… ბრძოლა ყველაფერშია საჭირო… ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია, როცა ჯანმრთელობა გაქვს, რაც არ უნდა რთულ სიტუაციასა და გაჭირვებაში იყო, არ უნდა მოდუნდე, არ უნდა იფიქრო, მე მაინც არაფერი მეშველებაო. პირიქით, შემართებით უნდა იყო და შენ თავს უნდა უთხრა – მე შემიძლია!

დეა თავბერიძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment