საფრანგეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორის თეატრალური „ბრეინსტორმინგი“
„მე, საფრანგეთში მომუშავე რეჟისორი, ალექსი ჯაყელი, მოგიწოდებთ, დადგათ ქართული პატრიოტული პათოსით გამსჭვალული სპექტაკლები… თუ თქვენ არ გინდათ, მე დამადგმევინეთ. ერთხელ კიდევ მათქმევინეთ, რომ რუსეთის იმპერია სასტიკი და დაუნდობელი დამპყრობელია!“ (ამონარიდი პოსტიდან)
რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ალექსი ჯაყელის ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ქართულ თეატრს სჭირდება შენი განსხვავებული ხელწერა, მოწვევას ნუ დაელოდები, გადაწყვიტე, ჩამოდი და დადგი სპექტაკლი“.
„მე მახსოვს გორის თეატრში შენ მიერ დადგმული სპექტაკლი – „სოლომონ, მსაჯული მეფისა“, ასევე, მახსოვს ის დიდი წარმატებაც, რომელიც ამ სპექტაკლს ახლდა, ასეთი სპექტაკლები დღეს ნამდვილად გვჭირდება“.
ამოიკითხავთ კომენტარებში.
ალექსი ჯაყელი დღეს საფრანგეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში ლა-ბოლში ცხოვრობს, მან საქართველო 24 წლის წინათ დატოვა.
საქართველოში ცხოვრების პერიოდში რეჟისორი წლების მანძილზე გორის თეატრს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში მან შეძლო თეატრის გამოცოცხლება, ამოქმედება, შემოქმედებითი გუნდის გარშემო შემოკრება და ყველაზე მთავარი – მაყურებლის თეატრში დაბრუნება. მერე კი… იძულებული გახდა, თეატრიც დაეტოვებინა და ქვეყანაც.
საფრანგეთში ჩასვლისთანავე შექმნა საკუთარი თეატრი, გახსნა თეატრალური სკოლა, დაწერა წიგნი „რეჟისურის გრამატიკა“, რომლის გამოცემასაც ახლო მომავალში აპირებს.
თეატრალურ სკოლაში სწავლება მისივე მეთოდით მიდის. უკვე წლებია, პროფესიონალ მსახიობებსა და რეჟისორებს ამზადებს. დიდი სურვილი აქვს, ეს მეთოდი საქართველოშიც დანერგოს და მსახიობისა თუ რეჟისორის ოსტატობაზე საინტერესო და განსხვავებული მასტერკლასები ჩაატაროს.
ლა-ბოლში დააარსა ორი თეატრალური ფესტივალი და დააფუძნა თეატრალური კომპანია – Djakeli Art Compagnie „ჯაყელის არტ კომპანია“, რომლის დამსახურებითაც 2010 წლიდან 2018 წლამდე საფრანგეთში 47 ქართველი არტისტი მიიწვია, მათ შორის ერთი რეჟისორი, და 16 ქართულ-ფრანგული პროექტი განახორციელა, დაფინანსების 35% „ჯაყელის არტ კომპანიას“ ეკუთვნოდა, დანარჩენი – ლა-ბოლის მერიას.
სპექტაკლებს დგამდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მთლიანობაში დადგმული აქვს 270 სპექტაკლი, მათ შორის რამდენიმე ოპერაც.
ამჯერად ალექსი ჯაყელი საფრანგეთში ერთდროულად რამდენიმე სპექტაკლზე მუშაობს.
ალექსი ჯაყელი: 2018 წლამდე წელიწადში 12-15 სპექტაკლს ვდგამდი. მქონდა ორი ფესტივალი: „თეატრალური ღამეები“ და „ხელოვნება პლაჟზე“, რომელიც პირდაპირ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე იმართებოდა. პლაჟზე 7 სცენა იყო დამონტაჟებული და პირდაპირ იქ ვთამაშობდით. ბოლო ორი წელია, რაც სპექტაკლების რაოდენობა შევამცირე და ჩემს ჯანმრთელობას მივხედე, ფორმაში ჩავდექი.
ახლა სპექტაკლები მაქვს ლა-ბოლსა და ნანტში. ნანტში სფინქსის თეატრში, რომლის პარტნიორიც არის Djakeli Art Compagnie, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები თამაშობენ სპექტაკლს „ოპუსი 210 ბის“. სფინქსის თეატრშივე, ჩემ მიერ მოწვეული მსახიობებით, ეჟენ იონესკოს „მარტორქას“ ვდგამ, ხოლო ლა-ბოლში – „თეატრალური ბრეინსტორმინგი, ოპუსი 210“.
– ბევრი ქართული ელემენტია თქვენს სპექტაკლებში, თითქოს უცხოურთან ნაზავი, მაგრამ მაინც გამოკვეთილად ქართული.
– ბუნებრივია, იმიტომ რომ მე ქართველი ვარ და არც შეიძლება სხვანაირად… ჩემს სამშობლოს ვემსახურები ისე, როგორც შემიძლია. მზად ვარ, საქართველოსთვის სიცოცხლეც დავთმო. ვარ ქართველი და, ასევე, ვიღებ ყველაფერს, რაც მშვენიერია, რაც ზუსტია და მართალია. ჩემთვის იდეალია ვაჟა ფშაველას პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, რომელშიც ის ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებათა ურთიერთმიმართებაზე მსჯელობს… დედააზრი არის ეროვნული, ქართული, მაგრამ მასში არის მთლიანად მსოფლიო კულტურა.
– დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს, უამრავი კომენტარით საქართველოში გიხმობენ… ხომ არ აპირებთ სამშობლოში ჩამოსვლას და სპექტაკლის დადგმას?
– ძალიან მინდა, რაღაც გაკეთდეს საქართველოში… მაგრამ?.. (პაუზა) ეს ალბათ რთული იქნება. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეა, როგორც კი რაღაცაში არ ეთანხმები და შენი განსხვავებული აზრი გაქვს, არ უნდათ, ხელი შეგიწყონ! სამწუხაროდ, ეს პროვინციული ჩვევა-აზროვნება, როდესაც ადამიანს იმის საშუალებას არ აძლევ, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას და ამის გამო მას მტრად იღებ, დიდი ხანია ბატონობს საქართველოში და ახლა შეიცვალა ვითომ რამე? სანამ ობიექტურობა არ იქნება, იქნება ქაოსი და საქმე წინ ვერ წავა, გამორიცხულია! ასეთ პირობებში კი მუშაობა ძნელია.
– რას დადგამდით?
– დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი „თეატრალურ ბრეინსტორმინგს“ საქართველოში, იმას, რაც აქ დავდგი. ჩამოვიყვანდი ფრანგ არტისტებს, შევარჩევდი ქართველებსაც და დაახლოებით ათდღიანი მუშაობის შემდეგ სპექტაკლის ქართულ-ფრანგულ ვარიანტს გავაკეთებდი.
– ამ „ბრეინსტორმინგით“ რისი თქმა გინდათ? რას ეტყოდით თქვენი სპექტაკლით საქართველოში მცხოვრებ ქართველებს?
– ვეტყოდი, რომ, თუ ადამიანი საკუთარი ეგოსგან არ განთავისუფლდა, ეს გამოიწვევს მისი სულის დაშლას, სულის დაშლა კი, ფაქტობრივად, ადამიანის სიკვდილს ნიშნავს, ხოლო ადამიანის სიკვდილი – კაცობრიობის დასასრულს.
– ანუ ეგოიზმი შლის სულს.
– ეგოცენტრიზმი, ეგოიზმი, ნარცისიზმი… როცა რაღაცას შენი დიდებისთვის აკეთებ და არა იმისთვის, რომ შენი და სხვისი ტკივილი გამოთქვა.
ამას ვეუბნები ნებისმიერ მაყურებელს. უბრალოდ, რადგან ქართველი ვარ, მინდა, საქართველოში ჩამოვიტანო და ქართველებს ვაჩვენო ჩემი ნამუშევარი. ჩემი ტკივილია ის, რომ კაცობრიობა ასე ცხოვრობს, სამწუხაროდ.
– რეჟისორი განსხვავებული ხელწერით, მუშაობის თავისუფალი სტილით და მცირე დროში დადგმული მრავალფეროვანი სპექტაკლებით, – მსახიობებისთვის რთულია თქვენთან მუშაობა?
– რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა შეყვარებული წყვილის ურთიერთობას ჰგავს ძალიან. წყვილს შორის თუ ჰარმონია არ არის, ურთიერთობა რაღაც მომენტში აუცილებლად დაინგრევა. თუ ისინი ერთმანეთს სულიერ საზრდოს უხვად არ აძლევენ და ამით სიყვარულს არ კვებავენ, ის სიყვარული მოკვდება. ზუსტად იგივეა მსახიობისა და რეჟისორის დამოკიდებულებაც, ოღონდ იმ პერიოდში, როცა ისინი სცენაზე არიან და შემოქმედებითად იწვიან, ქმნიან. თუ ისინი არ იწვიან და იმ იდეით არ არიან შეპყრობილნი რაც რეჟისორმა გააჟღერა, მათი ურთიერთობა ვერ შედგება. რეპეტიციის დროს ჩართული უნდა იყოს ყველა გრძნობა. რეჟისორმა იმდენად უნდა დაანთოს მსახიობები და იმდენად უნდა შეაყვაროს და შეძრას მათი სული იმ იდეით, რომლის გაჟღერებაც უნდა სპექტაკლში, რომ არანაირი დაბრკოლება აღარ უნდა არსებობდეს.
ხანდახან ვხატავ ხოლმე, აქაც პირველ რიგში მოდის ემოცია და მერე მოდის ფორმა. თუ იდეამ და შინაგანმა არ შექმნა ფორმა და ფორმამ შექმნა იდეა, ის არის ფუყე, რაც არ უნდა ესთეტიურად გენიალური იყოს. არსებობს ესთეტიურად ძალიან კარგი სპექტაკლები, მაგრამ მკვდარი.
– იმ ორიგინალურ სტილზეც მინდა გკითხოთ, რომლითაც თქვენი სპექტაკლები გამოირჩევა, – გათანამედროვებული და ერთმანეთს შემიქსული კლასიკური ნაწარმოებები, სპონტანური მიზანსცენებით… დიდი ხანია ასე მუშაობთ?
– მთელი ჩემი ცხოვრება ვისწავლე… ეს იყო სტანისლავსკის მეთოდი, მიხეილ ჩეხოვის მეთოდი, გროტოვსკის თეატრი… ასევე სხვა ძალიან ბევრი მეთოდი… როდესაც მეთხუთმეტე სპექტაკლი დავდგი, მივხვდი, რომ რაღაც ჩემი უნდა მეპოვნა. დღეს ჩემი თეატრი პოსტმოდერნისტულია…
– როგორც ვიცი, სპექტაკლში, რომლის პრემიერაც მაისში გაქვთ, ქართველიც თამაშობს და ის არ არის პროფესიონალი მსახიობი
– დიახ… მე ექსპერიმენტების მოყვარულიც ვარ და საქართველოდან ამჯერად არაპროფესიონალი ჩამომყავს.
– ანუ პროფესიონალების გარდა, მოყვარულებთანაც თანამშრომლობთ?
– კი, ადრეც ამიყვანია არაპროფესიონალი, გარკვეული ტრენინგები ჩამიტარებია და სპეციალურად შემიყვანია თეატრში, იმიტომ რომ მასში რაღაც მომწონებია… თუნდაც მისი ფაქტურა, მისი ხმა… სპექტაკლი, გარდა იმისა რომ შინაგანია, ვიზუალურიცაა…
გინდა გითხრათ, რა არის ჩემი მთავარი პრინციპი თეატრში?
თეატრის წესი ასეთია – თეატრში არ არსებობს არანაირი წესი!
საშინელ აზარტში ვვარდები, როდესაც რაღაც პროექტს ვაკეთებ და ვიცი, რომ ეს პროექტი რთული განსახორციელებელია.
აი, ახლაც, რამდენიმე დღეში თბილისიდან ლა-ბოლის თეატრში ჩემივე მოწვევით არაპროფესიონალი მსახიობი ჩამოდის, რომელიც „ბრეინსტორმინგში“ ითამაშებს.
ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ და უცებ ის სცენაზე აღმოჩნდება, წარმოგიდგენიათ?.. ეს ხომ მაინც საშიშია. კოსმონავტი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. მაგრამ მე ვარ რეჟისორი, რომელიც მზადაა, გარისკოს, მე მიყვარს რისკი. საქართველოდან „მსახიობი“ იმის გამო კი არ ჩამომყავს საფრანგეთში, რომ რაღაც საბავშვო ბაღი გავაკეთო. არა, ეს ძალიან სერიოზული პროექტია. პროფესიონალებთან და მოყვარულებთან მუშაობა თეატრში ჩვეულებრივი ამბავია, ასე იყო მოლიერის დროს, შექსპირის დროს…
– თუმცა, საქართველოში თუ დიპლომი არ გაქვს…
– თუ დიპლომი არ გაქვს, თეატრში ვერ ითამაშებ, არა?! ეს საბჭოთა გადმონაშთია! ჩემთან ითამაშებ! რადგან თეატრის მთავარი წესია, რომ თეატრში არანაირი წესი არ არსებობს!
– თქვენი სასცენო მოღვაწეობა 270-მდე სპექტაკლს ითვლის, თეატრი ალბათ ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენთვის.
– ჩემთვის თეატრი ყველაფერია, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!
P.S ალექსი ჯაყელი დაიბადა პარიზში, პიანისტისა და ცნობილი არქიტექტორის ოჯახში. ის 5 წლის იყო, როცა ჯაყელების ოჯახი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა. „მამა შეშინდა, შვილები გამიფრანგდებიანო“, – იხსენებს რეჟისორი. თუმცა, მოგვიანებით, როცა მამა უკვე ცოცხალი აღარ ჰყავდა, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და იმ ქვეყანას დაჰბრუნებოდა, სადაც დაიბადა. საფრანგეთში გამგზავრებამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, თქვა, რომ გორის თეატრის მსახიობებს აუცილებლად ათამაშებდა საფრანგეთში. წლების შემდეგ ალექსი ჯაყელმა დანაპირები შეასრულა. გორის გარდა, მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდანაც ჩაიყვანა საფრანგეთში სათამაშოდ მსახიობები.
ალექსი ჯაყელს ახასიათებენ, როგორც ორიგინალური სპექტაკლების ავტორს და ამბობენ, რომ ის არის რეჟისორი, რომელმაც დროს გაუსწრო.