„ამაღელვებელია, როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, შენი სკოლის საკლასო ოთახებს დაივლი და მოგონებებით, უნებურად ბავშვობაში დაბრუნდები… ეს ასმაგად მძაფრია, როცა სამშობლოს ხარ მოწყვეტილი“ – ამბობს შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტი პოეტი, სოფო ფოცხვერაშვილი და წარსულიდან ისტორიებს იხსენებს.
კახეთის ისტორიულ სოფელში, კალაურში ზეიმია. სკოლის დარბაზი ხალხით არის გადაჭედილი. სოფელი და სკოლა სოფლის საამაყო შვილებს მასპინძლობს, სოფო ფოცხვერაშვილიც მათ შორის არის.
სოფო ფოცხვერაშვილი: ამ შენობაში სკოლის დამთავრების შემდეგ არ ვყოფილვარ, ფეხი შემოვაბიჯე თუ არა იმ ოთახებს დავუწყე ძებნა, სადაც გაკვეთილები გვიტარდებოდა… როდესაც ჩემს საკლასო ოთახში შევედი, თითქოს ისევ იმ წლებში დავბრუნდი…კლასელიც ვნახე და გავიხსენეთ კლასელები, მასწავლებლები, ჩვენს მიერ ჩადენილი ოინები. მაგრამ კარგად ვსწავლობდით და ამიტომ გვპატიობდნენ მასწავლებლები. საყვარელი კლასი ვიყავით ყველასთვის.
– სკოლას, თქვენი წიგნები ჩაუტანეთ საჩუქრად, მოგიწყვეს შეხვედრა როგორც სოფლის საამაყო შვილს, რა მდგომარეობაა დღეს სკოლაში და რას უსურვებდით მოსწავლეებს?
–ძალიან დამწყდა გული შენობაზე, მე ეს სკოლა სხვანაირი დავტოვე. რა თქმა უნდა ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ძალიან დანგრეული და მოუვლელია. ბავშვებს კი ლამაზი გარემო სჭირდებათ… სტიმულია საჭირო, რომ სწავლაშიც მეტი ხარისხი ჰქონდეთ.
– რას მეტყვით კალაურზე?
-კალაური ერთ-ერთი უძველესი სოფელია. ჩვენს სოფელში მრავალი ღირსშეანიშნავი არქიტექტურული ძეგლია. ორიოდე წლის წინ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს. კვირიკე მესამე, მეთერთმეტე საუკუნეში მეფობდა. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მეფის ტიტული მიიღო.
მისი მმართველობის დროს, ალავერდის მონასტერში, ძველი პატარა ეკლესიის ადგილას წმინდა გიორგის ტაძარი აშენდა. კალაურის ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია კი დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ამ ტაძრის გარშემო დღეს გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, როგორც ვარაუდობენ აქ საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო.
ამაყი ვარ იმით, რომ ამ ისტორიული სოფლიდან ვარ.