fbpx

„ანგელოზები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში“ – თეა გუნთაიშვილი

ავტორი დეა თავბერიძე
760 ნახვა

„ყველა ადამიანში არის ნიჭი, რომელსაც სძინავს, ან ჩვენ თვითონვე ვაძინებთ. ძალა უნდა მოვიკრიბოთ და გავაცოცხლოთ ის, რისთვისაც ოდესმე, თუნდაც ბავშვობაში, გვიოცნებია; გავაცოცხლოთ ის, რაც გვინატრია… ნატვრას უდიდესი ძალა აქვს, მთავარია, მიუბრუნდე და სული შთაბერო…“ – მეუბნება ადამიანი, რომელიც მიძინებული ნიჭის გაცოცხლების დიდოსტატია. აქედან გამომდინარე, საყვარელი საქმეც არაერთი აქვს…

დღეს თეა გუნთაიშვილის საოცარ და მდიდრულ სამყაროში გამოგზაურებთ.

თეა პროფესიით მხატვარი და პიარის სპეციალისტია. ძალიან უყვარს სიცოცხლე, პოზიტიური განწყობა და ფერადი დღეები. ორი პროფესიის არაჩვეულებრივი სინთეზით უამრავი კარგი საქმე გააკეთა და დღეები არამარტო საკუთარ თავს, სხვებსაც გაუფერადა. 

თეა გუნთაიშვილი: ადამიანი თავის სამყაროს თვითონ ქმნის. მთავარია, არ დანებდე, არ გაჩერდე, იმოქმედო, იბრძოლო შენი თავისთვის, ახლობლებისთვის, ოჯახისთვის, საყვარელი საქმისთვის…

რაც არ უნდა მოხდეს, თავი არ უნდა დახარო და იმ წუთით უნდა იყო ბედნიერი, რაც გაქვს და რაც გქონდა… ეს შენი ცხოვრების წუთებია. ჩემი ბედნიერი წუთები უდარდელი, ლაღი და ფერადი ბავშვობით იწყება და სულ ვცდილობ, არ გავამუქო. ბედნიერ წუთებს ჩემი ოჯახი, მეგობრები და ჩემი საქმე მჩუქნის; საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

ის, რომ ხელოვნებას ვემსახურები, ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ოჯახში უკვე მეოთხე თაობა ვარ, ვინც ხელოვნებას ემსახურება. ჩემი წინაპრები ხელოვნებისთვის ისჯებოდნენ და მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების სიყვარულისთვის ცხოვრობდნენ…

– თქვენც ხელოვნების სიყვარულით ცხოვრობთ?

– ჩემთვის ხატვა ამოუხსნელი სამყაროა, სადაც ფრთებს ვშლი და მარტო ვრჩები. 3 წლიდან ვხატავ… როცა ბაბუას (ირაკლი გორდელაძე, მხატვარი გრაფიკოსი, პლაკატის სპეციალისტი) ჩემი ნახატები უნახავს, უთქვამს, – თეა ჩემს გზას გააგრძელებსო.

სწავლის ყველა ეტაპი გავიარე, ეს თავისთავად ხდებოდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე… მერე, აკადემიაშივე, ქანდაკების კათედრაზე დავიწყე მუშაობა.

მქონდა ისეთი პერიოდიც, რომ ფუნჯი გვერდით გადავდე. მაგ პერიოდში პროფესიულ სასწავლებელში ვმუშაობდი. ბავშვებთან ახლაც ვმუშაობ და ვცდილობ, ის უნარები და ცოდნა გადავცე, რაც მაქვს. ეს უდიდესი სიამოვნებაა.

ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის მაგალითი უნდა იყოს ბორჯომის ტრენინგცენტრი, სადაც ბავშვები უფასოდ იღებენ განათლებას. ცენტრში „არტსახელოსნო“ დაარსდა, რომლის პედაგოგიც გახლავართ და ეს ძალიან მეამაყება. ბავშვები საკუთარი ხელით ქმნიან სხვადასხვა (ინტერიერის, ექსტერიერის) აქსესუარებსა და ნივთებს. უყალიბდებათ გემოვნება და ხელოვნების სიყვარული.

სულ მახსოვს ბაბუაჩემის ერთი ფრაზა: ბაბუ, შეიძლება ყველა, ვინც აკადემიაში სწავლობს, დიდი მხატვარი არ გამოვიდეს, მაგრამ მის სახლში რომ შეხვალ, მიხვდები, რომ იქ გემოვნების ზეიმიაო. აი, ეს ფრაზაა ჩემთვის მაგალითი.

ჩვენთან ბავშვებს იმ მიძინებული ნიჭის გამოვლენის საშუალება აქვთ, რომელსაც შეიძლება, მშობელიც კი არ აქცევს ყურადღებას. კარგი, ლამაზი, ნიჭიერი თაობა მოდის, რაც მახარებს.

– ვიცი, რომ პიარის კუთხითაც მუშაობთ და საერთაშორისო პროექტებითაც ეხმარებით ნიჭიერ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენაში.

– დიახ, ვარ საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების პრესსამსახურის უფროსი, ეს ორგანიზაცია არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტზე მუშაობს. ვეძებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ვეხმარებით, რომ თავიანთი ნიჭი და უნარები წარმოაჩინონ, მეტად განვითარდნენ, მოტივირდნენ და საკუთარი თავის წარდგენა ისწავლონ.

  მითხარით, იყო პერიოდი, როცა ფუნჯი დავდეო, ახლა რა ხდება?

– ახლა იმდენი ნახატი დამიგროვდა, რომ გამოფენისთვის ვემზადები. ხატვას ვერ მიატოვებ, ის სულ შენთან არის, შენი სულის ნაწილია. ყველაზე სტრესულ პერიოდში, პანდემიის დროს, დიდი ხნის მიტოვებული ფუნჯი ავიღე და ხატვა გავაგრძელე. ხატვა ჩემი მკურნალია.

ნახატს დიდი ძალა აქვს. შენთვის დაიტოვებ, გაასხვისებ თუ გააჩუქებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად კარგი განწყობით უნდა ხატო, რომ კარგი ემოცია მიიტანო პატრონთან. ამიტომ ყოველთვის ფერადი განწყობით ვხატავ.

ანგელოზები შემოვიდნენ ახლა ჩემს ცხოვრებაში და არამარტო ჩემთან, იმ ადამიანებთანაც, ვისაც თავისი ფუძე და ოჯახი უყვარს. აი, ასე, ერთ დილას დავჯექი და ვთქვი, – ჩემი ფუძის ანგელოზი უნდა დავხატო-მეთქი, ჰოროსკოპით ტყუპები ვარ და ინსტინქტურად ტყუპი ანგელოზი დავხატე.

ჩემი ანგელოზები, როგორც ამბობენ, პატარები არიან, მაგრამ დიდი დატვირთვა აქვთ. ყველა იმ ადამიანის ფესვებს ვეცნობი, ვინც ფუძის ანგელოზის ნახატს მიკვეთს და ამის მიხედვით ვქმნი ინდივიდუალურად. მიდიან მათთან ჩემი ანგელოზები და სიკეთე, ხვავი და სიყვარული მიაქვთ.

მიყვარს ბროწეულების ხატვაც. ბროწეულს, იმის გარდა, რომ ჯანმრთელობისთვის  სასარგებლოა, დიდი ძალა აქვს.

– გარდა ხატვისა, საოცარი თოჯინები და მინიატურებიც გაქვთ.

– ხატვა, ხელნაკეთი თოჯინები და მინიატურული ნამუშევრები ჩემი სულის ნაწილია და ისე ვუვლი, როგორც ჩემს შვილებს.

ხელნაკეთი თოჯინების ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა სასწაული იყო. ერთხელ ილია მეორემ ქადაგებაში თქვა, თოჯინები აკეთეთო. მაშინ ამ სიტყვების შინაარსს ვერ ჩავწვდი. მერე კი, როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, თოჯინების კეთება დავიწყე და ამით მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე. სწორედ მაშინ მივხვდი, რასაც გულისხმობდა უწმინდესი. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. პატრიარქსაც შევხვდი, კურთხევა მომცა, რომ არასოდეს ვთქვა მათზე უარი. ჩემი ოთხი თოჯინა საჩუქრად გადავეცი, ძალიან მახარებს ის, რომ მათ პატრიარქის მუზეუმში დაიდეს ბინა.

არაერთ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა ჩემი თოჯინებით. ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ საერთაშორისო გამოფენებზე ქართული თოჯინებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს წარმოვადგენ.

– თავად თუ ჰგავხართ თქვენ მიერ შექმნილ რომელიმე გმირს?

– თეა ცოტათი ჩარლი ჩაპლინს ჰგავს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის ოთხი თოჯინა მაქვს გაკეთებული. ცოტა სევდიანი და ცოტა მხიარული.

– მინიატურების შექმნა როგორ დაიწყეთ?

– მეგობარმა მთხოვა, გამოფენაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონკურსი ყოფილა. ეს იყო საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი კვირეული – „არა ძალადობას“. ზოგადად, არ მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ხელოვნება შეჯიბრება არ არის, ყველას თავისი სამყარო და თავისი ხედვა აქვს. მასალაში არ ვიყავით შეზღუდული და ამიტომ ვიფიქრე, ერთი ოჯახის ისტორია მომეყოლა ერთ პატარა ყუთში. ეს იყო დედისა და შვილის ისტორია, რომლებზეც მამა მუდმივად ძალადობდა. კონკურსში გავიმარჯვე და პირველი ადგილი მოვიპოვე.

ასე დაიწყო.

პირველად ბაბუაჩემის სახელოსნო გავაკეთე, სადაც ჩემმა ბავშვობამ გაიარა. მერე ფიროსმანის მუზეუმი, ადგილი, სადაც მხატვარმა ბოლო წლები გაატარა. ახლა უკვე ვეღარ ვჩერდები და ისეთივე სიამოვნებით ვაკეთებ თოჯინებს, როგორც სხვა ნებისმიერ საქმეს. რთულია პატარა ნივთების შექმნა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც. იმდენად, რომ ვერ ვხსნი, არ შეიძლება ამის ახსნა, ეს უნდა გიყვარდეს, უნდა განიცადო…

პანდემიის პერიოდში, როდესაც იტალიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო, ქართულ-იტალიური ჩაკეტილი ეზო გავაკეთე და ქართველ ემიგრანტებს მივუძღვენი. ამ ნამუშევარს „კოვიდის ქუჩა“ ჰქვია. სახლში ერთი კედელი მაქვს, რომელსაც იზოლაციის კედელი დავარქვი და ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები მაქვს გამოფენილი.

– თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში დაცემის პერიოდი და როგორ გამკლავებიხართ, როგორ წამომდგარხართ?

– მე და ჩემს ოჯახს დაცემის დიდი მაგალითები გვაქვს, რეაბილიტირებული ოჯახის სტატუსით ვართ 1937 წლიდან. ჩემი დიდი ბაბუა, ერმილე გორდელაძე, რომელიც საქართველოს კულტურის კომისარი იყო, ხელოვნების სიყვარულისთვის დასაჯეს. ბაბუაჩემისგან, რომელიც 10 წლის დატოვეს მშობლების გარეშე, ყოველთვის მესმოდა, – არასოდეს არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო, წამოდგე და გზა გააგრძელო… უნდა თქვა, – მე ამას აუცილებლად შევძლებ, აუცილებლად გადავლახავ! მეც, რა თქმა უნდა, მქონდა ეს პერიოდი. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული, ვის რა გველოდება, არავინ ვიცით. ამიტომ აუცილებლად უნდა ასწიო თავი და შენი შრომით ისევ იმ გზას დაადგე, რომელზეც დაეცი.

დაცემული ადამიანი უფრო მეტად გრძნობს სიყვარულს, უფრო მეტად შეუძლია პატიება. უფრო მეტად გრძნობს სიტყვის ძალას. სიტყვას ადამიანისთვის ყველაფერი შეუძლია. მეც ასე ვარ. წაქცევის შემთხვევაში მეც ვდგები და გზას ვაგრძელებ, ისევ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს.

ჩემი საქმეა „არტთერაპია“, რომლის საშუალებითაც ვსუნთქავ, ამით ვცოცხლობ. ყველაფერს ცუდს ვუშვებ და მხოლოდ ბედნიერ წამს ვიტოვებ. პროცესის ყოველი წამი მაბედნიერებს, ყოველი წუთი მავსებს და მაიმედებს სიცოცხლის სიყვარულით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment