“გაიღიმეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს”- ეს ჩემი რესპონდენტის დევიზია. მისი ჰობი ადამიანებისთვის პოზიტივის, ხალისის და მოტივაციის მიცემაა. ორმოცი წლის ასაკში შემთხვევით, ახალი პროფესია აღმოაჩინა, რომელმაც წარმატებული, თექვსმეტწლიანი კარიერა დაათმობინა და ცხოვრება ძირფესვიანად შეუცვალა. “ყოველდღე ბედნიერი, გახარებული და კმაყოფილი ვიღვიძებ.”- მეუბნება ანა კვატაშიძე, რომელიც დღეს, ქოუჩის პროფესიაში, თავს ისე კარგად გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
ინტერვიუში წაიკითხავთ, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ქოუჩს და ქოუჩინგს ჩვენთვის. ასევე, იხილავთ რჩევებს- როგორ გავიაროთ რთული გზა წარმატების და მიზნის მისაღწევად.
-ანა, როდის და საიდან გაგიჩნდათ ქოუჩობის იდეა და რისთვის არის ქოუჩი და ქოუჩინგი საჭირო?
-ქოუჩინგისადმი ჩემი ინტერესი პანდემიის პერიოდიდან იწყება, მაშინ, როდესაც მთელ ქვეყანას იძულებით მოგვიწია სახლში ჯდომა, სრულიად შემთხვევით ხათუნა მუზაშვილის ონლაინ ტრენინგს დავესწარი და აქედან გავიგე ქოუჩინგზე. შემდეგ უკვე, ინტერნეტსივრცეში, სხვადასხვა წყაროებიდან მე თვითონ მოვიძიე ინფორმაციები ამ სფეროს ირგვლივ და მივხვდი, რომ რაღაცით ჰგავს იმას, რაც მე მაინტერესებს. პროფესიით პედაგოგი ვარ, სწავლების მოთხოვნილება და ინფორმაციის გადაცემის უნარი ჩემში ყოველთვის იყო. ბავშვობაში თოჯინებს ჩავამწკრივებდი და თითქოს მასწავლებელი ვიყავი, მათ ვასწავლიდი. რაც შეეხება კითხვას, რისთვის არის ქოუჩი და ქოუჩინგი საჭირო. თუ ფსიქოლოგი ადამიანს პრობლემიდან გამოსვლაში ეხმარება, ქოუჩი ეხმარება წარმატებულ ადამიანს კიდევ უფრო მეტად წარმატებული გახდეს, მოტივირებულ ადამიანს კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მოძიებაში. ქოუჩი მუშაობს იმასთან, ვინც ანთებულია, რაღაცის გაკეთების წყურვილი აქვს და ვერ ხვდება, ვერ გადაუწყვეტია საიდან და როგორ დაიწყოს. ქოუჩის მოვალეობაა ბიძგი და მიმართულება მისცეს ასეთ ადამიანს, ცეცხლი დაუნთოს, საკუთარ თავში რწმენა გაუღვიძოს. თავისი კარგი და ცუდი დაანახოს და ასწავლოს როგორ გამოიყენოს ეს ცუდი სათავისოდ კარგად.
-“დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ქოუჩინგზე და მის სიკეთეებზე, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე ეს სიკეთეები.” – წერთ სოციალურ ქსელში. რა სიკეთეებს გულისხმობთ, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ.
-ქოუჩი და ქოუჩინგი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. მე ძალიან მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. სულ ახლობლების აზრს ვითვალისწინებდი – დედის, მეუღლის, ნათესავის და მეგობრის. ვფიქრობდი, რომ ორმოცი წლის ასაკში ჩემთვის ცვლილებების დრო დასრულებული იყო. მე ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მენეჯერი ვიყავი საკმაოდ კარგ კომპანიაში, საკმაოდ კარგი ხელფასით. უცებ ხდება ისე, რომ მოვდივარ სამსახურიდან და ვიცვლი პროფესიას. თექვსმეტწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კომპანიიდან წამოსვლა ჩემთვის ძალიან გაბედული და მტკივნეული ნაბიჯი იყო, მაგრამ მიხაროდა იმ სფეროში შებიჯება, რომელიც ჩემი იყო.
-ქოუჩის ყველაზე მთავარი თვისება და უნარ-ჩვევა რა არის?
-პირველ რიგში ეს არის ემპათიის უნარი. ასევე პოზიტიური განწყობა, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, რადგან ცუდის შემთხვევაში, ყურებამდე გაღიმებული ვერ იქნები. ნეგატივშიც კი რაღაც გაკვეთილი უნდა დაინახო.
-რა თემებზე მუშაობთ და რა პრობლემით მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
-ძირითადად პიროვნულ განვითარებაზე ვმუშაობ. პროკრასტინაციის დაძლევა, თვითმარქვიას სინდრომი, მენეჯმენტი, მოტივაცია, თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, საკუთარ თავში რწმენა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. მოტივაცია შეიძლება იმიტომ აკლია ადამიანს, რომ დაბალი თვითშეფასება აქვს. დაბალი თვითშეფასება კი შეიძლება ბავშვობის ტრამვებიდან მოდიოდეს. სწორედ ამიტომ მეტაფორული ბარათებიც შევისწავლე. მუშაობის პერიოდში, როდესაც ემოციებს ვეხებოდი, ქოუჩინგი ცოტა მშრალი მეჩვენებოდა. მეტაფორული ბარათები ადამიანის ემოციებში უფრო მარტივად შედის, მათში წარმოსახვითი უნარი იღვიძებს და ემოციებზე უფრო ადვილად ვსაუბრობთ. ისეთ საკითხებზე ვმუშაობთ როგორიც არის- დანაშაულის, სირცხვილის, ბრაზის, შიშის, პატიების და მადლიერების გრძნობები. ამ დროს ჩემს სესიებში ზოგჯერ მეტაფორულ ბარათებს ვრთავ ხოლმე. ყველაზე ხშირად თვითშეფასების ამაღლების მსურველები მომმართავენ, ასევე ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მაგალითად, წამოვიდნენ თუ არა სამსახურიდან, ძირითადად კარიერული წინსვლა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები. არ ვმუშაობ პირად ურთიერთობებზე.
-უკუკავშირებზე რას გვეტყვით, რას ნიშნავს თქვენთვის თუნდაც ერთი ადამიანის შეცვლილი ცხოვრება, რა განცდა გეუფლებათ?
-უკუკავშირები, მადლობები და თბილი სიტყვები ჩემთვის დიდი მოტივაციაა ამ საქმეში. ერთმა გოგონამ ჯგუფში დაწერა რომ დეპრესია ჰქონდა, ჩემმა კლიენტმა მიუწერა, რომ არსებობს გოგო, რომელმაც მე დეპრესიიდან გამომიყვანაო. სინამდვილეში მე არ გამომიყვანია ეს გოგო დეპრესიიდან. მე ჩვეულებრივად ქოუჩსესიები ჩავუტარე, რაღაცები გავაკეთებინე. საკუთარი ჰობი გავახსენე, ასე გამოვიდა ეს გოგო რთული მდგომარეობიდან. ჩემი მომსახურებით კმაყოფილი დარჩა, შემდეგ დედა და და გამოუშვა ჩემთან. ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობ, რომ ტყუილად არ მიმიღია ქოუჩობის გადაწყვეტილება. ვამაყობ და მიყვარდება ჩემი თავი, რატომაც არა?!
-რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც თქვენს პროფესიას ეჭვის თვალით უყურებს? საკმაოდ ბევრნი არიან ასეთები, დამეთანხმებით.
-ძალიან კარგს შვებიან თუ ეჭვის თვალით უყურებენ. თუ ეჭვის თვალით უყურებ, მაშინ მოდი და თვითონ ნახე რა არის, საკუთარ თავზე გამოსცადე და შემდეგ ვნახოთ ისევ გექნებათ თუ არა ეჭვი. ნორმალურია, როდესაც რაც არ იცი იმას ეჭვით უყურებ. ხუთი წლის წინ, მეც არ ვიყავი აზრზე, რა იყო ქოუჩი და მეც მექნებოდა მსგავსი დამოკიდებულება. პრობლემა იმაშია, რომ ყველა სხვადასხვანაირად ირგებს ან იბრალებს ქოუჩობას, ფსიქოლოგობას, ეს ეჭვებიც ალბათ აქედან მოდის. ქოუჩს თავისი წესები და სტანდარტები აქვს. ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორია. ამიტომ ყველა ვერ შეძლებს ქოუჩობას, დაიწყებს და ერთ თვეში დაანებებს თავს.
-რატომ უნდა მოგმართონ მაინდამაინც თქვენ, მაშინ, როცა საკმაოდ ბევრი კონკურენტი გყავთ?
-კარგი კითხვაა. გეთანხმებით, ძალიან ბევრნი ვართ და კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. იცით, კიდევ უფრო რატომ მომწონს ქოუჩობა და რატომ მიყვარს ქოუჩები?! მე სხვებს კონკურენტებად არ ვთვლი. ასეთ მეტაფორას მოვიყვან, ჩვენ ყველანი ვიტამინები ვართ, ოღონდ სხვადასხვა ვიტამინები. ადამიანებისთვის სხვადასხვა სარგებელი მოგვაქვს.
მე რატომ უნდა მომმართონ?! ჩემთან ძალიან ბევრ პოზიტივს და უზარმაზარ მოტივაციას მიიღებენ, რომელიც კარგა ხანი გაჰყვებათ. მაქსიმუმს ჩავდებ იმაში, რომ ჩემთან მოსულმა ადამიანმა დასახულ მიზანს მიაღწიოს. მე ტრენერობასაც ვითავსებ და ისეთ თემებს ვამუშავებ როგორიცაა – პროაქტიულობა, რაც ყველაზე მთავარი უნარია ცხოვრებაში, იმისათვის რომ ადამიანი წარმატებული იყოს. ასევე სხვა ბევრ თემას. დროდადრო ვაკეთებ წამახალისებელ აქტივობებს, რაც გულისხმობს ბონუსად დამატებით კონსულტაციას, ტრენინგებსა და ვებინარებს. არ ვწყვეტ პიროვნულ ზრდას. მაქვს კარგი ქეისები, რომლითაც ამაყი ვარ და მშვიდად ვარ.
-ეს ნამდვილად ის პროფესია და საქმეა, რომელიც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ და რომელშიც თავს ათი წლის შემდეგაც ხედავთ?
-თუკი წარმატებას შემოსავლით გავზომავთ, წინა სამსახურში მეტი შემოსავალი მქონდა, მაგრამ აქ მე სხვა შემოსავალი მაქვს. ბედნიერი, გახარებული და კმაყოფილი ვიღვიძებ. აბსოლუტურად შეცვლილი ვარ, მანერებით და ტონითაც კი. ხშირად ვამოწმებ ჩემს თავს და ზუსტად ვიცი რომ ათი წლის შემდეგაც ამ სფეროში ვიქნები. ჩემს თავს ტრენერად და სამოტივაციო სპიკერად ვხედავ. მინდა ძალიან მაგარი ტრენერი გავხდე. ძირითადად გაყიდვების სფეროში, სადაც ოცწლიანი გამოცდილება მაქვს.
-ანა, ჩვენი საუბრის ბოლოს, მივცეთ ადამიანებს რჩევები, როგორ გავხდეთ წარმატებულები და როგორ მივაღწიოთ მიზანს, რა არის ამისთვის საჭირო და აუცილებელი?
-ძალიან ბევრი ქოუჩი და ფსიქოლოგი გვირჩევს- თქვენი მიზნები და სურვილები გააჟღერეთ და გაუშვით სამყაროში. მოდით, ნურაფერს ნურსად ნუ გაუშვებთ. მიზანი იქნება ეს თუ სურვილი, კარგია რომ იყოს ქაღალდზე დაწერილი. ნაბიჯების გადადგმას რომ დაიწყებ და ცვლილებები დაგეტყობა, ეს იქნება უკვე შედეგი და პასუხი იმ ადამიანებისთვის, შედეგით აჩვენე, ნუ ილაპარაკებ.
არც წარმატების, არც მიზნის მიღწევა მარტივი არ არის. მიზნის მიღწევის შემდეგ რომ არ თქვა, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერიო, თვითონ პროცესი უნდა გახადო სასიამოვნო, რაც ნიშნავს ყოველდღიურობაში რამე კარგის პოვნას. თუნდაც მაღაზიაში ჩასულმა კონსულტანტს გაუღიმო და მადლობა უთხრა, ვიღაცას დაეხმარო, ლამაზად ჩაიცვა და ა.შ.. ყოველთვის ყველაფერში კარგი დაინახე. ყოველდღიურად, თუნდაც რაღაც პატარა ნაბიჯი გადადგი, გამოგივიდა?! რაღაცით აღნიშნე, ან საჩუქარი უყიდე საკუთარ თავს, ან მეგობრებთან ერთად სადმე წადი, დააფიქსირე ეს მომენტი, ტვინმა დაიმახსოვროს რომ შენ მაგარი ტიპი ხარ. რაღაცას მიაღწიე, წინ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი და კიდევ ბევრს მიაღწევ. არ გაჩერდეთ ერთ ადგილას, თუნდაც უკვე მიღწეულზე, გწამდეთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მიაღწიეთ რაღაცას?! ცოტა შეისვენეთ და განაახლეთ შემდეგ მიზანზე მუშაობა და ასე მუდმივად… იყავით სულ მოძრაობაში.
ავტორი: ნინო გონგაძე
ანა კვატაშიძესთან დასაკავშირებლად გახსენით ლინკი: https://shorturl.at/hlzP1