fbpx

“ქვაზე მონადირე” რომანტიკული ნამუშევრებით

ავტორი ნინო გონგაძე
281 ნახვა

ქვის ხელოვნება- ეს ის მიმდინარეობაა, რომლითაც ჩემი რესპონდენტი ხუთი წლის წინ დაინტერესდა და დღეს უკვე ასზე მეტი ნამუშევრის ავტორია.
ამბობს, რომ რომანტიკული არ არის, მაგრამ მის ნამუშევრებში ყველაზე მეტად სწორედ რომანტიკულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები სჭარბობს.
თავის თავს ხუმრობით “ქვებზე მონადირეს” ეძახის. როდესაც მის მიერ ქვაში გაცოცხლებულ პერსონაჟებს დაათვალიერებთ მიხვდებით, რომ დავითი მართლაც კარგი მონადირეა 🙂

დავით გოდელაძე: ყველაფერი ასე დაიწყო: თბილისის ერთ-ერთ სკვერში მეგობარს ველოდებოდი, დრო რომ გამეყვანა ქაოსურად გაშლილი ქვების შეგროვება დავიწყე. უიდეოთ, გაუაზრებლად ვაწყობდი. გართობის მიზნით დაწყებულმა საქმემ ბოლოს ორი შეყვარებული ადამიანის ფიგურა მიიღო. დასრულებული ფიგურები რომ დავინახე იმდენად მომეწონა, გამიჩნდა იდეა ეს ქვები ხის დაფაზე დამემაგრებინა, ჩამესვა ჩარჩოში და ინტერიერი გამელამაზებინა. ქვები სახლში წამოვიღე და კომპოზიცია დავასრულე. ამის შემდეგ დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციების მოძიება ამ მიმდინარეობის შესახებ. აღმოვაჩინე ორი ადამიანი, რომელიც ამ საქმით პროფესიონალურ დონეზეა დაკავებული, ერთი იტალიელია, მეორე უნგრელი.
-საქართველოში შენს გარდა, არის ვინმე ამ მიმდინარეობის მიმდევარი?
-საქართველოში მე ვიყავი პირველი, ვინც მსგავსი ნამუშევარი გააკეთა. ჩემს შემდეგ იყო ერთი ქალბატონი, რომელიც დღეს ამ საქმით აღარ არის დაკავებული. მე ვგულისხმობ უშუალოდ პროფესიონალურ დონეზე ცოდნას, თორემ გართობის მიზნით შეიძლება ვინმემ ერთი-ორი რაღაც გააკეთოს და ინტერნეტში დადოს.
-პროფესიონალურ დონეზე ეს ცოდნა შენ ინტერნეტიდან მიიღე? დევს ვიდეოები, საიდანაც შეიძლება ამ ხელოვნების შესწავლა?

-რაღაც მასალა დევს ინტერნეტში, მაგრამ არა თვითონ მუშაობის პროცესი, საიდანაც სწავლა შეიძლება. ამის გამო, თავიდან ბევრი შეცდომაც მომსვლია. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომელი წებო, რა მასალა გამოიყენო და ა.შ. ამ კუთხით ძალიან ბევრი ცდა მაქვს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ხელოვანი ვარ.

-რას ნიშნავს შენთვის ქვაზე მუშაობა, როგორი ენერგეტიკა აქვს ქვას?
-ქვაზე მუშაობა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს პროცესი იმდენად მსიამოვნებს, რომ ყველანაირ სირთულეს გადაწონის. ძალიან ბევრი ფიქრი სჭირდება ქვაზე მუშაობას. მოძიება, დაკვირვება.. თავიდანვე წარმოდგენა იმისა, თუ რა გამოვა ბოლოს. ქვების ძალიან ბევრი კომბინაცია უნდა მოისინჯოს, რადგან თითოეული დეტალი რეალურ ფორმებთან და ფიგურებთან იყოს მიახლოებული. ქვას ძლიერი ენერგეტიკა აქვს. თავდაპირველად ჩემს დასრულებულ ნამუშევარს რომ ვუყურებდი და ვიაზრებდი რისგან იყო გაკეთებული, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. სხვებიც აღნიშნავენ რომ ჩემი ნამუშევრებიდან პოზიტიურ ენერგია მოდის.

-სად პოულობს ქვებს “ქვებზე მონადირე”? ნებისმიერი ფორმის ქვა არის შენთვის საინტერესო?

-ქვების შეგროვება არანაკლებ სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, ამ დროს იმდენად შევდივარ აზარტში, დილას გასულს ისე დამაღამდება, შეიძლება დროის გასვლა ვერ გავიგო. ქვებზე მონადირემ თავიდან ქვების მოძიება ქარელში, მტკვრის ნაპირზე დაიწყო. დღეს უკვე ყველგან, სადაც ქვა მომეწონება, შემიძლია ჯიბეში ჩავიდო და წამოვიღო. გარდა ამისა, მეგობრებიც მიგროვებენ ქვებს, ზღვის ნიჟარებს, მინებს… ჩემთვის ნებისმიერი ფორმის ქვა საინტერესოა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ქვა სიმძიმის გამო არ წამომიღია. მერე მომსვლია რაღაც იდეა და მიფიქრია რომ სწორედ ის დატოვებული ქვა გამომადგებოდა და მინანია.
-რა პროცესს და გზას გადის ქუჩაში ნაპოვნი ქვა ხელოვნების ნიმუშად ქცევამდე?
-მე ქვას არ ვამუშავებ, მათ ბუნებრივი ფორმით ვიყენებ. ზოგადად ჩემთვის ბუნებრივი ფერის ქვა უფრო მიმზიდველია, ვიდრე გალაქული ან შეღებილი. თუმცა ზოგჯერ მიწევს მათი გამოყენება.


-კომპოზიციების აწყობა როგორ ხდება, სანამ დაჯდები სამუშაოდ წინასწარ იცი რას გააკეთებ, თუ ქვებს რომ გადააავლებ თვალს იმის მიხედვით იწყებ აწყობას?

-ძირითადად ვიცი, მაგრამ წინასწარ განსაზღვრა მაინც რთულია. შეიძლება დავჯდე, რაღაც თემა მქონდეს ჩაფიქრებული, მაგრამ ქვების ფორმამ სხვა მიმართულებით წამიყვანოს და სხვა ნამუშევარი გამოვიდეს, ასეც ხდება.

-შენი საყვარელი თემა რომელია?
-რომანტიკულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები მიყვარს, ცოტა ალოგიკურია, მაგრამ ვფიქრობ, რომ რომანტიკული ადამიანი არ ვარ. მიყვარს ოჯახების, ცხოველების აწყობა. მაქვს ბუების სერია, ტექნიკაც განსხვავებულია და სხვანაირად ლამაზი გამოდის.
-რა გარემოში გიყვარს მუშაობა, რა მოთხოვნები გაქვს ამ დროს?

-ორგან ვმუშაობ თბილისში და ქარელში. ამათი კეთება თავიდან ქარელში დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან პატარა სივრცე მაქვს სამუშაოდ, კორპუსის ბინის ერთი ოთახი, მაინც არ ვწუწუნებ, იმდენად მიყვარს ეს საქმე. ძირითადად უფრო ღამის საათებში ვმუშაობ. სამსახურის შემდეგ, ეს ერთგვარი განტვირთვაც არის. ამ დროს მარტოობა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი დაკვირვება და კონცენტრაციაა საჭირო. ოჯახის წევრები გაფრთხილებული მყავს რომ მუშაობის დროს ხმა არავინ გამცეს.

-რა განწყობა სჭირდება ქვაზე მუშაობას და რა სიხშირით ხარ დაკავებული ამ საქმით?

-არც ძალიან კარგი, არც ძალიან ცუდი, საშუალო განწყობაა საჭირო. სიხშირეს რაც შეეხება არის პერიოდი, როდესაც არაფრის კეთება არ მინდა, ეს შეიძლება ორი თვეც გაგრძელდეს. შემდეგ მოდის მუზა და ერთიანად ვიწყებ კეთებას. ამ დროს რაღაც ხმა მეუბნება რომ სამუშაოდ მზად ვარ, გამომაქვს ქვები, ვშლი იატაკზე და ვიწყებ კეთებას. ყოფილა შემთხვევა დღეში ოთხი კომპოზიცია ამიწყვია.

-დავით, შენს სამომავლო გეგმებში რა შედის?
-მინდა დიდი ზომის ფორმატებზე გადასვლა, იმისათვის, რომ უცხო და განსხვავებული შევთავაზო დამთვალიერებელს, ერთიდაიგივე რომ არ მობეზრდეთ. მაქვს სახელოსნოს ქონის სურვილი. ვფიქრობ გამოფენის გაკეთებაზე, პირველი პერსონალური გამოფენა რამდენიმე თვის წინ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მქონდა. მეორეს რამდენად და როდის მოვახერხებ ჯერ არ ვიცი. რადგან ფასიდან გამომდინარე საქართველოში ცოტა რთულია ჩემი ნამუშევრების გაყიდვა, გეგმაში მაქვს მათი ქვეყნის გარეთ გატანა და უცხოური ბაზრის ათვისება.

-როგორც მითხარი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული ხომ არ აპირებ სამომავლოდ ბიზნესში წასვლას?

-არ ვიცი, ვნახოთ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ხელოვნება იმდენად მიყვარს, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ. ძალიან დიდი რელაქსი და პოზიტივი მოდის აქედან. მე ეს საქმე მაბედნიერებს.

ავტორი: ნინო გონგაძე

დავით გოდელაძის ნამუშევრების სრულად დათვალიერება და შეძენა მსურველებს შეგიძლიათ ფეისბუქ გვერდზე “ქვართული”.

ლინკი: https://shorturl.at/dnuyz

მსგავსი სტატიები

Leave a Comment