ასე თუ ისე ყველა დედა ასწავლის თავის ქალიშვილს საჭმლის კეთებას, ასწავლის დალაგებას, დარეცხვას. რისთვის? იმისათვის, რომ მათი შვილები იყვნენ კარგი დიასახლისები ქმრებისთვის.
სამწუხაროდ არცერთი დედა არ ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ იყოს თავის ქმრის საუკეთესო საყვარელი, როგორ იყოს მუდამ სასურველი ქალი.
ასე თუ ისე ყველა მამა ასწავლის თავის ვაჟიშვილს იმ საყოფაცხოვრებო საქმეს, რაც თავად იცის. ასწავლის თავდაცვას, თავდასხმას, ასევე ურთიერთობებს, ქალის პატივისცემას. თუმცა ცოტა თუ ასწავლის, როგორ მოექცნენ ისინი პირველ ღამეს თავის ქალწულ მეუღლეს. ამისათვის მამებს, ბიძებს საკუთარი ვაჟიშვილები მიჰყავთ გამოცდილ ქალებთან და ფიქრობენ, რომ ეს ქალები ასწავლიან მათ იმას, რაზეც არ ჰყოფნით გამბედაობა თავად ისაუბრონ, რაზეც სირცხვილია საუბარი, რაზე საუბარიც არ შეშვენის მამა-შვილს. სამაგიეროდ შეშვენის ვაჟის წაყვანა ქალებში. მათ ხომ გამოცდილება უნდა დააგროვოს, მანამ, სანამ ქალწული ქალს შეირთავენ?!
გადის დრო. თქვენი შვილები ოჯახდებიან. იწყება პრობლემები და გვირგვინდება განქორწინებით.
იქნებ დროა რაღაც შეიცვალოს?
რამდენი ოჯახია თქვენს ირგვლივ დანგრეული?
და შევადაროთ მათი რიცხვი ბედნიერი ოჯახების, წყვილების რაოდენობას.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრ ისტორიას ვისმენ, რომელიც სექსუალურობას უკავშირდება, სექსუალურ აღზრდაში დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება. ფსიქოტერაპევტთან სატრაბახოდ არავინ დადის (ყოველ შემთხვევაში ჩემთან). ადამიანი მოდის პრობლემებით და ვცდილობთ დავალაგოთ ისინი.
დღეს, XXI-ე საუკუნეში მოდურია სექსზე ლაპარაკი, აქტიური სექსუალური ცხოვრება, თუმცა არ ვფიქრობთ შედეგებზე. სექსუალურობაზე, სექსზე ვსაუბრობთ იქ, სადაც არ არის საჭირო და არ ვსაუბრობთ იქ, სადაც საჭიროა. ეს არის რეალური პრობლემა. საუბრობენ ისინი, ვისაც არაფერი ეკითხებათ სხვის საცვლებში, ხოლო ვისაც ჩვენზე ნამდვილად გული შესტკივა მათთან საუბარი გვერიდება.
ამ წერილის მიზანი არის ადამიანის დაფიქრება. რას ვაკეთებ და ვისთან?! საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას განვიხილავ დაქალთან, ძმაკაცთან? იქნებ მშობელს დავლაპარაკებოდი?! ეს ძირითადად ეხებათ ახალგაზრდებს. რატომ? იმიტომ რომ ასაკია: – თუ არ შეგეკითხე, ნუ ჩაერევი. ამ დროს მშობელი უძლურია.
ეს წერილი ასევე ეხება მშობელს. მაშინ, როდესაც ბავშვი პატარაა და სვამს ბევრ შეკითხვას, ღიაა მშობლისგან მიიღოს ბევრი ინფორმაცია, ნუ მოგვერიდება ამ თემებზე საუბარი. არიან მშობლები, რომლებისთვისაც ეს არ არის პრობლემა, თუმცა არიან მშობლები, რომელებისთვისაც უხერხულობის, რიდის, სირცხვილის განცდის მომტანია გარკვეულ თემებზე საუბარი.
ამ წერილმა თუნდაც ერთი ადამიანი რომ დააფიქროს, ჩავთვლი, რომ მიზანი მიღწეულია.
ანასტასია ნათია მარღანია
ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი