fbpx

„ასჯერ რომ დაეცე, უნდა წამოდგე და გზა გააგრძელო“ – 25 წლის მსოფლიო ჩემპიონის ისტორია ამერიკიდან

ავტორი ჟოლო
247 ნახვა

ამერიკაში, ამ ქართველი ბიჭის ნაცნობობით უცხოელები ამაყობენ და ჩვენი მეგობარიაო ხარობენ. 25 წლის გიორგი ჯიქია, უკვე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

გიორგი ზუგდიდში გაიზარდა, კარატეზე 4 წლისა ნათლიამ და მშობლებმა შეიყვანეს და მას შემდეგ 21 წელია ამ სპორტის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. სურს კარიერაში მაქსიმუმს მიაღწიოს, მისი  მაქსიმუმი ოლიმპიადაა. ამ  ეტაპზე ეს არის ჩემი ოცნებაც და მნიშვნელოვანი მიზანიცო, ამბობს.

გიორგი ჯიქია: კარატეზე როცა შემიყვანეს, ისეთი პატარა ვიყავი რომ ვარჯიშზე მეძინებოდა და ამაზე დამცინოდნენ. პირველი გამარჯვება სამეგრელოში, ერთ-ერთ პატარა ტურნირზე 9 წლის ასაკში მოვიპოვე. ემოცია ძალიან დიდი იყო, რადგან 5 წელი ველოდებოდი, როდის გამიყვანდნენ შეჯიბრზე. გავიმარჯვე და პირველი ადგილის მფლობელიც გავხდი…

ამის შემდეგ 12 წლამდე ვიმარჯვებდი საქართველოს მასშტაბით, მერე იყო გამარჯვებები თურქეთში, უკრაინაში. 13 წლისა იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე, ტოკიოში ოთხი ბრძოლა მოვიგე, მეხუთე ბრძოლაში იაპონელს შევხვდი და იაპონიაში იაპონელი დავამარცხე.

ამ გამარჯვებებით საქართველოს სპორტში ჩემი სათქმელი ვთქვი და ჩემი ადგილიც დავიმკვიდრე. სპორტის სამინისტრომ ბევრი საჩუქრითა და ფულადი პრიზებით დამაჯილდოვა. ასე დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა. რაც სხვადასხვა ქვეყანაში გაგრძელდა… ევროპა და აზია თითქმის შემოვლილი მაქვს.  21 წლის ბელგიაში წავედი, შემდეგ ამერიკაში ჩამოვედი და ორი წელია აქ ვარ.

დამოუკიდებელ ცხოვრებას ძალიან ადრე მივეჩვიე. 14 წლის ასაკიდან ჩემი დაჟინებით თბილისში მარტო გადავედი საცხოვრებლად. ჩემებს არ უნდოდათ და ზუგდიდში დამაბრუნეს… მაგრამ ისევ წავედი, დიდი მიზნები მქონდა… ბევრჯერ დამაბრუნეს უკან, ხან ვის მიმართეს და ხან ვის, მერე ნათესავს მიმაბარეს. ბოლოს მიხვდნენ, რომ უნდა მიეცათ ჩემთვის მარტო ცხოვრების უფლება, რომ ცუდს არაფერს გავაკეთებდი…

ამერიკაში

ამერიკაში  პირველი 3-4 თვე საოცარი იყო, მილიონერთან ერთად ვცხოვრობდი,  ბელგიაში გავიცანი, დავმეგობრდით და თავის სახლში ცხოვრება და თავისი ბიზნესის მართვა შემომთავაზა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, სანამ ქართველი არ ჩაერია, თავისი ავი ზრახვებით… სამწუხაროდ ამის შემდეგ ჩემსა და ჩემს უცხოელ მეგობარს შორის გაუგებრობა მოხდა და იძულებული გავხდი წამოვსულიყავი.

ქუჩაში აღმოვჩნდი… ზამთარში, 25 დეკემბერი იყო, ორი დღე ქუჩაში მეძინა… იმდენად მტკიოდა ეს ყველაფერი, რომ სიცივესაც ვერ ვგრძნობდი, არავინ და არაფერი მინდოდა. ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და იმ სასტუმროში მივედი, სადაც ქართველები იყვნენ. რაღაც პერიოდი საშინელ პირობებში მომიხდა ცხოვრება. ჩემს ოთახში სამი ადამიანი იყო და სამივე ნარკომანი…

დავიწყე მუშაობა, ფული შევაგროვე და საცხოვრებელი შევიცვალე. ელექტროობაზე ვმუშაობდი, პარალელურად ვვარჯიშობდი, მემატებოდა ფული, გამოცდილება, ვმონაწილეობდი ტურნირებში… ერთი ძალიან დიდი ტურნირი მოვიგე და ერთმა ადამიანმა შემომთავაზა ჩემი მოსწავლეები კვირაში 5 დღე ავარჯიშე და ჩემს საცხოვრებელს მოგცემ უფასოდო. მას შემდეგ ერთი წელი იმ ადამიანთან ვარ.

5 ტურნირზე გავედი და ხუთივეჯერ გრამპრი მოვიგე. აქ აბსოლუტური წონის მოგების შემთხვევაში ფულადი ჯილდოებიც არის… მე 5 აბსოლუტური წონა მოვიგე.

აგვისტოში ძალიან მნიშვენელოვანი შეჯიბრები მაქვს ლას-ვეგასსა და ლოს-ანჯელესში მსოფლიო სანაპიროს, მსოფლიო თამაშები იმართება. ალბათ 100 ქვეყანაზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. ამისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადო და საუკეთესო შედეგი დავდო, დიდ ტურნირზე გავალ და ამ შედეგებით ოლიმპიურ ქულებსაც ავიღებ.

ვისაც წარმატების მიღწევა უნდა…

იმისთვის რომ გამარჯვება მოიპოვო საჭიროა ძალიან ბევრი შრომა, სპორტული დისციპლინა, სწორი კვება, თავის დროზე ძილი და ბევრ რამეზე უარის თქმა… ჩემი თანატოლები რომ მეუბნებოდნენ, წამოდი ბურთი ვითამაშოთ, გავერთოთ, მეგობარი გოგონები სადმე დავპატიჟოთო – უარს ვამბობდი…  ყველაფერს მოვწყდი,  მე არც ბავშვობა მქონია. 13 წლის ასაკში უკვე დიდ სპორტში შევედი, მანამდე კი ძალიან ბევრს ვშრომობდი, სხავანაირად აქამდე ვერ მივიდოდი. ცოტა მეგობარი მყავდა, ახალგაზრდულ ცხოვრებას მოწყვეტილი ვიყავი.  ეს უარი ჩემმა დიდმა მიზანმა მათქნმევინა. ძალიან მინდოდა ჩემი ოჯახისთვის შემეცვალა ცხოვრება. პირველ რიგში დედისთვის დამეფასებინა ის შრომა, სიყვარული და ამაგი რაც ჩემში ჩადო. ძალიან თბილი ადამიანია და 21-ე საუკუნისთვის ზედმეტად კეთილი და პატიოსანი. მამაც ასეთია და ვოცნებობ რომ იმათნაირი ვიყო.

დღესაც მინდა იამაყოს დედამ ჩემი კარგი ადამიანობით, ჩემი კარგი სპორტსმენობით და ამით იყოს ბედნიერი, გაუხალისო წლები და დავუტკბო ცხოვრება. ეს იყო ერთ-ერთი  მიზეზი იმის რომ ყოველთვის უფრო მეტი მინდოდა… არასოდეს ვკმაყოფილდებოდი იმით რაც მქონდა. სხვა ქვეყნის ინტერესი მქონდა. მეტი შესაძლებლობების …

წარმატებისთვის რეჟიმში უნდა იყო. განათლებასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ეს აუცილებელია. მე ამის გამო ბევრ რამეს ჩამოვრჩი. ახლა რამდენიმე ენას ერთად ვსწავლობ.

იცით  როგორი პროგრესი განვიცადე ამ ორ წელში ამერიკაში? საკუთარ თავსა და გამარჯვევებზე ვერასოდეს ვსაუბრობდი, მრცხვენოდა ლაპარაკი. წაგებულები საუბრობდნენ ჩემს ნაცვლად. ახლა ეს შეიცვალა, თავდაჯერებულობაც შემძინა აქ ყოფნამ, ახლა ვიცი რომ მჭირდება კონკრეტულ მიზნამდე და გზამდე მისვლა და ამისთვის საკუთარ გამარჯვევებზე საუბარიც საჭიროა.

მიზნები აუცილებლად უნდა დაისახო და ეს  მიზანი ძალიან დიდი უნდა იყოს, რადგან პატარა მიზანი ადვილად მისაღწევია. დიდ მიზნამდე კი სანამ მიხვალ ვითარდები, გამოცდილებას ღებულობ, ბევრ შედეგს დებ…  ყოველთვის ვიცოდი რომ წარმატებული ვიქნებოდი. 7-8 წლის ასაკიდან სულ ვამბობდი მეგობრებში, ოჯახში, ახლობლებში, რომ უცხოეთში წავიდოდი და ჩემპიონი გავხდებოდი. ჩემს სპორტში ვინც კი იყო საუკეთესო იმის ცხოვრებას დეტალურად ვსწავლობდი და თავს ვარწმუნებდი რომ მეც ისეთივე ვიქნებოდი.

ეჭვიანი ვიყავი და ყოველთვის მქონდა ჩემი თავის იმედი. ასევე პასუხისმგებლობა ჩემთვის იყო პირველი. ჩემი სიტყვა ჩემთვის დღესაც პირველია.

პრინციპმა, ჩემი სიტყვის შესრულებამ, ჩემმა ეჭვიანობამ, დამარცხების შემდეგ წამოდგომამ, ისევ ბრძოლაზე ფიქრმა და განვითარებამ მიმიყვანა წარმატებამდე… ცხოვრება ომია, ომში ძლიერები და მებრძოლები იმარჯვებენ. ასჯერ რომ დაეცე უნდა წამოდგე და გზა გააგრძელო.

 მასწავლებელი – გოგიტა არქანია

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდება. მეც შემხვდა ასეთი დიდი ადამიანი, გოგიტა არქანია. მსოფლიოში საუკეთესო მოჩხუბარი და მებრძოლი და არა მარტო საუკეთესო მებრძოლი, საუკეთესო ადამიანიც, რომელიც ჩემთვის არის მასწავლებელიც, დიდი მეგობარიც და კაცობის მაგალითიც.

გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონია, ბევრი პრემიერ ლიგისა და ევროპის გამარჯვებული და ახლა  ოლიმპიადისთვის ემზადება.

სანამ უცხოეთში წავიდოდი რამდენიმე თვე მასთან ვცხოვრობდი, ზალიან ზრუნავდა ჩემზე, მაძლევდა საჭმლისა თუ გზის ფულს…  დავყავდი შეჯიბრებებზე. როცა თვითონ იწვევდნენ მე არ მტოვებდა – კარგი სპორტსმენია, ჩავრთოთ დიდ სპორტში, ვასწავლოთ დიდი ცხოვრებაო.  ჩემი სპორტული კარიერისა თუ სპორტული აზროვნების 95 პროცენტი ამ ადამიანმა შეცვალა, უფრო თანამედროვე, სხვა კარატე დამანახა. მე მაშინ ვისწავლე კარატე. მაშინ ვისწავლე ადამიანობა და მადლობა მას ამისთვის. ახლა ვცდილობ ის, რაც მისგან მივიღე ჩემს მოსწავლეებს გადავცე…

პატარა სპორტსმენები ამერიკაში

ჩემი ბავშვები დისციპლინით გამოირჩევიან… ვცდილობ ჩემი ასლი იყვნენ ჩხუბშიც.7 თვეა რაც კლუბი გვაქვს და რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ უკვე. ჩემი მოსწავლე ჩემი სახეა. ჩემი ნამუშევარი. ჩემი სიამაყე. პირველ რიგში დისციპლინას, სიყვარულს, მეგობრობასა და ერთმანეთის პატივისცემას ვასწავლი.

იციან, როდესაც ერთმანეთი გვეყვარება და პატივს ვცემთ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით. უფრო წარმატებული ადამიანები და კარგი კაცები გავიზრდებით. პატარები არიან, მაგრამ ესმით რასაც ვეუბნები და ვფიქრობ ამ მხრივ გამიმართლა.

ქართველების ჯგუფში 11 ბავში მყავს. ჩემი კლუბის გარდა კიდევ სამ კლუბს ვავარჯიშებ, მაგრამ ის სამი სხვისია… მინდა ბევრი ქართველი მყავდეს. ჩემი ბაზა, გამოცდილება, ის რაც გამაჩნია, მინდა ქართველებისთვის იყოს. ყველა ამბობს, რომ მაქვს განსაკუთრებული იდეები სპორტში, განსაკუთრებული ილეთები, განსაკუთრებული მიდგომა, განსაკუთრებული აზროვნება და მინდა ეს ჩემებს მივცე, ჩემიანებთან დარჩეს, რომ კარგი სპორტსმენები გავზარდო, კარგი კაცები დადგნენ და მერე ამით ჩვენვე ვიამაყოთ.

საქართველო

წლების შემდეგ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. რადგან იმ დიდ სიყვარულს რაც ჩემს სამშობლოშია აქ ვერასოდეს მივიღებ. აქ არ სცალიათ ადამიანებს გრძნობებისთვის, არ სცალიათ სიყვარულისთვის. არც ისეთი მეგობრობა იციან, როგორც ჩვენთან. თუმცა, ვიცი რატომაც არის ასე. დროის გამო. ყველა უთენია დგება და გვიანობამდე სახლში ვერ ბრუნდებიან.  აქ ავტომატურად გადადიხარ რობოტის რეჟიმში.

მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ ამერიკის. ოცნების განხცორციელებაში მეხმარება. ყველა ემიგრანტი უნდა იყოს ამერიკის მადლიერი. ამერიკა მომავალს გვაძლევს.

აქ ყოფნით იმის შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ჩვენით ბევრი ადამიანი იყოს ბედნიერი…

მე, ჩემი მეგობრები და ბევრი ქართველი ემიგრანტი ვაგროვებთ ტანსაცმელს, ფულს , სხვადასხვა ნივთებს და ვაგზავნით საქართველოში. Helping hands  – ეს სიკეთის ჯგუფია, რომლის მთავარი ორგანიზატორი შორენა მოსიძე გახლავთ.  ჩემი მეგობარი ერთი თვეა საქართველოში იმყოფება და იმდენი ოჯახი გაახარა, რომ ძალიან ბედნიერები ვართ ამით ყველა… გორში, ქუთაისში, თბილისის ბევრ უბანში დადის და ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს ურიგებს მათ ვისაც ეს სჭირდება. ძალიან მინდა ამაში ბევრი ადამიანი ჩაერთოს. დღეს შორენა და თავისი გუნდი ჩემთვის არის სამაგალითო, გმირები არიან,  რადგან თავიანთი შრომით მოპოვებულს სხვებსაც უნაწილებენ. სამომავლოდ მინდა გავაკეთო ვებსაიტი „კოლხეთი ამერიკაში“ და ამ საიტის მეშვეობითაც დავეხმაროთ ყველას. ძალიან ბევრ ამერიკელს ვიცნობ, ბევრი მცემს პატივს და აქედან გამომდინარე ვიცი, ბევრი ამომიდგება გვერდში.

რამდენიმე ხნის წინ ერთ ჩემს ახლობელს, რომლის დაც შშმ პირია, მივწერე ფოტო გამოეგზავნა ჩემთვის, ვიფიქრე დამედგა ყველა იმ სპორტულ დარბაზში ყუთი, სადაც ბავშვებს ვავარჯიშებ, ჩაყრიდნენ ფულს და ასე გამოიჩენდნენ თანადგომას ამერიკელები, მაგამ იმდენად ეწყინა ეს იდეა ჩემს ახლობელს, რომ ახლა არ მელაპარაკება.

მე უბრალოდ მინდოდა, ამ მხრივაც ჩემი მცირე წვლილი შემეტანა ჩემი ქართველის კეთილდღეობისთვის…ძალიან მენატრება საქართველო, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. დედა მენატრება ძალიან….

მახსოვს, როგორ ლოცულობდა და ლოცვას მეც მაჩვევდა, შეჯიბრის წინა ღამეს  ყოველთვის ვლოცულობდით, სახლიდან გასვლის წინ სანთელს ვანთებდით. ეს იყო ჩემი ოჯახის რიტუალი. ეს დედაჩემის რიტუალი იყო.

დღესაც, შეჯიბრზე გასვლამდე ფორმას რომ ვიცმევ, პირჯვარს ვიწერ და ღმერთს შენდობას ვთხოვ …

ამით ვიწყებ ღმერთთან ლაპარაკს…

მენატრება საქართველოს ჰაერი, ქართული საჭმელი, ჩემი სოფლის ჭის წყალი … და ძალიან მინდა ის სიყვარული დაბრუნდეს ხალხში რაც ძველად იყო, რაც  წიგნებში წამიკითხავს, რაც ჩემი მშობლებისგან და ბებია-ბაბუასგან ვიცი. აი, ეს სიყვარული არ გვაქვს ახლა ქართველებს და ამაზე ძალიან მწყდება გული.

დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment