აუტოტრენინგი – ფსიქოლოგიური მკურნალობის ეს ტექნიკა ეკუთვნის გერმანელ ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს იოჰან ჰენრიხ შულცს.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში დოქტორი შულცი მკურნალობის მეთოდად ჰიპნოზს იყენებდა. იგი შთააგონებდა თავის პაციენტებს სიმშვიდეს, მოდუნების, ნაწილობრივი და სრული ძილის მდგომარეობას, სანამ არ შეამჩნია, რომ მათ თვითონ ძალუძთ შთააგონონ საკუთარ თავს იგივე მდგომარეობა.
რამდენიმე პაციენტზე მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებამ სასურველი შედეგი გამოიღო. მკურნალობის ასეთმა წარმატებამ შულცი მიიყვანა დასკვნამდე, რომ საჭირო იყო თვითშთგონების ხერხები ყოველი ავადმყოფისთვის ესწავლებინა. მან შეიმუშავა ნევროზის სამკურნალო ვარჯიშები, რომელთაც დაერქვა “აუტოგენური წვრთნა” ანუ აუტოტრენინგი.
აუტოტრენინგი შეუცნობლის შეგნებული მართვაა. წარმატების პირობაა ფხიზელი ანალიზი, შინაგანი ამოცანების ზუსტად დასახვა და რაც მთავარია, შინაგანი კონტროლი – საკუთარი “მე”-ს მართვა. რადაგან საკუთარი თავის კონტროლი ნიშნავს წარმატებას ყველაფერში, ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, რადგან იცის თუ რა უნდა საკუთარი თავისგან და როგორ მოახდინოს მასზე გავლენა.
თუ ადამიანი შინაგანად არ ესწრაფვის თვითსრულყოფას ვერავითარი დარწმუნება, მუქარა თუ ჰიპნოზი მასთან ვერ გაჭრის. შესაბამისად აუტოტრენინგის ხერხები ასეთ ადამიანზე ვერ იმოქმედებს. საჭიროა ყურადღების მაქსიმალური მობილიზება და საკუთარი თავისკენ მიმართვა.
ყურადღების მოკრების უნარი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია თვითშთაგონებისა, რომლის გარეშეც ეს ხერხი ყოვლად უსარგებლო იქნება. ყურადღება თვინიერიც არის და ჭირვეულიც. შინაგანი ძალა, რომელსაც თითქმის ფიზიკურად ვგრძნობთ, რაც დრო გადის, მით უფრო ჯიუტად ფანტავს ჩვენს ყურადღებას, თუ მას განსზღვრულ დროზე მეტს დავუთმობთ.
მაგალითად, მოსმენა საუბარზე უფრო ძნელია, რადგან ტვინი ისეთი მექანიზმია, რომელმაც შეიძლება რაღაც მომენტში გაგთიშოს არსებული რეალობიდან და სულ სხვაგან წაგიყვანოს. ზოგადად ყურადღება გაურბის იმას რაზეც ჩვენ მას ვამახვილებთ და ეტმასნება ყველაფერს გარდა იმისა, რაც ჩვენ გვჭირდება. ფსიქიკისათვის ყურადღების ყოველგვარი იძულება შრომაა და მხოლოდ ერთი ძალა ბატონობს მასზე-ემოციის ძალა. ყურადღების მოკრება ხდება მაშინ, როცა რაღაც ინფორმაცია პირდაპირი გზით აღვიძებს ემოციებს ან ეს ინფორმაცია სრულიად უცხოა ჩვენთვის. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ თვითშთაგონების მეშვეობით ადამიანმა სასურველ შედეგს მიაღწიოს.
ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება თუ როდის შეიძლება აუტოტრენინგის დაწყება. გულისყურიანი თვითდაკვირვების უნარი ადამიანს უვითარდება ასე 10-14 წლის ასაკში. დაახლოებით ამ ასაკშივე შეიძლება აუტოტრენინგის დაწყება. შეცნობილი შინაგანი ამოცანების დასმისთვის(სიმშვიდის მიღწევა, სიზარმაცის დაძლევა და ა.შ) გარკვეული ობიექტურობა და თვითკრიტიკის უნარია საჭირო. რა თქმა უნდა მყარი ასაკობრივი ზღვარის დადგენა შეუძლებელია. ზოგიერთ ადამიანს ინტელექტუალური მინიმუმი, რომლიც აუცილებელია თვითშთაგონებისთვის, არ გააჩნია. ხოლო ასეთ ადამინათან ძალიან რთულია აუტოტრენინგის მეთოდით მუშაობა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სიტვებს, თუ რა სახით უბრძანებ ან ეტყვი შენს თავს, ამა თუ იმ საქმის გაკეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სიტყვები არის ერთ-ერთი ეტაპი თვითშთაგონებისა. იგი ცნობიერის ენაა, რომელიც მიანიშნებს ქვეცნობიერს, აძლევს ძიების სქემას. თვითშთგონების სიტყვები ნაცნობი და უბრალო უნდა იყოს, რომელიც პირადად თქვენს სულს წვდება. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ სიტვები არ უნდა იყოს ბანალური და არც რთული კონსტრუქციის, რადგან ის ამცირებს აღქმის ეფექტურობას.
აუტოტრენინგის ფუნქციაა აღმოფხვრას ისეთი თვისებები, როგორიცაა შიში, სიზარმაცე, სიმორცხვე, უნებისყოფობა და სხვა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის არამარტო საკუთარი თავის დამკვიდრებაში, არამედ წარმატებაშიც და საერთოდ ცხოვრებაში.
თვალსაჩინოებისთვის განვიხილავ ადამიანის იმ შინაგან განწყობილებას, რომელსაც უნებისყოფობა ჰქვია. პირობათად მას ფიქრები “უნებისყოფობის სინდრომზე” შევარქვათ. ეს სინდრომი დამახასიათებელია 15-იდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. პიროვნება ჯერ კიდევ არ არის მთლიანად თვითდამკვიდრებული. მას მეტად თრგუნავს გარშემომყოფთა მოთხოვნები და მოლოდინი(მიდი მიაწექი, ისწავლე, წინ წაიწიე), რომელიც მალე საკუთარი ხდება.
უნებისყოფობა თავს მაშინ იჩენს როცა უამრავი “უნდა” გროვდება, რომელიც მძიმედ მოქმედებს არამარტო ცნობიერებაზე, არამედ ქვეცნობიერზეც; როცა თვითდამკვიდრებას ვერ ახერხებ, როცა ძნელია არჩევა და არჩევასთან მისვლაც გაფრთხობთ, რადგან ვიღაც გიჩურჩულებთ (ან თავად შენ უჩურჩულებ შენს თავს): „შეხედე, აი მას შეუძლია, ყოჩაღია, ის აკეთებს, აღწევს, შენ კი…” – ასეთი მდგომარეობა სახიფათოა. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარი თავის რწმენას, აქვეითებს თვითშეფსებას და ყველაფერი სულ ერთი ხდება. ყოველივე ამან შეიძლება ძალზე გართულებული სახე მიიღოს. მაგალითად, როგორიცაა “ლოთობა”, როცა იმისთვის თვრებიან რომ სასმელში ჩაახშონ, თუნდაც მცირე ხნით, უსუსურობის ქრონიკული შეგრძნება.
რა თქმა უნდა, უნებისყოფო ადამიანები, ისევე როგორც უგულო და უღვიძლო, არ არსებობენ. ფსიქოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ უნებისყოფო და ნებისყოფიანი ადამიანები არ არიან, არიან მხოლოდ ყურადღებისა და მეხსიერების სხვადასხვა ორგანიზაციის მქონენი, სხვადასხვა ჩაგონებადობისა და ემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობისგან დამოკიდებულებით.
თუ საყოველთაო სიტყვებს მოვიშველიებთ.„უნებისყოფო ადამიანი ისაა, ვისაც ამ წუთას სწამს, რომ ის უნებისყოფოა, ხოლო “ნებისყოფიანი”-ის ვისაც სჯერა, რომ ნებისყოფიანია”. განსხვავებას განსაზღვრავს თვითშთგონების განვითარებული ან განუვითარებელი უნარი, საკუთარი თავისადმი მტკიცე ან შელახული რწმენა.
ამ ყველაფრის დასაძლევად საჭიროა საკუთარი თავის ცოდნა და წინასწარი განჭვრეტა, შინაგანი ბერკეტის მოხერხებულად გამოყენება, დაძაბულობის ატანა, ადვილი და სასიამოვნო ცხოვრების მოწყობის უნარი. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკუთარი თავის დაძლევა, როგორც მტრისა, სასტიკი, განსაკუთრებული ზომების მიღება სისუსტის ნიშანია. მას ვისაც სურს მიაღწიოს რაიმე მყარსა და ფსიქიკურად ძლიერი იყოს, თავისთავთან მორიგება უნდა ისწავლოს. ამისათვის საჭიროა მოხერხებული მიდგომა საკუთარ თავთან, ისევე როგორც ნებისმიერ ადამინთან. ნათქვამია, ბრძენი მმართველი ისე მართავს, რომ მას ვერ ამჩნევენ.
აუტოტრენინგი ბევრის მომტანია ისეთი ადამიანისთვის, რომელიც მოტივირებულია საკუთარი თავის უკეთესობისკენ შესაცვლელად.
წყარო: https://oddcreature.wordpress.com/