fbpx

ახალბედა ბიზნესმენი სერიოზული გეგმებით

ავტორი Ann
219 ნახვა

„ყოველთვის არის გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ამ სინათლემდე მიღწევას ნაბიჯის გადადგმა და სიარული სჭირდება.“ – ამბობს და საკუთარ ამბავს გვიყვება…

16 წლის იყო, როდესაც საკუთარი შრომით გამომუშავებული ხელფასი აიღო და საქმემ იმდენად გაიტაცა, გადაწყვიტა ყოველთვის წინ ევლო.

„საკმაოდ მძიმე სამუშაო იყო, სადისტრიბუციო კომპანიაში საწყობის თანამშრომლად ვმუშაობდი, მაგრამ იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო საკუთარი შრომის გასამრჯელოს აღება, რომ მას მერე მუშაობისთვის თავი აღარ დამინებებია“.

ეს ახალგაზრდა ბიჭი ბერდია ჩოხელია, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო მოგვიანებით ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა. ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო კომპიუტერი ქართული საზოგადობისთვის, როდესაც ის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდა და სხვათაშორის გარკვეული მიდრეკილებებიც აღმოაჩნდა, როგორც თავად ამბობს, უფრო „ცუდი მიდრეკილებები“.

„ტექნოლოგიებთან მჭიდრო შეხება მაქვს, 16 წლიდან ვზივარ კომპიუტერთან და  სულ რაღაცა ახლის შესწავლას ვცდილობ, მქონდა მიდრეკილება ე.წ.ცუდი საქმეებისკენ კომპიუტერული კუთხით, მაგრამ საბედნიეროდ გეზი ავიღე სასარგებლო და კეთილი საქმეებისკენ.“

ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა თავისი ცოდნა სასარგებლო საქმისთვის მოეხმარებინა და იმ ხალხსაც დახმარებოდა, რომლებსაც სურთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ.

„გამიჩნდა იდეა, შემექმნა ისეთი მაღაზია, სადაც იქნებოდა ხარისხიანი მეორადი ტექნიკა, სადაც ერთი ადამიანი თავისთვის გამოუდეგარ ნივთს ჩააბარებდა, მეორე კი ამ ნივთს იყიდდა ისე, რომ სამი ადამიანი დავრჩებოდით კმაყოფილი – გამყიდველი, მე და მყიდველი. ასეთი იდეის განხორციელებას შრომის გარდა ფინანსები სჭირდებოდა, ამაში კი დამეხმარა ჩემი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი ლაშა ნიქაბაძე. დღეისათვის ერთ-ერთი მოთხოვნადი მაღაზიაა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამას ალბათ განაპირობებს გარკვეული ფინანსური პრობლემები საზოგადოებაში, რადგანაც ჩვენთან შეძენილი პროდუქტის ფასი 3-ჯერ ნაკლებია და 5-ჯერ ხარისხიანი სხვა მაღაზიებში შეძენილ პროდუქტთან შედარებით.“

 

13090130_495624663980410_1147234843_n

ამბობს, რომ ბიზნესის კეთება ერთი მიზეზის გამო გადაწყვიტა – არ უნდოდა სხვისი მითითებების შემსრულებელი ყოფილიყო.

„პიროვნულად ვარ ისეთი თვისებების მქონდე, რომ არ მიყვარს მითითებების შესრულება, მირჩევნია შევეჭიდო სირთულეებს და რისკის ქვეშ დავაყენო ჩემი წარმატება. გარდა ამისა, ბიზნესი საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია, რაც მე ძალიან მიყვარს და მიზიდავს, მიყვარს ხალხთან საქმიანი ურთიერთობა და რესურსების გაცვლა, რაც ბიზნესის უმთავრესი ნაწილია. ბიზნესი ასევე დამოკიდებულია შენზე, რაც მეტს მოინდომებ, მით მეტ სარგებელს ნახავ, სტაბილური სამსახურის შემთხვევაში კი მეტად გვიან ნახულობ დაფასებას.

ჩემთვის ბიზნესი არის საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, რასაც ხშირად ვერ ახერხებენ ადამიანები, მინდა ვურჩიო იმ ხალხს ვინც ვერ რისკავს ბიზნესის დააწყებას,რომ 100%-ით გამართლებული საქმე არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია ცოტაოდენი რისკი და მაქსიმალური მონდომება, რათა დაიწყო საქმე, ამის შემდეგ კი მაქსიმალური მოთმინება იმისათვის, რომ ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს.”

 

13082041_495626433980233_907614283_n

 

მომავლისთვის სერიოზული გეგმები აქვს. სურს მსგავსი მაღაზია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გახსნას. გარდა ამისა, აპირებს შექმნას საკმაოდ მძლავრი კომპანია, რომელიც უამრავ ადამიანს დაეხმარება.

 

„გეგმები დიდი მაქვს და რადგანაც ამ სფეროში მოღვაწე საახლობლო წრეც მყავს, გამიჩნდა იდეა შევქმნა კომპანია, სადაც მოხდება ყველა ძლიერი სპეციალისტის გაერთიანება და შემდეგში მომსახურება დიდი კომპანიებისთვის, როგორებიცაა ბანკები და სახელწმიფო სტრუქტურები, რადგან მათზე ხშირია ჰაკერული შეტევები და შესაბამისად საჭიროებს დიდ ყურადღებას, ჩვენ კი ჩვენი ცოდნითა და ენერგიით ვეცდებით მოვახდინოთ ყველა ამ პრობლემის მოგვარება, განსაკუთრებით კი ექსტრემულ პირობებში.“

 

ავტორი: ანი ყაზაიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment