მასარუ იბუკა იაპონური კომპანია “სონის” დამფუძნებელია. მან ნოვატორული კონცეფცია შექმნა ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის. მისი წიგნი “სამი წლის შემდეგ გვიანია” მთელ მსოფლიოში ცნობილია. მასარუ იბუკას არც ახალი განმავითარებელი მეთოდი გამოუგონებია ბავშვებისთვის და არც ახლებური სათამაშოები შეუქმნია. სამაგიეროდ, ბევრი საინტერესო და საქმიანი რჩევა მისცა მშობლებსა თუ აღმზრდელებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
1. ასწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ლექსი. ბავშვის ტვინი 100-200 მოკლე ლექსს ინახავს მეხსიერებაში. რაც უფრო ინტენსიურად ავარჯიშებთ ბავშვის გონებასა და მეხსიერებას, მით უკეთ ვითარდება იგი. ბავშვის მეხსიერების უნარი აუცილებლად უნდა ავარჯიშოთ. ამასობაში სწავლისა და გამეორებისგან სიამოვნების მიღებასაც იწავლის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ 2 წლის ბავშვებმა ზოგჯერ მთელი ლექსების წიგნი იციან ზეპირად, ზოგიერთ მათ თანტოლს კი ერთი სტროფის დამახსოვრება უჭირთ.
2. ხშირად აიყვანეთ ხელში. ურთიერთობა, მშობელთან ფიზიკური შეხება არა მარტო ბავშვის ინტელექტზე მოქმედებს, არამედ თანაგრძნობის უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. მშობლებთან ურთიერთობა არასოდეს არის ზედმეტი. ნუ შეშინდებით, რომ ერთად წოლით და ბევრი მოფერებით ბავშვი ზედმეტად განებივრდება.
3. თავადაც მოიფიქრეთ მისი განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობები. ბავშვმა ძალები ყველა მიმართულებით უნდა მოსინჯოს. შეიძლება წვრილმანები კი არა, უფრო მსხვილი “გაქანების” საქმეები იზიდავს. თუ ერთ აქტივობას კარგად მოერგო, ამით მისი თვითშეფასება მოიმატებს და სხვა მიმართულებითაც მეტ წარმატებას მიაღწევს.
4. მიეცით ბავშვს ფანქარი რაც შეიძლება ადრე. ყველაფერი, რასაც ბავშვი ხელით აკეთებს – ხატავს, სათამაშოებს ისვრის თუ ფერად ქაღალდებს ხევს – მის ინტელექტს და შემოქმედებით უნარს ავითარებს. რაც უფრო ადრე დააკავებინებთ ფანქარს ხელში, მით უკეთესი შედეგები ექნება. სამაგიეროდ არ არის საჭირო წარამარა შეაწყვეტინოთ დარიგებებით: “ასე უნდა გეჭიროს”, “ძალიან არ დააწვე”, “სხვა ფერი აიღე”… ამით მის შემოქმედებით განვითარებას ხელს უშლით.
5. მარცხენა ხელიც ისე გაავარჯიშებინეთ, როგორც მარჯვენა. გაითვალისწინეთ, მაიმუნები ორივე ხელს ერთნაირად მარჯვედ ხმარობენ კვებისა თუ გადაადგილებისთვის. ადამიანი კი ამ მხრივ ჩამორჩება.
6. არ უყიდოთ ძალიან ბევრი სათამაშო. ზედმეტი სათამაშოები ბავშვს ყურადღებას უფანტავს. თუ გინდათ პატარას ფანტაზია, არასტანდარტული აზროვნება და გამომგონებლის ნიჭი განუვითაროთ, არ უყიდოთ ყველაფერი, რასაც მოგთხოვთ. ბავშვის წარმოსახვაში ხის ნაჭერი და ჩაიდნის სახურავიც კი შეიძლება ზღაპრულ სასახლედ ან ხომალდად იქცეს. ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ძვირფასი სათამაშო, რომელსაც მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს.
7. მეტი იმოძრავეთ. ფეხით სიარული აზროვნების პროცესსაც ააქტიურებს და ინტელექტის შესანიშნავი სავარჯიშოა. ნიჭიერ ადამიანებს ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ სეირნობის დროს ახალ-ახალი იდეები მოსდით ან მუზა ეწვევათ ხოლმე.
წყარო:http://mshoblebi.ge/