fbpx

ბოდიშის მოხდა

ავტორი ჟოლო
450 ნახვა

ინტერნეტის და სოციალური ქსელის საშუალებით პატარა გამოკითხვა ჩავატარე და… შედეგით გაკვირვებული არ დავრჩენილვარ. ისაა, რასაც ისედაც ყოველდღიური რეალობიდან ვხედავდი.

თითქოს მოდაშია ახლა სიამაყე, გარდა წვრილმანებისა, როგორიცაა უცნობისთვის ფეხის დაბიჯება, დაჯახება და ა.შ ბოდიშის მოხდა არავის არ უნდა. ან თუ მაინც მოიხდის ბოდიშს ისე ცივად, და თან დააყოლებს “რა ვქნა ასეთი ვარ”…

ერთ-ერთი “კორესპონდეტის” პასუხი კი იყო ბოდიშს იმიტომ მოვიხდი რომ სინდისი დავიმშვიდოო…

სამაგიეროდ ბევრმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანი მას ბოდიშს მოუხდის ის მის თვალში ამაღლდება და დააფასებს. მაგრამ აქვე პატიება დიდად არ შეუძლიათ (აქაც მხოლოდ წვრილმანების). მაშინ როგორ უნდა დავაფასოთ?

დიდად მოხარული ვიქნებოდი დამეწერა გრძელი სტატია და ჩემი გულისტკივილი გამომეხატა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მეშინია შეგონება არ გამომიდეს, ამიტომ გადავწყვიტე შედარებით მსუბუქ ფორმებში დავწერო.

სიტყვა ბოდიში ქართულ ენაში შაჰ-აბასის შემოსევების დროს გაჩნდა და დამკვიდრდა. თავდაპირველად მას სხვაგვარი მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ რაიმეს დაშავებისათვის საფასურის გადახდა.

საქმე ისაა, რომ სპარსულად ბოდიში ქვედა საცვალს ნიშნავს. მოგეხსენებათ მეომრები მოსახლეობის დარბევას და ძარცვას ხშირად მიმართავდნენ, მაგრამ თუ სახლში წასაღები არაფერი ხვდებოდათ “მასპინძელს” ქვედა საცვალს ხდიდნენ და წკეპლავდნენ.

დღესდღეობით თავადაც იცით, რომ სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა და ფაქტიურდ (თეორიულად) ნიშნავს ჩადენილი ცუდი საქციელის აღიარებას და პატიების თხოვნას. პრაქტიკულად როგორ არის თავად განსაზღვრეთ.

ბოდიში არის მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტერმინი (იხილეთ სხვადასხვა ენაზე) და აქტიურად გამოიყენება, როგორც ადამიანებს შორის ასევე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისას.

“ბოდიშს დიდი ძალა აქვს: ძალადობის გარეშე აგვარებს კონფლიქტებს, სპობს ერებს შორის განხეთქილებას, მთავრობას ეხმარება მოსახლეობის ტანჯვის დანახვაში და ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების მოგვარებას” – ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი ბესტსელერის ავტორსა და სოციოლინგვისტს დებორა ტანენს, რომელიც მუშაობს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში.

იმისთვის რომ ბოდიში “ნამდვილი” იყოს მხოლოდ სიტყვიერად მისი წარმოთქმა არ კმარა. მთავარ როლს მაინც ემოციური ფაქტორი თამაშობს.

უბრალოდ რომ მოძებნოთ ინტერნეტში ბოდიშის აღმნიშვნელი სურათები თქვენ ნახავთ, რომ ყველა სურათზე (თუ მხოლოდ სიტყვა არ არის აღბეჭდილი ასოებით) გამოსახულია თავჩაღუნული მოწყენილი სახეები, რომელთა გამომეტყველებაშიც იკითხება სინანული. სწორედაც სიტყვა ბოდიშში ჩადებულია ისეთი ემოციური მდგომარებობა როგორიც არის სინანული.

მაგრამ რეალობაში ამ სიტყვის წარმოთქმა ყოველთვის არ არის დაკავშირებული სინანულთან. მობოდიშებით შეიძლება ხელოვნურად აღმოფხვრა წამოჭრილი კონფლიქტი. ბოდიში მოლაპარაკების ერთ-ერთი ფორმაა და ამით შეიძლება მანიპულირებაც მოვახდინოთ. (რა თქმა უნდა გააჩნია მეორე მხარეს)

მაგალითად ბოდიშს იხდიან სახელწიფოებიც. ის მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში. შეიძლება სულაც არ ნანობდეს მის მიერ ჩადენილ ქმედებას მაგრამ საჯარო ბოდიშის მოხდით მარტივად გადაჭრას პრობლემა.

იაპონიაში ხშირად გაიგონებთ სიტყვა “სუმიმასენ”, რომელსაც ჩვეულებრივ ბოდიშის მოსახდელად იყენებენ. მისი გამოყენება მადლობის გადასახდელადაც შეიძლება. აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავს უხერხულად გრძნობენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს სიკეთის სიკეთით გადახდა.

ვინაიდან ამ სიტყვას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს და ძალიან ხშირად იყენებენ, ზოგიერთი ფიქრობს რომ მას გულწრფელადაც კი აღარ წარმოთქვამენ.

რა ენაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, საზოგადოებრივი აზრი ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით მაინც გულწრფელობასთან და სინანულის შეგრძნებასთან გადის.

მნიშვნელოვანია, რომ მოსაბოდიშებელი სიტყვები გულწრფელად იყოს წარმოთქმული, და არ ასახავდეს მხოლოდ ეთიკასა და ზრდილობას, ან თუნდაც მოვალეობის მოხდას.

და მაინც როგორ მოვიხადოთ ბოდიში სწორად…

იმისათვის რომ სიტყვა ბოდიშმა მოახდინოს ის ეფექტი, რაც მისი ნამდვილი დანიშნულებაა, აუცილებელია გამოყენებულ იქნეს დროულად და გონებრივად.

ანუ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ შესაბამისი დრო და გარემო და ასევე შესაბამისი სიტყვები.

დამეთანხმებით ადამიანი ემოციური ქმნილებაა და მასთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ჩემი პირადი მოსაზრებით, აუცილებელია ბოდიშის დროული მოხდა. თუ მომხდარ ფაქტს და ბოდიშის მოხდას შორის დიდი დროა გასული, მობოდიშება ძირითად შემთხვევაში აზრს კარგავს, ან უარეს შემთხვევაში ძველ იარებს აღვივებს და უარესი შედეგი დგება.

არსებობს მეორე მოსაზრება, რომელიც ამბობს რომ ჯობია გაბრაზება განელდეს და ბოდიში მერე მოვიხადოთ. თუმცა მე ამას “მეორე აზრს” მაინც  ვერ დავარქმევდი, ვინაიდან დროული ფაქტორი არ ნიშნავს იმწუთიერს, არამედ სწორად შერჩეულ დროს. რომელიც არ არის გაწელილი.

რაც შეეხება სწორად შერჩეულ სიტყვებს: მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხზე რაზეც ვიხდით ბოდიშს და არა ზოგადად. ზოგადი საუბარი სხვა თუ არაფერი გამაღიზიანებელია. ხშირად იწვევს დაბნეულობას, გაუგებრობას და ა.შ

“მაპატიე ყველაფერი” თუ არ ახლავს დაკონკრეტება, ნათქვამია იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს კონკრეტულად გააზრებული თუ რის გამო იხდის ბოდიშს, ან უბრალოდ არ ფიქრობს რომ რამე დააშავა.

და ბოლოს. არავინ არ ვართ შეუცდომელნი, თითოეული ჩვენგანი უშვებს შეცდომას ნებით ან უნებლიეთ. გულწრფელი მონანიება კი უმსუბუქებს მდგომარეობას ორივე მხარეს და არასდროს არ არის ზედმეტი.

ჩემი აზრით ბოდიშის მოხდა საერთოდ არ არის დამოკიდებული სიამაყესთან და ოდნავადაც არ აყენებს ჩრდილს. ხშირ შემთხვევაში ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია.

წყარო: http://veriko-22.blogspot.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment