ფოტოგრაფია, ტურიზმი და ღვინის წარმოება, – ერთი გოგოს სამი წარმატებული საქმე გახლავთ…
თამთა აივაზიშვილი სულ რაღაც ორი წელია რაც ფოტოგრაფიას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლა, თუმცა უკვე იყო რამდენიმე კონკურსი, გამარჯვებები და დაჯილდოვება. „როდესაც ფოტოაპარატს ვიღებ ხელში ავტომატურად კარგ ხასიათზე ვდგები. კამერა თავდაჯერებულობას მმატებსო”- ამბობს ჩემი რესპონდენტი. რომელიც ასევე ტურისტული სააგენტო “თამთას ტურების” დამაარსებელი და “დების ღვინოს” მწარმოებელია.
ამ აქტიურმა, ენერგიულმა და პოზიტიურმა გოგომ ბევრი იშრომა იმისთვის რომ წარმატებული კარიერისთვის საფუძველი ჩაეყარა.
jolo.ge – სთან ინტერვიუში თამთა თავის სამ საყვარელ საქმეზე დაწვრილებით საუბრობს და მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.
საუბარს ფოტოგრაფიით ვიწყებთ.
თამთა აივაზიშვილი: ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. როცა სოფელში ბებოსთან ჩავდიოდი, განსაკუთრებულად მიყვარდა ძველი ალბომების თვალიერება. შემეძლო საათობით მეთვალიერებინა შავ-თეთრი პორტრეტები, არ მბეზრდებოდა.
როგორც მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ისე დავიწყე. თავისუფალ დროს ვიღებდი ტელეფონს, ან პლანშეტს და ვიწყებდი გარემოს ჩემებურად აღბეჭდვასა და გადმოცემას. თავიდან ფოტოებს არავის ვაჩვენებდი, ვფიქრობდი რომ არ იყო ღირებული და ამას მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი… ძირითადად ასაკოვან ადამიანებს და ბუნებას ვუღებდი ფოტოებს.
არის ერთი კადრი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელმაც მიმახვედრა, რომ ფოტოგრაფია ჩემი იყო. ფოტოს დავარქვი “შემოდგომა მშვიდობისა”, კადრზე აღბეჭდილია ფოთოლი, წვიმის წვეთებით. ეს ფოტო პირველად დედას ვაჩვენე, რომელიც ყოველთვის ჯანსაღად მაკრიტიკებს და ტყუილად არ იცის ხოლმე თავზე ხელის გადასმა. ძალიან მოეწონა, – სად ნახე ასეთი სილამაზეო, მივიყვანე და ვაჩვენე. იმდენად პატარა იყო ეს ფოთოლი ვერც კი შეამჩნია. ამან მიმახვედრა რომ შემიძლია ისეთი რაღაც დავინახო რაც სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველია, ამას კი ფოტოგრაფიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, შევხვდი ყველასთვის ნაცნობ -იური მეჩითოვს, რომელსაც ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე და ძალიან მოეწონა. პანდემიის პერიოდში დრო ვიხელთე და მასთან პროფესიონალური კურსებიც გავიარე. დავმეგობრდით, დღესაც, როცა რაიმე ახალს და საინტერესოს გადავიღებ მასაც ვუზიარებ. მაგარიაო, რომ მეტყვის ესეიგი ძალიან კარგია.
– რა არის მთავარი კარგი ფოტოგრაფისთვის და რა უნარ-ჩვევები მოეთხოვება მას?
– ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც ასეა მიღებული რომ რაც უფრო კარგი კამერა გიჭირავს, მით უფრო კარგი ფოტოგრაფი ხარ. ეს არასწორი შეხედულებაა. ჩემი პირველი კადრი პლანშეტით გადავიღე. თუმცა ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს დასახული მიზნის განსახორციელებლად. ფოტოგრაფს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხედვა და საქმისადმი სიყვარული. მახსოვს თითოეული კადრი და მომენტი რაც აღმიბეჭდავს. ერთია ტექნიკურად სწორად შეასრულო სამუშაო, მეორეა, ჩადო მასში გრძნობა და ენთუზიაზმი. თუ კადრში ემოცია არ სჩანს, მაშინ მას არც ღირებულება ექნება.
-კარგი კადრის გულისთვის რა მსხვერპლზე წასულხართ?
-ძირითადად ეს ლანდშაფტის ფოტოგრაფიას უკავშირდება. როცა სახიფათო ადგილებზე მიწევს გადაღება. ზამთარში გაყინულ წყალში ჩავსულვარ, იმისათვის რომ კარგად ამეღო კადრი. ჩავვარდნილვარ კიდეც, ტელეფონიც ჩამვარდნია. აღარაფერს ვამბობ, ღამეების თენებაზე, აისისა და დაისის გადასაღებად.
-ფოტოგრაფიისთვის საინტერესო კუთხე რომელია საქართველოში? სეზონების მიხედვით რომ დავყოთ. რომელი სეზონი, რომელ ქალაქსა თუ სოფელშია კარგი?
-რთულია რომელიმეს გამოყოფა, თითოეული კუთხე მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეგიონი ყაზბეგია. ღამეები გამითენებია იმისთვის, რომ არცერთი წამი არ გამომპარვოდა. განთიადი სულ სხვანაირია ყაზბეგში. ნათება, ფერთა ცვლა, საოცრებაა. ამ დროს ძილიც არ მეკარება იმდენად ორიენტირებული ვარ ჩემს საქმეზე. სეზონების მიხედვით რომ დავყოთ, შემოდგომა განსაკუთრებით მიყვარს. გამოვყოფდი, გუდამაყარს, კახეთს, ძამას ხეობას. ზამთარი ძალიან ლამაზია სვანეთში. გაზაფხული, ყვავილობის პერიოდი, კარგია ზედაზენზე, სადაც ბევრი ყოჩივარდაა. ერთი ფოტო მაქვს “გაზაფხულის მოლოდინში” ჰქვია, თუ როგორ ცდილობენ თოვლში ყვავილები გამოღვიძებას. ფოტოგრაფიაში ზაფხულს ყველაზე უინტერესო და მოსაბეზრებელ სეზონს ეძახიან. სიმწვანე ხელოვნების ნიმუშად არ აღიქმება. თუმცა პირადად მე მიყვარს ბუნება და სიმწვანე. ამ სეზონზე ტურისტული თვალსაზრისითაც გადაღებული ფოტოები საკმაოდ ლამაზი გამოდის, ფერადოვანი ფოტოები მასას ყოველთვის იზიდავს.
-რა განწყობა გჭირდებათ ფოტოების გადასაღებად და ყველაზე ხშირად რა ხვდება თამთას ობიექტივში?
-როდესაც ფოტოაპარატს ვიღებ ხელში ავტომატურად კარგ ხასიათზე ვდგები. კამერა მაძლევს თავდაჯერებულობას. შინაგანად აუცილებლად უნდა ვასხივებდე მე რომ კარგი კადრი გადავიღო. როგორც მთის მოყვარულს, ყველაზე მეტი ფოტო მთაში მაქვს გადაღებული. ბუნებასთან ერთად თამთას ობიექტივში ხვდებიან უცნობი თუ ყველასთვის ნაცნობი ადამიანები, რადგან პორტრეტების შექმნა მიყვარს.
-პერსონალური ფოტოგამოფენა თუ გქონიათ, ან თუ გეგმავთ და როგორც ფოტოგრაფს, გაქვთ თუ არა რამე ჯილდო ან აღიარება?
-პერსონალური გამოფენა არ მქონია. ბევრი კადრი მაქვს, რომელზეც მეუბნებიან, რომ იმსახურებს გამოფენას, მე კი ვფიქრობ, რომ საამისოდ კიდევ ბევრი მაქვს ჩემს თავზე სამუშაო. ორ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც მოყვარულ თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად გამოიფინა ჩემი ნამუშევრებიც. ახლა პორტრეტების გადაღებით ვარ დაკავებული. გადავწყვიტე ვიმოგზაურო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და საინტერესო ადამიანების პორტრეტები შევქმნა. ზოგადად ფოტოგრაფიაში კარგი კადრი თვითონ გადმოსცემს სათქმელს. მაგრამ ვფიქრობ ორმაგად საინტერესო იქნება თუ პორტრეტს აღწერასაც დავურთავ, რადგან ყველა პორტრეტის უკან საინტერესო ისტორია იმალება. სწორედ ამ პორტრეტების გამოფენა არის ნაწილი ჩემი სამომავლო გეგმებისა.

-„თამთას ტურები“, თქვენი ონლაინ ტურისტული სააგენტო, მოგვიყევით როგორ დაიწყეთ ეს საქმე. როგორც ვიცი, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით გაქვთ ტურები და მხოლოდ უცხოელ ტურისტებს ემსახურებით?
–ექვსი წლის წინ, როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე, ყველა მეუბნებოდა, თუ სერიოზულად გინდა ამ საქმეს ხელი მოჰკიდო აუცილებლად უნდა გქონდეს ოფისიო, მაგრამ მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი, რადგან სახლიდან ძალიან კარგად ვმუშაობდი. პანდემიამ კი სამწუხაროდ ჩემი თეორია პრაქტიკაში დაგვანახა. ექვსი წლის წინ საქართველოში ბიზნეს გვერდები ძირითადად “ფეისბუქზე” იყო წარმოდგენილი, “ინსტაგრამს” უფრო სამოყვარულო დონეზე ვიყენებდით. ვთვლიდი, რომ ამ პლატფორმას დიდი რესურსი ჰქონდა, შესაბამისად დავიწყე საინტერესო კონტენტის შექმნა და ე.წ “ჰაშთაგების” გამოყენება. სასაათო სარტყელსაც კი ვითვალისწინებდი, რომ ჩემი პოსტი სწორ დროს სასურველ აუდიტორიამდე მიმეტანა. იმდენად კარგად ვიმუშავე რომ ჩემი პირველი ტურისტები “ინსტაგრამით” მოვიზიდე ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ტურები მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მაქვს, ძირითადად ვცდილობ რომ ელიტური ტურები დავგეგმო. ანუ ისეთ კატეგორიასთან ვიმუშაო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელს საზღვრებს გარეთ გაიტანენ, ესენი არიან: ფოტოგრაფები, ბლოგერები და ვიდეოგრაფები.
გიდის ფუნქციასაც მე ვითავსებ. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მის კულტურასა და ტრადიციებზე საუბარი. უცხოელი სტუმრის აღფრთოვანებული თვალები და დადებითი ემოციები მაძლევს მეტ მოტივაციას და ენერგიას.
-რომელ კუთხეზეა უფრო მეტი ინტერესი და მოთხოვნა?
-გააჩნია წელიწადის რომელ დროს და რამდენი ხნით არის სტუმარი ჩამოსული. თბილისის ტური პირველია, რასაც აუცილებლად ვაცნობ. რამდენიმე დედაქალაქში ვარ საზღვარგარეთ ნამყოფი და ვფიქრობ რომ თბილისი მართლა განსაკუთრებულია. თბილისის შემდეგ მოდის უკვე ყაზბეგი და სვანეთი. ჩამოსვლამდე მიმოწერის საშუალებით ვეცნობი ჩემი მომავალი სტუმრების ინტერესებს და აქედან გამომდინარე ვგეგმავ ტურს. მათ მუსიკალურ გემოვნებასაც ვითვალისწინებ, რომ გრძელ გზაზე მათთვის სასურველი ჰანგები ჟღერდეს, პარალელურად ქართულ მელოდიებსაც ვაცნობ. რაც არ უნდა იყოს ისინი ჩემით ეცნობიან ქვეყანას და არ მინდა ისეთი გიდის შთაბეჭდილება დავტოვო, რომელსაც ერთი სული აქვს როდის ჩაატარებს ტურს და წავა თავის გზაზე.
-ტურისტრებს ჩვენი რა მოსწონთ კიდევ, რაზე გამოხატავენ აღფრთოვანებას?
-ტურისტების სხვადასხვა კატეგორია არსებობს, ჩემი ტურისტები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვისაც შემეცნებითი ტურები აინტერესებს. ისინი ინტერესდებიან ქვეყნის ისტორიით, კულტურით, გასტრონომიით. ყველაზე მეტად ქართველების გაცნობა სიამოვნებთ. ქვეყნის სახე ხომ ჩვენ, მისი მოსახლეობა ვართ. სწორედ ქართველების ქცევიდან და კულტურიდან გამომდინარე უყალიბდებათ დადებითი, თუ უარყოფითი შთაბეჭდილება საქართველოს მიმართ. აუცილებლად ვაცნობ ხოლმე მათ ჩემი ოჯახის წევრებს. მიმყავს ბებიასთან სოფელში. ამაზე ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღე. ბებო ბევრი ფოტოგრაფის, თუ ვიდეოგრაფის ობიექტივში მოხვდა. როდესაც ჩემი სტუმრები მიკავშირდებიან, მას ყოველთვის დიდი სიყვარულით კითხულობენ. ბებო ოთხმოცდაშვიდი წლისაა, ძალიან მომწონს მისი და ჩემი სტუმრების ურთიერთობა. მრჩება შთაბეჭდილება რომ ამ პოზიტიური და თბილი ურთიერთობით ბებოს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებ და ეს მაბედნიერებს.
-ამ ტურების მეშვეობით თქვენი დამეგობრება და თავის ქვეყანაში დაპატიჟება თუ ხდება შემდეგ?
-რა თქმა უნდა, თითქმის ყველასთან მიყალიბდება მეგობრული ურთიერთობა. ძალიან აფასებენ შრომას, გრძნობენ იმას, რომ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები მათ თავგადასავალს საქართველოში. ჩვენს ქართულ სტუმართმოყვარეობას რომ ხედავენ, იგივეს და უფრო მეტს ცდილობენ რომ გააკეთონ, თან უანგაროდ. საოცარი და ფასდაუდებელი შეგრძნებაა, როდესაც შემიძლია დავგეგმო მოგზაურობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სადაც უკვე კარგად ნაცნობი მეგობრები მელოდებიან.
-“დების ღვინო”, მცირე მეწარმეობა, რომელშიც თქვენს დასთან ერთად ხართ. ვისი იდეა იყო ღვინის წარმოება?
-ღვინის წარმოება ჩემი იდეა იყო. ამერიკელ ჯონ ვურდემანს ალბათ ყველა იცნობთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში და სიღნაღში ღვინის მარანი აქვს. სწორედ კახეთში შევხვდი შემთხვევით ჯონის, რომელიც რესტორან “აზარფეშასთვის” მენეჯერს ეძებდა. გამომდინარე იქედან რომ უცხოელებთან მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა, ეს შემოთავაზება მივიღე. სომელიეს კურსები არ გამივლია, ყველაფერი ჯონისთან შევისწავლე, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულიც მივიღე. “აზარფეშაში” მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებია წარმოდგენილი. ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან ღვინის თემატიკა, რამაც დაბადა საკუთარი ღვინის წარმოების იდეა. რომ არა ჩემი ოჯახის წევრები ამ საქმეს რეალობად ვერ ვაქცევდი. ღვინის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, მე და ჩემმა დამ ერთმანეთს შევხედეთ და უკვე ვიცოდით რა უნდა დაგვერქმია, ასე გაჩნდა ღვინო სამარკო ნიშნით -“დების ღვინო”. ვიმუშავეთ ეტიკეტზე, გვინდოდა რომ ორიგინალური, მარტივი და ლამაზი ყოფილიყო. გაყიდვაში მანამ არ გავუშვი, სანამ ჩემს სტუმრებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან არ დავაგემოვნებინე. მინდოდა გამეგო რას ფიქრობდნენ ისინი, რა შენიშვნები ექნებოდათ ღვინის შიგთავსთთან თუ შეფუთვასთან დაკავშირებით, რადგან ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის გხდის უკეთესს.
-სად ხდება ღვინის წარმოება და რამდენი სახეობის ღვინო გაქვთ გაყიდვაში?
-ჩვენი ღვინის წარმოება ხდება კახეთში, სოფელ კარდენახში, წარაფის ზონაში, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონად ითვლება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ქარხანა და სამწუხაროდ ღვინოს დიდი რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ. გაყიდვაშია ორი წარმოების ღვინო: რქაწითელი და საფერავი. ახლახანს ჩავყარეთ ხიხვი, ქისი და მწვანე, რომელმაც უკვე მოგვცა პირველი მოსავალი. ამჟამად ვაწარმოებთ მცირე, ექსკლუზიურ რაოდენობას და ორიენტირებულები ვართ ხარისხზე, რასაც ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
-თქვენი ღვინის პირველი დეგუსტატორი ვინ არის?
-პირველი მე ვაგემოვნებ, რადგან ვიცი რა გემოვნური თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ ღვინოს და ასევე, რა გემოს ანიჭებს უპირატესობას ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი.
-როგორ აფასებენ, რამდენად დიდია მოთხოვნა და აპირებთ თუ არა “დების ღვინოს” ექსპორტზე გატანას?
-ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა არის. არ მეგონა თუ ასეთ კარგ შეფასებებს მივიღებდით როგორც ქართველებისგან, ასევე უცხოელებისგან. ექსპორტზე გატანაც გვაქვს გეგმაში. არის შემთხვევები, როცა დიდ რაოდენობას გვთხოვენ, ამ ეტაპზე ასეთი ოდენობით წარმოება რთულია ჩვენთვის. დიდი სურვილი და მონდომება გვაქვს რომ ახლო მომავალში შევძლებთ იმ რაოდენობის მიწოდებას, რა მოთხოვნაც იქნება.
ამჯერად მხოლოდ ონლაინ ვყიდით. არის ქართული ღვინის რამდენიმე რესტორანი, რომელიც ძალიან მომწონს და გეგმაში მაქვს მათი მომარაგება.
-თამთა, რა არის მთავარი ბიზნესის დასაწყებად?
-ბიზნესის დასაწყებად მთავარი არის სურვილი და მონდომება. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართული აუდიტორია მარტივი არ არის. კრიტიკის მოყვარული საზოგადოება ვართ. ეს კრიტიკა აუცილებლად უნდა დაგვეხმაროს ჩვენ გაზრდაში. საკუთარ თავზე დღე და ღამე ვმუშაობდი. როცა დაქირავებული თანამშრომელი ხარ იქ ფუნქციები გადანაწილებულია და ყველაფერი მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული. ჩემს შემთხვევაში სხვაგვარადაა, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, წაგება თუ მოგება, წარმატება თუ წარუმატებლობა. შედეგზე პასუხისმგებელი თავად ვარ და ამიტომ არ მინდა საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯერათ, იმედები გავუცრუო. პიროვნული გაზრდა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ბიზნესის კეთება ცარიელი ხელებით დავიწყე, საერთოდ არ მქონდა ფინანსები, რომ არა მოდნომება და თავდაუზოგავი შრომა ვერაფერს მივაღწევდი.
– და წარმატებას როგორ მივაღწიოთ?
-წარმატებას უნდა მივაღწიოთ აუცილებლად კეთილსინდისიერი შრომით, სხვანაირად არ გამოვა. კეთილსინდისიერი შრომა ყოველთვის ფასდება. ამას უცხოელები კიდევ უფრო მეტად მიფასებენ. წარმატების მისაღწევად ისევ და ისევ, შრომა და მონდომებაა საჭირო. არ უნდა შევუშინდეთ დაბრკოლებებს, მაშინაც კი, თუ გეუბნებიან რომ რაღაც არ გამოგივა. მაინც უნდა სცადო, უნდა იბრძოლო დასახული მიზნების მისაღწევად.
ავტორი: ნინო გონგაძე
თამთას ობიექტივში: https://www.facebook.com/throughtamtaslens
თამთას ტურები: https://www.facebook.com/tamtastours
დების ღვინო: https://www.facebook.com/sisterswineofficial