fbpx

„წარმატებას აუცილებლად სჭირდება სწორი ხედვა, საკუთარი თავის შესწავლა და შრომა“

ავტორი ნინო გონგაძე
475 ნახვა

ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებად ოცდათხუთმეტი წლის ასაკში არჩეულ პროფესიას მიიჩნევს. მის პროფესიულ ანგარიშზე ბევრი წარმატებული ქეისია, რომელმაც ჩემს რესპონდენტს მეტი თავდაჯერებულობა, მოტივაცია და ბედნიერება შესძინა.

არ ჩერდება, საოცრად მიზანდასახულია. მუდმივად სწავლის და განვითარების რეჟიმშია. „საკუთარი თავის შემეცნება და განვითარება არის ის, რასაც ბედნიერება მოაქვს“ მეუბნება თამუნა ქურდაძე, რომლის არასრული პროფესიული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ფსიქო კონსულტანტი, RPT თერაპევტი, რეგრესოლოგი, მაბ ოსტატი, არტ თერაპევტი, ქოუჩი…

ვფიქრობ, წინ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გელით, ბევრი სასარგებლო რჩევით და სიახლით დატვირთული.

– თამუნა, მოგვიყევი შენს განვლილ პროფესიულ გზაზე, როგორც ვიცი, წლების წინ, პროფესიად იურისტობა აირჩიე…

– დიახ, იურისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ზოგადად ჩემი გვარის წარმომადგენლები ძალიან ბევრნი არიან ამ სფეროში. ბავშვობის მოგონებებიდან მახსენდება პაპა, რომელსაც ძალიან უყვარდა კითხვა, პირველი კლასის დამთავრების შემდეგ წიგნების კარადასთან მიმიყვანა, იქედან სამი წიგნი გადმოიღო („ტომ სოიერის თავგადასავალი“, „პეპი გრძელი წინდა“ და „დინკა“) და მითხრა: ეს სამი წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო, ამის შემდეგ, უკვე შეგიძლია მეოთხე წიგნი შენ თვითონ აარჩიოო. მეოთხე წიგნის არჩევის დრო რომ დადგა, ერთი თვალის გადავლებით, ვარდისფერყდიანი წიგნი მომეწონა, რომელიც დეტექტივი აღმოჩნდა, ეს იყო „მგლის ბილიკი“, რომელიც ძალიან მომეწონა. მერე აქტიურად დავიწყე დეტექტივების კითხვა და სწორედ აქედან წამოვიდა იურისტობის სურვილი. შერლოკ ჰოლმსის პოზიციიდან, უფრო გამომძიებლობა მომწონდა. ბავშვობიდან ასევე ძალიან კარგად ვწერდი. გაძლიერებული ჰუმანიტარული სკოლა მაქვს დამთავრებული. დამრიგებელი მეხვეწებოდა ნიჭი გაქვს და ჟურნალისტიკაზე ჩააბარეო, მაგრამ ჩემი ფიქრები მხოლოდ იურისტობის ირგვლივ ტრიალებდა.

როცა იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ჩემი ოცნებები და რეალობა ერთმანეთს არ დაემთხვა. ჩაბარების შემდეგ გავაანალიზე, რომ ამ ყველაფერს მისტიურობის საბურველი არ ექნებოდა. ან გამომძიებლად უნდა მემუშავა პროკურატურაში, ან საპატრულო პოლიციაში. ჩემთვის გამომძიებლობა უფრო კერძო დეტექტივობა იყო, მაგრამ საქართველოში ამის შესახებ არც კანონმდებლობა გვაქვს და არც მსგავსი ტიპის სამსახური არსებობს. ამიტომ სხვადასხვა სამინისტროში ვმუშაობდი იურისტად, სულ ბიუროკრატიულ სამსახურებში ვიყავი. პროფესიულად საკმაოდ კარგად ვვითარდებოდი, ანაზღაურებაც ძალიან კარგი მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში წარმატებული ცხრა წელი დავყავი.

-ქოუჩობა რატომ გადაწყვიტე და რა არის ქოუჩის მისია?

-ჩემი კარიერა ამ სფეროში ქოუჩინგით დაიწყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ქოუჩინგი მაინცდამაინც ჩემი არ არის, რადგან მე უფრო ღრმა ქეისებზე მუშაობა მომწონდა, ამიტომ ქოუჩინგის პარალელურად ბევრი რამ ვისწავლე. ვარ ფსიქო კონსულტანტი და RPT თერაპევტი, შესაბამისად, ფსიქოლოგიური და თერაპიული სამუშაო ყველაზე მეტად მომწონს. და რადგან ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დიპლომის ქონა აუცილებლობას წარმოადგენს, იმისთვის რომ სერიოზული სახე მისცე შენს საქმიანობას, ამჟამად, პროფესიულ დონეზე ვსწავლობ კლინიკურ ფსიქოლოგიას, კიევის საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქოუჩის მისიაა საკუთარი რესურსების წვის ხარჯზე ადამიანი იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანო, რომელთანაც შეიძლება უშენოდაც მისულიყო, მაგრამ წლების შემდეგ. ქოუჩი არის მამოტივირებელი, რომელიც ადამიანის აზროვნებას ამოტივირებს. ქოუჩინგი ძალიან კარგია, ოღონდ ცოტა ზედაპირულია. მე ქვეცნობიერის კვლევა და ადამიანთან სიღრმისეული სამუშაო მომწონს, მომწონს შიშებთან მუშაობა. ქეისებიც ზუსტად ასეთი მაქვს, ორი მიმართულებით – ერთი ეს არის შიშები და მეორე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.

შენი ცნობილი ფრაზა – „ქოუჩინგით ოცნებები ხდება“. უფრო კონკრეტულად, რა ოცნებები ხდება ქოუჩინგით და პირადად შენ რა ოცნება აიხდინე?

– ქოუჩინგი არის მიზნების ასრულების ხელოვნება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის ოცნებები  და როდესაც ქოუჩთან სამუშაოდ ჯდები, ამ ოცნებებს მაგიური საბურველი შემოეცლება და ხდება მისი რეალობასთან, მიღწევადობასთან დაკავშირება. ყველა გამოცდილებას, რასაც ზოგადად ვაზიარებთ რომ ქოუჩინგით ოცნებები ხდება, ამას ყოველთვის საფუძვლად საკუთარი ხედვები და გამოცდილებები უდევს. ჩემი გზა,  რითიც  იმ ყველაფერთან მივედი რასაც დღეს ვაკეთებ, ქოუჩინგით დაიწყო. იმის გააზრება, რომ ფსიქოლოგია ჩემი არის და მართლა მაქვს შეგრძნება რომ ამისთვის დავიბადე, ესეც ქოუჩინგმა გამაგებინა.

როცა ქოუჩინგის სწავლა დავიწყე, ჩემი განზრახვა ქოუჩობა არ ყოფილა. იმ მომენტში არც პროფესიის შეცვლას და არც მუშაობის დაწყებას ვაპირებდი. ჩემი ცხოვრებისეული მისიის გაცნობიერებაში ქოუჩინგი ძალიან დამეხმარა. ჩემთვის სუპერკომფორტული პროფესია მაპოვნინა. მე მწამს რომ ყველა რაღაცის საკეთებლად ვიბადებით და ეს რაღაცა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. ადრეულ ასაკში, როდესაც პირველად პროფესიას ვირჩევთ, ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გააზრებულად ავარჩიოთ. ჩემ დროს, ან ექიმი უნდა ყოფილიყავი, ან იურისტი, სხვა პროფესია არ განიხილებოდა. ქოუჩინგით დავიწყე საკუთარი თავის გაცნობა. თუმცა ქოუჩინგი რაღაც ეტაპამდე მუშაობს, ანალოგიურ საკითხებთან შემდეგ უკვე ფსიქოლოგიური მუშაობა გჭირდება, რომ საკუთარი თავი კარგად გაიცნო. ღრმა ფსიქოლოგიურ ტრამვებს ქოუჩინგი ვერ უმკლავდება და არც უნდა უმკლავდებოდეს.

– რა პრობლემებზე მუშაობ, რაზე მოგმართავენ ყველაზე ხშირად ?

– თავიდან, როდესაც ამ სფეროში იწყებ მუშაობას, ყველა თემა გაინტერესებს, შესაბამისად გარკვეულ თემატიკასთან დაკავშირებით მუშაობ. შემდეგ უკვე, აქედან გამომდინარე ახარისხებ რა არის შენი და რა არა. ჩემი ძირითადი მიმართულება არის ორი. მე როგორც RPT თერაპევტი ვმუშაობ შიშებზე, შფოთვებზე და ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უფრო ქვეცნობიერ დონეზე და როგორც ფსიქო კონსულტანტი, ვმუშაობ პირადი ცხოვრების საკითხებზე. პირადი ცხოვრება არ არის მხოლოდ სასიყვარულო ხაზი, ეს არის ყველა ტიპის პირადი ურთიერთობა. არ ვმუშაობ გლოვასთან და წონასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

თამუნა, ჩამოგვითვალე ის მეთოდები, რომელიც ისწავლე და თითოეულის დადებითი მხარე გაგვაცანი.

-სულ პირველად ქოუჩინგით დავიწყე, რომლის ყველაზე მაგარი მხარე ოცნების მიზნად გარდაქმნაა. მეთოდი- მეტაფორული ბარათები, რომელიც ძალიან ჩემიანია. ისეთი ინსტრუმენტია, რომლითაც საკუთარ თავთანაც მუშაობ. საუკეთესო ვარიანტია შენს ცხოვრებაში კვანძის უცებ გასახსნელად და ფინალში ადვილად გასასვლელად. ეს მეთოდი ჯადოსნური ჯოხივით არის. ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური მეთოდია ზოგადად ქვეცნობიერთან სამუშაოდ, ფრთხილია და ნაზად ჩადის სიღრმეებში, ეს არის მისი პლიუსი.

მეთოდი- არტ თერაპია– პირადად ჩემთვის, არტიც და მეტაფორულიც, მეტაფორული არტიც ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც პრინციპში დიაგნოსტირების საშუალებაა. როდესაც ადამიანი მოდის, რომელსაც ღრმა სამუშაო სჭირდება, ერთი და მეორე მეთოდით თვითონვე არკვევს რა უნდა, ჩვენ უბრალოდ მიმართულებას ვაძლევთ. ამ ორი ინსტრუმენტით ადამიანს მარტივად შეუძლია დაინახოს სად არის.

აუცილებლად უნდა გამოვყო RPT თერაპია, ყოველთვის, როდესაც რაღაცის სწავლას ვიწყებ, აუცილებლად ვტესტავ როგორც კლიენტი, უნდა ვიცოდე რამდენად ჩემია, რაზე და როგორ მუშაობს, რომ შემდეგ უკვე პროფესიულად შევისწავლო და ადამიანებამდე მივიტანო. არც როგორც თერაპევტს და არც როგორც კლიენტს, ამაზე ძლიერი ინსტრუმენტი მე არ მინახავს. არის ადამიანების მცირე კატეგორია, რომელსაც RPT -ს ვერ მოარგებ, იმიტომ რომ სამყაროში უნივერსალური ინსტრუმენტი არ არსებობს, ჩვენ ყველას ჩვენი გასაღები გვერგება. თუმცა ადამიანების 90 % -ზე მაინც ეს მეთოდი იდეალურად მუშაობს. ყველაზე მაგარი ინსტრუმენტია, რომელიც გამიტესტავს, ძალიან ღრმა სამუშაოს ასრულებს, თუმცა ეს ღრმა სამუშაო ყველას არ სჭირდება.

მეთოდი- კაიძენი, რომელიც ვიწრო მიმართულებაა, მაგრამ რეალურად კაიძენი არის ცხოვრების დაგეგმარების და საკუთარ თავში გარკვევის სქემა.

ჩემი მსუყე, ბოლო ლუკმა, ეს არის რეგრესული ჰიპნოზი. რეგრესია არის უკუსვლა. შესაბამისად, ეს არის ტრანსული მეთოდი და კლინიკურ ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად გამოიყენება. რეგრესიის მეშვეობით ხდება შენს ცხოვრებაში უკან დაბრუნება. დაუშვათ, ბავშვობიდან არ გახსოვს რაღაც მომენტები და რას ვაკეთებთ, ნელ-ნელა ჩავდივართ შენს ტრანსულ მდგომარეობაში, შენი ტვინის სიხშირეზე, ქვეცნობიერის იმ საფეხურზე და იმ შრეში, სადაც კონკრეტული მოგონებების აღდგენა ხდება. ეს მოგონებები იმიტომ გვაქვს დავიწყებული რომ ტრავმულია, რთულია და გონებას ახასიათებს ყველაფრის დავიწყების მექანიზმი.

LBL არის რეგრესული ჰიპნოზის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც წინა ცხოვრებაზე მუშაობს. მე მჯერა რეინკარნაციის და იმის, რომ ჩვენ ბევრჯერ მოვდივართ დედამიწაზე. შესაბამისად, მე თუ რაღაცის არ მჯერა და სიღრმისეულად გააზრებული არ მაქვს, იმას არ ვსწავლობ და ჩემს თავზე არ ვირგებ. მაგრამ ამ მეთოდით შენ არავის უმტკიცებ არსებობს თუ არა წინა ცხოვრებები, სული ერთხელ იბადება თუ მრავალჯერ, ეს ხდება თუ არ ხდება მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის. ჩემთვის, როგორც თერაპევტისთვის და რეგრესოლოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ, უკან, მომავალში ადამიანმა იპოვოს კონკრეტული რესურსები და აქ და ახლა, მისი ცხოვრების ხარისხი გახდეს უკეთესი, აქ და ახლა, მოგვარდეს ის კონკრეტული პრობლემები, რაც ვერ მოაგვარა.

როგორც ვიცი, მალე ასტროლოგიურ სკოლაში, მასწავლებლის როლშიც მოგვევლინები.

– დიახ, არსებობს ასეთი სკოლა- ასტროლოგოსი. ასტროლოგიური სკოლა, სადაც თებერვლის დასაწყისში, ან მაქსიმუმ შუა რიცხვებში, ჩაეშვება რეგრესული ჰიპნოზის კურსი, რომელსაც მე წავიკითხავ. კურსი იქნება სამთვიანი, რომელიც ცამეტ შეხვედრას მოიცავს. დაინტერესებული პირი უნდა იყოს თვრამეტი წლიდან ზემოთ და გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს გარკვეული ტიპის ადიქციები, პიროვნული აშლილობები და ა.შ. ამ როლში ჩემი თავი პირველად უნდა მოვსინჯო. მასწავლებლის როლს ბოლომდე ვერ ვარქმევ, იმიტომ რომ მე დიდად მასწავლებლი ტიპი არ ვარ. გეტყვით იმას, რომ ძალიან საინტერესო კურსია. ზოგადად მე ასეთი პრინციპი მაქვს, სწავლა და ცოდნები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი, ეზოთერიული ცოდნები, რეგრესული ჰიპნოზი, წინა ცხოვრებები და სხვა მიმართულებები, რაღაც შოუს არ უნდა ჰგავდეს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცოდნებია, დავარქვათ თუნდაც ფილოსოფიური ცოდნები, ამიტომ ეკოლოგიურად და ძალიან ნორმალურ ჭრილში უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამისად ადამიანები ინფორმაციას უნდა იღებდნენ ამის შესახებ. ჩემთვის ეს თავიდან ბოლომდე არის გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ძალიან ეკოლოგიურ ფარგლებში, რისთვისაც საზოგადოება ვფიქრობ, უკვე მზად არის. მაქვს მოთხოვნილება, რომ ადამიანები, რომლებიც წინა ცხოვრებებს ჭიქა ყავასთან ერთად განიხილავენ და ძალიან მისტიკური საბურველით ფუთავენ, აი ეს საბურველი არ მინდა რომ ჰქონდეს, მინდა პირდაპირ შევხედოთ იმას, რაც არის.

– გვითხარი რამე ჯგუფ „სინთეზზე“, სადაც საზოგადოებას შენს კოლეგებს აცნობ და სადაც ონლაინ სესიებს ატარებ.

– ყოველთვის ვამბობ, რომ „სინთეზმა“ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. სულ რამდენიმე სივრცეა საქართველოში, სადაც ასეთი ტრენინგები და შეკრებები ხდება. დიდი მადლობა თქვენ, „ჟოლოს“, ჩემი პირველი ინტერვიუ სწორედ თქვენს საიტზე დაიდო, მაშინ „სინთეზი“ სულ ცინცხალი იყო. ასევე დიდი მადლობა ლიკა გაბუნიას, მისი წყალობით სულ ულამაზესი ფოტოები მაქვს. ყველა სივრცეში, სადაც მივედი, ადამიანები თბილად მიღიმოდნენ, მიცნეს. თებერვლის ბოლოს ახალი პროექტი „სასიყვარულო თამაშები“ უკვე მზად იქნება. ამ პროექტზე სწორედ „სინთეზის“ ბაზაზე მე და ნესი იმნაძე ერთობლივად ვმუშაობთ. ეს გახლავთ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კურსი ქალბატონებითვის, სასიყვარულო ურთიერთობებზე.

აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი ძალიან წარმატებული პროექტი – „როცა კოლეგა მეგობარია“. ამ პროექტის ფარგლებში ბევრი ქოუჩი, ფსიქოლოგი და ეზოთერიკი გავაცანი საზოგადოებას და ეს ძალიან მახარებს. ჩემი ხედვა ასეთია, რაც უფრო მეტი პროფესიონალი და განვითარებული ადამიანია შენს ირგვლივ, რომლებიც ასევე შენი კონკურენტებიც არიან, ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად განვითარებაზე ხარ ორიენტირებული, როდესაც ხვდები რომ მაღალი თამასაა შენს პროფესიაში, ეს ყოველთვის გიბიძგებს და მუხტს გაძლევს მეტი და მეტი აკეთო.

– საიდან იღებს მოტივაციას ის ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს?

-ჩემთვის ყველაზე მაგარი მოტივაცია დასრულებული ქეისი და ის შედეგია, რასაც შენი კლიენტი დებს. ამაზე მაგარი შეგრძნება და მოტივაცია არ არსებობს. მაგალითად, როდესაც შენთან მოდის ადამიანი, რომელიც არის ორმოცი წლის და არასოდეს უმუშავია, რომელმაც მთელი ცხოვრება ოჯახს და ბავშვებს შესწირა, იწყებ მასთან მუშაობას და დასასრულს, მას უკვე სამსახური აქვს, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებით. ჩახურა ქორწინება, აღარ ღელავს, შვილებთან ერთად უძღვება საკუთარ საქმეებს. მოღუშულ და იმედდაკარგულ ადამიანს რომ რეალური შედეგებით გაუშვებ, უკეთესი შეგრძნება რა უნდა იყოს. იმდენად ლაგდება ადამიანების ცხოვრება. გულწრფელად ვამბობ, რამდენიმე ისეთი ქეისი მქონია სხვას რომ მოეყოლა ვერ დავიჯერებდი.

მართლა ნებისმიერ დროსა და ასაკშია შესაძლებელი ცხოვრების თავიდან დაწყება, თუ ეს მხოლოდ ადამიანის გამამხნევებელი სიტყვებია?

– მხოლოდ გამამხნევებელი სიტყვები არ არის. თუმცა ქართველების დამოკიდებულება ასაკის მიმართ ყველამ ვიცით. ოცდახუთი წლის ადამიანს გეტყვიან, – რა დროს ახალი უნივერსიტეტია. მე პირადად ცხოვრებამ ოცდათხუთმეტი წლის ასაკში დამაბრუნა კიდევ ერთხელ იქ, სადაც თხუთმეტი წლის ასაკში ვიყავი. ამ ასაკში დავიწყე იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ასაკში დგამენ. შევარჩიე პროფესია. მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ცხოვრების დაწყება და საერთოდ არ მეშინია ცხოვრების თავიდან დაწყების, უკვე იმდენჯერ დავიწყე რომ რეცეპტი ვიცი. ერთ მაგალითს გეტყვით, როდესაც მე ოცდათექვსმეტი წლისა ფსიქოკონსულტირებას ვსწავლობდი, ჯგუფელი გვყავდა სამოცდასამი წლის ქეთი კუპრაშვილი, ყველაზე აქტიური და პოზიტიური, ეს ქალი იყო ჩემი მოტივაცია. ფიზიკურ სავარჯიშოებსაც ყველაზე მაგრად, დიდი შემართებით ქეთი აკეთებდა. წლების წინ ვფიქრობდი, რომ ორმოცი წელი ქალისთვის სიბერეა, ახლა კი, როდესაც მე თვითონაც მეორმოცე წელში ვარ, მივხვდი, ეს ის ასაკია, როდესაც ზუსტად იცი რა გინდა, სად გინდა და როგორ გინდა… ორმოცი წელი არის ასაკი, როცა სხვადასხვა პროფესიაში შეგიძლია შედგე, ორმოცი წელი არის ასაკი, სადაც შეგიძლია ყველაზე რესურსული პირადი ურთიერთობები გქონდეს. ეს ის ასაკია, როცა რებუსებით აღარ ესაუბრები მამაკაცს, ზუსტად იცი რაც გინდა.

-თამუნა, ინტერვიუს ბოლოს, მივცეთ რჩევები ჩვენს მკითხველს, როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია?

-ძალიან ბევრი სავარჯიშო არსებობს ამისთვის და მე ვფიქრობ ყველა ადამიანს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო სჭირდება, რადგან სხვადასხვა ფსიქოტიპები ვართ. მოტივაციის ასამაღლებელი სავარჯიშო, რომელიც მარტივია და მე ყველაზე ძალიან მომწონს ასე გამოიყურება – დილით, როდესაც ადგებით, მიდით სარკესთან და საკუთარ თავს გულწრფელად დაუკარით ტაში. ოღონდ ეს არ უნდა იყოს მლიქვნელობა. მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანს გვაქვს ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რაც შევძელით. ვიღაცამ შეიძლება მთები დალაშქრა და ვიღაცამ უბრალოდ მაგარი ხაჭაპური გამოაცხო. ამიტომ ყველაზე კარგი მოტივაცია საკუთარი თავის გამხნევებაა, – რა მაგარი ხარ ჩემო თავო, შენ ეს შეძელი და ტაში სარკეში.

-წარმატების შენეული რეცეპტი როგორია?

-წარმატებას აუცილებლად სჭირდება სწორი ხედვა, საკუთარი თავის შესწავლა და შრომა. სწორი ხედვაც საკუთარი თავის შემეცნებიდან გამომდინარეობს. მე ვიცნობ ჩემს თავს, ვშრომობ, სწორი, ნათელი და ეკოლოგიური რაკურსი მაქვს. პირადად მე, წარმატებამდე საკმაოდ რთული გზა გავიარე. როდესაც არ ხარ იქ, სადაც უნდა იყო, როდესაც არ გაქვს ის პროფესია, რაც უნდა გქონდეს, როდესაც იმ ადამიანს უკავშირებ პირად ცხოვრებას, რომელსაც არ უნდა უკავშირებდე. თუ შენ არ იწყებ საკუთარი თავის გაცნობას და გაცნობიერებას, – ვერ ხვდები რა არის შენი. როდესაც შენს თავს გააცნობიერებ მერე ყველაფერი ლაგდება. თუმცა, ეს არ არის მარტივი პროცესი.

-ბედნიერების რეცეპტი.

-საკუთარი თავის შემეცნება და განვითარება არის ის, რასაც ბედნიერება მოაქვს.  მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისი თავის საუკეთესო ვერსია იბადება, რადგან ყველაფერი არის შენს შიგნით. ყოველი კრიზისის შემდეგ განვითარება, აი, ეს არის ბედნიერების რეცეპტი. კრიზისი უბრალოდ ატმოსფეროს გიქმნის იმისთვის რომ გამოვლინდე, გამოავლინო ყველაზე მაგარი რაც შენშია. მე ჩემი პროფესია მაბედნიერებს, რომელიც დიდი დოზით არის ახლა ჩემს ცხოვრებაში. ასევე დედაჩემი, ჩემი პირადი ოჯახი და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები. მაბედნიერებს თუნდაც იმის გააზრება, რომ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ძალიან ვუყვარვარ, მათგან მადლიერებას და დაფასებას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.

ავტორი: ნინო გონგაძე

თამუნა ქურდაძესთან დასაკავშირებლად გადადით ლინკზე: თამარა ქურდაძე • Tamara Kurdadze

მსგავსი სტატიები

Leave a Comment