fbpx

წარმატების ფორმულა ძალიან მარტივია, მაგრამ პრაქტიკაში მისი გამოყენება ყველას არ შეუძლია

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებაში სარისკო არაფერია. ცხოვრება ერთფეროვანია, სამსახური – სახლი, სახლი – სამსახური. მაგრამ თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ ყოველთვის რისკზე მივდივართ, როცა ჩვენს პროფესიაში დახელოვნებას ვაგრძელებთ (იქნებ ჩვენი მოწოდება სულ სხვა სფეროა?), როცა ვიღაცის ერთგულების გვჯერა (მაგრამ ხომ შეუძლია, ზურგი გვაქციოს?) და სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ცხოვრება სიტუაციების უსასრულო მონაცვლეობაა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი იძულებულია, არჩევანი გააკეთოს.

ცნობილი ადამიანების „წარმატების ფორმულაში“ რისკზე წასვლის უნარი პირველ ადგილზე დგას. ის ბიძგისმომცემ ძალად ითვლება, რომელიც დასახული მიზნის გზაზე ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში გვეხმარება, მაგრამ რისკზე წასასვლელად უბრალო მზადყოფნა და სითამამე არაა საკმარისი. ერთადერთი სურვილით – სხვებს რაღაც დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ – შორს ვერ წავალთ. ისეთი ძლიერი და მყარი მოტივი, რწმენა უნდა გაგვაჩნდეს, რომელსაც ვერანაირი დაცინვა და ცვალებადი ვითარება ვერ შეარყევს.

მეორე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი – ადამიანები, რომლებმაც მაღალ მდგომარეობას მიაღწიეს, მიღებული შედეგით აღარ კმაყოფილდებოდნენ. მათ თვითონ პროცესი იტაცებდათ. ეს იქნებოდა მეცნიერული ჭეშმარიტების კვლევა თუ იშვიათი ჯიშის ვარდის გამოყვანა, ფინანსური იმპერიის შექმნა თუ ბავშვების არატრადიციული სისტემით აღზრდა. ამიტომ, თუ ადამიანი იმ საქმეს მოჰკიდებს ხელს, რომელიც მას არ აინტერესებს ან მისი მიზანი მხოლოდ ფულის მოხვეჭაა, ნამდვილ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს.

არსებობს კიდევ ერთი კანონზომიერება: ყველა ცნობილმა ადამიანმა შეძლო, ღირსეულად გადაეტანა დამარცხების წუთები და მიუხედავად იმისა, რომ ფორტუნა მათ მიმართ ყოველთვის კეთლიგანწყობილი არ იყო, უარი არ თქვეს, კიდევ ერთხელ მოესინჯათ საკუთარი ძალები. მათთვის „მოგება“ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უბრალო „არწაგება“. დანაკარგის გამო თავიანთ მიზნებს ზურგს არ აქცევდნენ; წარუმატებლობა კი არ აფრთხობდათ, არამედ გამოცდილებას მატებდათ.

მაშ ასე, რისკი და თქვენ ერთმანეთისათვის ხართ შექმნილი, თუ:

განიზრახეთ რაღაც ახალი – ეს იქნება რემონტის გაკეთება, საკუთარ გარეგნობაში რადიკალური ცვლილებების შეტანა თუ ფანტასტიკური სამსახურის მოძებნა და მიზნის მისაღწევად სიხარულით აღვსილი ხართ.

სხვების საუბარი თქვენს სურვილს კი არ გაანელებს, არამედ მათ აზრს ყურადღებით მოისმენთ და იქიდან მხოლოდ რაციონალურ მარცვალს ამოიღებთ.

მძიმე ან წარუმატებლობის მომენტში შინაგან ძალას იკრებთ და ცხვირ-პირი არ ჩამოგტირით. ენერგია უსარგებლო განცდებზე დასახარჯად კი არა, დაბრკოლებების გადასალახავად გესაჭიროებათ.

საშინელი ვარაუდი, რომ „ყველაფერი ჩაიფუშება“, თქვენზე გავლენას ვერ ახდენს. სამაგიეროდ წარმატების კონკრეტული, თითქმის ხელშესახები წარმოსახვითი სურათები დეტალებში ადვილად აისახება და თქვენს გადაწყვეტილებას ამყარებს.

მარცხის შემთხვევაში ხელს არ ჩაიქნევთ, მზად ხართ, ისევ სცადოთ. მწარე გამოცდილებას ითვალისწინებთ და დაუყოვნებლივ ახალ გეგმას აწყობთ.

მთავარი ისაა, რომ მოვლენებში მონაწილეობის მიღება მოგწონთ და არა დამკვირვებლის როლში ყოფნა.

პერსპექტიული პარტნიორები

ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან „მოწამლულია“ ავანტიურის ვირუსით. სხვები – პირიქით, ყველაზე მეტად მყარ მდგომარეობას აფასებენ. როგორც ხშირად ირკვევა, პირველებს არა იმდენად რისკი იზიდავთ, არამედ ბრძოლის გზით საკუთარი ძალების მოსინჯვა, მაგრამ, ინიციატივის გამოჩენის მიუხედავად, ყოველთვის არ იციან, წარმატების შედეგებს რა მოუხერხონ.

მეორე მხრივ, არიან კონსერვატული, ფრთხილი ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ხალისს კარგავენ, თუ გვერდით არ ჰყავთ პიროვნება, რომელიც თავისი ქცევით ეტყვის: წარმატება შესაძლებელია, აბსოლუტურ გარანტიას არავინ იძლევა, მოდი, ვცადოთ… ეს ურთიერთსაწინააღმდეგო პიროვნებები ერთმანეთისათვის საჭირო და სასარგებლონი არიან ოჯახში, სამსახურში, ნებისმიერ გუნდში, თუმცა ისინი ხშირად კამათობენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ჭეშმარიტება კამათში იბადება.

მთავარია სურვილი და მონდომება

რაც უფრო მაღალ მიზანს დაისახავთ, მით უფრო სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. შეიძლება წარმატებისაკენ გზა ძნელი მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, თუ რაიმეს მოისურვებთ, მის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ. მით უფრო, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, ნებისმიერ წუთში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ გარემოებაში ახალი ცხოვრების დაწყება შეიძლება.

წყარო:meganews.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment