fbpx

ჩემი 101 ეფექტური რწმუნებულება

ავტორი ჟოლო
536 ნახვა

უაზრობაა იკამათო, განსაჯო, ან აკეთო, ფასეულობების გარკვევის გარეშე. მხოლოდ საერთო ფასეულობების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ეფექტური ურთიერთქმედება. განსხვავებული ფასეულობების მქონე ადამიანები მხოლოდ მავნებელი მეგზურები იქნებიან ერთმანეთისთვის!

ის, რასაც ამ პოსტში გაეცნობი, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაა. ეს გამოცდილება ბევრმა ცდებმა და შეცდომებმა მოიტანა… და ერთ დღესაც, ადგა და ერთ ლამაზ ფურცელზე, ერთგვარი დებულებების, პრინციპებისა თუ რწმუნებულებების სახით გადმოიღვარა.
ამ პოსტში არეულ-დარეულადაა შემოთავაზებული პრინციპები ჩემი ცხოვრების საკვანძო სფეროებიდან , რომლებსაც აგერ უკვე 9 წელია ვაკვირდები და ცნობიერად ვავითარებ. ეს სფეროებია: პერსონალური განვითარება, ურთიერთობები, ბიზნესი და ფული.
მე არ მაქსვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს რწმუნებულებები 100%-იანი ჭეშმარიტებაა და არც არავის რამეში დარწმუნებას ვაპირებ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ პოსტში მივმართავ – საკუთარი თავია.
  1. ნებისმიერი პრობლემა, კონფლიქტი, თუ ტანჯვა – უმწიფარი ფასეულობებიდან იღებს სათავეს. თუ ფასეულობები არ დამწიფთა და მყარ მამოძრავებელ ორიენტირად არ იქცა, განსაკუთრებული ცვლილება არ მოხდება… დამწიფებული ფასეულობათა სისტემა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პერსონალურ განვითარებაში.
  2. ბიზნესი – ბევრად უფრო რთული და საინტერესო თამაშია, ვიდრე მხოლოდ ფულის კეთება. შექმნა ბიზნესი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ძალიან არასწორად და მოსაწყენად მიმაჩნია. ბიზნესი, მისი მასშტაბისა და მოცულობის მიუხედავად უნდა ცვლიდეს სამყაროს და დამატებით ფასეულობას იძლეოდეს.
  3. იმისათვის, რომ ბიზნესი ქმნიდეს დამატებით ფასეულობას, უნდა იყოს ეფექტური. სწორედ ამიტომ, ბიზნესი ფინანსური მიზნების გარეშე არ არსებობს. რაც უფრო მეტს ვაძლევთ სამყაროს, მით მეტი რესურსია საჭირო. კარგ კომპანიას არ აქვს უფლება იყოს არაეფექტური.
  4. პარადიგმა “ვიშოვო ფული” ცოცხლობს და ვითარდება, მაგრამ ცოტახანს. შეიძლება დააგროვო კაპიტალი, მაგრამ თუ მთავარ მიზანს ფული წარმოადგენს და სხვა ფასეულობები არ არსებობს, ეს ჩიხია. ეს ავთვისებიან სისმსიმნეს წააგავს: მეტასტაზები იწყებენ გამრავლებას და ყველაფრის ჩათრევას ორგანიზმში. ეს იქამდე გრძელდება, სანამ ორგანიზმი საბოლოოდ არ განადგურდება.
  5. ფული არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ის უბრალოდ რესურსია, რომელიც მიზნებისა და პროექტების რეალიზებაში გვეხმარება, ხოლო თუ საით მივყავართ ამ პროექტებს, ამას უკვე ფასეულობები განსაზღვრავს. შეიძლება გაანადგურო ან შექმნა. შეიძლება იაზროვნო გლობალურად, ან იაზროვნო ლოკალურად. ყველაფერი შენს თავშია.
  6. ბიზნესი ფორმატით „იყიდე-გაყიდე“ – სადაც საქონლის გადაადგილების მეტი არაფერი ხდება, ბანალური სპეკულაციაა. ბიზნესი უნდა ქმნიდეს სიახლეს და ფასეულობას ავრცელებდეს. სანამ იქნება სპეკულაციის მოთხოვნილება, ის იარსებებს, უბრალოდ, ჩემთვის ეს არაა საინტერესო.
  7. თუ მომხმარებლისთვის არაფერი გაქვს სათქმელი, საქმეში ერთვება „ფართო ასორტიმენტი“ და „დაბალი ფასები“. ბიზნესების უმრავლესობას მომხმარებლისთვის აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ისინი გაიხსნენ.
  8. ადამიანების უმრავლესობისთვის თავიანთი უმოქმედობის გამართლება და სხვაზე გადაბრალება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – შედეგები, მიზნების მიღწევა და ბედნიერება.
  9. ის რაც დასრულებულია, მყისიერად მჟღავნდება სამყაროში. თუ რაღაც არ გამოდის, ე.ი. ღირს დაფიქრება იმაზე, საერთოდ მნიშვნელოვანია თუ არა – ანუ ფასეულია თუ არა ის. არ გამოგდის გაყიდვები? არ გეწყობა ურთიერთობები? არ მუშაობს საიტი?… დაფიქრდი, იქნებ თავად ცხოვრება გაფერხებს?!
  10. კურსები, სემინარები, ტრენინგები – მხოლოდ ინფორმაცია არაა. პირველ რიგში, ეს არის სწორი გარემო და სწორი მოტივაცია.
  11. ურთიერთობების ხარისხი, შობს კულტურის ხარისხს. ამაზე მეტყველებს არა თეატრებში და მუზეუმებში სიარული, არამედ ის, როგორც ჩვენ ვაწყობთ ურთიერთობებს ჩვენს პირველ კონტურთან. სამწუხაროდ ხშირად ეს ურთიერთობა უკულტუროა.
  12. ოჯახი – კულტურის განვითარების მთავარი პოლიგონია, ის ყველაზე რთულია და სწორედ ამიტომ არის ყველაზე ეფექტური, ხოლო ბიზნესი – ეს უკვე მომდევნო დონეა.
  13. „იყო“ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე „ჩანდე“. უნდა იყო კარგი ბიზნესი და არა აჩვენებდე კლიენტებს, რომ კარგი ხარ.
  14. ბიზნესის საკვანძო მიზანია – ბედნიერება მიანიჭოს მის შემოქმედს. თუ ბიზნესი გაცლის შესაძლებლობას კუთვნილი დრო გაატარო ოჯახის წევრებთან, აკეთო საყვარელი საქმე, იმოგზაურო… – მაშინ რაში გჭირდება ასეთი ბიზნესი?
  15. ბიზნესს, რომელშიც 24 საათი ხარ ჩაფლული – ზიანის გარდა არაფერი მოაქვს. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ ამ „ეგზოტიკური“ გზით კარგად გამოიმუშავებ. ცხოვრებას ერთი უცვლელი ტენდენცია გააჩნია – ის შეუჩერებლად მცირდება და უეცრად მთავრდება.
  16. სწორი ადამიანების აღმოჩენისა და მათი მოტივირების უნარი – ეს არის ბიზნესმენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი. შეგეძლოს შენს გუნდის წევრებს მიანიჭო ბედნიერება – ეს უკვე დიდი მოთამაშეების უნარია.
  17. შენ არ შეგიძლია ხარისხიანად იზრუნო სხვაზე, თუ საკუთარ თავს არაფრად აგდებ. შენ ვერ მიანიჭებ ბედნიერებას სხვას, თუ თავად უბედური ხარ.
  18. ბიზნესი – ეს არის იდეა და სისტემა. იდეა სისტემის გარეშე დიდხანს ვერ ცოცხლობს. სწორედ სისტემა ახდენს იდეის რეალიზებას.
  19. თუ ბიზნესი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, ესეიგი ეს ბიზნესი კი არა, „თედოს კანტორაა“.
  20. საქართველოში არ არსებობს კონკურენცია. ის რასაც აქ კონკურენციას ეძახიან, მეტ წილად, არაკომპეტენტურობა და მარკეტინგის საფუძვლების არ ცოდნაა.
  21. კონკურენცია ფასებით – ბოროტებაა. თუ შენც ჩაჯექი ამ ნავში, ესეიგი შენც არაფერი გაქვს სათქმელი მომხმარებლისთვის.
  22. მთავარია აკვირდებოდე საკუთარ ბიზნესს და ურთიერთობდე სამიზნე აუდიტორიასთან – ვიდრე მუდმივად კონკურენტების შესწავლაზე იხარჯებოდე.
  23. მარკეტინგში გაცილებით მნიშვნელოვანია „როგორ?“, ვიდრე „რა?“. ყველაზე სულელური კითხვა – ეს არის: „ვინმეს უცდია ეთანამშრომლა X კომპანიასთან?“ ან „ვინმეს უცდია რეკლამის ამ სახეობის გამოყენება?“ – ამ კითხვაზე გაცემული პასუხი არაფერს მისცემს მის დამსმელს, იმიტომ რომ მისი პირობები, გამოცდილება და სიტუაცია განსხვავებულია. ხშირად ასეთ შეკითხვებს თავდაუჯერებელი ადამიანები სვამენ.
  24. ყველა დამნაშავეს ეძებს, რათა პასუხისმგებლობა მოიხსნას და სხვას გადააბაროს… და მხოლოდ ერთეულები ცხოვრობენ 100% პასუხისმგებლობის განცდით.
  25. ქართული საზოგადოება – ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცეული საზოგადოება. ისტორიულად ისე განვითარდა ყველაფერი: ბატონყმობა, საბჭოთაკავშირი, “დემოკრატიისკენ სვლა”… ჩვენ გვეუბნებოდნენ: “შენ სისტემის რესურსი ხარ, ამიტომ არ არის საჭირო კითხვების დასმა”. ეს ბევრმა დაიჯერა – ძალიან ბევრმა. მაგრამ, თუ ჩვენ არ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, კეთილდღეობას ვერასოდეს ვიხილავთ.
  26. შენი წარუმატებლობების ისტორია – ეს არის გზა წარმატებისაკენ.
  27. უნდა იწვებოდე და ტკივილების დაძლევით მიიწევდე მაღალ და მაღალ საფეხურებზე. პრობლემა – ჯილდოა და შენ შეგიძლია შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემები, რამეთუ ეს ჯილდოები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია შენთვის. ადამიანები გარბიან “სწრაფადმოქმედი ასპირინისკენ” და ავტომატური რეფლექსია აქვთ სწრაფი შედეგებზე. არადა, გადახედე განვლილ გზას და აღმოაჩენ, რომ სწორედ შენს წარუმატებელ გზაშია წარმატების გასაღები, მთავარია გაახილო თვალი და გააცნობიერო, რომ გძინავს.
  28. კრიზისი – ბიზნესმენისთვის ყველაზე ნორმალური მდგომარეობაა. თუ კრიზისები გაშინებს – აჯობებს რაიმე სხვა საქმიანობით დაკავდე.
  29. სასტარტო კაპიტალი – ეს არის ყველაზე მავნებელი რამ დამწყები ბიზნესმენისთვის. სასტარტო კაპიტალი – კლავს შენს შესაძლებლობებს და გასწავლის დამარცხებას.
  30. ბიზნესმენები – არიან ადამიანები, რომლებიც აუმჯობესებენ სამყაროს. ისინი ქმნიან სიახლეს და ამრავლებენ ფასეულობებს. იყო ბიზნესმენი – ბედნიერებაა. ბიზნესმენები ქმნიან და იყენებენ შესაძლებლობებს, დანარჩენები – ვერა.
  31. ბიზნესი – ეს არის გავლენის მოხდენის მძლავრი საშუალება. არ ღირს ბიზნესში ფულის გულისთვის წასვლა. ფულის გამომუშავების უფრო მარტივი საშუალებებიც არსებობს.
  32. ფული უკვე მუშა მოდელში უნდა ჩაიდოს. ჩადო ფული იდეაში – სისულელეა. კარგი იდეა ჯიბის ფულითაც შეგიძლია მიიყვანო მოგებამდე.
  33. ჩემთვის მოსაწყენია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც გიხსნიან, თუ რატომ არ შეუძლიათ რამის გაკეთება. ან „არ გინდა“ ან „არ იცი როგორ“. თუ არ იცი როგორ – შეგიძლია ეძებო საშუალებები, ან დაჯდე და ელოდო, სანამ ვინმე სხვა იპოვის.
  34. ერთი ბიზნესი – ძალიან ცოტაა. პირადად ჩემთვის ერთი ბიზნესი ძალიან მოსაწყენია.
  35. პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მოყვნენ, თუ რა ბედი ეწევა მათ ბიზნესს 200 წლის შემდეგ. ბიზნესმენების აბსოლუტური უმრავლესობას ერთ წლიან პერსპექტივაშიც კი არ შეუძლია საკუთარი ბიზნესის დანახვა. ბევრმა კი წესიერად ისიც არ იცის, თუ რატომ შექმნა ბიზნესი. ვიმედოვნებ, რომ მალე ასე აღარ იქნება.
  36. საშინელებაა, როდესაც ცხოვრობ ინერციით. რთულია იურთიერთო ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ ახსნან, რისთვის აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.
  37. საჯარო გამოსვლები – ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მეხმარება გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს და განვვითარდე. ყოველ ჯერზე, როდესაც მიმყავს ტრენინგი, ვებინარი ან მასტერ-კლასს ვატარებ, მე არა მხოლოდ ვვითარდები, არამედ მეტს ვიგებ საკუთარი თავის შესახებ.
  38. ფასეულობების გარეშე, კაპიკია აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ფასი. ასეთი პოზიცია გააჩნდა იესოსაც და ჰიტლერსაც. უბრალოდ, ერთმა შექმნა დიდი გზა და სწავლება, მეორემ კი – მესამე რეიხი. ფასეულობები – ეს მხოლოდ ვექტორია… ვექტორი – განადგურების ან ქმნადობის.
  39. ცხოვრებისა და მოვლენების საზრისი – ამ მომენტშია, აქ და ამჟამად. ჩვენ ძალიან ხშირად გავრბივართ გუშინდელი და ხვალინდელი დღის განსჯებში, რითიც დღევანდელ დღეს ვკარგავთ.
  40. ვირტუოზობა – ეს არის აკეთებდე ცნობიერ არჩევანს.
  41. მეტისმეტად კომფორტულია შეძვრე სტაბილურობაში და იყო “მცენარე”. არადა, საჭიროა დაეჭვება. დაეჭვებისას შენ ერკვევი საკუთარ თავში. მაგრამ გადაჭარბებული ეჭვიანობა ანადგურებს. ნამდვილი ვირტუოზი – ეს არის შემოქმედი, რომელმაც იცის საჭირო დროს რეფლექსიაზე უარის თქმა.
  42. ფული – ეს არის გაცვლისა და ეფექტურობის უნივერსალური მაჩვენებელი. თუ ეფექტური ხარ საკუთარ საქმეში, ესეიგი ფული ბევრი გაქვს. თუ საქმეს აკეთებ მხოლოდ ფული გულისთვის, ადრე თუ გვიან დამარცხდები.
  43. მე მსიამოვნებს და მაინტერესებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ნათლად ფორმულირებული მიზნები აქვთ და არ ხარჯავენ ცხოვრებას სხვების მიზნების რეალიზებაზე.
  44. ადამიანის ყველაზე დიდი ფასეულობა – არჩევანის თავისუფლებაა. მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი გამოყენება. ეს იმიტომ, რომ ცნობიერ არჩევანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება.
  45. ყოველ დღე ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს: წავიდეთ პლუსისკენ თუ წავიდეთ მინუსისკენ, შევქმნათ ეკოლოგიური ბიზნესი, თუ რაიმე მაქინაციით დავკავდეთ. შესაძლებლობები ძალიან ბევრია. მაგრამ არ არის საჭირო ყველა შესაძლებლობით სარგებლობა.
  46. სხვების განსჯა და განკითხვა უსაქმური და უპასუხისმგებლო ადამიანის საქმეა. განსაჯე და განიკითხე საკუთარი თავი – ეს ბევრად ეფექტურია.
  47. დაიწყე დღე შეკითხვით: „რაში გავხდი უკეთესი გუშინ და რაში მსურს გავხდე დღეს?“ – ეს შესანიშნავი პრაქტიკაა.
  48. თუ არ შეგიძლია ცხოვრებაში გამონახო დრო ოჯახის, გართობის, სპორტისა და საკუთარი თავისთვის – ესეიგი, შენ ტყუილად აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. ადამიანი, რომელიც გამოგონილ მიზნებს მისდევს, ხშირად ივიწყებს ნამდვილ ფასეულობებს. მე არაერთხელ ვიჯექი ამ ორმოში.
  49. საწყენია, როდესაც ადამიანები თავად უკრძალავენ საკუთარ თავს ბედნიერებას, ხარჯავენ სასიცოცხლო ძალებს ემოციებზე, რომლითაც გამოგონილ არგუმენტებს იცავენ იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუძლიათ ან არ აქვთ ის, რაც უნდათ, რომ ჰქონდეთ.
  50. ბიზნესმენების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას ნიშნავს იყო მესაკუთრე. უმეტესობა იმასაც კი ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს იყო ბიზნესმენი. მათ იმდენად არ უნდოდათ „ბიძიაზე“ მუშაობა, რომ უბრალოდ, ადგნენ და ერთი „ბიძია“ მეორეზე გაცვალეს.
  51. ქართული ბიზნესის მთავარი პრობლემა – ეს არის საკუთარი კლიენტის არ ცოდნა. აკეთო რაღაც კონკრეტული, ცოცხალი ადამიანების სპეციფიური ჯგუფისთვის – ეს ჯერ-ჯერობით საქართველოში ფანტასტიკის სფეროა.
  52. ყველაზე სწორი ბიზნესი – ეს არის შენი აუდიტორიის მთავარი პრობლემის გადაჭრა. საქართველოში უნიკალური სავაჭრო წინადადების ფენომენი ლოზუნგებითაა ჩანაცვლებული. ყველაფერს ძველი, კომუნისტური წყობილების პარადიგმა აფუჭებს… სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა – უნდა იპოვო შენი კლიენტის მთავარი პრობლემა, შექმნა ისეთი გამოსავალი, რომელიც არც ერთ შენს კონკურენტს ჯერ არ დასიზმრებია, შემდეგ კი ოპტიმალური და ეფექტური გზით შესთავაზო ის ბაზარს. ამისთვის საჭიროა განსხვავებული აზროვნება, მინიმალური კრეატივი და მოსმენისა და გაგების უნარი. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მოსმენა და გაგება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს საუკუნეში მოსმენა და გაგება – დაკარგული უნარია.
  53. საკუთარი აუდიტორიის არ ცოდნისა და ვერ გაგების გამო – ბევრი ბიზნესმენი აუდიტორიის იმ პრობლემებს აგვარებს, რომლიც მათ არ აქვთ… უმეტესობა კი, უბრალოდ, საკუთარ პრობლემებს აგვარებს.
  54. ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნური მოთხოვნილებების ერაში. აქედან გამომადინარე კი, ნამდვილი მოთხოვნილებების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. ბიზნესმა მოიგონა არა მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მათი შექმნაც. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეთიკური და ესთეთიკური სტანდარტების შექმნა.
  55. ზოგადში ყოველთვის უნდა დაინახო კონკრეტული.
  56. თუ ფლორისტებს დაავალებ ხეების დარგვას, ისინი აუცილებლად გკითხავენ: ფიჭვის ხე, ალვის ხე, თუ პალმა? აბსტრაქციაში ყოველთვის გვინდება კონკრეტიკის დანახვა. მაგრამ, თუ ასეა, მაშინ რატომ ვივიწყებთ ამის შესახებ ადამიანზე საუბრისას? იმიტომ რომ ფასეულობები არ დგას ჩვენი ცხოვრების ცენტრში… იქ ვიწრო, ეგოისტური ინტერესები დგას!
  57. თუ ადამიანმა ყველაფერი იცის, მისი ცხოვრება დასრულებულია.
  58. საშიშია მიაღწიო ცხოვრების მთავარ მიზანს და დარჩე ცოცხალი.
  59. ისწავლო და განვითარდე ყოველ დღე – ეს ბედნიერების ყველაზე გასაგები და მისაღები საშუალებაა.
  60. თუ არ გყოფნის დრო იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, ვისთვისაც აკეთებ ყველაფერს – ესეიგი, შენ ვიღაცას ატყუებ.
  61. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა ბიზნესის საკეთებლად. აქ არ არსებობს კონკურენცია, სიბნელეა მარკეტინგში და მომხმარებელს დაბალი მოთხოვნები აქვს. ასევე, ნებისმიერ ბაზარზე შესვლის ფასი ძალიან დაბალია. ბიზნესების 99%-ის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი ინტერნეტში აბსოლუტურ ნულს უტოლდება.
  62. როდესაც სხვებს ეხმარები განვითარებაში, შენ თავად ვითარდები. კომპანია ვალდებულია დაეხმაროს თავის თანამშრომლებს ზრდაში და განვითარებაში.
  63. ბიზნესი ისე უნდა ააგო, რომ ადამიანები ფულის გულისთვის კი არ მოდიოდნენ მუშაობის დასაწყებად, არამედ იმ ფასეულობისთვის, რომელსაც კომპანია ავრცელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამშრომელი გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს, ვიდრე უბრალოდ, საქონლის გაყიდვა და მიწოდება.
  64. „ჩვენ პატარა კომპანია ვართ“ – ეს არის ყველაზე ხშირი თავის მართლება, რათა ბიზნესმენებმა თავიდან აირიდონ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება. მაგალითად – დელეგირება, პერსონალის აყვანა, ბიზნეს-პროცესების აღწერა, ორგსტრუქტურის შექმნა, კომუნიკაციის სისტემის დანერგვა და სხვა სტრატეგიული და სისტემური ამოცანები.
  65. ინტერნეტში დაახლოებით ერთ დღეში შეგიძლია გაიარო გზა – იდეიდან პირველ ფულამდე. ამიტომ, არაა საჭირო ზღაპრების მოყოლა იმის შესახებ, თუ როგორი რთულია ამის გაკეთება.
  66. ბიზნესს აკეთებენ ადამიანები! სწორედ ამიტომ, ადამიანი ყველაზე ფასეულია, რაც ბიზნესში არსებობს. მაგრამ თუ არ ხარ მზად მომენტალურად გაათავისუფლო დაკავებული თანამდებობიდან ნებისმიერი თანამშრომელი, ესეიგი, შენი ბიზნესი ჯერ არ არსებობს. ადამიანები უნდა გვიყვარდეს და ვეხმარებოდეთ ზრდაში, მაგრამ არ შეიძლება იყო მათზე მიჯაჭვული.
  67. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანი მიზნებს ვერ მიაღწევს, თუ სწორად არ „გატისკავ“ და არ მოახდენ მის მოტივირებას მოქმედებაზე. ეს იმ ადამიანებს ეხება, რომლებმაც გადაწყვიტეს გადაიხადონ ფული საკუთარი მიზნების მიღწევაში.
  68. მე ძალიან არ მომწონს ის, რასაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ვხედავ. მაგრამ ყველაზე საწყენი ისაა, რომ უმრავლესობას აკმაყოფილებს ის, რაც ხდება. ეს სისუსტის პოზიციაა. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ვიმსახურებთ. თუ ადვილად მანიპულირებადი ვართ – ესეიგი, კიდევ გაგრძელდება ასე. თუ არ გვჭირდება თავისუფლება, არც გვექნება. ეს სამწუხაროა, მაგრამ არის კიდევ უფრო სამწუხარო რაღაც…
  69. სამწუხაროა, რომ ქართულ ინტერნეტში კოლოსალური ენერგია იხარჯება სიძულვილზე და კრიტიკაზე. გძულდეს ვიღაც ადვილია, სწორედ ამიტომ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ეფექტური გუნდები, ასოციაციები და ერთობები. სამწუხაროდ ადამიანები მხოლოდ ერთ შემთხვევაში ერთიანდებიან – როდესაც რაღაც ინგრევა და უბედურდება. ეს არის გზა არსად და მე არ მინდა ამ გზაზე სიარული.
  70. საქართველოში, შეიძლება ითქვას, გადაშენების პირასაა მიყვანილი დისკუსიის ხელოვნება. ნებისმიერი კამათი პიროვნულ განხილვებამდეა დაყვანილი. ჩვენ შეიძლება ითქვას, მოვსპეთ უანგარო და პოზიტიური დასტური ურთიერთობაში. მიდის არგუმენტების აბსოლუტური იგნორირება. ჩვენ გადავეჩვიეთ ერთმანეთის მოსმენასა და გაგებას. კამათში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება, თუ პერსონალურად განვითარებული ადამიანები კამათობენ, რომლებიც განსხვავებული შეხედულებებისა და აზრების მიუხედავად, პატივს სცემენ, აფასებენ და უსმენენ ერთმანეთს.
  71. პატარა ადამიანები დიდ პოსტებზე – აი რაშია ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ქვეყანა მათთვის წარმოადგენს არა ფასეულობას, არამედ რესურსს. ეს კი კატასტროფაა.
  72. ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად ჭვრეტენ პრობლემას, არ ამსხვრევენ ვიტრინებს, არ ანაგვიანებენ სადარბაზოებს და ქუჩებს. ეს არის ერთი პრობლემის მეორე პრობლემით ჩანაცვლება. არადა, სინამდვილეში ჩვენ პლუსიდან პლუსის მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. სწორედ ეს არის დამწიფებული ფასეულობა პიროვნებაში.
  73. როგორ გავიგოთ მწიფდება თუ არა ფასეულობა? ამას გავიგებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სილამაზის დანახვას დავიწყებთ… და თანაც სილამაზის დანახვას არა საყოველთაოდ მიღებულ ნორმებში, არამედ ე.წ. სიმახინჯეში როცა დავინახავთ სილამაზეს, ესეიგი სწორ გზაზე ვართ.
  74. ნამდვილი განვითარება – საკუთარი არაადეკვატურობის აღიარებითა და მიღებით იწყება. სანამ ვფიქრობთ, რომ ადეკვატურები ვართ, მანამდე მცნებას “განვითარება”, არავითარი ფაქტობრივი დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ილუზორულია.
  75. საუკეთესო სტრატეგია – ეს არის სტრატეგია, სადაც შენ არ თვლი თავს ყველაზე ჭკვიანად, მაგრამ ამასთან არ კარგავ თვითფასეულობის შეგრძნებას. მნიშვნელოვანია დიალოგის გზით სიარული და პროფესიონალებზე ყურის დაგდება. არაკომპეტენტურ თავდაჯერებულობას არაერთი პროექტი დაუღუპია.
  76. ჩემი დიდი მიზანია ვაშენო ბიზნესები საზრისით, შევქმნა ისეთი სისტემები, სადაც ესმით კლიენტების და კრეატიული გზით აწვდიან მათ ფასეულობას.
  77. იყო ბედნიერი – ეს არის ყველაზე ფასეული უნარი, რომელიც ასევე, გადაშენების პირასაა. მნიშვნელოვანია შეგეძლოს სხვების გაბედნიერება.
  78. კაცი თუ ქალი – საკითხავი აი ეს არის. მხოლოდ ქალს შეუძლია პასუხის გაცემა კითხვაზე – კაცი ხარ თუ არაკაცი. ღირსეული მამაკაცის გვერდით, ყოველთვის ღირსეული ქალი დგას. ქალი კაცისთვის ყოველთვის აღმაფრენა ან დაცემაა. აქაც ყველაფერს ფასეულობები განსაზღვრავს.
  79. მე მიყვარს მოგზაურობა და შვილის აღზრდა. ეს მთავარია, სხვა დანარჩენი – დეტალებია. მე არ ვარ საუკეთესო მშობელი, მაგრამ ვცდილობ ყოველდღე ვიყო უკეთესი.
  80. განათლება განათლებაა? მიმოიხედე გარშემო. დღეს უკვე შეუძლებელია განვითარდე მხოლოდ წიგნით ხელში. შენ ურთიერთობები უნდა აშენო ადამიანებთან, სწორედ მათ მიყავხარ განვითარებისკენ. აქაც ყველაფერს მწიფე ფასეულობები განსაზღვრავს.
  81. არიან ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავში ზიან და არიან ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავებს და მათ მარშრუტებს ქმნიან. შენ თავად ირჩევ ვინ იქნები და რამხელაა შენი მასშტაბი.
  82. პატიოსნება – ყველაზე რთულია. მას ძალუძს მოგკლას და განვითარების ახალ ეტაპზე გაგიყვანოს. ნებისმიერი დიდი იდეა ადამიანისგან იწყება, ხოლო მწიფე ფასეულობების გარეშე, შეუძლებელია ადამიანი შედგეს დიდად.
  83. ცხოვრება – დიდი ან პატარა იგავია, ადამიანი კი ამ იგავის საზრისი.
  84. როდესაც ჯდები ცხოვრების პირისპირ სათამაშოდ, დააკვირდი, გიჭირავს თუ არა გამძლეობის, შეუპოვრობის, შთაგონებისა და ენთუზიაზმის კოზირები, წინააღმდეგ შემთხვევაში წაგება არ აგცდება.
  85. სამყარო – ტერიტორიაა, ჩვენი აღქმა-წარმოდგენა კი – რუკა. ჩვენი რუკა არ უდრის არც ტერიტორიას და არც სხვა რუკებს.
  86. არის უმრავლესობა… და არის უმცირესობა… შინაგანი თამაშის ვირტუოზი ყოველთვის უმცირესობაშია… მაგრამ მხოლოდ ის ანათებს, რადგან ის ვარსკვლავია. ის ანათებს და ათბობს.. იმიტომ რომ კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. ის ყოველთვის საყვარელი საქმითაა დაკავებული და ყოველთვის ამაყობს საკუთარი თავით. ის ყოველთვის შეყვარებულია… მის გვერდით ადამიანი გრძნობს, რომ ცხოვრება აძლევს შანსს და რომ მას მეტის მიღწევა შეუძლია.
  87. არსებობს ეფექტური და არაეფექტური რწმუნებულებები. ეფექტური რწმუნებულება – ეს არის რწმუნებულება, რომელიც წინ გწევს და განვითარებს. არაეფექტური რწმუნებულება – ეს არის რწმუნებულება, რომელიც უკან გხევს და გაფერხებს. ეფექტური რწმუნებულება – ფუნდამენტია, რომელზეც შეგიძლია ააგო შენი ვირტუოზული სასახლე. ეს იმ კიბის საყრდენია, რომელსაც მწვერვალზე აყავხარ.
  88. შენ ის ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელთანაც მოგიწევს მთელი ცხოვრების გატარება. ამიტომ, მთავარი შენი შინაგანი რუკის მოწესრიგებაა…გახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან საკუთარი თავი მიგყავს თან!
  89. ამიტომ, აჯობებს შეიყვარო საკუთარი თავი… შეიყვარე და მიიღე ის ისეთი, როგორიც არის… გაათამამე, ასიამოვნე, აჩუქე სასიამოვნო და დაუვიწყარი მომენტები. შექმენი შენი ცხოვრებისგან თავგადასავალი. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს არა ეპიზოდურად და “პა პრაზნიკამ”, არამედ რეგულარულად.
  90. მთავარი ძიება – საკუთარი თავის ძიებაა და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერი ამ ძიებისთვის კეთდება.
  91. შენ იცი, რომ ჩვენ გავლით ვართ ამ სამყაროში? ნუთუ არ გაქვს სურვილი იხილო, თუ რა შეგიძლია სინამდვილეში?
  92. თუ იმოგზაურებ სამყაროში ვირტუოზობის საძებნელად, შენ იპოვი ვირტუოზობას. თუ იმოგზაურებ პრობლემების საძებნელად, შენ იპოვი პრობლემებს.
  93. ნათლად ფორმულირებული მიზანი – ნახევრად გავლილი გზის ტოლფასია.
  94. შენი მიზანი – მხატვრის მიერ აბსტრაქტულად მოხატული ტილო არ გეგონოს. ეს არის ერთგვარი შუალედური პროდუქტი, ხიდი მისიისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ეს პროდუქტი არა ვაკუუმში, არამედ მუდმივად ცვალებადი სამყაროსა და გარემოს კონტექსტშია. ამიტომ, დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, გჭირდება სიფხიზლე, ცნობიერება და ბასრი ინტელექტი.
  95. შესაძლოა რომელიღაც შუალედური ეტაპის გადალახვის შემდეგ, მოგინდეს მისიის გადახედვა და კორექტირება, იმიტომ რომ – შენი მისიაც შენთან ერთად იზრდება და ვითარდება!
  96. აკონტროლე ის, რისი კონტროლიც შეგიძლია და ნუ იდარდებ დანარჩენზე. მიენდე და იმოძრავე…
  97. თუ ის, რასაც აკეთებ არ მუშაობს, ანუ არ გავითარებს და ერთ წრეზე გატარებს – შეცვალე და რაიმე სხვა გააკეთე. რაც უფრო ფართოა არჩევანი, მით მეტია შანსი.
  98. მე გიზიარებ საუკეთესოს, რათა საუკეთესოს რაოდენობამ იმატოს შენში. რატომ? იმიტომ რომ როდესაც გასცემ, პირიქით, გიმრავლდება შენც და მასაც ვისაც მიეცი! უჯრედი იყოფა – ორგანიზმი მრავლდება.
  99. სარგებელი – ეს ყოველთვის ქველმოქმედება არ არის. ქველმოქმედება შეიძლება მავნებელი იყოს, თუ აგრძელებენ ჭმევას და უარს ამბობენ თევზის ჭერის სწავლებაზე.
  100. სხვების გადარჩენა – უდიდესი მისიაა, მაგრამ ჯერ კარგად დააკვირდი, რა ხდება შენს ოჯახში.
  101. შენ არ შეგიძლია გასცე ის, რაც თავად არ გაქვს!
თუ ეთანხმები – გააზიარე!
სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT
გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment