ბედისწერა და მისი მართვა (3 რჩევა)
მინდა ჩემი კონცეფცია შემოგთავაზოთ ბედისწერის თემაზე. მე ვთვლი, რომ ცხოვრების სცენარის ანუ ბედისწერის მართვა და შეცვლა სრულიად შესაძლებელია და ადამიანი პოტენციალურად თვითონ არის საკუთარი ბედის მესაჭე.
თუკი ადამიანი გააკეთებს არჩევანს, რომ საკუთარ თავზე დაყრდნობით და თვითკმარობის პრინციპის შესაბამისად მართოს თავისი ცხოვრება, ეს უკვე აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რათა საკუთარი ბედისწერის სადავეები ხელთ ჰქონდეს. ერიკ ბერნე იყენებდა ცხოვრების სცენარის ცნებას როგორც ბედისწერის ექვივალენტს.
სცენარი როგორც ბედისწერა ცაში კი არ სწერია, არამედ იგი ჩაწერილია ჩვენი ტვინის, ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში. ჩემი აზრით, ცხოვრების სცენარი ანუ ბედისწერა ეყრდნობა ოთხ ბოძს:
1) პიროვნების ღირებულებები,
2) საბაზო რწმენები და წინასწარი დაშვებები,
3) გარესამყაროს, ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი ფუნდამენტალური მოლოდინები,
4) პიროვნების „მე“–კონცეფცია, თვითშეფასება და თვითდაფასების დონე.
გავარჩიოთ თითოეული მათგანი იმ კუთხით, თუ რატომ მაინდამაინც ისინი ქმნიან ბედისწერის სცენარის ძირითად ღერძებს.
1.პიროვნების ღირებულებები
ღირებულებები პიროვნების ხერხემალია. ღრმა ბავშვობიდან მშობლები და აღმზრდელები ბავშვებს უნერგავენ:
თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი,
რას მოაქვს სარგებლობა და რა არის გამოუსადეგარი,
რანაირი პიროვნება არის კარგი და ვინ არის ცუდი,
რომელი ქცევა იმსახურებს შექებას და რომელი დასჯას,
რა არის დაფასებისა და გაკიცხვის საგანი და ა.შ.
ღირებულებები ქმნიან ცხოვრების ორიენტირებს და ამიტომაც გამოიყენება „პიროვნების ღირებულებითი ორიენტაციების“ ცნება. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანები ღირებულებების დაცვისათვის საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ. ცხრა ძმა ხერხეულიძე სამშობლოს დროშის დაცვას შეეწირენ. დროშა არ არის მხოლოდ მატერიალური ნივთი, რომელსაც აქვს ტარი და ტილო და მასზე გამოსახული სიმბოლო. ცხრა ძმა ხერხეულიძე შეეწირა სამშობლოს იდეას, რომელიც დროშაზე იყო გამოსახული, მათთვის სამშობლო უმაღლესი ღირებულება იყო.
ღირებულებები აღნიშნავენ იმას, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეული. მაგრამ ღირებულებებს გააჩნიათ გარკვეული იერარქია და ზოგი ღირებულება პიროვნებისათვის მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესია. პიროვნების ქცევასა და მოღვაწეობას განაგებენ არა მხოლოდ ცალკეული უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, არამედ მათი იერარქიული განლაგებაც.
მაგალითად, თუ თქვენი უპირველესი ღირებულება ოჯახია, მეორე მნიშვნელოვანი ღირებულება სიყვარულია, ხოლო მესამეა ადამიანთა თანადგომის, მეოთხე კი მეცნიერული შემეცნების ღირებულებები და მათ კიდევ მოსდევს სხვა უმნიშვნელოვანესი 5–6 ფასეულობა, ხოლო ფინანსური დამოუკიდებლობა ან წინსვლა არც კი გაქვთ ღირებულებათა ჩამონათვალში ნაგულისხმევი, ან სადღაც ბოლოში გაქვთ მითითებული, თქვენ უნდა ელოდოთ, რომ საკუთარ ოჯახურ ურთიერთობებს და ადამიანებთან თბილ, მზრუნველობით ურთიერთობებს ააგებთ და შესაძლოა მეცნიერული კარიერაც გაიკეთოთ, მაგრამ მუდამ გექნებათ ფინანსური დეფიციტის პრობლემები.
თუკი გსურთ ყველაფერთან ერთად გქონდეთ ფინანსური წინსვლაც, მაშინ უნდა გაიღოთ „გარკვეული მსხვერპლი“ და თქვენი ღირებულებების რეიტინგში ფინანსებს დაუთმოთ არა მოკრძალებული ადგილი, არამედ წასწიოთ იგი მოწინავე პოზიციებზე. ასეთი მცირეოდენი ცვლილებების შედეგად თქვენს ღირებულებებსა და მათ იერარქიაში თქვენ ახდენთ თქვენი ცხოვრებისეული სცენარის გადაწერას და შეცვლას.
თქვენს მიერ თავდაპირველად საკუთარი ღირებულებების კიდევ უფრო გამოკვეთა, მისი იერარქიის დადგენა, ხოლო ამის შემდეგ მასში სასურველი ცვლილებების შეტანა უნდა დაფიქსირდეს იმით, რომ ხშირად გადახედოთ თქვენს „ნამუშევარს“ საკუთარი ღირებულებების ახალი ნუსხის ან მისი ახალი რეიტინგის შესახებ, ბევრჯერ დაფიქრდეთ მის შინაარსზე და გაითავისოთ იგი. ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილებისა და მისი განმტკიცების მეოხებით თქვენ უკვე ცვლით ცხოვრების სცენარს. ჩემს ერთერთ წინა სტატიაში, რომელიც სპეციალურად ეძღვნებოდა ღირებულებებს, გაგაცანით კიდეც ღირებულებებისა და მათი იერარქიის გამოკვეთის ან მასში ცვლილებების შეტანის ჩემეული მეთოდი.
2.საბაზო რწმენები და დაშვებები ბედისწერის ხაზს ღირებულებების გარდა პიროვნების საბაზო რწმენები და წინასწარი დაშვებები განსაზღვრავს. ჩვენი საბაზო რწმენები და წინასწარი დაშვებები ქმნიან ჩვენს რეალობას, როგორც ეს აღნიშნა ფსიქოლოგიის თვალსაჩინო კლასიკოსმა უილიამ ჯეიმსმა. ჩვენი რწმენებიცა და წინასწარი დაშვებები ცხოვრების სცენარში ჩაწერილი კომპონენტებია, რომლებიც განსაზღვრავენ მოქმედებათა მზაობებსა და განწყობებს. მაგალითად, თუკი თქვენი საბაზო რწმენა და წინასწარი დაშვებაა „ცხოვრება ბრძოლაა და ძლიერი იმარჯვებს“, მაშინ თქვენ უფრო შემზადებული იქნებით რთულ სიტუაციებში ბრძოლისათვის და კონკურენციაზეც იქნებით ორიენტირებული, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა ხშირად მიმართოთ ძალისმიერ მეთოდებს. შესაბამისად შესაძლოა ეძებდეთ კიდეც ისეთ სიტუაციებს, სადაც ბრძოლითა და კონკურენტული სულისკვეთებით იქნებით მომართული და უკან არ დაიხევთ, თუკი ძალადობა იქნება გამოსაყენებელი. მაგრამ თუკი თქვენი საბაზო რწმენა და დაშვებაა, რომ ცხოვრება თამაშია და ყველა შანსები უნდა ეძიო, რომ გაგიმართლოს, მაშინ თქვენ ათასნაირ ლატარიებში ან აზარტულ თამაშებშიც კი ჩაერთოთ. თუკი თქვენი საბაზო დაშვებაა, რომ არაფერი არ გამოგდით, უიღბლო ხართ და მარცხი თქვენთვის გარდაუვალია, მაშინ შეეცდებით თავი აარიდოთ გაბედული მიზნების მიღწევას, დახმარებისა და მხარდაჭერის იმედზე ყოფნას ამჯობინებთ. ხოლო თუკი თქვენ ყოველ დილით ის განწყობა გაქვთ, რომ გწამთ დღის განმავლობაში მოულოდნელი სასიამოვნო ახალი რამ შეგემთხვევათ, შესაძლოა ასეთი სასიამოვნო ამბები ხშირად „დაგემართოთ“. რახან რწმენა ქმნის რეალობას, რწმენითა ჩვენითა მოგვეცემა – ეს სახარებისეული ჭეშმარიტება ბედისწერის ფუძეში დევს, ანუ ბედის შესახებ ცნობილი ანდაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ „რაშიც არის რწმენა შენი, იქ მიგიყვაანს ფეხი შენი“. ადამიანები ხშირად ვერბალურად ვერ აყალიბებენ თავიანთ საბაზო დაშვებებსა და რწმენებს, თუმცა ქცევაში მათ ადვილად ავლენენ. როცა ადამიანებთან ვმუშაობ მათი ცხოვრებისეული სცენარის შესაცვლელად, სპეციალურად ვაანალიზებ მათთან ერთად მათ საბაზო რწმენებს, დაშვებებსა და სტერეოტიპებს. ამ მხრივ ძალიან მეხმარება ნლპ–ს მეტამოდელის კონცეპცია გამოტოვებების, დამახინჯებებისა და განზოგადოებების მოსახსნელად, რაც ტრანსფორმაციულ გრამატიკას ეფუძვნება; მეტამოდელის კონცეპცია ფუნდამეტურად არის გადმოცემული ჯ. გრინდერისა და რ. ბენდლერის ფანტასტურ ორტომეულში „მაგიის სტრუქტურა“. ამას გარდა რ.დილტსის ფუნდამენტური შრომები რწმენებისა და საბაზო დაშვებების შესახებ საუცხოო გზამკვლევია მათთვის, ვინც რწმენათა და დაშვებათა შეცვლის საკითხითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ რ. დილტსმა საკუთარი დედა განკურნა ავთვისებიანი სიმსივნისაგან, რომლის პროგნოზი მეტად სავალალო იყო, ხოლო მეთოდი იყო სწორედ საბაზო რწმენათა და დაშვებათა შეცვლა ნლპ–ის მეთოდოლოგით.
გარესამყაროს, ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი მოლოდინები ჩვენ ყოველთვის რაღაცას მოველით. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება რაიმე მოლოდინსა და რაღაცისთვის მზაობაზეა გათვლილი. როცა ქუჩაში გზაჯვარედინზე გადავდივართ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ერთერთი ქუჩიდან მანქანა გამოხტება და ამიტომაც ვჩერდებით. როცა ვინმეს ვესაუბრებით, გვაქვს მოლოდინი, რომ თანამოსაუბრე ამასა და ამას გვეტყვის და უკვე ვამზადებთ სათქმელს, თუმცა ხანდახან შეიძლება სულ სხვა რაიმეს გვიყვებოდეს თანამოსაუბრე. ვიღაცას აქვს მოლოდინი, რომ მას არაფერი გამოუვა თუ ამა და ამ ბიზნესს წამოიწყებს, ხოლო მეორე ამ ბიზნესში ერთვება მოლოდინით, რომ ყველაფერი კარგად წავა. რომელიმე სტუდენტის გამოცდის მოლოდინი ისეთია, რომ იგი ჩაიჭრება და ამაზე იმდენად გადამეტებულად ნერვიულობს, რომ იმასაც ვერ სწავლობს, რისი ათვისება დარჩენილ დროში თავისუფლად შეუძლია. არსებობს კატასტროფული მოლოდინები ან რ. დილტსის ტერმინს თუ გამოვიყენებთ – „ვირუსული აზრები“ („მაინც არაფერი გამომივა“, „ვერ შევძლებ“, „რაღაც უბედურებას მიგრძნობს გული“ და სხვა), მაგრამ არსებობს პოზიტიური მოლოდინები („ნამდვილად დავძლევ, შევძლებ…“, „ყველაფერი კარგად ჩაივლის“, „თუ ამას და ამას გავაკეთებ, მაშინ ეს და ეს კარგად აეწობა“ და სხვა მრავალი). მოლოდინებს გააჩნიათ თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების ფუნქცია. რას ნიშნავს ეს? მოლოდინი ერთგვარი წინაწარმეტყველებაა, რომელიც თვითონ აღსრულდება იმით, რომ თქვენდა უნებურად და გაუცნობიერებლად ყველაფერს მიიყვანთ იქამდე, რომ თქვენი მოლოდინი გამართლდეს. თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონის ძალა ერთნაირად ვრცელდება როგორც მოლოდინზე, ისე ბედისწერაზე: ფსიქოლოგებმა სადღაც მე–20 საუკუნის 80–იან წლებში დაიწყეს ლაპარაკი ამ კანონზომიერებაზე მოლოდინის ფსიქოლოგიური ბუნების გაშლის თვალსაზრისით,ხოლო ბედისწერის შესახებ წინასწარმეტყველების თვითაღსრულებადობაზე ლაპარაკობდნენ ოდითგანვე,მაგალითად, ჯერ კიდევ ანტიკურ ტრაგედიებში იყო იგი მითითებული და განსაკუთრებით „ოიდიპოს მეფეში“. რაშია საქმე? ეს გახლავთ იმ მარტივი ვითარების მითითება, რომ ბედისწერა როგორც ცხოვრების სცენარი ღირებულებებისა და რწმენების გარდა აგებულია იმაზე, თუ რას მოელის ადამიანი გარესამყაროსა და სხვა ადამიანებისაგან, რას მოელიან მისგან სხვები და რას მოელის იგი საკუთარი თავისაგან.
პიროვნების „მე“–კონცეპცია, თვითშეფასება და თვითდაფასება
„მე“–კონცეპცია, თვითშეფასება და თვითდაფასების დონე ადამიანის საკუთარ თავთან დამოკიდებულებას ასახავს და ამასთან ერთად განაგებს პიროვნული ცხოვრების მიმდინარეობას. ცხოვრების სცენარი ანუ ბედისწერის ხაზი იმითაც განისაზღვრება, თუ რა მიმართებაშია სუბიექტი საკუთარ „მე“–სთან. ერთის მხრივ ბედისწერა პიროვნების თვითმიმართებათა სისტემით არის განსაზღვრული, ხოლო მეორეს მხრივ ცხოვრების სცენარი თავის დაღს ასვამს „მე“–კონცეპციასა და თვითშეფასება–თვითდაფასების დონეს. ცხოვრების გენერალურ ხაზისა და მისი სცენარის ასეთი ურთიერთგამსაზღვრელი დამოკიდებულება „მე“–კონცეპციასთან კარგად აისახება ისეთ გამონათქვამებში, როგორიცაა „ბედი მწყალობს „ ან „ბედი არ მწყალობს“. ამ გამოთქმებში ერთის მხრივ ბედისწერაზეა ლაპარაკი, მაგრამ კონტექსტში იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი თავის დახასიათება ან საკუთარი თავით კმაყოფილება–უკმაყოფილება ბედისწერის ანუ ცხოვრების სცენარის თვალსაზრისით.
ალბათ დაინტერესდებით თუ ტრენინგების მეოხებით როგორ ვეხმარები ადამიანებს აითვისონ საკუთარი ბედის ანუ ცხოვრებისეული სცენარის მართვა და ხელახლა გადაწერა. აქ შემიძლია მხოლოდ სქემა მოგაწოდოთ, კონკრეტული მეთოდების აღწერას კი ძალზე ვრცელი ტექსტი დასჭირდება.
სქემა ასეთია: 1) ტრენინგის მონაწილე ან კონსულტირების მიღების მსურველი სპეციალური მეთოდით გამოკვეთს მის პრიორიტეტულ სურვილებსა და მიზნებს, რომელთაგან ზოგი მოკლე, ზოგი საშუალო და ზოგიც გრძელვადიანია;
2) სპეციალური მეთოდით პიროვნება ახდენს საკუთარი უმნიშვნელოვანესი ღირებულებების ათეულის გამოკვეთას და მათი რეიტინგის მიხედვით იერარქიულად განლაგებას;
3) ტრენინგის მონაწილე შეაჯერებს პრიორიტეტულ სურვილებსა და მიზნებს საკუთარ ღირებულებით შკალასთან;
4) სპეციალური მეთოდით ხორციელდება პიროვნების საბაზო რწმენებისა და დაშვებების ათეულის გამოკვეთა;
5) ხდება რწმენებისა და დაშვებების შეჯერება ღირებულებებსა და მიზნებთან იმ კუთხით, თუ რამდენად უწყობენ ან უშლიან ხელს გამოკვეთილი რწმენები პიროვნების მიერ დასახული მიზნების მიღწევასა და ღირებულებების რეალიზებას;
6) ხდება ფუნდამენტალური მოლოდინების გამოკვეთა და მათი შეჯერება ღირებულებებსა და მიზნებთან;
7) სპეციალური მარტივი ტესტის მეოხებით თვითშეფასებისა და თვითდაფასების დონის დადგენა და მისი შეჯერება ღირებულებებსა, რწმენებთან და მოლოდინებთან. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ცვლილებების შეტანას ღირებულებებსა, რწმენებში, მოლოდინებსა, „მე“–კონცეპციასა და მიზნებში სპეციალური ტექნიკების გამოყენებით. რთული ხომ არ მოგეჩვენათ ეს ყოველივე? ეს სულაც არ არის რთული, პირიქით ძალიანაც სახალისოა და, რაც მთავარია, მეტად სასარგებლოა.
აითვისეთ ბედისწერის მართვის ხერხები ღირებულებებში, რწმენებში, მოლოდინებსა და „მე“–კონცეპციაში ცვლილებების შეტანის მეოხებით და გახდით საკუთარი ცხოვრების რეჟისორი!
ნოდარ სარჯველაძე
წყარო: sarjveladze.blogspot.com