
BPN Georgia–ს პროგრამის მონაწილე, დალი ჯვარშეიშვილი, პროფესიით გერმანისტია, ის თავისივე სპეციალობით წლების განმავლობაში ჯერ უშიშროების აკადემიაში მუშაობდა, შემდეგ კი ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დეპარტამენტის სასწავლო განყოფილებაში.
ბოლო 5 წელია, ქალბატონი დალი საკუთარ საოჯახო სასტუმროს უძღვება.
„მთავარია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, თუ გიყვარს, მაშინ ყველაფერი გეიოლება“ – ამბობს ქალბატონი დალი და თავის პატარა სამოთხეზე მიყვება.
ეს სამოთხე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სამეგრელოში, მდებარეობს. ალბათ ბევრს გსმენიათ მარტვილის საოცარი კანიონების შესახებ. სოფელ ინჩხურში, კანიონიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით, მდინარესთან ახლოს საოჯახო სასტუმროს, Dali’s Guest House-ს აღმოაჩენთ, კომფორტული ოთახებით, ულამაზესი დიდი, გამწვანებული ეზოთი, კალათბურთის მოედნით და საოცარი მასპინძლით.
ქალბატონი დალი სწორედ ამ სასტუმროს დიასახლისი და ყველა სტუმრისთვის საყვარელი მასპინძელი გახლავთ.
დალი ჯვარშეიშვილი: ინჩხური, ჩემი მეუღლის სოფელია. პანდემიის შემდეგ სამსახურს თავი დავანებე და თბილისიდან მეუღლესთან ერთად სოფელში გადმოვედი, ოჯახის კუთვნილი სახლი საოჯახო სასტუმროდ ვაქციეთ და მცირე მეურნეობასაც მივყავით ხელი. ვაზი ჩავყარეთ, უამრავი ყვავილი, ხე დავრგეთ, ფანჩატური გავაკეთეთ და ჩვენი ეზო პატარა ოაზისად გადავაქციეთ. უამრავ სტუმარსაც ვუმასპინძლეთ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
– ანუ თბილისში სამსახურის მიტოვებას არ ნანობთ?

– არა, არ ვნანობ. ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა სასტუმროში მუშაობა. მომწონს სხვადასხვა ეროვნების, თუ პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობა, მეც სულ ტონუსში ვარ. მართალია, გარდა გერმანულისა, ენები კარგად არ ვიცი, მაგრამ ყველასთან გამოვნახავ ხოლმე საერთო ენას, ვმეგობრდებით. ბედნიერები და კმაყოფილები მიდიან და მათ რეკომენდაციებს ახალი სტუმრებიც მოჰყავს.
– რომელი ქვეყნებიდან გყავთ სტუმრები?
– თითქმის ყველა ქვეყნიდან: პოლონეთი, დანია, შვეიცარია, ისრაელი, იაპონია, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც…
– მეუღლის სოფელს, მეუღლის სურვილით დაუბრუნდით?
– არა, ეს ჩემი სურვილი იყო. როდესაც კანიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, კიდევ უფრო გალამაზდა ეს ადგილი და ძალიან ცნობილი გახდა, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ჩვენი სახლი სასტუმროდ გვექცია. ოჯახმაც გაიზიარა ჩემი იდეა და ეს ყოველივე სისრულეში ერთად მოვიყვანეთ. ახლა მეუღლესთან ერთად ვუძღვები ამ საქმეს. სოფელში დაახლოებით აპრილში მივდივართ და ნოემბრამდე ვრჩებით.



– ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში?
– ბევრი რამ, თვითონ პროცესია ძალიან სასიამოვნო, თავისი უამრავი გამოწვევით. ამ საქმეში ყოფნა ნიშნავს მუდმივ განვითარებას, ყველაზე სასიამოვნო კი მაინც ისაა, რომ გაქვს შესაძლებლობა გაიცნო სხვადასხვა კულტურის და ეროვნების ადამიანები. გააცნო შენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, გასტრონომია… ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებსაც ვამზადებთ ხოლმე ერთად, თუ სტუმარს ამის სურვილი და ინტერესი აქვს… ეს მასაც აბედნიერებს და მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ… ხან საუზმეს მიქებენ, ხან მასპინძლობას, დამოკიდებულებას, სისუფთავეს, სითბოს…

ახალგაზრდებიც, მოხუცებიც მადლობას მთელი გულით გვიხდიან …
სასტუმრო ინფრასტრუქტურასაც მუდმივი მოვლა და განვითარება სჭირდება, ამას ახლავს მიწასთან მუშაობაც, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. შემოსასვლელში ტუიების ხეივანი გავაკეთეთ, უამრავი ვარდითა და სხვა ულამაზესი ყვავილით დავამშვენეთ ეზო.
ჩვენი სასტუმრო, ბუნებაში, დამოუკიდებლად, სიმწვანეშია ჩაფლული, თითქოს ნახევარკუნძული იყოს. ეს სილამაზე და თავისებური სიმყუდროვე ძალიან მოსწონთ დამსვენებლებს. ვინც გვსტუმრობს, ყველა აღფრთოვანებული რჩება, რაც მე ძალიან მახარებს.
– ქალბატონო დალი, რამდენი წელია რაც ეს ადგილი სასტუმროდ აქციეთ?
– პირადად მე დაახლოებით 5 წელია ვმასპინძლობ ჩვენს საოჯახო სასტუმროში მოსულ სტუმარს, თუმცა მანამდეც იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრები ჩვენთან ათევდნენ ღამეს და ქართულ კერძებსაც აგემოვნებდნენ.

– გქონდათ ამ კუთხით რაიმე სახის გამოცდილება?
– არა, გამოცდილება არ მქონია. თუმცა, როცა რაღაც ძალიან მოგწონს და მთელი გულით აკეთებ, ეს ბევრად გიადვილებს საქმეს. მერე გზადაგზა საჭირო ცოდნასაც იძენ, საჭირო ადამიანებსაც ხვდები და ასე ნელ-ნელა სწავლობ. მთავარია, ამის სურვილი გქონდეს.
მე მიყვარს სიახლეები, სულ მინდა რაღაც ვისწავლო, ჩემს თავსაც გამოცდას ვუწყობ, ვამოწმებ რა შემიძლია.
ამ სიახლეების ძიებაში, შემთხვევით BPN Georgia აღმოვაჩინე, სემინარი ჰქონდათ საოჯახო სასტუმროების მართვასთან დაკავშირებით. დავინტერესდი, დავუკავშირდი.
საოცარი გარემო დამხვდა, თავისი საქმის პროფესიონალებით. სხვადასხვა სემინარს დავესწარი, ჩავერთე მათ პროგრამაში, მივიღე არაერთი ინდივიდუალური ქოუჩინგი-კონსულტაცია.
BPN Georgia ცოდნასთან ერთად უდიდეს მოტივაციასაც მაძლევს. აქ ახალი ადამიანები გავიცანი, ჩემსავით სწავლის მაძიებელნი. ამ ყველაფერმა დამანახა ის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო. ბევრი რამ ვისწავლე, დავნერგე პრაქტიკაში და შესაბამის შედეგსაც ვიღებ.

მნიშვნელოვანია, რომ ადგილზეც მსტუმრობენ BPN Georgia-ს ქართველი და შვეიცარიელი წარმომადგენლები, სასარგებლო რჩევებს ვიღებ, განვიხილავთ სამომავლო გეგმებს.
– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– ინდივიდუალური კოტეჯები მინდა გავაკეთოთ, სადაც ოჯახები დაისვენებენ. არსებული გარე და შიდა ინფრასტრუქტურა შეიძლება გაუმჯობესდეს, სასტუმროში მუდმივად რაღაცის განახლებაა საჭირო. ვაკვირდებით, ვსწავლობთ სტუმრების საჭიროებებს და ამის გათვალისწინებით ვცდილობთ დავიგეგმოთ და გადავდგათ სამომავლო ნაბიჯებიც.


– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა რჩევებს მისცემთ მათ ვინც ახლა დგამს ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს?
– პირველ რიგში შრომისმოყვარეები უნდა იყვნენ, უნდა უყვარდეთ საქმე, რომელსაც აკეთებენ, ასევე ადამიანები, ძალიან მონდომებით უნდა ეპყრობოდნენ ყველაფერს.

შენ უნდა მოგწონდეს, რომ სხვასაც მოაწონო. შენ უნდა გჯეროდეს, რომ სხვაც დაარწმუნო. შენ თვითონ უნდა იყო კმაყოფილი. რაც მე არ მომწონს, იმას სხვას არასდროს შევთავაზებ.
რაც შეიძლება ბევრი სითბო უნდა აჩვენო შენთან მომსვლელს და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, ისინი ამას გრძნობენ.
როგორც შენ გესიამოვნებოდა-მოგეწონებოდა, ისე უნდა მოექცე სხვასაც… რაც გაეცი ის არ დაგეკარგება, უკან აუცილებლად დაგიბრუნდება…
დალის საოჯახო სასტუმრო Dali’s Guest House
თუ გსურთ გახდეთ BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,
დარეკეთ: 599 87 93 41