fbpx

„დასვით ეს კითხვები და გულისყურით მოუსმინეთ პასუხებს“ – ნინა გაბრიჭიძე

ავტორი დეა თავბერიძე
2.6K ნახვა

„როგორც კი ჩემში, შიგნით, ავაყვავე სიცოცხლე, მერე გარეთაც დავინახე, რომ სამყარო ცოცხალია და საოცარი“, – მეუბნება ჩემი ღიმილიანი რესპონდენტი. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება, იცის, რა დიდი ძალა აქვს მის ამ პოზიტიურ ღიმილს.

დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ ემიგრანტი, რომელიც იტალიაში 12-წლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

მაშინ როცა, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ადამიანები უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობენ და არსებული ყოფიდან გამომდინარე, ბევრი საზღვარგარეთ გაქცევაზე ოცნებობს, ან ამ სურვილს ისრულებს, ჩემი რესპონდენტი უცხოეთს ტოვებს, მაღალანაზღაურებად სამსახურებზე უარს ამბობს და საქართველოში ბრუნდება.

თუმცა, მანამდე იყო რთული პერიოდიც და უდიდესი გამარჯვებაც. ეს ნინა გაბრიჭიძის გზაა დეპრესიიდან ბედნიერებამდე…

ახალი ცხოვრება, ახალი ადამიანები, ახალი პროფესია საკუთარ ქვეყანაში და საქმე, რომელიც აბედნიერებს.

გამოგვყევი

ნინა გაბრიჭიძე: ქოუჩსესიების პროცესი და ამის შედეგად ადამიანების გარდასახვა მაბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვარ პროფესიონალი ქოუჩი და ამ ეტაპზე მხოლოდ საგამოცდო ქოუჩსესიებს ვატარებ, პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა, სიამოვნებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა – ხედავ, როგორ იხსნება ადამიანი შენთან, ნდობას გიცხადებს, ყველა დეტალი მოაქვს შენამდე, რომ მერე შენგან ზუსტად ის წაიღოს, რაც სწორ პასუხს მიაღებინებს და გამოსავალს აპოვნინებს.  

სწორი პასუხები თითოეულ ჩვენგანშია, უბრალოდ, მის მისაღებად მიმართულებაა საჭირო. სიამაყესა და დიდ სიხარულს განვიცდი, როცა გავიფიქრებ, რომ ის მიმართულება და ბიძგი მე ვიყავი; რომ ეს გაცნობიერება ჩემი ჩარევის შედეგად მოხდა.

– თუმცა, იყო პერიოდი, როცა იტალიაში თავადვე დაგჭირდათ ქოუჩის ჩარევა.

– დიახ და სწორედ ამან განაპირობა ჩემი დღევანდელობა. „ქოუჩის ჩარევის“ დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოში ვარ და ისიც, რომ ქოუჩის პროფესიას ვეუფლები.

12 წელი ვიცხოვრე ემიგრაციაში. მართალია, სიტყვა ემიგრანტი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. როგორც ბევრი სხვა ქართველი, იტალიაში მეც ოჯახში ვმუშაობდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი გახლდით და უამრავი კარგი დახასიათებაც მაქვს მიღებული, ნამდვილად არ იყო ადვილი, რთულიც იყო და ძალიან საპასუხისმგებლოც… ბოლოს, სხვების მსგავსად, მეც მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ბევრ ადამიანს სჭირდება იქ დახმარება სულიერადაც და ფსიქოლოგიურადაც.

– მითხარით, კარგი დახასიათება მქონდაო. რას წერდნენ, როგორ გახასიათებდნენ?

– ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონის დახასიათება, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია და მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება, მხოლოდ ოთხ სიტყვას მოიცავს – „შენ ხარ საუკეთესო შვილი“. სხვა, ძალიან ვრცელი დახასიათებებიც მაქვს, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ამ წლების განმავლობაში არცერთ ოჯახში არ მიგრძნია თავი უცხოდ, ყველგან ოჯახის წევრად მიმიჩნევდნენ.

– თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დეპრესია გქონდათ და მაინც საქართველოში დაბრუნება გინდოდათ.

– კი, ასე იყო. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში წვეთ-წვეთად დაგროვდა და ბოლოს, 11 წლის შემდეგ, დეპრესიის სახით ამოხეთქა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით, სულით, პასუხისმგებლობით ვაკეთებდი საქმეს, მაინც ვგრძნობდი, რომ ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდი, ჩემი არ იყო. დინებას მივყვებოდი. ვაკეთებდი იმას, რაც არ მომწონდა, გარე სამყაროს მოვწყდი და მიუხედავად იმისა, რომ შვილიც იტალიაში მყავდა, საბოლოოდ სულ მარტო აღმოვჩნდი.

ვეძებდი გამოსავალს… დავიწყე ტაძარში სიარული, გავხდი აღმსარებელი, მაზიარებელი… მაინც რომ არაფერმა მიშველა, ერთ დღესაც დავჯექი და ჩემს გულს ჩავეკითხე: რა, გინდა? რას ეძებ? რა გიჭირს? რით გიშველო? და შიგნიდან რაღაც ხმამ მიპასუხა – მენტალურად გჭირდება შველა.

აქედან დაიწყო პირველი ნაბიჯები…

– რას ნიშნავს მენტალურად გჭირდება შველა?

– ფიზიკურ სხეულზე ვზრუნავდი, ვვარჯიშობდი, ტაძარში მივედი და სულიერებაზეც დავიწყე ზრუნვა, მაგრამ არსებობს მენტალური მხარეც, რომელიც, თუ ყურადღებას დროულად არ მივაქცევთ, შეიძლება ნერვულ აშლილობაში გადაიზარდოს. აზროვნებასთან დაკავშირებულ დეტალებს ხშირად მივაჩუმათებთ ხოლმე და უაზრო ფიქრებში ვიკარგებით, ეს გვამძიმებს… ამიტომ სწორედ იქ გაანათა, სადაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. მერე ისევ  ჩავეკითხე თავს: ვინ მიშველის? ვის მივმართო? და ერთადერთი, რაც თავში მომივიდა, იყო ფსიქოლოგი.

შევედი „იუთუბიში“, ჩავწერე ფსიქოლოგი, ჩავათვალიერე, რამდენიმემ არ მიმიზიდა და უცებ ვხედავ ქალბატონს სანდომიანი სახით, სათნო ხმით, მზესავით ანათებდა და ზუსტად იმაზე საუბრობდა, რაც მე მჭირდებოდა. ძალიან მიმიზიდა ამ ვიდეომ. ძებნა აღარ გამიგრძელებია, მოვძებნე ეს ქალბატონი მესენჯერში და ძალიან მოკლე შეტყობინება გავუგზავნე – თქვენი დახმარება მჭირდება. მერე მოხუცზე გადავერთე. არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. მომწერდა, არ მომწერდა, საერთოდ ნახავდა ამ მესიჯს… რამდენიმე ხანში დამირეკა და ჩვენს შორის საუბარიც შედგა. ეს ქალბატონი გახლდათ თამარ კვარაცხელია, წარმატების ექსპერტი და ინდივიდუალური ქოუჩი. იმდენად დაბნეული ვიყავი, ისიც ვერ ამოვთქვი, რა მინდოდა, რა მტკიოდა, რა მაწუხებდა. უბრალოდ, ვთქვი – ძალიან მჭირდება შველა.

– რა მოხდა მერე, როგორ და რა მხრივ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

– ამის შემდეგ ქალბატონ თამართან მქონდა ინდივიდუალური სესიები, ასევე, იწყებოდა რიგით მეათე „ზრდისფაქტორი“, რომელშიც ჩავერთე… და დაიწყო ჩემში ძალიან დიდი გარდატეხა, ძალიან დიდი ცვლილება, შემობრუნება…

 „ზრდისფაქტორის“ პირველივე კვირას რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, გადახალისდა დღეები, სხვანაირად თენდებოდა, ჩემს ცხოვრებაში ფერები შემოვიდა და სამყარო გაფერადდა. ჩემი სახლის წინ თურმე არაჩვეულებრივი, ულამაზესი ხე იდგა, ესეც მერე აღვიქვი. მანამდე ვერ ვხედავდი. იმდენად ვიყავი მოცული ჩემი შინაგანი მდგომარეობით, დამძიმებული ფიქრებით, რომ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი.

მარტო მე კი არა, ჩემი მოხუციც შეიცვალა და ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ ჩემს თავზე მემუშავა. თუ მანამდე უამრავჯერ დაიძახებდა ჩემს სახელს, ახლა მოკრძალებით იტყოდა, – სინიორა. ქალბატონი ვიყავი მისთვის. მქონდა მაქსიმალური დრო და სიმშვიდე სამსახურში.

– რამ მოიტანა ეს მდგომარეობა, ეს შედეგები? რა იყო ის, რასაც ადრე არ აკეთებდით?

– პირველ რიგში, მადლიერებამ, მადლიერების გრძნობა ყოველთვის მქონდა და მადლობასაც ვიხდიდი, მაგრამ ასე სიღრმისეულად არ მქონდა გააზრებული. უფალსა და სამყაროს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ცოცხალი ხარ და არსებობ – ეს უცხო იყო ჩემთვის. მადლიერების შეგრძნება ალბათ 1000%-ით გაიზარდა, 100-ით კი არა. თვალის დახუჭვა, გახელა, აბსოლუტურად ყველაფერი მადლიერებას უკავშირდებოდა და ასე გრძელდება დღესაც.

შეიცვალა ჩემი განწყობა, ხასიათი, მიდგომა… სხვადასხვა ტექნიკისა და სავარჯიშოს დახმარებით მეტი პოზიტივი შემოვიდა ჩემში – ხალისი, სინათლე, ღიმილი. მახსოვს, როცა ქალბატონ თამარს პირველად გავესაუბრე, გატანჯული სახით ვიჯექი. მაშინ თამარმა თქვა, – მე შენს სახეზე ღიმილი უნდა დავაბრუნოო… იმ წამს არ მიმიქცევია ყურადღება, მერე კი ერთ-ერთ „ზრდისფაქტორზე“ იმდენად აფეთქდა ჩემში ღიმილი, სიცილი, პოზიტივი, რომ თამარს ვთხოვე, – იქნებ, ცოტა დამაწევინოთ ეს თამასა, სერიოზულობაში რომ გადავიდე-მეთქი. რას ამბობ, ის მოვახერხეთ, რომ შენში ეს ფოიერვერკი აფეთქდა და ამას როგორ დავწევთო, – მითხრა… წელიწად-ნახევარი გავიდა იმ პირველი დღიდან და ამ ხნის განმავლობაში უდიდესი ცვლილებები მოხდა ჩემში.

საოცარი კი ის არის, რომ იტალიაში ცხოვრებისას ჩემმა ამ დადებითმა ენერგიამ არა მარტო მე და „ჩემი მოხუცი“, არამედ მცენარეებიც შეცვალა სახლში.

რატომღაც მაშინ შევამჩნიე, რომ იმ სახლში, რომელშიც ვცხოვრობდი, ქოთანი უფრო მეტი იყო, ვიდრე მცენარეები. იყო რამდენიმე ყვავილიც, ოღონდ გადაშენების პირას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან მოვლა არ აკლდათ, ძალიან საცოდავად გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთ ყვავილს ჩავუვლიდი თუ არა, ხელზე სისველე მხვდებოდა. ერთ დღესაც დავაკვირდი და ფოთლებზე წვეთები შევნიშნე. თითქოსდა ტიროდა. შემებრალა, გავესაუბრე, მოვეფერე, ახლობელს რომ ძალიან უჭირს და მთელ სითბოს გულით აძლევ, აი, ისე… მეორე დღეს ისევ მოვეფერე და მესამე დღეს წვეთები შეწყდა. გამიხარდა, აღარ ტირის-მეთქი. მივხვდი, რომ ჩემი ყურადღება ესიამოვნა, იმ დღის მერე ყველა მცენარეს ვესაუბრებოდი. და თუ იყო ორი ყვავილი, ორ კვირაში გახდა ხუთი, მერე კიდევ რამდენიმე შეემატა, მერე კიდევ რამდენიმე და ასე, ყველა ქოთანი ყვავილებით შეივსო, გადამწვანდა მთელი სახლი. როგორც მე გავიშალე, ისე იშლებოდნენ ეს მცენარეებიც. აბრიალდა და აყვავილდა. მას შემდეგ საოცარი ტემპითა და სისწრაფით ყვაოდნენ ყვავილები იმ სახლში.

მერე მიმალულმა ნიჭმაც შემახსენა თავი. გამახსენდა, რომ ქარგვა და ქსოვა ძალიან მიყვარდა, ხატვის სურვილიც გამიჩნდა და სპეციალური კურსიც გავიარე, რომ მოყვარულის დონეზე მეხატა. ძალიან მომწონს ხატვის პროცესი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მეტი სერიოზულობით მოვეკიდო ხატვას და პროფესიონალი მხატვარი გავხდე. ასევე, მომინდა, კიდევ ერთ ენას დავეუფლო. რუსულსა და იტალიურს კარგად ვფლობ და ინგლისურის შესწავლა დავიწყე.

– ბოლოს კი ქოუჩინგის სკოლითაც დაინტერესდით…

– მართალი გითხრათ, ადრე ახალ პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, ამისთვის ძალიან დიდი მეგონა თავი. მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. გადავწყვიტე, საფუძვლიანად შევისწავლო ქოუჩობა. დავამთავრე “Evolution couching-ის“ სკოლა და ახლა ვცდილობ, თავად შევცვალო სხვების ცხოვრება ისე, როგორც ერთ დროს ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

– საქართველოში წამოსვლა რატომ და როდის გადაწყვიტეთ?

– ამ ახალ გზას დავადექი თუ არა, ჩემს ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ადამიანების რიცხვმა იმატა, მათი თითოეული სიტყვა ძალიან დიდ ძალასა და მოტივაციას მაძლევს. მანამდე თუ თავს მარტოსულად ვგრძნობდი, დღეს უკვე არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან, რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს იმაში, რომ დღეს სამშობლოში ვარ.

ერთ დღესაც დავჯექი და ჩემს თავს დავუსვი კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის – იტალიური ხელფასი და ის რეალობა, რომელშიც აქ ხარ, თუ შენი თავის განვითარება, რეალიზება, ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლა?

საქართველოში ჩამოსვლამდე სამ მაღალანაზღაურებად სამსახურზე ვთქვი უარი და წამოვედი.

ამ ნაბიჯით ჩემი თავი გამოვიწვიე. ყველანაირი ზედმეტი ფიქრი (რა იქნება, რა არ იქნება) გავუშვი, სამყაროს მივენდე… უკვე მეოთხე თვეა, რაც აქ ვარ და თითოეულ დღეს საკუთარ თავს, სწავლას, ტექნიკების დაუფლებას ვუთმობ. საფუძვლიანად ვცვლი იმ რეალობას, რომელიც ასე ძალიან არ მომწონდა. ახლა იმ ცხოვრებით ვცხოვრობ, რაც დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს. ეს არის ახალ ეტაპზე გადასვლა და გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე კონკრეტულ მომენტში აღებული ფული. ახლა ჩემი გოგოც ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე…

– რას ეტყვით იმ ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება უნდათ, მაგრამ უამრავ მიზეზთა გამო ვერ ბრუნდებიან?

– თუ გადარჩენა გვინდა, უკან დაბრუნებაზე ყველამ უნდა იფიქროს. როგორც კი ჩათვლიან, რომ რაღაც დოზით მოაგვარეს ის დიდი პრობლემები, რამაც წასვლა გვაიძულა თითოეულს (ზოგს სახლის პრობლემა აქვს, ზოგი გარკვეული სიტუაციის გამო დიდ ვალებში აღმოჩნდა), უნდა დაუბრუნდნენ ქვეყანას და თავიანთი გამოცდილება და ნიჭი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას მოახმარონ.

ვიცი, რთულია და არ მინდა, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მე ხომ გადავდგი ეს ნაბიჯი, ხომ გავაკეთე, ხომ შევძელი. ე.ი. სხვაც შეძლებს. ძალიან ბევრ ემიგრანტს აქვს ის რესურსი და ცოდნა, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებს, პირველ რიგში კი, საკუთარი თავისთვის გააკეთებს დიდ საქმეს. და როდესაც თვითონ იგრძნობს თავს კარგად, მერე სხვებზეც გავრცელდება მისი კარგად ყოფნა.

– თუმცა აქ ის ცხოვრება და ის ანაზღაურება არ დახვდებათ, რაც იქ აქვთ.

– ის ცხოვრება და ის ანაზღაურება ერთად უნდა შევქმნათ ყველამ აქ დაბრუნებით და  ერთმანეთის გვერდში დგომით. არც მე არ დამხვედრია არაფერი, მაგრამ დღეს ორი პროგრამის ადმინისტრატორი ვარ. ერთ-ერთში 1700 ადამიანია, მეორე ტრენინგპროგრამა „365 ბედნიერი დღე, 365 შანსი“ პირველი თებერვლიდან დაიწყო და ამითაც გამიჩნდა შემოსავლის წყარო.

ეს შემოთავაზება სიხარულით მივიღე. შემოსავალთან ერთად, ამ ტრენინგის დამაარსებლის თამარ კვარაცხელიას გუნდის წევრი გავხდი. მიყვარს ჩემი საქმე, მასში ვდებ ჩემს სულსა და გულს და ამ დიდ სიყვარულსვე ვგრძნობ ტრენინგზე დამსწრე ადამიანებისგანაც. ამით იცით, რის თქმა მინდა? როცა სურვილი გაქვს, როცა იცი, რა გინდა და ამისთვის ნაბიჯებსაც გადადგამ, ზუსტად ის ცხოვრება მოდის, როგორი ცხოვრებაც გინდა.

– რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც დეპრესიაში არიან, მარტოსულებად გრძნობენ თავს და ჰგონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობს?

– პირველ რიგში, თავიანთ თავს ჰკითხონ – რა უნდათ?! გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მთავარია, ჩვენს გულში ჩავიხედოთ და შიგნიდან დავიწყოთ იმის ძებნა, რასაც გარეთ ვეძებთ. როგორც კი ადამიანი იგრძნობს, რომ შიგნით იპოვა ის რაღაც, ისე შეიცვლება ირგვლივ ყველაფერი, ისე შეიცვლება მისი ხედვა, რომ თვითონაც გაოცებული დარჩება. აი, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა – ის ხე ჩემს აივანთან ყოველთვის იდგა, ზუსტად ისეთივე ლამაზი და საოცარი, როგორც მერე აღმოვაჩინე… როგორც კი ჩემში, შიგნით, ავაყვავე სიცოცხლე, მერე გარეთაც დავინახე, რომ სამყარო ცოცხალია და საოცარი.

მინდა, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო და ერთ-ერთი მაგალითი გავხდე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. ვინც საკუთარ თავს იმ კითხვებს დაუსვამს, რაც მე  ჩემს თავს დავუსვი მაშინ: „რა გინდა, როგორ დაგეხმარო და რა გავაკეთო იმისთვის, რომ კარგად გახდე და ბედნიერად და ჰარმონიულად იგრძნო თავი?“

დასვით ეს კითხვები და გულისყურით მოუსმინეთ პასუხებს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment