ეგზისტენციალიზმი, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა, სათავეს იღებს მე-19 საუკუნის გვიანდელი პერიოდისა და მეოცე საუკუნის ფილოსოფოსების ნაშრომებიდან. თავდაპირველად ის გერმანიაში ჩამოყალიბდა, რასაც ხელი შეუწყო იმდროინდელმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა პირობებმა. როდესაც ადამიანმა დაიწყო ფიქრი საკუთარი არსებობის მნიშვნელობაზე.
ეგზისტენციალიზმი მთავარ პოსტულატად განიხილავს ადამიანს და მის ურთიერთობას გარემოსთან, ეგზისტენციალისტები ფიქრობენ, რომ ადამიანი თავად არის თავისი ცხოვრების წარმმართველი და თავად ირჩევს საკუთარ გზას, ყოველგვარი „რაც გიწერია არ აგცდება-ს“ გარეშე და ირჩევს იმასაც, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ის.
ადამიანი განვითარდა იმ დონემდე, რომ ის ჩაუფიქრდა საკუთარ არსებობას, შესაბამისად ის ეგზისტენციალური საკითხების ირგვლივ სვამს კითხვებს:

თუ ვინ არის თავად ?
რა ადგილი აქვს ამ სამყაროში ?
ღირებულია თუ არა მისი ცხოვრება ?
ან საერთოდ აზრი აქვს თუ არა მის სიცოცხლეს ?
ეგზისტენციალური კრიზისი – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დაკარგულია სამყაროში, თავს გრძნობს არარეალიზებულ პიროვნებად, ფიქრობს, რომ მისი ცხოვრებაც და ზოგადად სამყაროც წარმავალია და ამდენად სიცოცხლეც უაზრობაა. აღნიშნულ მდგომარეობამდე ადამიანი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მივიდეს და მისი დაძლევის გზებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია.
გამოიყოფა ეგზისტენციალური კრიზისის სამი კომპონენტი:
(1) ემოციური;
(2) კოგნიტური;
(3) ქცევითი.
ემოციური კომპონენტი მოიცავს:

✔ მარტოობის მძაფრ შეგრძნებას,
✔ემოციურ ტკივილს,
✔უმწეობას,
✔ სასოწარკვეთილებას,
✔დანაშაულის შეგრძნებას,
✔შიშსა და შფოთვას.
ემოციური ტკივილი ეგზისტენციალური კრიზისის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა, რომელმაც შესაძლოა ადამიანს ცხოვრების მნიშვნელობა დააკარგვინოს. ამგვარი ტკივილის ფონზე ადამიანს უჩნდება განცდა რომ აღარავის უნდა ენდოს, ყველა მოატყუებს და გაწირავს, ხოლო რომ მისი ცხოვრება წარმავალი და უშინაარსოა.
ეგზისტენციალური კრიზისის კოგნიტური კომპონენტებია:
✔ მიზნისა და მნიშვნელობების დაკარგვა,
✔ საკუთარი სიცოცხლის სასრულობის გაცნობიერება,

✔ პიროვნული ღირებულებების გაუფასურება.
ქცევითი კომპონენტებია:
✔ შეზღუდული ქმედებები,
✔ რიტუალური აქტების განხორციელება,
✔ ურთიერთობების დაკარგვა,
✔ ჯანმრთელობის პრობლემები,
✔ ანტისოციალური მოქმედებები და თერაპიის საჭიროება.
ყოველდღიური გამოწვევები და/ან თუნდაც მარცხები არ შეიძლება ჩავთვალოთ ეგზისტენციალურ კრიზისად, რადგან არსებობის საზრისთან დაკავშირებული კრიზისი, გაცილებით ღრმა და მატრამვირებელია.
ეგზისტენციალური კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი დეპრესიაა, დეპრესიის დროს ნეგატიურია ადამიანის განწყობა, შესუსტებულია მისი მოტორიკა, აქვს უკიდურესი უიმედობის განცდა და მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ.
ეგზისტენციალური დეპრესიის დროს ადამიანს ყველაფერი უაზრობად ეჩვენება, ის ვერ ხედავს ცხოვრების გაგრძელების მიზეზს და მისი გონება მხოლოდ ნეგატიური აზრებითაა სავსე. ეგზისტენციალური დეპრესია მჭიდროდაა დაკავშირებული იმედგაცრუებასთან.
თითქმის ყველა მკვლევარი, რომლებმაც შეისწავლეს შფოთვა, მიიჩნევს, რომ პიროვნული ზრდა და შფოთვა ერთმანეთისგან განუყოფელია. ადამიანმა უნდა ისწავლოს, გაუმკლავდეს სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციებს, კომფორტის ზონის დატოვება თითქმის ყოველთვის შფოთვასთან და ნერვულ ფიქრებთანაა დაკავშირებული. კრიზისის დროს ადამიანებს საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, ეს კი სტრესის დაძლევის შესაძლებლობას რისკვეშ აყენებს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. რაც მეტად შფოთავს ადამიანი, მით მეტად უდაბლდება თვითშეფასება, მით მეტი ნორეპინეფრინი (სტრესის და დეპრესიის ჰორმონი) გამოეყოფა მას თავის ტვინში და მით მეტად მატულობს მარცხის ალბათობაც.

უიმედობის გრძნობები, უმწეობა, ჩიხში ყოფნის განცდა – ეს არის კრიზისში მყოფი ინდივიდისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომები. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანი მელანქოლიკურად მგრძნობიარეა, ის ფიქრობს, რომ მხარდაჭერის იმედი არავისგან უნდა ჰქონდეს და სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან კავშირს კარგავს. მას ახასიათებს ნეიროფსიქოზური და ფსიქოსომატური, სოციალური დარღვევები, ხშირია სტრესული აშლილობა, მავნე ჩვევისკენ მიდრეკილება, არაფრის კეთება, დროის ტყუილად გაყვანა ან რეალობიდან გაქცევის მცდელობა, ამიტომაცაა რომ ხშირად ასეთ დროს მიდრეკილება ჩნდება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების და/ან აზარტული თამაშების მიმართ. აშკარაა, რომ კრიზისი იწვევს ხასიათის ნეგატიურ ცვლილებებს და ართულებს შემდგომი ზრდისა და განვითარების პროცესს.
უმეტეს შემთხვევაში, ეგზისტენციალური კრიზისის დროს ადამიანი განიცდის შიშს, რისხვას, მწუხარებას, სირცხვილსა და დეპრესიას.
მოდით დავუბრუნდეთ და ჩავუღმავდეთ ეგზისტენციალური კრიზისის კოგნიტურ კომპონენტებს რომელიც მიზნისა და მნიშვნელობების დაკარგვით გამოიხატება,
ერიკ ერიკსონი ეგზისტენციალურ კრიზისსა და იდენტობის კრიზისს ერთმანეთთან აიგივებდა. მისი ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის მიხედვით, იდენტობის საფეხური იწყება 18-20 წლის ასაკიდან, რომელიც თვითგამორკვევასთან დაკავშირებული კითხვების დასმითა და პასუხებით ხასიათდება. ამ ასაკისთვის ადამიანები განიცდიან ეგზისტენციალურ კრიზისს, რაც ცნობილია, როგორც ზრდასრულობის ეგზისტენციალური კრიზისი. ამ ასაკში ადამიანი პასუხებს ეძებს საკუთარ არსებობასთან დაკავშირებულ კითხვებზე და ცდილობს გააცნობიეროს მისი პიროვნება, როგორც სამყაროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ღირებულება გააჩნია. ამ ეტაპზე ადამიანი ეკითხება საკუთარ თავს ვინ არის თავად, რას წარმოადგენს და რა დანიშნულება აქვს ამ სამყაროში.
მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალური კრიზისი საკმაოდ საშიში და საყურადღებო მდგომარეობაა, არსებობს მისი დაძლევის გზებიც. პირველ რიგში, დაძლევის გზები ადამიანის პოზიტიურ ფიქრებთანაა პირდაპირ კავშირში. კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ნეგატიურ აზრებსა და დამოკიდებულებებს დადებითი ფიქრებითა და დამოკიდებულებებით ცვლიდეს. ასე მას აზროვნების პოზიტიური სტილი ჩამოუყალიბდება. კრიზისთან გამკლავების ერთ-ერთი ხერხი მადლიერების გრძნობაცაა. თუ ადამიანი მადლიერია იმ ყველაფრისთვის, რაც მას აქვს, ბედნიერია მის ირგვლივ მყოფი ადამიანების არსებობით, ცხოვრებით კმაყოფილების დონეც მაღალი აქვს და ცხოვრების უაზრობის განცდაც ნაკლებად აწუხებს.
ეგზისტენციალური კრისიზის კოგნიტური კომპონენტების დაძლევა მხოლოდ ძლიერი მხარის აღმოჩენა-განვითარებითა და შესაბამისი განათლების მიღებითაა შესაძლებელი, ღრმა ეგზისტენციალურ კრიზისს კი „გარედან ჩარევა“ სჭირდება, როგორიცაა თერაპია და ქოუჩინგი.
განათლება – ესაა სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ.
რა იგულისხმება განათლებაში?
1. ინფორმაციის მიღება, დამუშავება, გაცნობიერება, რათა ის დაგეხმაროს მომავალი გამოწვევების დაძლევაში
2. ინტელექტის ამაღლება, გონებრვივი განვითარება – რათა ის დაგეხმაროს ინტელექტუალური უნარების გამოუშავებაში , ასევე ხედვის ჩამოყალიბებაში.
3. საკუთარი თავის შესწავლა, ძლიერი მხარეების აღმოჩენა – რათა დაგეხმაროს საყვარელი საქმის აღმოჩენაში, მიზნების ჩამოყალიბებაში, შინაგანი ვნების გაღვიძებაში, არდანებებაში, მიზანმიმართულად მუშაობაში, რწმენის გაძლიერებასა და განმტკიცებაში, საკუთარი ადგილის პოვნაში, საკუთარი თავის დამკვიდრებაში, ბოლომდე თვითრეალიზაციაში.
მოამზადა ზაზა ქოიავამ

💼 ზაზა ქოიავა გახლავთ – საჯარო მმართველობის მაგისტრი, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი, სერთიფიცირებული ტრენერი მენეჯმენტში, ლიდერობასა და ადამიანური რესურსების მართვაში, ევროკავშირის ექსპერტი მენეჯმენტში, ლიდერობასა და ადამიანური რესურსების მართვაში, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ფასილიტატორი, ბიზნესტრენერი, NLP ქოუჩი, NLP ფსიქოლოგი, NLP-ს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, რემდეკოდირების ქოუჩი.