„საბერძნეთიდან წერილი მივიღე, იქ მცხოვრები ქართველი ქალბატონი მწერს,- „ჩემმა შვილმა მთხოვა, სოფოს წიგნში რომ ლექსებია, იმ ლექსების კითხვა მასწავლეო“- აი, მაშინ გავიფიქრე, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის, ოდნავი რაღაც მაინც ხომ შევძელი — მეთქი“ — ამბობს შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი და ახალი ქვეყნების „დასალაშქრად“ ემზადება. ქვეყნების, სადაც თავისივე ფერადი წიგნებით პატარა ქართველებს გაახარებს.
ცოტა ხნის წინ ჰოლანდიას ესტუმრა და წიგნები საჩუქრად ამსტერდამისა და ჰააგის საკვირაო სკოლებს გადასცა. ემიგრანტ პოეტს ჰოლანდიაში ქართული სათვისტომოს დამფუძნებელმა თიკა სვანიძემ უმასპინძლა.
თიკა სვანიძე: ულამაზესი პოეზიის საღამო გვქონდა ქალბატონ, პოეტ სოფო ფოცხვერაშვილთან, ჩვენს საყვარელ სტუმრებთან და ძვირფას მეგობრებთან ერთად საელჩოში, სადაც ამსტერდამის და ჰააგის საკვირაო სკოლის ბავშვებმა ლექსები თქვეს, ქართული სიმღერები გვიმღერეს და ჩვენც აგვამღერეს. ქალბატონმა სოფომ კი გვასიამოვნა თავისი ძალიან ლამაზი ლექსებით.
საელჩოს მიერ ორგანიზებული პოეზიის საღამოში მონაწილეობისათვის და არაჩვეულებრივი საბავშვო ლექსებისათვის საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ სოფო ფოცხვერაშვილს მადლობის სიგელი გადასცა და წარმატება უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.
ამ შეხვედრის ერთ–ერთი სულისჩამდგმელი ბრიუსელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რუსუდან მიქიანი გახლავთ. ქალბატონი, რომელსაც საქართველოს სიყვარულით ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებია.
რუსუდან მიქიანი: შეხვედრა საგანგებოდ მოწყობილ დარბაზში შედგა, სადაც, ქართული პოეზიის და ლიტერატურის მოყვარულმა ემიგრანტებმა მოიყარეს თავი. ქართული სათვისტომოს იქაურმა თავმჯდომარემ, თიკა სვანიძემ, სოფო წარუდგინა დამსწრეთ… იყო ძალზედ მხიარული, გულითადი და სიყვარულით სავსე მიღება.
სოფოს მიერ წაკითხულმა ლექსებმა ემიგრანტული სევდა მოჰგვარა თითოეულს. სხვადასხვა ჟანრის ლექსები წავიკითხეთ ხატიამ და მეც… რასაც, დიდი ოვაციები მოჰყვა. დაუვიწყარი იყო ჩვენთვის, პოეზიის საღამოს დასრულების შემდგომი მოფერებები, მადლობები ემიგრანტების მხრიდან. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, იმისთვის, რომ… ეგოდენ გავახარეთ, ამსტერდამელი ემიგრანტების გულები. წარმოვთქვით ხმამაღლა მათი სათქმელიც…. ცოტათი შეუმსუბუქეთ მშობლიური სული.
კვირას კი, ჰააგაში შედგა ჰოლანდიაში მცხოვრებ ბავშვებთან შეხვედრა. ბავშვები მათ მიერ ნასწავლ ქართულ ლექსებს წარმოთქვამდნენ საკმაოდ საინტერესო აქცენტით, რაზეც ბევრი ვიცინეთ. ბევრმა ბავშვმა ქართული ენა, როგორც სამეტყველო ენა, არ იცოდა, თუმცა პატარა ლექსებს, როგორიცაა: «მე პატარა ქართველი ვარ…..», ბევრი ახერხებდა.
სოფომ პატარებს წაუკითხა ლექსები წიგნიდან «დედამიწა რაზე დგას». დაუვიწყარი იქნება ჩემთვის ბავშვების განათებული სახეები, როცა მათ წიგნები გადაეცათ საჩუქრად. ვუჩვენეთ კლიპი, რომელშიც სოფოს ერთ-ერთი ლექსია ამღერებული. კლიპი საქართველოშია გადაღებული, სიმღერაზე კომპოზიტორმა, ნანა ჭავჭანიძემ იმუშავა.
ღონისძიებაზე სუფევდა დიდი მხიარულება და უდიდესი ეროვნული გრძნობა, რომელიც ყველგან თან დაგვდევს ქართველ ემიგრანტებს….
სოფო ფოცხვერაშვილი: არ ვიცი, რა სიტყვებით შევძლებ გამოვხატო, ის თბილი და პოზიტიურად დატვირთული გრძნობები, რაც ამსტერდამსა და ჰააგაში გამართულმა პოეზიის საღამოებმა განგვაცდევინა. ბედნიერი ვარ, ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველთა დიდი ოჯახის გაცნობით და დამეგობრებით, რომელსაც „ქართული კულტურის ცენტრი“ ჰქვია და, რომელსაც დიდი თანადგომა და ხელშეწყობა აქვს ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეს, აგრეთვე ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს ელჩის ბატონ კონსტანტინე სურგულაძის და ამ ცენტრის სულის ჩამდგმელის, შესანიშნავი ორგანიზატორის, თიკა სვანიძე-ვანკოს მხრიდან.
მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ეპისკოპოსს, მეუფე დოსითეს, საქართველოს ელჩს, ბატონ კონსტანტინე სურგულაძეს და ლამაზ, საყვარელ ქალბატონ, თიკა სვანიძე-ვანკოს, ამ მშვენიერი პოეზიის საღამოების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისა და მოწყობისათვის. ყველასადმი სიყვარულის, ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის! მადლობა და დიდება ქართულ გენს!
დეა თავბერიძე