სხვანაირი გაზაფხული დადგა სამყაროში… მძაფრი განცდებით და ქარტეხილებით … შიში ყველაზე რეალური ემოცია მგონია ამ სიტუაციაში, ოღონდ რეალური, სიფრთხილესთან ასოცირებული შიში და მეც შემეშინდა, შემეშინდა ყველას და ყველაფრის გამო…. ეს ის შიშია, ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს, ღირებულებებს გადაგიფასებს და მიგახვედრებს, რომ ბოლოს, მეფე და პაიკი მაინც ერთ ყუთში იყრება და იმასაც მიხვდები, რომ იმ სირიელმა ბავშვმა, წასვლისას რომ გვითხრა – ღმერთს ყველაფერს მოვუყვებიო, მართლა მოუყვა…. ღმერთს ყველაფერი მოუყვა…..
როგორ გაგვიბრაზებია უფალი….
ცხოვრების ახალ რეალობასთან და ახალ რეჟიმთან შეგუება უდიდეს ძალისხმევას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან და ეს ყველაფერი, სერიოზული გამოცდაა, როგორც ჩვენი ნერვული სისტემისათვის, ისე ზოგადი გონიერებისა და პროფესიონალიზმისათვის. თითოეული ჩვენგანი გრძნობს გარკვეულ უძლურებას ამ უდიდეს გლობალურ პრობლემასთან, თუმცა, ეს სხვადასხვა ფორმით ვლინდება – პანიკის დათესვიდან დაწყებული უცხოელების მიმართ მუქარის შემცველი ელემენტებით დამთავრებული, გარდა ამისა, ვიღაცა კეთილგონიერების საშუალებით ადეკვატურად მართავს ემოციებს, ვიღაცა აპოკალიფსურ განცხადებებს ავრცელებს, სხვები კი მესიის როლს ირგებენ და კაცობრიობას ხსნის ჭეშმარიტ გზას სთავაზობენ. მთლიანობაში კი, ჩვენ ყველა ერთად გავდივართ ფსიქიკისათვის ნაცნობ ემოციებს – შიში, უარყოფა, მრისხანება, შფოთვა, სასოწარკვეთა, შეგუება და სხვ.
როგორ შევაჩეროთ არსებული ისტერია და როგორ მოვერგოთ დღის (კვირის, თვის) ახალ რეჟიმს ნაკლები დანაკარგებით?
გთავაზობთ ზოგადი სახის რამდენიმე რეკომენდაციას:
🔺 უპირვრლეს ყოვლისა დავმშვიდდეთ და განვასხვავოთ ერთმანეთისაგან შინაგანი განცდები და გარემოში მიმდინარე მოვლენები, გავზარდოთ რეფლექსიის ხარისხი და ჯანსაღი კრიტიკის უნარი. არ ვიკითხოთ და მით უმეტეს, არ გავითვალისწინოთ პანიკის მთესველი ადამიანების სოციალურ ქსელში აფიშირებული ემოციები, რომლებიც თავის მხრივ, თავად ებრძვიან ამ ფორმით საკუთარ შიშებს, რათა გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს. ფაქტობრივად, ისინი ამ ფორმით ახდენენ თვითფსიქოთერაპიას – სოციალურ ქსელში დაფიქსირებული ტოქსიკური ემოციის საშუალებით, განიტვირთებიან, ახდენენ ემოციურ დისტანცირებას სტრესოგენული ფაქტორებისაგან და დროებით მშვიდდებიან;
🔺 ვიზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე და მეტი დრო დავუთმოთ მათთან კომუნიკაციას; წავიკითხოთ მონატრებული კლასიკური ლიტერატურა, მოვაწყოთ „დიდი დასუფთავება“, დავისახოთ ახალი მიზნები – იქნებ დროა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ – მართლა რისი თქმა უნდა უფალს, რას მიგვანიშნებს, რას უნდა ვხვდებოდეთ და რას ვერ ვხვდებით?
🔺 თუ პრობლემა გვაქვს თვითორგანიზაციასთან, სასურველია არ ამოვარდეთ რეჟიმიდან – დავაყენოთ მაღვიძარა ჩვეულ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მოვაგვაროთ დღის პირველ ნახევარში, არ ვიძინოთ სადილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა იმისა, რომ თავით გადავეშვათ სიზარმაცისა და უსაქმურობის მორევში;
🔺 ენდეთ მხოლოდ ინფორმაციის სანდო წყაროს და დაადეთ ვეტო ე.წ. ფეიქ-ნიუსებს;
🔺 სიტუაციასთან გამკლავების და ფსიქიკის დაცვის მიზნით, ჩვენ უნდა ვენდოთ სამყაროს (მსუბუქი აფირმაცია) – თუ მე გავხვდები ავად, გამიწევენ აუცილებელ პროფესიულ დახმარებას! ყველაფერი ჩაივლის მსუბუქ ფორმებში! მთელ მსოფლიოში, ჩემი ქვეყანა ყველაზე ეფექტურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით! სწორედ ამიტომ, მე ვარ მშვიდად!
🔺 განსაკუთრებული რჩევა პატარების მშობლებს – არავითარ, არავითარ შემთხვევაში არ გავუბრაზდეთ, არ დავსაჯოთ, არ ავუკრძალოთ და ა.შ. რა უნდა გავაკეთოთ? ვითამაშოთ, გამოვძერწოთ, დავხატოთ, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, გამოვაცხოთ, გავაკეთოთ ახალი კერძი, ვუყუროთ მულტფილმებსა თუ ფილმებს, ერთად დავალაგოთ მისი პირადი სივრცე(საწერი მაგიდა, კარადა, სათამაშოები), მოვიხმაროთ ჩვენი ნივთების მოწესრიგებისას და ა.შ. დამიჯერეთ – წინ უზარმაზარი სიამოვნება გელოდებათ! თქვენ გაიცნობთ საკუთარ შვილებს და თავიდან შეგიყვარდებათ ისინი! გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ – ბოლოს როდის მოუსმინეთ? როდის ჰკითხეთ როგორ გაატარეს დღე? რა გაიგეს ახალი? რა სწყინთ და რა უხარიათ? რა უყვართ, რა არ უყვართ და რატომ? რა იყო საინტერესო მათ ცხოვრებაში? ყველა ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ და იქნებ უფალს მადლობაც კი ვუთხრათ ამ გაცნობიერებისა და იმ ფუფუნებისათვის, რასაც საკუთარ შვილთან/შვილებთან ურთიერთობა ჰქვია.
და ბოლოს, მგონია, ადამიანები მივხვდით, რომ ეხლა ომია, შესაძლოა ყველაზე შემზარავი ომი კაცობრიობის ისტორიაში და უფრო შემზარავი ალბათ ის არის, რომ გაუფრთხილებლობით, ზერელე და არასერიოზული დამოკიდებულებებით – დგება ფატალური შედეგები… ვფიქრობ, ნამდვილად არ არის უაზრო ვაჟკაცობის, ყალბი პატრიოტიზმის და არასაჭირო გმირობის დრო.
შესაბამისად, მინდა მჯეროდეს, რომ ჩემს ირგვლივ არსებულ ადამიანებს აქვთ კულტურის და გონიერების ის ხარისხი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სოციალური კონტაქტების შემცირება/მინიმიზაციას, სოციალურ დისტანცირებას, შესაძლებლობის შემთხვევაში სახლიდან მუშაობას, პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას და ჰიგიენის დაცვას.
ყოველივე ზემოჩამოთვლილის განხორციელებაში კი დაგვეხმარება რამდენიმე რჩევა ემოციების ეფექტური მართვის მიზნით.
🔺 ემოციების კოლოფი:
წარმოსახვაში შექმენი შენი ბედნიერების კოლოფი, რომელშიც მოაგროვებ ყველა იმ ემოციას, რომელიც შენთვის ასოცირდება ბედნიერებასთან – მხედველობის, სმენის, გემოს, ყნოსვის და შეხების მოდალობების გამოყენებით და საჭიროებისამებრ, კოლოფიდან ამოიღე და გამოიყენე თითოეული მათგანი.
მხედველობა: ახალშობილი ბავშვის ღიმილი(ბუთქუჩა ლოყები, ორი თეთრი კიჭი და ა.შ.);
სმენა: ზღვის ტალღების ხმა ან ჩიტების ჭიკჭიკი.
გემო: შოკოლადი ან მარწყვი(ან – რაც გიყვარს);
ყნოსვა: ტყის ან მიწის სუნი წვიმის შემდეგ;
შეხება: საყვარელი ადამიანის ჩახუტება ან ზღვაში შეცურვა;
🔺 ემოციის ენა:
ეს ტექნიკა არამარტო დაგვეხმარება გავერკვეთ საკუთარ ემოციებში, არამედ გარშემომყოფებსაც მისცემს საშუალებას, უკეთ გაგვიცნონ ჩვენ. ამისთვის მეტყველებაში შემოტანეთ შემდეგი ფრაზები: „მე ვგრძნობ…….., იმიტომ რომ…….., მე მინდა, რომ……,“. მაგ. შვილთან ურთიერთობაში: „მე მეწყინა, რომ შენ დაღვარე საღებავები ხალიჩაზე. მინდა, რომ სხვა დროს უფრო ყურადღებით იყო. ეხლა კი, მოდი ერთად მოვწმინდოთ.“
🔺 სტრატეგია 1+3+10: თქვით ერთი დამამშვიდებელი სიტყვა „დამშვიდდი“, 3 – ჯერ ღრმად ჩაისუნთქე და დაითვალე ათამდე.
🔺 გაიხსენე შენი ცხოვრების წარმატებული მომენტები: ეს გახლავთ ყველაზე ეფექტური მეთოდი ნეგატიური ემოციის სამართავად. გაიხსენეთ მინიმუმ სამი ფაქტი და სახეზე, თქვენდაუნებურად, ღიმილი მოგეფინებათ. როგორც კი ხვდებით, რომ ემოციებზე კონტროლს კარგავთ, გაიხსენეთ სამი რამ, რითიც ამაყი ხართ ცხოვრებაში და ა.შ.
🔺 ნერვიულობას გადავდებ 2 საათით – (გაიხსენეთ სკარლეტ ო’ჰარა) – „მე ამაზე ფიქრს დავიწყებ ხვალ დილას, ეხლა კი მას შევინახავ უჯრაში!“ ღელვის პროცესის გადავადებაზე დაკვირვებამ დაადგინა, რომ გარკვეული პაუზა ამცირებს იმ კონკრეტული ემოციის ინტენსიობის ხარისხს.
🔺 იფიქრეთ უარესზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო – გახსოვდეთ, რომ შესაძლებელი იყო მომხდარიყო გაცილებით ცუდი რამ. მსგავსი მიდგომა დაგეხმარებათ ემოციაზე კონტროლის ნორმალიზებაში.
🔺 ეცადეთ მკაფიოდ გამოთქვათ თქვენი ემოციები: მე მეწყინა ის, რომ არ გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა; მე მგონია, რომ ამ საყვედურს არ ვიმსახურებ და ა.შ.
🔺 ჩაიხედეთ სარკეში: როდესაც საკუთარ თავს უყურებთ სარკეში, თქვენ ხდებით შედარებით ობიექტურები, შესაბამისად, ცდილობთ ემოციისგან დისტანცირებას.
P.S. მზე, რა თქმა უნდა, გამოვა! აუცილებლად გამოვა! აი, ის მზე, ჩვენ რომ გვიყვარს – ცხრათვალა, ნათელი, ბრჭყვიალა და უფრო მეტიც – ზღვაში ჩამავალი მზის ქიმზე მწვანე შუქსაც დავინახავთ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცასაც. დავინახავთ მზეს, რომელიც არასოდეს მიგვატოვებს და როგორც დიდი ნოდარ დუმბაძე ამბობდა, ვიტყვით – დაილოცოს შენი ძალა, შემოქმედო!
გავკადნიერდები და იმ პატარა სირიელ ბავშვს ბოდიშს მოვუხდი კაცობრიობის სახელით…
ნანა გოგიჩაშვილი, ფსიქოლოგი