ეს ის ფრაზებია, რომლებიც არ უნდა უთხრათ მოზარდს, რათა არ გამოიწვიოთ ნეგატიური რეაქცია. რამდენიმე წესი დაგეხმარებათ იმის მიღწევაში, რომ მან მოგისმინოთ და გაიგოს თქვენი გზავნილი.
„The Huffington Post“-ის უფროსი რედაქტორი, შელი ემლინგი, სამი მოზარდის (თინეიჯერის) დედაა. საკუთარი გამოცდილების და თავისი მეგობრების შვილების მაგალითზე მან შეადგინა ჩამონათვალი იმ ფრაზებისა, რომელიც არ უნდა ვუთხრათ მოზარდს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ურთიერთგაგებას.
„რა ხდებოდა სკოლაში“? – პასუხი შეიძლება იყოს ფართო სპექტრის, არაფრის მთქმელი სიტყვები: “არაფერი ისეთი“, „ყველაფერი რიგზეა“, ან „არ ვიცი“. ამით საუბარი დასრულდება. ჯობს დაუსვათ უფრო კონკრეტული კითხვები, რომლებზეც უფრო ვრცლად გიპასუხებთ: „საკონტროლო ალგებრაში მართლა ისეთი რთული იყო, როგორიც გეგონა?“ ან “ვისთან ერთად ისადილე დღეს სკოლაში“? და ა. შ.
„სანამ არ გააკეთებ… არ გახვალ გარეთ!“ – ასეთ ფუჭ დაპირებებს არასოდეს მოსდევს კარგი შედეგი, მით უმეტეს, თინეიჯერობის ასაკში. ჯობს დაუწესოთ სახლში დაბრუნების კონკრეტული დრო, მაგ: „ათისთვის სახლში იყავი, კარგი?“ თუ დათქმულ დროზე მოვა, შემდეგ შეაქეთ: „მიხარია, რომ არ მალოდინე“.
რა თქმა უნდა, ბავშვების შექება აუცილებელია, ოღონდ არა უმიზეზოდ. შეეცადეთ შეაქოთ გაწეული შრომისთვის და არა შედეგისათვის. მაგ: “ყოჩაღ, ძალიან კარგად მომზადებულხარ ამ საკონტროლოსთვის!“
„ნუთუ ეს ჯინსები დაპატარავდა?” – არსებობს სწორი და არასწორი მეთოდი აზრის გამოხატვისა, იმის თაობაზე, რომ თქვენმა შვილმა წონაში მოიმატა. ზოგიერთი მშობელი თავის მზრუნველობას ისე გამოხატავს, რომ პირდაპირ მიუთითებს პრობლემაზე. “ძალიან მოიმატე წონაში, გეყოფა ამდენი ჭამა, შეხედე, რას დაემსგავსე!“ ამით ცხადია, გამოიწვევთ მოზარდში ნეგატიურ რეაქციას. პირდაპირ მიაქანებთ მას დეპრესიისაკენ, აიძულებთ იფიქროს, რომ მისი წონა სავალალო მდგომარეობაშია. თქვენს ბავშვს ისედაც რცხვენია, განიცდის და დაკომპლექსებულია თავისი წონის გამო. ამიტომ თუ კორექტულად თქმა არ შეგიძლიათ, თქვენი შეფასებითი კომენტარებით ზედმეტად ნუ გააღიზიანებთ მას. ყოველი ადამიანი უნიკალურია თავისი განუმეორებელი თავისებურებებით. ფოკუსირება მოახდინეთ კარგსა და პოზიტიურზე, ნუ მისცემთ კრიტიკულ შენიშვნებს ბავშვს – რა თქმა უნდა, თუ გინდათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. თუ მისი წონა გაღელვებთ, შენიშვნების ნაცვლად ეცადეთ, ხელი შეუწყოთ მის სწორ კვებას, წაახალისოთ სპორტული აქტივობებისკენ და ა.შ.
წყარო:http://mshoblebi.ge/