არავისთვისაა სიახლე ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სესხის გამო ფინანსური კრიზისი აქვს, რა იწვევს ამ კრიზისს და სად არის გამოსავალი?!
სტატია, რომელიც ბევრს დააფიქრებს და ბევრისთვისაც სასარგებლო იქნება, სპეციალურად „ჟოლოს“ მკითხველისთვის „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორმა, ტრენერმა და ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა თამარ საგინაშვილმა მოამზადა.
ონლაინ სესხების (და არა მხოლოდ) ფსიქოლოგია როგორ „ვბერავთ“ ვალებს
ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ირგვლივ. ნამდვილი ეპიდემიაა.
მობილურში, ნებისმიერ საიტზე, ტელევიზორში, ქუჩაში, საუბრებში – ყველგან სწრაფ ონლაინ სესხებს გვთავაზობენ თავაზიანად და მხიარულად.
მესმის, რომ ეს ბიზნესია, მაგრამ მე ამჯერად ამ კომპანიების მფლობელებზე კი არა, მათზე ვსაუბრობ, ვინც თავის მომავალს ასე ვთქვათ, წინასწარ ხარჯავს.
არადა, რა მაცდურია ეს ყველაფერი!
ხელფასი გიგვიანდება? ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე.
კაბა გინდა? რატომაც არ უნდა იყიდო…
სადმე გინდა გამგზავრება? აისრულე ოცნება…
კი, ბატონო! მაგრამ რა ხდება, როცა სესხს იღებთ?
თავიდან დარწმუნებული ხართ, რომ მარტივად გადაიხდით.
შემდეგ, როგორც წესი, რატომღაც იქმნება პრობლემები.
ეს მხოლოდ ონლაინ სესხებს არ ეხება, ზოგადად, ყველანაირ პროცენტიან სესხზეა საუბარი. უბრალოდ, ონლაინ სესხები მეტისმეტად აქტუალური გახდა ბოლო დროს და ამიტომ გამოვყავი.
რამდენი ადამიანი იცით, ვინც სრულიად დარწმუნებულმა აიღო სესხი, იცოდა, რომ შეძლებდა გადახდას და მერე რაღაც მოხდა. რაღაც გაუჩერდა, რაღაც გაიჭედა, რაღაც არ გამოვიდა… საათი კი ჩართულია და ემატება და ემატება პროცენტს პროცენტი გეომეტრიული სისწრაფით.
რა მოხდა?
რატომ შეიცვალა სიტუაცია?
რატომ გაათმაგდა ვალი?
მარტივია.
როგორ არის სამყარო მოწყობილი? რა მრავლდება? რა ხორციელდება იმ მრავალრიცხოვანი ფიქრებიდან, რაც თავში მუდამ გვიტრიალებს?
ის, რასაც ვაძლევთ ჩვენს ენერგიას.
რას ვაძლევთ ყველაზე მეტ ენერგიას? რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას და რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობთ.
რა აძლიერებს კიდევ უფრო ამ მიჯაჭვულობას?
ამ საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულება. ყველაზე მეტად კი – შიში.
გაიხსენეთ, რამდენჯერ მოხდა თქვენს ცხოვრებაში ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინოდათ.
ახლა გავაერთიანოთ.
ადამიანი, რომელსაც აქვს ვალი, უნდა თუ არ უნდა, აცნობიერებს თუ არა, ყველაზე მეტ ენერგიას ახმარს რას?
ფიქრს, რომ უნდა გადაიხადოს ვალი. ანუ რაზე ფიქრობს? ვალზე !!!
რისი ეშინია? იმის, რომ შეიძლება ვერ გადაიხადოს.
და რას აძლიერებს თავისივე ფიქრის ძალით?
შემოსავლები, სიმდიდრის და სიუხვის ენერგიას? თუ გასავალის, ნაკლულობის, უკმარისობის, ვალის, სიღარიბის ენერგიას?
ამას დაუმატეთ სოციალური ფონი – ირგვლივ ლამის ყველა მესამეს ვალი აქვს. უამრავმა ადამიანმა ვალის გამო დაკარგა სახლი, ბიზნესი, შემოსავლის წყარო, ოჯახი, ზოგმა – სიცოცხლეც კი.
და შიში კიდევ უფრო მეტად „ჭყიტავს“ თავის ისედაც დიდ თვალებს.
და იზიდავს და იზიდავს კიდევ უფრო მეტ მიზეზს, რის გამოც უნდა გვეშინოდეს.
იზრდება შიში – იზრდება ვალები.
რასაკვირველია, მხოლოდ ეს ‘“აღმოჩენა“ სიტუაციას ვერ შეცვლის.
ეს, რასაკვირველია, ზოგადი სქემაა.
აქ კიდევ ბევრი ფარული დინებაა.
როგორ ახერხებს შიში ჩვენი შემოსავლების ბლოკირებას, რა ცვლილებებს იწვევს და როგორ მოქმედებს ეს აზროვნებასა და ცხოვრებაზე…
მაგრამ პრობლემის გაცნობიერება უკვე ნიშნავს მის 50 პროცენტით მოგვარებას.
ანუ მხოლოდ გაცნობიერებასაც კი, თუ როგორ ვუწყობთ ხელს ჩვენი ფიქრებით პრობლემების გამრავლებას, შეუძლია თქვენი ყურადღების რაკურსი სერიოზულად გადაანაცვლოს სასიკეთო მიმართულებით.
ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ერთხელ, როცა ფიქსირებული ხელფასი მქონდა, რომელიც თვის ბოლომდე არასოდეს მიმყვებოდა ხოლმე, ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი: მთელი თვე გაცნობიერებულად ვფიქრობდი არა იმაზე, რასაც ვხარჯავდი, არამედ იმაზე, რაც მქონდა. დღეს 30 ლარი დავხარჯე კი არა, მაქვს 10 ლარი. და არასოდეს ვამბობდი: ფული არ მაქვს. თუნდაც მხოლოდ ლარი გქონდეთ, ესეც ფულია. და თავში გამუდმებით მქონდა აზრი: მე ყოველთვის მაქვს ფული.
თან შეგნებულად არ ვამოწმებდი, რამდენი მქონდა ბარათზე კიდევ დარჩენილი ხელფასიდან.
შედეგი? არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მე ჩვეულებრივ ვხარჯავდი, მაგრამ თვის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბარათზე კიდევ მქონდა ისეთი თანხა, რომელსაც არანაირად არ მოველოდი.
ასეთი „სასწაულები“ ხდება, როცა თქვენი ტვინი სწორი მიმართულებით აზროვნებს.
მახსოვს, ერთი ჩემი მსმენელი მომიყვა: ძალიან მინდოდა ტრენინგზე მოსვლა. მიუხედავდა იმისა, რომ ფული არ მქონდა, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად გავივლიდი ამ ტრენინგს, არ ვიცი, როგორ, არ ვიცი, საიდან მოვიდოდა ფული, მაგრამ ვიცოდი, რომ გავივლიდი.
ერთი ძველი ბარათი მქონდა, რომელიც დიდი ხანია მინდოდა გამეუქმებინა.
მივედი ბანკში. ოპერატორი მეკითხება: თანხა, რომელიც ამ ბარათზეა, გადავიტანო სხვა ბარათზე თუ გამოიტანთ?
რა თანხა? – ვკითხე გაკვირვებულმა.
ოპერატორმა დამისახელა 20 ლარით ნაკლები, ვიდრე ტრენინგში უნდა გადამეხადა. სრულიად გაოგნებული ვუყურებდი.
არასოდეს მქონია იმდენი ფული, რომ ბარათზე ეს თნხა მქონოდა და დამვიწყებოდა. ახლაც არ ვიცი საიდან გაჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ მე ეს ტრენინგი გავიარე და მივიღე ის, რაც მჭირდებოდაო.
გჯერათ ეს თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
თუ მაინც უკვე ვალებში ხართ და სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვთ, რას კარგავთ, გამოიყენეთ თქვენი გონების უნიკალური შესაძლებლობები თქვენ სასარგებლოდ. რა გააკეთოთ? დაიწყეთ იმით, რომ:
1. იფიქრეთ იმაზე, რაც გაქვთ და არა იმაზე, რაც დახარჯეთ.
2. იფიქრეთ იმაზე, რომ როცა დრო მოდის აუცილებლად იხდით ვალს.
3. ყოველთვის, როცა შიში შემოგეპარებათ, რომ შეიძლება ვერ გადაიხადოთ, ნუ გაექცევით ამ შიშს და ნურც შეეწინააღმდეგებით. უბრალოდ უთხარით საკუთრ თავს რამდენჯერმე: მე ვღებულობ ჩემს შიშს, სანამ არ იგრძნობთ, როგორ მოგეშვათ გულიდან.
ვისაც ახლა დიდი სურვილი გაქვთ არ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ… შეგიძლიათ არც კი მოსინჯოთ ის სამი მარტივი პუნქტი, რომელსაც მე გთავაზობთ. ეს პანაცეა არ არის. ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა.
გინდათ – სცადეთ, არ გინდათ – გააგრძელეთ ცხოვრება ძველებურად. ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენი არჩევანია.
ზოგადად, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კარგა საქმესაც აკეთებენ. არის სიტუაციები, როცა მათი დახმარება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი ბევრად უფრო სიამოვნებით მოგცემენ სესხს თქვენი გენიალური იდეების განსახორციელებლად. თუ თქვენ პრობლემებზე კი არა, შესაძლებთლობებზე დააფიქსირებთ თქვენს ყურადღებას
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს და დაეხმარეთ გამოსავლის პოვნაში.
თამარ საგინაშვილი
ავტორი წიგნი ტრენინგისა „სამასმეერთე მილიონერი“
ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი