თუ თქვენ ბევრი ადამიანის წინაშე გამოსვლა გაშინებთ და განერვიულებთ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, მარტო არ ხართ. ადამიანების დაახლოებით 70%-ს სწორედ იგივე განცდა აქვს როდესაც პირველად გამოდის საზოგადოების წინაშე პრეზენტაციის გასაკეთებლად. ეს შიში გამოსწორებადია, მთავარია იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს.
უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ აუდიტორიას არ სურს წარუმატებლობა განიცადოთ, ისინი თქვენ მხარს გიჭერენ!
მოემზადეთ მოულოდნელობისთვის – პრეზენტაციის პროცესში სრულიად მოსალოდნელია ტექნიკამ გიმტყუნოთ. ამ დროს გაჩერება და დალოდება როდის გამოსწორდება ხარვეზი სწორი საქციელი არ არის, რადგან თქვენ მსმენელებს დროს ართმევთ, გარდა ამისა მათ უჩნდებათ განცდა, რომ თქვენ სიტუაციას ვერ მართავთ.
ისაუბრეთ შინაარსიანად – აუდიტორიას თავადაც შეუძლია წაიკითხოს რა გიწერიათ პრეზენტაციაში, ამიტომ თქვენ უნდა მიაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც იქ არ გიწერიათ ან ბუნდოვანია და ახსნას საჭიროებს.
ნუ გამოიყენებთ შორისდებულებს – ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ საუბრისას პაუზა ცუდი ტონია და მის შესავსებად ათასგვარ შორისდებულს იყენებენ. ეს კარგი მოსასმენი ნამდვილად არ არის. თუ ამოწურეთ სათქმელი და გსურთ მოიფიქროთ როგორ გააგრძელოთ, შეისვენეთ ცოტა ხნით.
ნუ გადახტებით თემიდან თემაზე – მსმენელს არ უნდა უწევდეს ფიქრი იმაზე რისი თქმა გსურთ, თქვენი საუბარი უნდა იყოს სრულიად გასაგები. არ უნდა გადახტეთ თემიდან თემაზე. თუ მიხვდებით, რომ მიედ-მოედებით, გაჩერდით, დაფიქრდით და ჩამოყალიბდით რომელ თემაზე გსურთ საუბრის გაგრძელება.