„მინდა, რომ ყველას სახეზე ღიმილი ეფინოს“- ეს ჩემი რესპონდენტის საახალწლო ნატვრაა, რომელიც ასე გრძელდება – სიმშვიდე, ყველა ჩვენთაგანის ოჯახში, ჯანმრთელობა და წარმატება.
დღეს, ჩვენი გურული სტუმარი, გურულ კალანდაზე, საშობაო შელოცვასა და საახალწლო ტრადიციებზე გვიყვება.
გიორგი კეკელიძე, მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:
– ჩემს ბავშვობაში ახალი წელი ჩაბნელებულ ქუჩასთან და ელექტროენერგიის მოსვლასთან ასოცირდებოდა. მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით და სინათლის მოსვლას ველოდებოდით, რომელიც ახალი წლის დადგომამდე ზუსტად ხუთი წუთით ადრე მოდიოდა. ამის შემდეგ უკვე მთელი ღამე ტელევიზორს ვიყავით მიჯაჭვულები. რაც ბავშვობაშია იმას ვერაფერს უზამ, ვერ ამოშლი და ვერ დაივიწყებ. დღეს უკვე, როდესაც მსგავსი პრობლემები რა თქმა უნდა არ არსებობს, ჩემთვის ახალი წლის სუნიც და გემოც მაინც ამ ამბებს უკავშირდება.
– გიორგი, როგორ ხვდებოდით და აღნიშნავდით გურიაში კალანდას?
– გურიაში კალანდას დიდი ამბით აღნიშნავენ. ორჯერ იმართება დღესასწაულის მიგებება. მე მორწმუნე ოჯახში ვცხოვრობდი და შესაბამისად ორ ახალ წელს აღვნიშნავდით. ერთი ეს იყო პირველ რიცხვში და მეორე მაშინ, როცა უკვე მარხვა ხსნილდება.
იყო და დღესაც არის სუფრებზე გადაპატიჟებები, მხიარულება და კარგი მოლხენა. მართალია სუფრა მდიდრული ვერ არის, მაგრამ ეს ფაქტორი მთავარი არც არასდროს ყოფილა ამ უბრალო და გულიანი ხალხისთვის. განსხვავდება საახალწლო ტრადიციებით, მეკვლეს კულტურა, უფრო აქტიურად არის სოფლებში დანერგილი.
– თქვენ რომელი საახალწლო ტრადიცია მოგწონთ?
– მომწონს, როცა ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ის ამბავი, რაც წინა წლიდან ცუდად დაამახსოვრდათ, თითქოს იქვე უნდა დატოვონ ძველ წელში და რომ მომავალი წელი ახალ, ძლიერ და უკეთეს ემოციებს დაბადებს. ეს შეიძლება ხშირ შემთხვევაში ილუზიაც არის, მაგრამ ადამიანი ხომ იმედებისა და ილუზიების არსებაა. შესაბამისად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, რომ ჩვენ, ხანდახან, თუნდაც საახალწლოდ, საკუთარი თავი ასეც გავირთოდ ხოლმე. დაე გვეგონოს, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში რჩება.
– საახალწლო რიტუალზე რას გვეტყვით? ასრულებთ რომელიმე რიტუალს, თუნდაც 12 საათზე სურვილის ჩაფიქრების?!
-კი, როგორც ყველა ადამიანი რაღაცას მეც ჩავიფიქრებ ხოლმე, თუმცა ცხოვრებამ ისე გამაპრაგმატულა ამ თვალსაზრისით ნაკლებად მეოცნებე ვარ. რიტუალებიდან უფრო საშობაო რიტუალი მახსენდება, როდესაც მუცლის ღვეზლებს აკეთებდნენ, რომელსაც დღეს პოპულარულ ენაზე გურული ღვეზელი ჰქვია. ბებიაჩემი ოჯახის ყველა წევრს სპეციალურად უკეთებდა ამ მუცლის ღვეზელს, რომელსაც მუცლის სალოცავი მოსდევდა ამგვარი ტექსტით: შენი მუცლის სატკივარი დაღმა წყალს, აღმა ქარს. ეს იყო ერთგვარი ფოლკლორული შელოცვა, რომელიც ქრისტიანობასთან იყო შეზავებული.
გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:
ფქვილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ. რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.
-გიორგი, ყველაზე მეტად რომელი ახალი წელი დაგამახსოვრდათ და რითი?
-ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გურიაში ის ახალი წელი, როდესაც ტელევიზორი შევიძინეთ და დიდი ამბით ველოდით ელექტროენერგიის მოსვლას, რომელიც როგორც იქნა მოვიდა, მაგრამ მალევე ჩაქვრა, რადგან რაღაც გადაიწვა ჩვენს ქუჩაზე, ასე დავრჩით პირში ჩალა გამოვლებულები ამ დიდი მოლოდინის შემდეგ. მერე კი, მთელი ღამე, ლამფის შუქზე მამასთან თამაშებით გავირთე თავი. ეს ახალი წელი ჩემთვის სრულიად დაუვიწყარია. კიდევ იყო ერთი ასეთი ახალი წელი, რომელმაც ჩემი ბავშვობა გაალამაზა, მაშინ როცა საბავშვო კომპიუტერი ვიყიდე და ახალი წლის ღამე “მარიოს” თამაშში გავათენე. ამ დროს უკვე მოზრდილი ვიყავი, მეთერთმეტე კლასში. ამით ვახდენდი კომპენსაციას ჩემი უკომპიუტერო ბავშვობისა.
– ნაძვის ხე თუ ჩიჩილაკი?
– ნაძვის ხეც და ჩიჩილაკიც. იმ ცნობილი ტექსტის არ იყოს- ორივენიცა.
– რითი იყო თქვენთვის ეს წელი გამორჩეული?
– საქმიანი თვალსაზრისით მართლაც მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო ეს წელი. როგორც იქნა დავიწყეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველი კორპუსის რეაბილიტაცია. ასევე გავაგრძელეთ სოფლებში წიგნების დარიგება და უკვე 1500 სოფელს მივუკაკუნეთ, რაც მე მგონია, რომ ცუდი ამბავი ნამდვილად არ არის. აგრეთვე, ქუთაისში დავიწყეთ ცისფერყანწელთა ბაღის მოწყობა, რომელიც ჩემთვის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია. აი, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. პირად ნაწილზე საუბარს კი როგორც წესი, ვერიდები ხოლმე, იმიტომ რომ პირადი მაინც პირადი მგონია.
-ბოლოს, რას უსურვებდით ქართველ ხალხს ამ საახალწლოდ?
– ქართველ ხალხს ვუსურვებდი, რომ შრომის უფრო მეტი ორგანიზებით, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დოვლათი მოეპოვებინოთ. არცერთ ოჯახში არ ყოფილიყოს გაჭირვება, განსაკუთრებით კი არ ყოფილიყოს გაჭირვებული ბავშვები, რაც ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა. ვიცი, რომ ძნელად მოხერხდება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ რახან სურვილია სურვილად იყოს – მინდა, რომ ყველას სახეზე ღიმილი ეფინოს.
ავტორი: ნინო გონგაძე