მორალი: ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ საკუთარი თავის მნიშვნელობას, არადა ჩვენშივე არასებულ ფიქრებს და განწყობას შეუძლია, შეცვალოს მთელი სამყარო…
ჩაფიქრებული გავუყევი გზას, ორიოდე ნაბიჯი გავიარე და გული ამიჩქარდა. ვიფიქრე, ნეტავ, რა მოხდა, რა უნდა ამ ჩემ გულს, რისი თქმა უნდა, “ვალიერიანის” აბებით ხომ არ გავაჩუმო მისი ხმაურიანი ბაგაბუგი?! ამ ფიქრით მშვიდად გავაგრძელე გზა, ალბათ, ასაკმა მიწია და გულმაც ასე უნდა იმღეროს. ამასობაში მზე ღრუბლებში მიიმალა, წითელი ფერი შერეოდა მოძრავ ღრუბლებს, კვლავ გავაგრძელე ცაში ყურება, ასე მიშტერებული უჩვეულო ადგილას აღმოვჩნდი, უცნაური შეგრძნებები დამეუფლა. დავიხედე და ისე დავპატარავებულვარ, პატარა გოგონას ვგავდი, რძისფერი აბრეშუმის კაბა მეცვა, ფეხს კი ლამაზი რძისფერივე ფეხსაცმელი მიმშვენებდა, გავიფიქრე, როგორ მომწონს ეს ფერი, სხეულზე სასიამოვნო განცდის შეგრძნებას გიტოვებს… ამ შთაბეჭდილებას ხელი არ შევუშალე და გავაგრძელე ემოციებით თამაში.
მე უკვე პაწაწინა გოგონა ვიყავი, ამ შეგრძნებით გავაგრძელე გზა, ჩემ წინ არსებულ უჩვეულო, წითელი ფერის ბურუსს შევერიე. ახლოს რომ მივედი, მუქი ფერის უზარმაზარი ლანდი გამოვარჩიე, მერე თანდათან უფრო მკაფიოდ დავინახე – ეს იყო წითელი ფერის დიდი შენობა, უფრო სახანძროს წააგავდა, წითლად ელვარდებდა ცაში აღმართული აგურის წითელი კედლები, გუგუნებდა, საკვამურებიდან შავი ფერის კვამლი ამოდიოდა, ვიფიქრე, ქარხანა უნდა იყოს-თქო. მიმოვიხედე და იქვე ორი მდინარეც შევამჩნიე: ერთი აღმა მიედინებოდა მეორე კი – თავქვე, დაღმა, ისე ზანტად მიიზლაზნებოდა, თითქოს ეზარებოდა მოძრაობა და ძალით აიძულებდნენ დინებას, ხოლო მდინარის ნაპირები ისე დაბიძურებულიყო, ნაგავსაყრელი გეგონებოდა. კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას. მოწყენილობამ მომიცვა, გავიფიქრე, ალბათ, აქაურობას პატრონი არ ჰყავს-მეთქი.
ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, შიშით, მაგრამ ინტერესით, გადავწყვიტე, შიგნით, შენობაშიც შევსულიყავი, მინდოდა, მენახა. იქ, შიგნით, რაღა ხდებოდა, რატომ გამოდიოდა გარეთ ასეთი ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ერეოდა ამ მდინარეს და ასეთ მოწყენილს ხდიდა… მივუახლოვდი ქარხნის კარს, მივაწექი ორი პატარა ხელით, ძალიან მძიმე იყო, ზანტად გაიღო და იმ ზომაზე გამოვაღე, შიგნით რომ შევსულიყავი. თავი შევყავი თუ არა, ხმაური გაძლიერდა… სმენა დავძაბე: ამ გაუსაძლის ხრიალში, კაკუნთან ერთად, ორკესტის ხმაც გავარჩიე, გაუმართავი ინსტრუმენტებით დაკრული არეული მუსიკა ისმოდა, ერთი სული მქონდა, დამენახა, ვინ უკრავდა ასე საშინლად ან რა მელოდია იყო, ვინ იყო ასეთი უგემოვნო სიმფონიის ავტორი. მუსიკის ხმას მივყევი, მინდოდა, მიმეღწია იმ ადგილამდე, რომ დამენახა ის მუსიკოსები, რომლებიც უკრავდნენ.
მივდიოდი და მივდიოდი ჩემი პატარა ნაბიჯებით. როგორც იქნა, მივაღწიე, ერთი სული მქონდა, ამ არეული მუსიკისთვის ბოლო მომეღო – გამეჩუმებინა… იქამდე მისასვლელი გზა რთული გასავლელი იყო, მეც ასე უხალისოდ მივუყვებოდი წითელ დერეფანს, დავმძიმდი, ჰაერიც ისე იყო გამკვრივებული, ფეხებს ძლივს მივათრევდი, მაგრამ მაინც ჯიუტად მივაბიჯებდი მიზნისკენ.
დერეფანში კი ხმა ძლიერდებოდა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექი, ისეთი უხალისო ჩანდა ყველაფერი, მოსაწყენი… ჩემს თავს ვეუბნეოდი:
– ამ მუსიკას ვინღა უკრავს ასეთ უნიჭოს, ალბათ, მუსიკოსებს ინსტრუმენტებზე ჩაეძინათ, – უცბათ წარმოვიდგინე მუსიკოსები, რომლებიც ხვრინავდნენ და თან მუსიკას უკრავდნენ, ბავშვური კისკისი მოვრთე, ხელებს პირზე ვიფარებდი, არავინ გაიგოს, რომ დავცინი მხვრინავ მუსიკოსებს-მეთქი, აბა, სხვაგვარად ასე როგორ უნდა დაუკრა, თუ მუსიკოსი გქვია?! და გავაგრძლელე კისკისი….
გვერდიდან კი ვიღაცამ გარკვევით მითხრა:
– რა გაკისკისებს?! გულის ორკესტრია, – ცოტა შევკრთი და დავიძაბე, ვიფიქრე, მოჩვენებები ხომ არ დამეწყო, მართალია, უჩვეულო გარემოა… ამის გაფიქრება ვერც კი მოვასწარი, რომ გავიგონე ვიღაცის ხმა:
– დირიჟორიც გვყავს, – ამის გამგონეს ღიმილი პირზე შემაშრა…
გავჩუმდი, თვალები დავძაბე და წითელ ბურუსში დიდყურებიანი თეთრი კურდღელი გამოვარჩიე, ლამაზი ღუნღულა თეთრი ბეწვი ამშვენებდა, სტაფილო ეჭირა, ახრამუნებდა და თან, მელაპარაკებოდა ვიფიქრე – ღმერთო ჩემო, ეს სად მოვხვდი, მუსიკაა და – უნიჭო, ახლა ეს კურდღელია და – უზრდელი, გოგოსთან ლაპარაკი არ იცი-მეთქი. კურდღელს თითქოს ჩემი ფიქრები ესმოდა…
– რა საჭიროა ზრდილობა, მაინც ყველანი ერთნაირად ვცხოვრობთ, ზრდილობიანებიც და უზრდელებიც, – ჩაილაპარაკა თავისთვის, ჩემს გასაგონად, ალბათ, იმიტომ რომ მიმხვდარიყავი მის უჩვეულო უნარს.
მე უკმაყოფილოდ თავი გავაქნიე, მეტი აღარ მიფიქრია არაფერზე – კურდღელი ჩვეულებრივი ყბედი ჩანდა, მაგრამ მაინც თავაზიანად მივმართე, ეგებ მიხვდეს როგორ უნდა ისაუბროს ზრდილობიანადთქო:
– თქვენო აღმატებულებავ, ხომ არ მიმაცილებდით თქვენი ორკესტრის დირიჟორთან? მან თავი დამიკრა და მორჩილად წინ გამიძღვა. კურდღელმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და თვალი მოწყენილად მილულა:
– ისეთი სინაზე ვიგრძენი შენგან, უზრდელობა ვეღარ გავბედე, სხვა გზა არ დამიტოვე, – და თავისი ფაფუკი თათით მიმანიშნა დირეფნის მიმართულებით, მობრძანდიო. მეც შევიფერე კავალერი და მშვიდად გავყევი უკან.
როგორც იქნა, დამთავრდა ეს გრძელი წითელი დერეფანი. კედლებზე წითელი ხავერდის ნაჭერი იყო გაკრული, რომელსაც ბროლის ბრები მას უჩვეულოს ხდიდა. კედლის ჩრდილს მივუყვებოდით, ჩვენი გამოსახულებები გაწელილიყო წითელ ხავერდის ფონზე, მზერა კურდღელზე გადავიტანე ის კი კუდს აქიცინებდან ისე მიაბიჯებდა ჩემ წინ. მან ბახრამებიანი ფარდა ორივე თათით გაწია და წინ ოპერის დარბაზის ხედი გაიშალა, დაბალი შუქი ანათებდა იქაურობას, აი ისეთი, სპეკტაკლის დაწყების წინ, საოცრების მოლოდინში რომ გამყოფებს ხოლმე, სცენაზე ჯერ კიდევ ფარდა იყო ჩამოშვებული, დირიჟორი კი ზურგით იდგა, თეთრი თმა უკან, მხრებზე ჰქონდა გადავარცხნილი, შავი ფერის ფრაკი ემოსა, სახელოებიდან თეთრი გახამებული მანჟეტები მოუჩანდა. ჩვენი დანახვისთანავე ორკესტრი გაჩუმდა, მუსიკოსებს უძილობა არ ეტყობოდათ, ფხიზლად იყვნენ, დირიჟორს მისჩერებოდნენ, ის შემობრუნდა და სათვალის ზემოდან კარგად შეგვათვალიერა.
კურდღელმა მოულოდნელად ისე დასჭექა ხრინწიანი ხმით, გული გადამიქანდა:
– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ქარხნის სტუმარი, პატარა გოგონა, რომელსაც აინტერსებს თქვენი უნიჭო მუსიკა.
გავიფიქრე, ეს კურდღელი თავისას არ იშლის, პირში მიახალა ჩემი წარმოდგენა მათ მუსიკაზე, მაინც უზრდელურად აყრანტალებს რაღაცეებს-მეთქი. კურდღელმა განაწყენებული სახით შემომხედა, მესმის, რასაც ფიქრობ ჩემზეო, მაგრამ ახლა მასთან საუბრის დრო ნამდვილად აღარ იყო.
დირიჟორმა კი, როგორც ჭეშმარიტმა ჯენლტმენმა, თავი დამიკრა და გამიღიმა, მერე ღრმად ამოისუნთქა. გავიფიქრე, აქაც სქელი ჰაერია, ნეტავ, როგორ სუნთქავს-მეთქი.
კურდღელი განაგრძობდა ჩემს წარდგენას – ამ პატარა მეტიჩარა, კიკინებიან, მაგრამ ზრდილობიან გოგონას აინტერესებს აქ აჟღერებული მუსიკის ამბავი, ვინ წერს, ვინ გაწვდით და ეგეთები… ცოტა დავიმორცხვე, თან, შემეშინდა, უცხო გარემო იყო, ადრე არასოდეს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, თანაც, ასეთ მოლაპარაკე კურდღელთან, ღმერთო ჩემო……
დირიჟორი მიუბრუნდა ორკესტრს, ხელით ანიშნა, შევისვენოთო. ამ მოხუც ადამიანს კეთილი, მაგრამ დარდიანი და საცოდავი სახე ჰქონდა, დაღლილობისგან მხრებში მოხრილიყო, თვალებში კი მაინც სიკეთის ვარსკვლავი უკიაფებდა, მისი თვალების ამ სხივმა დამამშვიდა იმ უჩვეულო გარემოში, რომელშიც, ჩემდა გასაკვირად, ვიმყოფებოდი, მშვიდი მოძრაობით სადირიჟორო ჯოხი დადო და პარტიტურა დახურა …
– ეს რა მელოდიას უკრავდით მაესტრო? – გაკვირვებულმა ვკითხე და დახურულ პარტიტურაზე მიუთითე: ანდა ეს რა დაგმართნიათ, რატომ გაქვთ ასეთი გატანჯული სახე?
უცებ მომინდა, რომ დავხმარებოდი ამ კეთილ ადამიანს:
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – უნებურად წამომცდა, მერე კი ჩემს თავს გავუნაწყენდი: აი, რატომ ჰპირდები ადამიანს იმას, რის გაკეთებაც არ შეგიძლია ან შენ რა შეგიძლია ასე პატარასა და უმწეოს… მაგრამ კვლავ მივენდე სიტუაციას, გავაგრძელე დირიჟორის მოსმენა
– რამდენი ხანია, ველოდები შენს გამოჩენას, – აშკარად მე მეუბნებოდა.
კურდღელს გადავხედე. ყურადღებით გვისმენდა. სტაფილო ბოლომდე შეეჭამა და პირს მადიანად აცმაცუნებდა. ნიშნისმოგებით მიყურებდა, ხომ ხედავ, გელოდებოდა, სწორ ადგილას მოხვედრილხარო, თან, ეამაყებოდა, მერე რა, რომ არ მოგწონვარ და უზრდელი ვარ, მაინც გამოგადექიო.
დირიჟორი აგრძელებდა თავისი გასაჭირის მოყოლას:
– დიახ, რამდენი ხანია, გელოდები და მიხარია, რომ მობრძანდი, შენი თვალით ნახე და შენი ყურით მოისმინე ჩვენი გასაჭირი, ვიცი, რომ არ მოგწონოს ჩვენი შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები, მაგრამ განა ეს მოსაწონია?! სამყაროში ჰარმონიული მუსიკა უნდა ჟღერდეს, სიცოცხლით ავსებდეს არემარეს.
– არ მომწონს, რა თქმა უნდა, ბატონო, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ვერც მელოდიის ჟანრი და ვერც მისი სილამაზე დავინახე, უფრო ხმაურს მაგონებს, ვიდრე მელოდიას, კი მაგრამ, ვინ გაძლევთ ამ ნოტებს? – პარტიტურაზე მივანიშნე ხელით, ხმაში სინანულიც გავურიე.
მან თავი მაღლა აწია. თვალები დარბაზის ჭერს მიაპყრო, რითაც მანიშნა, ზევიდანო.
– კი მაგრამ, ზევით ვინ არიან? – ჩუმად ვიკითხე და თვალებით მაესტროს მზერას გავყევი.
– შავი ღრუბლები ისე ეფარება მზეს, ვერაფერს ვხედავთ, – განაგრძობდა სიტუაციის ახსნას მოხუცი,
– მოძრავი ფიქრები საშველს არ აძლევენ ღრუბლებს, ლაღად იმოძრაონ. მზის სხივები ვეღარ ატანს ამ დამძიმებულ ფიქრის ღრუბელში, ხან ისეთი საშინელება ჩამოწვება, საშველი აღარ გვადგია, ვუკრავთ და ვუკრავთ ამ საშინელებას, ამის გამო სარკმელიც კი გამოვჭერით… – დირიჟორმა თავისი ჯოხით კედელში გამოჭრილ სარკმელზე მიმანიშნა, რომელიც ის-ის იყო გაიღო და საიდანაც მიმდევრობით ფერად-ფერადი აბები გადმოიყარა, ამას წყლის დიდი ოდენობაც მოჰყვა.
– უი, ეს რაღაა?- შევიცხადე, გაოცებული მივაშტერდი წყლის დიდ ნაკადს, რომელსაც ფერადი აბები სადღაც მიჰქონდა.
– გვირჩიეს მედიკამენტები, დაფანტავს ამ ღრუბელსო, – მწუხარედ თქვა მოხუცმა, მაგრამ ამანაც არ გვიშველა, პირიქით, ნაკადულები დასნებოვნდა, დაავადდა და ნაგვით აივსო. მერე ეს უბედურება არტერიებში მიედინება, შენობის გარეთ ნახავდი ნაგვით სავსე მდინარეს, მაგის მიზეზია, რომ აღარც მდელოა და აღარც ყვავილები ამოდის. – მოხუცი ჩაჩუმდა და იქვე ჩამოჯდა. დაღლილი ჩანდა.
მე დაბნეულად დავეთანხმე: ვიცი, მაესტრო, სანამ შემოვიდოდი, ვნახე ქარხნის შემოგარენი. უცბად ჩემმა გონებამ კურდღელი გამახსენა, მიმოვიხედე, ის სადღაც გამქრალიყო. ვიფიქრე, ალბათ, მობეზრდა ჩვენი საუბარი და თავი დაგვანება-მეთქი…
ისევ დირიჟორს მიუბრუნდი, ის კვლავ განაგრძობდა საუბარს ქარხნის გასაჭირზე, საუბარი დაასრულა თუ არა, მომაშტერდა, თითქოს მეუბნებოდა, აბა, რას იტყვიო. დავიბენი. პასუხი მზად არ მქონდა, ან რა უნდა მეთქვა?! ჩუმად, თითქმის ჩურჩულით მაინც თქვი:
– კი ბატონო, მესმის, მაგრამ მე, ასეთ პატარას, როგორ შემიძლია, ეს შევცვალო, ერთი პაწაწინა გოგო ვარ?! – ჩემი თავი შევათვალიერე. ხელები გავშალე. ორი პატარა ხელი მქონდა, აი, ისეთი, 5 წლის ასაკში რომ გვახსოვს ჩვენი თავი: მე მხოლოდ სიცილი და თამაში შემიძლია, ისე, ცეკვაც მიყვარს და სიმღერაც, – აღფრთოვანებულმა ვთქვი და განვაგრძე: მაგრამ ეს ისე, ჩემთვის, არც მომღერალი ვარ და არც მოცეკვავე, – თითქოს თავი ვიმართლე.
– არც ნოტების გამეგება რამე, მუსიკალურ სკოლაში ვისწავლე ნოტები: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა სი, დო, – უნებურად წავიმღერე: მაგრამ ისეც არ ვიცი, თქვენი მუსიკის შეცვლა შევძლო.
ეს რომ ვთქვი, გავიფიქრე, ალბათ, იმედები გავუცრუე მოხუცს, ის ხომ ასე მელოდებოდა. თვალი თვალში გაუყარე, მაგრამ მის სახეზე ნაზი ღიმილი შევამჩნიე, მერე კი მითხრა:
– ჩემი საყვარელო გოგონა, შენ გულწრფელ სიცილსა და სიმღერას აქვს უდიდესი ძალა, რომ ტანჯვა დასრულდეს, შეცვალოს ამ ქარხნის ცხოვრება, აქ მომუშავეთა ბედი და მათ სიცოცხლე ვაჩუქოთ.
ისე დავიძაბე, მეგონა, ქვეყნის ბედი მომანდეს გადასარჩენად, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, მოხუცმა დირიჟორმა ხელი გამომიწოდა, მისი გახამებული სახელო წითელ ბურუსში ანათებდა.
– მოდი ჩემთან, – მითხრა მან და ნაზად ამიყვანა სადირიჟორო პულტთან. ძლივს ვწვდებოდი. მაღლა ავიხედე. ცა გახსნილიყო ჩემს ახედვაზე, თითქოს სამყარო მესალმებოდა, თავდაჯერებულობა მომემატა და თითქოს დავიჯერე კიდეც, რომ შემეძლო რაღაც ძლიერი და კეთილშობილური ჩამედინა და ამით სიკეთე მომეტანა სამყაროსთვის.
– თუკი ამ ღიმილს შეუძლია შევალოს ეს ყველაფერი უსახური, დაე, იყოს ასე! მე ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ეს სიხარული მოეფინოს მთელ სამყაროს, – ხმაში სიძლერე და თავდაჯერებულობა მომატებოდა… სულ სხვა გვარად ჟღერდა ჩემი ხმის იოგებიდან ამოსული ხმა….
– დაე, ამ სიყვარულმა გაათბოს გულის ყველა ნაკადული, რომელიც მდინარეებად იქცევა!!! – ეს გრძნობები რომ გამეძლეიერებინა, ყველაზე ლამაზი მუსიკა ჩაისმა ჩემს გონებასა და ფიქრში. იმ ადგილას, სადაც ვიდექი, დირიჟორის ჯოხმა ნაზად დაიწყო მოძრაობა რძისფერ ენერგიაში ჰარმონიულად ამოძრავდა… როიალმა პირველი ბგერა აიღო, ვიოლინეობი აჰყვნენ ღვთაებრივ ჟღერადობას… შეუერთდნენ ფლეიტები… გასმა ვალსის მელოდია… მაღლა ავიხედე, იისფერი ენერგია გვეღვრებოდა. თავი ზღაპარში მეგონა, ფარფატით მოედინებოდნენ რძისფერი ვარდის ფურცლები, რომლევიც თავსა და ხელებზე მეფინებოდა, ვარდისფერი ფურცლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს კი წითელი ვარდის ფურცლებმა სიყვარულის ნიშნად იწყეს ფარფატი, ორკესტრს გადავხედე – უკრავდნენ თავდავიწყებით, ქარხნის ხმაური აღარსად ისმოდა თითქოს ამ მელოდას აუწყო ხმა…
– ღმერთო ჩემო, რა სასიამოვნო ენერგია იფრქვევა, – გავიფიქრე და ფრთხილად გადავეცი დირიჟორს ჯოხი. მან თავი დამიკრა მადლიერების ნიშნად, მივტრლიალდი და უეცრად ქარხნის გარეთ აღმოვჩნდი, აი იქ სიდანაც შევედი გულის კარიბჭეში. მდელო აამწვანებულიყო და ყვავილები გაშლილიყვნენ. ნაგავი აღარსად ჩანდა. ორი მდინარე მიედინებოდა: ერთი – აღმა, მეორე – დაღმა. ამ სანახაობით გართულმა ვირძენი, რომ მხარზე ვიღაცის ხელი შემეხო. მივბრუნდი. კუდღელი მოსულიყო, ფრაკში გამოწყობილი. შიგნიდან თეთრი, ფაფუკი ბეწყვი მის ჩაცმულობას უფრო ელეგანტურს ხდიდა, მის შავ ფრაკს კი თეთრი გვირილა ამშვენებდა, გაოცებულმა ვკითხე, აი, თურმე, სად წასულხარ, გამოპრანჭულხარ.
თავი დამიკრა და ჩემს ოქროსფერ თმაში ყვავილი ჩამიმაგრა, ხელზე მეამბორა და მითხრა:
– მადლობა, პატარა ქალბატონო, იმედია, ახლა მოგწონს ჩვენი მელოდიაც და გულის რითმიც. მე თავი დაუკარი, ირგვლივ ისეთი მუსიკა იღვრებოდა, ძნელია, არ დაეთანხმო ამ მოლაყბე კურდღელს, მაგრამ, უი, უკაცრავად, უკვე თავშეკავებულად მოსაუბრეს. მან გამიღიმა, მივხვდი, რომ, რაც მასზე გავიფიქრე, გაიგონა, ცოტა შემრცხვა, ბევრი მომივიდა-მეთქი.
ვუსმენდი ამ საოცარ მელოდიას, რომელმაც სიცოცხლე და ბედნიერება დაუბრუნა იქაურობას, გავიფიქრე, ნუთუ მე ჩავიდინე ეს ამ გრანდიოზულ ქარხანას სიცოცხლე დავუბრუნე?! და გახარებულმა გავაგრძელე გზა. მდინარის ნაპირებზე ამოსული მწვანე მოლი სასიამოვნოდ მედებოდა ფეხებზე, სიცოცხლე ჩქეფდა ყველგან და ყველაფერში, ვუყურებდი ჩემი ფეხის ტერფებს. შევამჩნიე, რომ ნელა-ნელა ვიზრდებოდი, თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე. ამასობაში, დავბრუნებოდი ჩემს ასაკს და გარეგნობას, მხოლოდ ბავშვური აღტაცება და სიხარული არეგულირებდა გულის პულსს. გამარჯვების ჰანგების ჩამესმა ყურში: აი დასრულდა კონცერტი და კონცერტის შემდგომი ემოციები ელამუნებოდა ჩემს განწყობას, რომელიც გაგრძელდა დიდხანს…. დიდხანს… სასიამოვნო განწყობას აღარასოდეს დაუტოვებია ჩემი გული. მე ვიცი, რომ მასში ცხოვრობს ჩემი გულის დირიჟორი, რომელიც უკრავს მხოლოდ იმ მელოდიას, რომელსაც მე დაუკვეთავ, ჩემი ფიქრებით და განწყობით… მე მიყვარს ჩემი თავი, მიყვარს მისი მელოდია, მასში აჟღერებული, რომელსაც შეუძლია მთელი სამყაროს შეცვალა…
სიყვარულით
დონარი სამადაშვილი