„მიენდობი სამყაროს და სამყარო თვითონ გიჩვენებს გზას“- გიორგი ტყემალაძე
მინდა, მოგიყვეთ პატარა ბიჭის ასრულებულ დიდ ოცნებაზე და იმ სურვილის ძალაზე, კინორეჟისორად რომ აქცია. მერე სხვადასხვა ქვეყანაში თავისივე ფილმებით ამოგზაურა და კინოფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოაპოვებინა.
„ჩიტები“, „რომანსი“, „მოხუცები“ – ეს ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ტყემალაძის, ის სტუდენტური ფილმებია, რომლებმაც წლების წინათ უცხოელი კრიტიკოსების აღიარება მოუტანა.
გიორგი დღეს ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს.
ამერიკაში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გაემგზავრა და „დიდ კინოში“ ამერიკელ მსახიობებთან ერთად ჩაება.
ოთხ წელში სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და ამ ფილმებით ძალიან მალევე მაღალი რანგის ფესტივალებზე სხვადასხვა ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
გარდა რეჟისორობისა, გიორგი წერს სცენარებს, ლექსებს, ნოველებს, გატაცებულია ფსიქოლოგიით, უყვარს სულის სიღრმეებში „ჩასვლა“, დაფარულის აღმოჩენა და ამის ფილმებში თუ ფოტოებზე ასახვა.
ფოტოგრაფია დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. ფოტოთი სხვათა მიერ „ვერდანახულ ამბებს“ ჰყვება და ამით თავადაც სულიერად საზრდოობს. ამ პროცესს კი ასე აფასებს – „ყველა სიჩუმის დაჭერა მიყვარს, ყველა იდუმალი წამის“…
გიორგი ტყემალაძე: ფოტოებს ბავშვობიდან ვიღებ. ის ფოტოები ახლა თეატრალურ უნივერსიტეტშია. როცა ვაბარებდი, გამოცდაზე მივიტანე და იქ დავტოვე. მერე, სტუდენტობისას, იმ ადგილებში, სადაც ამ ფოტოებს ვიღებდი, ფილმი გადავიღე – „მოხუცები“.
სარეჟისორო ფაკულტეტზე ფოტოგრაფიის გაკვეთილებიც გვქონდა, თუმცა ჩემში უფრო მაშინ შემოვიდა დიდი დოზით, როცა ვადიმ ზელანდის „რეალობის ტრანსერფინგი“ წავიკითხე. ამ წიგნმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე, მისი წაკითხვის შემდეგ სხვა ემოციებით დავიწყე ფოტოების გადაღება.
ზელანდს ერთ მთლიანობაში მოჰყავს სამყარო და ადამიანი. ჩემს ფოტოებშიც სწორედ ბუნებასთან ერთიანობაა გადმოცემული. ფანტასმაგორიული ფოტოებიც მაქვს. თოლიების გადაღებისას ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ისინი გვიღებენ ზემოდან და ჩვენ აღვიბეჭდებით იმათ კადრებში, თითქოს მათი დაკვირვების ქვეშ ვართ.
წლების წინათ, როცა ჩემი პირველი ფილმი „ჩიტები“ გადავიღე, ამ ფილმითაც იგივე ვთქვი – ჩიტები უფრო მეტად გვხედავენ, ვიდრე ჩვენ ვხედავთ მათ.
მთლიანობაში მაინც კინორეჟისორის ხედვით ვიღებ ფოტოებსაც. როგორც კინოს, ისე ვაცოცხლებ. პროფესიულად მე მაინც კინოში ვვითარდები, ფოტოგრაფია უფრო ჰობია.
– გამორჩეული ფოტო გაქვთ?
– არ ვიცი, რომელია გამორჩეული, ყველა ფოტო მიყვარს. შეიძლება ბაღის ფოტო გამხმარი ფოთლებით… თუნდაც იმიტომ, რომ იმ გოგოსთან ასოცირდება, რომელიც ძალიან მიყვარდა. შეიძლება მისი გავლენითაც იყოს გადაღებული ეს ფოტო, ფოთოლს ადარებდა თავის თავს. ერთხელ მითხრა, მე ვარ ეს ნეკერჩხლის ფოთლებიო.
ფოტოს ვუყურებ და… თითქოს ყველაზე ლამაზ მძინარე ადამიანს ჰგავს, რომელიც ყოველთვის იღიმის. ერთი თბილი სიტყვაც კი საკმარისია… ფოთლები ამას გრძნობენ, განსაკუთრებით ნეკერჩხლის ფოთოლი. და მერე თითქოს ის ხარ, რასაც უყურებ.
ახლის აღმოჩენის ხელოვნებაა ფოტოგრაფია, ესთეტიკაა, სილამაზეა, ბუნებასთან ჰარმონიაა, სიმშვიდეა… ეს ის მომენტია, როცა სულის ვიბრაციები ძალიან მაღალ დონეზეა, სხვა განზომილებიდან იყურები.
– განწყობას მნიშვნელობა აქვს ფოტოს გადაღებისას?
– არა, განწყობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი რამდენიმე წუთის წინ, მაგრამ გადავიღე ყვავილები ხეებზე და ავტვირთე. იქ არ ჩანს, რომ ავტორს დაბალი ვიბრაციები ჰქონდა, პირიქით. ფერადი ყვავილები, წკრიალა ლურჯი ცა, ფოთლები, მზე გადის ამ ფოთლებში… როცა ფოტოს იღებ, პროცესში ენერგიაც მოდის და ამ ყველაფრის ნაწილი ხდები, გარემოსთან ერთიანობას გრძნობ და იმ წუთში შენი სულის ვიბრაციები მაღალ დონეზე ადის.
– მე გაგიცანით, როგორც რეჟისორი, მერე აღმოჩნდა, რომ ულამაზეს ფოტოებსაც იღებთ... ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?
– ბავშვობაში უფრო რეჟისურაზე ვოცნებობდი. არც კი მახსოვს, რეჟისორობა რამდენი წლის ასაკიდან მინდოდა, ძალიან პატარა ვიყავი. ჩემები ამბობდნენ, ამ ბიჭმა არც კი იცის, რეჟისურა რა არისო. მე კი აჩემებული მქონდა, – რეჟისორი უნდა გამოვიდე, ფილმები უნდა გადავიღო-მეთქი. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, – შეიძლება წინა ცხოვრებიდან გადმომყვა (იცინის). მართალს მეუბნებოდნენ ჩემები, მაშინ მართლა არ ვიცოდი, რამდენად რთული იყო და რა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
– საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდათ, როცა პირველ წარმატებას მიაღწიეთ?
– ვერ იჯერებდნენ. მათ კი არა, მეც არ მჯეროდა.
– ბავშვობაში, როდესაც ამბობდით, რეჟისორი უნდა გავხდეო, მაშინ გჯეროდათ?
– კი და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. სამყარომ ყველაფერი უნაკლოდ შემისრულა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი მაშინ სამყაროს კანონებს, არც ზელანდს, არც ის ვიცოდი, რომ სურვილი მატერიალიზდებოდა, ყველაფერი ამისრულდა. ვამბობდი გაუცნობიერებლად, უბრალოდ, ძალიან მინდოდა. ეს კი სხვებისთვის იმდენად არარეალური იყო, თითქოს არც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.
– მაგრამ მოხდა.
– კი, მოხდა. ის მესიჯი, რომელსაც ბავშვობაში სამყაროს ვუგზავნიდი, ძალიან სუფთა ენერგეტიკის მატარებელი იყო. ჩემი სურვილები ზიანს არავის აყენებდა, სხვას არ ეხებოდა, სხვის თავისუფლებას არ ზღუდავდა. ეს აღმოჩნდა მერე ჩემს ფილმებშიც – „ჩიტებში“, „მოხუცებში“ და ა.შ.
ბავშვი ყოველთვის სუფთად ფიქრობს. ის იმდენად მიამიტია და იმდენად გულწრფელი, არც კი იცის, რომ სამყაროს შეკვეთას აძლევს. ამ დროს სული და გონება ერთმანეთის თანაზიარი ხდება, როგორც ზელანდი ამბობს. მაგრამ მაშინ ეს არ ვიცოდი.
ყველაზე თბილად სოფელში გატარებული ბავშვობა მახსოვს, ჩემთვის ზღაპრული იყო ეს ყველაფერი. შეიძლება მართლა ერთიანობაში ვგრძნობდი თავს იმ გარემოსა და ბუნებასთან. ამან იქონია გავლენა ფილმებზეც. ფილმებში ჩანს, რამდენად ახლოსაა ჩემთან სოფელი, რამდენად სულიერი საზრდოა. რა თქმა უნდა, ჩემია ის კინოც, რომელიც ამერიკაში შევქმნი, მაგრამ ჩემი სული და გული მაინც იმ ფილმებშია, რომლებიც საქართველოში, სოფელში გადავიღე.
იქ, იმ ბავშვობაში, სხვა ემოციები, სხვა განწყობები, სხვა ვიბრაციები, სხვა სულიერი სიმშვიდე იყო.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, ლოს-ანჯელესში ფილმი გააკეთე, მერე – ნიუ-იორკში… კი, აქ მოვიგე დიდი ფესტივალები, მაგრამ ის განცდა და ბავშვური ემოცია უფრო სუფთაა, უფრო მაგარია, ვერაფერი შეედრება.
– ანუ ამ ბავშვური ემოციებით ჩამოდიხართ თბილისში და აბარებთ თეატრალურში?
– ჯერ სხვაგან ვსწავლობ, იურიდიულზე. სწავლის პარალელურად დავდივარ თეატრალურში, ვკითხულობ დოსტოევსკის და ვოცნებობ ფილმების გადაღებაზე. მყავს ძალიან კარგი დეკანი, რომელსაც ჩემს ოცნებას ვუმხელ და მეუბნება, – შენ რაც გულით გინდა, ის უნდა გააკეთო, აქ დრო არ უნდა დაკარგოო.
ძალიან საინტერესო ადამიანი იყო თავისი ცხოვრებით, აფხაზეთიდან დევნილი. მერე ამ კაცის ისტორია დავწერე და ნოველების წიგნში შევიტანე.
კინორეჟისურაზე რომ ჩავაბარე, პირველი ადგილი ავიღე ქულებით, შოკში ვიყავი, არ მჯეროდა. მერე დამირეკა დიდმა კინორეჟისორმა ბუბა ხოტივარმა, – მე ესა და ესა ვარ, არ გაგიკვირდეს და ეს მაღალი ქულებიც თავში არ აგივარდეს. თუ ფილმებს არ გადაიღებ, საკურსოს არ გააკეთებ, ლექციებს გააცდენ, ჩვეულებრივად გაგრიცხავ თეატრალურიდანო. მერე, როცა სტუდენტური ფილმები გადავიღე და საქართველოს ფარგლებს გასცდა, ფესტივალები მოვიგე, უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ამერიკაში რომ ჩამოვედი და ფილმზე მუშაობა დავიწყე, მაშინ გარდაიცვალა, ვეღარ მოესწრო აქ გადაღებულ ფილმებს.
– „ჩიტები“, „მოხუცები“, „რომანსი“… სტუდენტური ფილმების პირველი წარმატება ფესტივალებზე, რა იყო ეს თქვენთვის?
– ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს, მეგონა, რომ რაღაც შეცდომა იყო და მერე მიხვდებოდნენ. „ჩიტები“ ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო. აქ თქვეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც გალიაშია. გალია სტაგნაციის სიმბოლოა, ოდესღაც გაიღება კარი, გაშლი ფრთებს და წახვალ ამ ქვეყნიდან, აქ აღარ იცხოვრებო. რაც რეალურად მართლაც ასე მოხდა. გერმანიაში გაიგეს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლის სიმბოლო. გერმანელებმა კარგად იცოდნენ ქართული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. მათთვის საქართველო იყო გალიაში დატყვევებული, რომელიც ბოლოს თავისუფლდება. პოლონეთში დედა-შვილის ურთიერთობა და მონატრება დაინახეს…
– თქვენ რა გქონდათ ჩადებული ამ ფილმში?
– პატარა ბავშვის თვალით დანახული სამყარო – თუ როგორი სუფთა და როგორი მიამიტია ბავშვი, რომელსაც არ უნდა, ბედნიერება სხვების ხარჯზე მოიპოვოს, თუნდაც ჩიტების. ჩიტებს იჭერდა, რომ დედისთვის ხმა მიეწვდინა, მაგრამ, როცა ბებიამ უთხრა, ჩიტებსაც ჰყავთ დედები და მათი შვილებიც იტირებენ, როცა აღარ დაბრუნდებიანო, გაუშვა. ადამიანები ხშირად სხვების ხარჯზე აღწევენ წარმატებას და უბედურებისთვის სწირავენ სხვას, მაგრამ ბავშვმა საკუთარ ოცნებაზე თქვა უარი და ჩიტები გაუშვა, რადგან მისი მიამიტური გრძნობები აბსოლუტურად სუფთა იყო.
ამ ფილმზე ბევრი ვიწვალე – გადაღებების ჩავარდნა, ავარია, ნერვიულობა, მაგრამ მაინც დავასრულე.
– რა იყო სტუდენტობის შემდეგ?
– თეატრალურის მერე დავდიოდი ამ ფილმით სხვადასხვა ქვეყანაში. უცხოეთში ჟიურის რამდენიმე წევრმა მითხრა, – ჩემი ბავშვობა დავინახეო. ესეც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ამის შემდეგ გადავიღე „რომანსი“, რომელიც ასე შემიფასეს: კარდიოგრამასავით არის ეს ფილმი, რა მოხდება, ვერ მიხვდებიო. მიუხედავად იმისა, რომ „რომანსი“ იყო ფილმი, რომელმაც უფრო მეტი წარმატება მომიტანა ფესტივალების კუთხით, „ჩიტები“ უფრო ახლოს არის ჩემს შინაგან სამყაროსთან.
– წარმატებები თან დაგდევთ და ამის ფონზე რა ხდება დღეს? რამდენი ხანია რაც ამერიკაში ხართ და რას გინდათ მიაღწიოთ?
– 4 წელია აქ ვარ. გადავიღე 3 ფილმი. ამ სამიდან ორი ძალიან პოპულარული გახდა, მაღალი რანგის ფესტივალებზე ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.
მინდა გავიგო, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი და ერთი ოსკარიც ხომ უნდა მივიღო? რატომაც არა!
– რა რჩევას მისცემთ დამწყებ რეჟისორებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც მიზნები აქვთ დასახული? როგორ მიაღწიონ გულის წადილს?
– უნდა ემსახურო, უნდა უერთგულო მიზანს. მე ბევრი რაღაცის დათმობა მომიხდა მიზნის მისაღწევად. ნეგატიური განზრახვა არაფერში არ უნდა ჩადო. სხვა ადამიანის თავისუფლებას არ უნდა შეეხო, სხვა არ უნდა შეზღუდო. და შენი მიზანი ადრე თუ გვიან თავისთავად მოვა თანხვედრაში სამყაროსთან.
მე არანაირი განსაკუთრებული ნიჭით არ გამოვირჩევი. უბრალოდ, ეს იყო ბავშვობაში სამყაროსთვის გაგზავნილი სიგნალი. მას შემდეგ და ახლაც, უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, რაც მინდა, რაც მსიამოვნებს და რაც ჩემია.
თუ ეს ასეა სხვასთანაც, მაშინ მივულოცავ ყველას, მიაღწევენ იმას, რაც სურთ და არ დასჭირდებათ არანაირი ბრძოლა.
ყველაფერი მოდის თავისით, შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მოდის. თავისთავად მოხდება ყველაფერი, უბრალოდ, ერთგული უნდა იყო იმის, რაც გიყვარს და რის გაკეთებაც გინდა. უნდა იგრძნო, რომ შენია და საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. ძალიან მარტივია – მიენდობი სამყაროს და სამყარო თვითონ გიჩვენებს გზას.
– ანუ შევხვდებით ოსკარზე?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად.
ავტორი: დეა თავბერიძე